საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1383(კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ს-ი, ლ. ლ-ე
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 24 ივლისს ნ. ს-იმა და ლ. ლ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს - ლ. ლ-ეისათვის 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 3 მაისის №SSA 4 23 00466343 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ნ. ს-ისათვის 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 17 მაისის №SSA 4 23 00514457 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ლ. ლ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 9 23 00580198 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ნ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 0 23 00580216 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის, ლ. ლ-ეისა და ნ. ს-ის სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეისა და ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 3 მაისის №SSA 4 23 00466343 გადაწყვეტილება, ლ. ლ-ეისათვის 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 17 მაისის №SSA 4 23 00514457 გადაწყვეტილება, ნ. ს-ისათვის 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 9 23 00580198 გადაწყვეტილება, ლ. ლ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 0 23 00580216 გადაწყვეტილება, ნ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ლ. ლ-ეის და ნ. ს-ისათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 21 თებერვლის №2022/01 გადაწყვეტილებით ნ. ს-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია 260 ლარის ოდენობით.
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე- ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 28 აპრილის №2023/01 გადაწყვეტილებით ნ. ს-ის შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის გამო (საფუძველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 აპრილის № SSA 5 23 00439858 წერილი).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 0 23 00580216 გადაწყვეტილებით ნ. ს-ის უარი ეთქვა 2023 წლის 19 მაისის №526134 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 27 აპრილის №439858 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეს შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის გამო (საფუძველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 აპრილის № SSA 7 5 23 00439858 წერილი).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 3 მაისის №SSA 4 23 00466343 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეს განემარტა, რომ 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლი (პენსია), ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლ. ლ-ე დასაქმებული იყო სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 9 23 00580198 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეს უარი ეთქვა 2023 წლის 19 მაისის №525873 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, რაც ვერ ჩაითვლებოდა სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლად.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მუზეუმში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურს არ წარმოადგენს ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით საქმიანობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი არ წარმოადგენდა საჯარო სამსახურს და არც მასში დასაქმებული პირები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, რის გამოც, მოსარჩელეები არ მიიჩნეოდნენ საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად, შესაბამისად, არ არსებობდა მათთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის (ასაკობრივი) შეწყვეტის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც (გარდა გამონაკლისებისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, სსიპ-ში ეწევა ანაზღაურებად შრომით საქმიანობას. ამდენად, კასატორი საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელეთათვის დანიშნული პენსიის შეწყვეტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გამოცემული აქტების კანონიერება. სხვა სადავო საკითხები დაკავშირებულია მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან, რამდენადაც, მოსარჩელეები ითხოვდნენ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე აქტების ბათილად ცნობასა და უსაფუძვლოდ შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენას.
ნ. ს-ი 2015 წლის 1 მაისიდან მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო დამლაგებლის თანამდებობაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 21 თებერვლის №2022/01 გადაწყვეტილებით ნ. ს-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია 260 ლარის ოდენობით.
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე- ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 28 აპრილის №2023/01 გადაწყვეტილებით ნ. ს-ის შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის გამო (საფუძველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 აპრილის № SSA 5 23 00439858 წერილი).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 17 მაისის №SSA 4 23 00514457 გადაწყვეტილებით, ნ. ს-ის განემარტა, რომ 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლი (პენსია), ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნ. ს-ი დასაქმებული იყო სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მხარეს ასევე განემარტა, რომ შესაძლო იყო დაკისრებოდა ვალდებულება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 0 23 00580216 გადაწყვეტილებით ნ. ს-ის უარი ეთქვა 2023 წლის 19 მაისის №526134 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 13 ივნისის №2023/02 გადაწყვეტილებით გამოთხოვილ იქნა ნ. ს-ის საბანკო ანგარიშიდან 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 1 მაისამდე ზედმეტად ჩარიცხული თანხა - 3780 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენის მიზნით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს გაცემული №05/3251 ცნობის თანახმად, ლ. ლ-ე დასაქმებული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, კურატორის თანამდებობაზე.
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 27 აპრილის №439858 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეს შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის გამო (საფუძველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 აპრილის № SSA 7 5 23 00439858 წერილი).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 3 მაისის №SSA 4 23 00466343 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეს განემარტა, რომ 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლი (პენსია), ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლ. ლ-ე დასაქმებული იყო სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის №SSA 9 23 00580198 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეს უარი ეთქვა 2023 წლის 19 მაისის №525873 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. დასახელებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე კანონისმიერ შეზღუდვას პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოცემული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საჯარო საქმიანობის ცნებას. მოცემული მუხლის თანახმად, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონმდებელმა დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა. ასეთ ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს მუზეუმში მუშაობა („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4.გ).
საკასაციო სასამართლო მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობის ფორმის, პროფილის, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის № 05/05 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნფული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.
მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთი მუზეუმია მირზაანის ნიკო ფიროსმანის მუზეუმი, ხოლო მე-9 მუხლი განსაზღვრავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითად ამოცანებს, რომელთა შორისაა: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და ა. შ.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. ამდენად, მართალია, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს მხოლოდ მუზეუმს, თუმცა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, რომლის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებითა და ამოცანებით, უდავოდ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს მუზეუმს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მირზაანის ნიკო ფიროსმანის მუზეუმში საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე