Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-835(კ-24) 11 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური ოფისი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, მესამე პირი - გ. რ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი „უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“. ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად გ. რ-ი ჩაერთო.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. სატყეო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ტყის მმართველ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც სახელმწიფო ტყის ფართობის შემცირების ან გაზრდის საკითხი, სწორედ მის საქმიანობაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაერთო.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2020 წლის 12 ოქტომბრის „უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით“ დასტურდება გ. რ-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი. ასევე, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ თითქოს, ამავე დათვალიერების ოქმში მონაწილე პირებმა მიუთითეს, რომ 1992 წლის №100 დადგენილებით გადაცემული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და მათ მეზობლად მდებარეობდა სადავო მიწის ნაკვეთი. ოქმში არ არის №100 დადგენილება აღნიშნული და იგი არც საქმეში მოიპოვება. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ აღნიშნული დადგენილების არსებობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი და სასამართლომ იგი ზეპირად გაიზიარა. შესაბამისად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული დათქმა სასამართლომ არასწორად განმარტა და მერიის წარმომადგენლის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, იგი დაცულად მიიჩნია. მოწმეებს არ დაუდასტურებიათ, თუ როდის ან რის საფუძველზე გაიცა სადაო მიწის ნაკვეთი და ვერც შეძლებდნენ დადასტურებას, რადგან მათ აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლებოდა ჰქონოდათ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტი და არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა. ხსენებული ნორმით, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი უნდა იყოს 2012 წლის 1 იანვრამდე, განსახილველ შემთხვევაში კი, „უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“ 2020 წლის 12 ოქტომბერს არის შედგენილი, მის საფუძველზეც გამოცემული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობა კი, 2020 წლის 13 ოქტომბერით თარიღდება, რაც არღვევს კანონმდებლის მოთხოვნებს.

სასამართლომ არასწორად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 13 ოქტომბრის ცნობა არ გასაჩივრებულა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2020 წლის 12 ოქტომბრის „უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“. ამასთან, „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რის გამოც ისინი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 07 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა გ. რ-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ქალაქ საგარეჯოში მდებარე 12 300 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, განცხადება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობისათვის გაცემული მიწის ნაკვეთის დადასტურების თაობაზე და მოთხოვნა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 76-82); ბ) 2020 წლის 13 აგვისტოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს გაეგზავნა №... წერილი, რომლითაც, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტზე მითითებით, მოთხოვილ იქნა ინფორმაცია - წარმოადგენდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1. ს.ფ. 86); გ) 2020 წლის 13 აგვისტოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სააგენტომ 2020 წლის 13 აგვისტოს №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე, წარმოადგენდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ. 1. ს.ფ. 83); დ) 2020 წლის 12 ოქტომბრის „უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის“ თანახმად, ქალაქ საგარეჯოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ი. მ-ის მიერ მოხდა ქალაქ საგარეჯოში მდებარე 12 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის დათვალიერება. დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ დადასტურებულ იქნა, რომ ფართი წარმოადგენს გ. რ-ის საკუთრებას და შესაბამისად დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1. ს.ფ. 89-92); ე) 2020 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ საგარეჯოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ი. მ-ის მოხსენებითი ბარათით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილი 2020 წლის 13 აგვისტოს №... მომართვის პასუხად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ ქალაქ საგარეჯოში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართით 12 300 კვ.მ, წარმოადგენს გ. რ-ისათვის საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1. ს.ფ. 88); ვ) 2020 წლის 13 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცა ცნობა გ. რ-ის სახელზე, რომლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქი საგარეჯო, ფართი 12 300 კვ.მ, წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს (ტ.1. ს.ფ. 87); ზ) 2020 წლის 20 ოქტომბერს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვარში, წარსადგენი იყო დაინტერესებული პირის განცხადება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ, მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 84); თ) 2020 წლის 22 ოქტომბერს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. რ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 85); ი) საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის თანახმად, გ. რ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი საგარეჯო, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 12 300 კვ.მ, საკადასტრო კოდი №.... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა №02/4678 (ტ.1. ს.ფ. 93-95); კ) საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ორთოფოტოებითა და მხარეთა ახსნა-განმარტების შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით №... - განთავსებულია ფანჩატური და გაშენებულია ვენახი (ტ.1. ს.ფ. 123-125, 199-201, 150-153).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). მოცემული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს;

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ის შემთხვევა, როდესაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაცემის თაობაზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია). ამასთან, სავალდებულოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოქალაქეზე გაცემული იყოს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში 5 ჰა-ს. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებელმა უფლების დამდგენი დოკუმენტი ჩაანაცვლა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით (დოკუმენტის №5500-Iს) კანონმდებლის მიერ მუნიციპალიტეტების მთელი რიგი უფლებამოსილებებით აღჭურვა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივების მიზანს ემსახურებოდა. ამავდროულად, მითითებული უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს აკისრებს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას (ადგილზე დათვალიერება, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა გამოკითხვა და ა.შ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დავებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გადაწყვეტას. კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, ასევე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ინფორმაციის გაცემა მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარების ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ამავდროულად, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის გადამოწმება, კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას და რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოებების შესაფასებლად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, მოიძიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/მართლზომიერი მფლობელები, მოისმინოს მათი ჩვენებები, მოიძიოს დამატებითი დოკუმენტაცია, განახორციელოს ადგილზე დათვალიერება, გაარკვიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები სტატუსი და სხვა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1195(კ-23)).

საკასაციო პალატა ხაზს უსვამს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგებს, რომლითაც დადასტურდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გ. რ-ის საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა. პალატა არ იზიარებს კასატორის „უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის“ შინაარსთან დაკავშირებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ ქალაქ საგარეჯოში მდებარე 12 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილე პირებს შორის იყო ს. ყ-ი, რომლის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი რეგისტრირებულია ამავე არეალში და უფლების დამდგენი დოკუმენტია საგარეჯოს რაიონული გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის №100 დადგენილება (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/კ https://www.napr.gov.ge/). საგულისხმოა, რომ ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის გ. რ-ის. ამასთან, წინა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის და მესამე პირის განმარტებაზე, რომ კონკრეტული დოკუმენტი, რომლითაც გ. რ-ის სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, დაკარგულია, რაც ცნობილი იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლისათვის ქალაქ საგარეჯოში. აღნიშნული ასევე დადასტურდა ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების მხრიდან. საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით №..., განთავსებულია ფანჩატური და გაშენებულია ვენახი. შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. რ-ი ქალაქ საგარეჯოში ფლობდა 12 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გადაეცა 2007 წლამდე, საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მერიის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ცნობის გაცემა, კანონშესაბამისად განხორციელდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვის სავალდებულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, პირველ რიგში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დაწყების პირველ სტადიაზე უცნობია საბოლოო შედეგის შესახებ და ვინაიდან ამ შედეგით შესაძლოა გაუარესდეს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან. მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შედეგზე და მიღებული იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს მიღებული იქნებოდა მისი დასწრების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ცნობილი იყო გ. რ-ი განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ ცხადია სააგენტოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა გავლენას ვერ იქონიებდა საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა - განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებლი პრეტენზია (შედავება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.07.2024წ. №17669 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია