Facebook Twitter

№ბს-246(კ-24) 18 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი - მარიამ ზარიძე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - ა. ს-ი, ა. ს-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ჩაბმულნი იქნენ ა. ს-ი და ნ. ს-ი.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ს-ი.

2. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ჩაბმულნი იქნენ ა. ს-ი, ნ. ს-ი და ა. ს-ი.

3. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/3-22 (090310121004269235).

4. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 15 იანვარს ა. ს-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განცხადებით მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე (მდებარე ამბროლაური, სოფელი ... 1500 კვ.მ). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამორიცხულ იქნა ტყის ფონდიდან და დარეგისტრირდა ა. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულ იქნა ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 5 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთზე საგადასახადო სიის და 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობის საფუძველზე; ბ) ა. ს-ის ოჯახი მართლზომიერად ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს 2012 წლამდე და საკითხის განხილვის შედეგად საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად მარეგისტრირებელმა ორგანომ 2020 წლის 21 აპრილს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად ამბროლაურში, სოფელ ...ში (საკადასტრო კოდით ...) დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი ა. და ნ. ს-იების სახელზე. სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელდა საჯარო რეესტრში არსებული ტყის მასივის კორექტირება; გ) ა. ს-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი მოხვდებოდა ტყის საზღვარში, თანახმა იყო მომხდარიყო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება ნახაზის მიხედვით. მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც ა. ს-ის მიერ მოთხოვნილ იქნა უფლების რეგისტრაცია დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო ტყის ფონდთან. სწორედ აღნიშნული ზედდების კორექტირება მოხდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ; დ) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ა. ს-ის; ე) 2020 წლის 15 იანვარს ა. ს-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განცხადებით მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე (მდებარე ამბროლაური, სოფელი ... 1337,18 კვ.მ). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამორიცხულ იქნა ტყის ფონდიდან და დარეგისტრირდა ა. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულ იქნა ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 5 აპრილს გაცემული №04-1196 ცნობის - მიწის ნაკვეთზე საგადასახადო სიის და 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობის საფუძველზე; ვ) ა. ს-ის ოჯახი მართლზომიერად ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს 2012 წლამდე და საკითხის განხილვის შედეგად საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად მარეგისტრირებელმა ორგანომ 2020 წლის 21 აპრილს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, ამბროლაურში, სოფელ ...ში (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი ა. და ნ. ს-იების სახელზე. სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელდა საჯარო რეესტრში არსებული ტყის მასივის კორექტირება; ზ) ა. ს-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი მოხვდებოდა ტყის საზღვარში, თანახმა იყო მომხდარიყო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება ნახაზის მიხედვით. მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც ა. ს-ის მიერ მოთხოვნილ იქნა უფლების რეგისტრაცია, დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო ტყის ფონდთან. სწორედ აღნიშნული ზედდების კორექტირება მოხდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ; თ) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ა. ს-ის.

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-4 მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-8, 151 მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 33-ე პუნქტზე და განმარტა, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა ა. ს-იმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კორექტირების თაობაზე და განაცხადა თანხმობა კორექტირების შესახებ. სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას არის საარქივო ცნობა და გადასახადის გადამხდელთა სია, რომლითაც დგინდება სადავო ნაკვეთებით 2012 წლის 1 იანვრამდე მართლზომიერად სარგებლობის ფაქტი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ დაცულია ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი რეგულაციის საზღვრები. ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიმღებია საჯარო რეესტრი. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა არგუმენტირებული და დასაბუთებული, თუ რატომ უნდა მიეღო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სხვაგვარი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის მიერ ასევე დაცულია კანონის მოთხოვნები ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეგისტრაციის შესახებ.

5. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2020 წლის 21 აპრილის №... და №... გადაწყვეტილებები მიღებულია ა. ს-ის 15.01.2020წ. №... და №... განაცხადებთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადულ რეგისტრაციას. განცხადებებს ა. ს-იმა დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავე განცხადებებში ა. ს-იმა მიუთითა, რომ თუ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში თანახმა იყო, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით; ბ) უძრავი ნივთები საკადასტრო კოდით - ... (1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და ... (1377 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) საკუთრების უფლებით თავდაპირველად დარეგისტრირდა ა. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობა და 2018 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული №04/-1196 ცნობა მიწის ნაკვეთზე საგადასახადო სიის შესახებ. სადავო მიწის ნაკვეთები ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთრების უფლებით გადაეცა ა. ს-ის და 2020 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და 2020 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა ა. ს-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები (დამოწმების თარიღი 04/06/2020 და 05/06/2020); გ) 2018 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული №04/-1196 ცნობით ირკვევა, რომ ...ის სოფლის საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში 01.04.1999 წლის მდგომარეობით ა. ი.-ის ძე ს-ის სახელზე ირიცხება სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით და შენობა-ნაგებობის ქვეშ დაკავებული მიწის ფართობი - 0,3861 ჰა და სათიბი 3,5 ჰა; დ) 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ონის რაიონის, ...ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ა. ი.-ის ძე ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ი.-ის ძე ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს.-ს ასული ს-ი - ცოლი; ბ. ა.-ის ძე ს-ი - შვილი; ვ. ა.-ს ძე ს-ი - შვილი; თ. ბ.-ს ასული ს-ი -შვილიშვილი; გ. ბ.-ს ასული ს-ი - შვილიშვილი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 134 კვ.მ, 1986 წლის მიხედვით (1987-1996 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩაწერილი არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 0,15 ჰა 1986-1987 წლების მონაცემით. 1988-1996 წლების ჩანაწერები მიწის ნაკვეთის შესახებ რეგისტრირებული არ არის. ...ს საკრებულოს 1997-2002 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ა. ი.-ის ძე ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ი.-ის ძე ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს.-ს ასული ს-ი - ცოლი; ბ. ა.-ის ძე ს-ი - შვილი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 134 კვ.მ, საკუთრების ფლობის თარიღის გარეშე. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერილი არ არის. ...ს საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ა. ი.-ის ძე ს-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს-ი - ცოლი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 200 კვ.მ, 2005-2006 წლების მიხედვით. 2001-2004 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ, რეგისტრირებული არ არის. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერილი არ არის.

სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე და განმარტა, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელდა მესამე პირის სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე, რომელსაც უფლების დამდგენ დოკუმენტებად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი ჰქონდა 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობა და 2018 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული №04/-1196 ცნობა მიწის ნაკვეთზე საგადასახადო სიის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-11 პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით განსაზღვრულ მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესზე და დებულების პირველ, მე-2 და მე-10 პუნქტებზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტზე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 22.03.1996წ. №66 დადგენილების მე-2 პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებერვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებებზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტზე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულებაზე, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულებაზე, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულებაზე, რომელთა მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. სასამართლომ ასევე მიუთითა სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, მე-3 მუხლის „მ“ და „რ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებზე, მე-5 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 33-ე პუნქტზე და განმარტა, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა ა. ს-იმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კორექტირების თაობაზე და განაცხადა თანხმობა კორექტირების შესახებ. სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, არის 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობა და 2018 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული №04/-1196 ცნობა მიწის ნაკვეთზე საგადასახადო სიის შესახებ, რომლითაც დგინდება სადავო ნაკვეთების 2012 წლის 1 იანვრამდე მართლზომიერად სარგებლობის ფაქტი.

პალატამ მიიჩნია, რომ საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცულ იქნა კანონის მოთხოვნები. ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღებია საჯარო რეესტრი. ამდენად, სარჩელით სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ. საჯარო რეესტრის მიერ ასევე დაცულია კანონის მოთხოვნები ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეგისტრაციის შესახებ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არასათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე გამოსცა გასაჩივრებული კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კანონიერ ინტერესებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით არ მსჯელობს, მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს, თუ რატომ უნდა გაბათილდეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. გამოცემული აქტებით მოხდა სახელმწიფო ტყის ტერიტორიების კერძო პირზე დარეგისტრირება. ლოგიკურია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუარესდა კასატორის სამართლებრივი მდგომარეობა, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ მოხდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმირება ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით.

სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და განხილული ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... (1337 კვ.მ) ა. ს-ის ოჯახს ჯერ კიდევ 2003 წლიდან სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან მიღებული ჰქონდა ტყითსარგებლობის უფლება. ამავე მიწის ნაკვეთზე მ. გ-ეს (ამ ოჯახის წევრს - რძალს) მოგვიანებით მოთხოვნილი ჰქონდა 49-წლიანი ტყითსარგებლობის უფლება, რაც არ დაკმაყოფილდა. მ. გ-ემ ასევე სცადა საკუთრებაში დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი აღიარების გზით, თუმცა იმის გამო, რომ არც თვითნებურ დაკავებას და არც მართლზომიერ მფლობელობას ადგილი არ ჰქონდა, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 2020 წლის 15 იანვარს, უკვე ა. ს-იმა მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოწინააღმდეგე მხარეები (მესამე პირები) არაერთი გზით ცდილობდნენ დასაკუთრებოდნენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიას. სააპელაციო სასამართლო უთითებს კანონიერი ნდობის პრინციპზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ზემოაღნიშნული ფაქტები კი, ადასტურებს დაინტერესებული მხარის არაკანონიერ ქმედებებს.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მხოლოდ საარქივო ჩანაწერში არსებული მონაცემები და შეფასების მიღმა დატოვა შეიძლებოდა თუ არა საკუთრების უფლების არსებობა სახელმწიფო ტყის მიწაზე, მაშინ, როცა ეს ფართობები კერძო პირებისათვის არასდროს გადაცემულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არცერთ პერიოდში არ იყო ნებადართული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების მოსახლეობაზე გაცემა, თუნდაც მუნიციპალიტეტების გამგეობების გადაწყვეტილებებით. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების მოსახლეობისათვის ამა თუ იმ საჭიროებისათვის გადაცემა არ წარმოადგენდა რაიონის (მუნიციპალიტეტების) გამგეობების კომპეტენციას, რადგან ამ მიწების ერთადერთი სახელმწიფო მმართველი იყო და არის სატყეო სააგენტო. საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია: 1) სახელმწიფო ტყის საზღვრებში მიწის გაცემის დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყოს 2012 წლამდე და 2) ეს დოკუმენტი უნდა წარმოშობდეს საკუთრების უფლებას კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტყის საზღვრებში). გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ტყის მიწაზე კერძო პირს საკუთრება წარმოეშვას. როგორც ტყეთმოწყობის მასალები, ასევე „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილება ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთები (ს/კ ... და ს/კ ...) წარმოადგენდა სახელმწიფო ტყის ფონდს. მოწინააღმდეგე მხარეს არ შეუსწავლია საკითხი, შეიძლებოდა თუ არა საარქივო მონაცემებში ასახული ინფორმაცია, გულისხმობდეს იმ მიწის ნაკვეთებს, რომელიც სახელმწიფო ტყის საზღვრებში მდებარეობს. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული ქუთაისის ცენტრალური არქივის წერილი №1358949 და ონის მუნიციპალიტეტის მერიის 05.04.2018 წლის ცნობა №04/1196 არ წარმოშობენ საკუთრების უფლებას სახელმწიფო ტყის მიწებზე და ისინი არ შეიძლება განხილულ იქნეს სახელმწიფო ტყის მიწებზე რაიმე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგები მხარეები (მესამე პირები) მიწის ნაკვეთის არც მესაკუთრეები და არც მართლზომიერი მფლობელები არ იყვნენ და ამავდროულად, არც ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც მოხდა საკუთრების დარეგისტრირება, არ წარმოშობს სახელმწიფო ტყის მიწებზე საკუთრების უფლებას.

კასატორის განმარტებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, როგორც რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი მიწის ერთადერთი სახელმწიფო მმართველი, არ იყო ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებებში. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოეთხოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სატყეო სააგენტოსაგან, ხოლო შემდეგ, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიეღო სატყეო სააგენტოსაგან პასუხის მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში. სატყეო სააგენტოსაგან 15 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაშიც კი, საჯარო რეესტრს განმეორებით უნდა მიემართა სატყეო სააგენტოსათვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს/უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი დოკუმენტის ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით. მხოლოდ განმეორებით გაგზავნილი მოთხოვნის სატყეო სააგენტოსთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრს 4 სამუშაო დღის ვადაში ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება საქმეში ფაქტობრივად არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთები (ს/კ ..., ...) ა. ს-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ამიტომ ყოველი შემდგომი ქმედება, რაც გულისხმობს სადავო მიწის ნაკვეთების გასხვისებას, ითვლება უკანონოდ. რამდენადაც მიწის ნაკვეთები ა. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა უკანონოდ, ამიტომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებებიც, რომლითაც დარეგისტრირდა ა. ს-ის საკუთრების უფლება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის და 2025 წლის 10 ივნისის განჩინებებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2015 წლის 15 იანვარს ა. ს-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ონის რაიონის, სოფელ ...ში საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1337,18 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განცხადებას ა. ს-იმა დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავე განცხადებაში ა. ს-იმა მიუთითა, რომ თუ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში თანახმა იყო, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 19-22); 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 1337 კვ.მ, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - №1, №2, №3, 1/2 – 1/2 წილის უფლებით რეგისტრირდება ა. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტებია - ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 25 აპრილის №13/58949 ცნობა და ონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 აპრილის №04-1196 ცნობა (ტ.1. ს.ფ. 25, 26-27); 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 1337 კვ.მ, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - №1, №2, №3, რეგისტრირდება ა. ს-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტებია - 2020 წლის 4 და 5 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებები (ტ.1. ს.ფ. 28, 29-30, ტ.2. 54-55);

ბ) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2015 წლის 15 იანვარს ა. ს-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ონის რაიონის, სოფელ ...ში საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განცხადებას ა. ს-იმა დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავე განცხადებაში ა. ს-იმა მიუთითა, რომ თუ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში თანახმა იყო, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.2. ს.ფ. 48-51); 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, 1/2 – 1/2 წილის უფლებით რეგისტრირდება ა. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტებია - ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 25 აპრილის №13/58949 ცნობა და ონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 აპრილის №04-1196 ცნობა (ტ.2. ს.ფ. 45, 43-44); 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, რეგისტრირდება ა. ს-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტებია - 2020 წლის 4 და 5 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებები (ტ.2. ს.ფ. 52, 58-59);

გ) 2018 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ №04-1196 ცნობაში აღნიშნულია, რომ ...ის სოფლის საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში 01.04.1999 წლის მდგომარეობით ა. ი.-ის ძე ს-ის სახელზე ირიცხება სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით და შენობა-ნაგებობის ქვეშ დაკავებული მიწის ფართობი - 0,3861 ჰა და სათიბი 3,5 ჰა (ტ.1, ს.ფ 73);

დ) 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ონის რაიონის, ...ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ა. ი.-ის ძე ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ი.-ის ძე ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს.-ს ასული ს-ი - ცოლი; ბ. ა.-ის ძე ს-ი - შვილი; ვ. ა.-ს ძე ს-ი - შვილი; თ. ბ.-ს ასული ს-ი - შვილიშვილი; გ. ბ.-ს ძე ს-ი - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 134 კვ.მ 1986 წლის მიხედვით (1987-1996 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ, ჩაწერილი არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 0,15ჰა 1986-1987 წლების მონაცემით. 1988-1996 წლების ჩანაწერები მიწის ნაკვეთის შესახებ, რეგისტრირებული არ არის. ...ს საკრებულოს 1997-2002 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ა. ი.-ის ძე ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ი.-ის ძე ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს.-ს ასული ს-ი - ცოლი; ბ. ა.-ის ძე ს-ი - შვილი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 134 კვ.მ საკუთრების ფლობის თარიღის გარეშე. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერილი არ არის. ...ს საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ა. ი.-ის ძე ს-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს-ი - ცოლი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 200 კვ.მ 2005-2006 წლების მიხედვით. 2001-2004 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ, რეგისტრირებული არ არის. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერილი არ არის (ტ.1, ს.ფ 74-75).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთების ა. ს-ისა და ნ. ს-ის, ხოლო შემდგომ ა. ს-ის საკუთრებაში რეგისტრაციის კანონიერება. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ძირითადად უკავშირებს იმ ფაქტს, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ტყის ტერიტორიების კერძო პირზე დარეგისტრირების საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 151 მუხლის თანახმად, (1) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით; (2) სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით; (3) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე; (4) საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ტყის საზღვრის კორექტირების უფლებას აძლევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თუ ამ უკანასკნელს მიმართა მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ/მართლზომიერმა მფლობელმა, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე. საყურადღებოა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულია „ინსტრუქცია საჯარო რეესტრის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის, სისტემური და სპორადული რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წარმოებისას სანოტარო მედიაციის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებასა და ცვლილებას სააგენტო ახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია არის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ ა. ს-ის განცხადების საფუძველზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ა. და ნ. ს-იების თანასაკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 წერილი და 2018 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული №04/-1196 ცნობა. 2018 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული №04-1196 ცნობით ირკვევა, რომ ...ის სოფლის საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში 01.04.1999 წლის მდგომარეობით ა. ი.-ის ძე ს-ის სახელზე ირიცხება სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით და შენობა-ნაგებობის ქვეშ დაკავებული მიწის ფართობი - 0,3861 ჰა და სათიბი 3,5 ჰა. 2018 წლის 25 აპრილს გაცემული №13/58949 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ონის რაიონის, ...ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ა. ი.-ის ძე ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ი.-ის ძე ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს.-ს ასული ს-ი - ცოლი; ბ. ა.-ის ძე ს-ი -შვილი; ვ. ა.-ს ძე ს-ი - შვილი; თ. ბ.-ს ასული ს-ი - შვილიშვილი; გ. ბ.-ს ძე ს-ი - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 134 კვ.მ 1986 წლის მიხედვით (1987-1996 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ, ჩაწერილი არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 0,15ჰა 1986-1987 წლების მონაცემით. 1988-1996 წლების ჩანაწერები მიწის ნაკვეთის შესახებ, რეგისტრირებული არ არის. ...ს საკრებულოს 1997-2002 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ა. ი.-ის ძე ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ი.-ის ძე ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს.-ს ასული ს-ი - ცოლი; ბ. ა.-ის ძე ს-ი -შვილი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 134 კვ.მ საკუთრების ფლობის თარიღის გარეშე. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერილი არ არის. ...ს საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ა. ი.-ის ძე ს-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ს-ი - ცოლი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, საერთო (სასარგებლო) ფართით 200 კვ.მ 2005-2006 წლების მიხედვით. 2001-2004 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ, რეგისტრირებული არ არის. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერილი არ არის. სადავო მიწის ნაკვეთების ა. და ნ. ს-იების თანასაკუთრებად რეგისტრაციის შემდეგ, №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები დარეგისტრირდა ა. ს-ის საკუთრებაში ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მართალია, ა. და ნ. ს-იების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები დათარიღებულია 2018 წლით, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები მათი შინაარსის გათვალისწინებით მიუთითებს მართლზომიერი მფლობელობის უფლებაზე 2012 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო სათანადო საფუძვლების არსებობის პირობებში ტყის საზღვრის კორექტირება განეხორციელებინა მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, მით უფრო, რომ ა. ს-ის განცხადება აღნიშნულის შესახებ თანხმობას შეიცავდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ არსებობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები, რამდენადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყო ტყის საზღვრის კორექტირება და ა. და ნ. ს-იების საკუთრებად აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, შემდეგ კი ა. ს-ის საკუთრებად ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან მიმართებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

მაშასადამე, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.

რაც შეეხება, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და გადაწყვეტილება მათი შეფასებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ 1337 კვ.მ ფართობი 2003 წლის 20 ოქტომბრის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ტყითსარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა ა. და ნ. ს-იების რძალს - მ. გ-ეს. მოსარჩელის განმარტებითვე, მ. გ-ემ 2017 წლის 19 ივნისს აღნიშნულ ფართობზე ითხოვა 49-წლიანი ტყითსარგებლობის უფლება, შემდეგ კი, 2018 წლის 24 დეკემბერს აღიარების გზით მიწის ნაკვეთზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქმეში წარმოდგენილია 2003 წლის 20 ოქტომბრის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტყის ფონდის მესაკუთრემ გასცა, ხოლო ტყით მოსარგებლემ მიიღო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწა თანდართული საიჯარო მიწის ნაკვეთის გეგმის, ექსპლიკაციისა და იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ 56-61). საქმეში წარმოდგენილია ასევე, ინდ. მეწარმე მ. გ-ეის წარმომადგენლის სახელით შედგენილი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „ტყის მესაკუთრემ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწა, 1337 კვ.მ იჯარით გადასცა ი/მ მ. გ-ეს ონის რაიონში, სოფელ ...ში, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და დისკის მიხედვით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს დღემდე ფლობს ჩემი მარწმუნებელი და მას აშენებული აქვს, როგორც სავაჭრო ობიექტი, ასევე საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს მეუღლესთან ერთად 2004 წლიდან“. ამავე განცხადების თანახმად, მოთხოვნილ იქნა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მ. გ-ეის საკუთრებად რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და 2019 წლის 29 აგვისტოს განკარგულებით მ. გ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.1, ს.ფ 70-71).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისმა ისე მიიღო გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ა. და ნ. ს-იების საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე, რომ არ ირკვევა როგორ დაადგინა, იყო თუ არა იდენტური უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზში მითითებულ მიწის ნაკვეთთან. ამასთან, მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხის კვლევა, რომ მნიშვნელოვანი იყო, ადასტურებს თავად სარეგისტრაციო სამსახურის ქმედება, რომელმაც ა. ს-იის მიერ 2015 წლის 15 იანვარს წარდგენილ №... განცხადებასთან დაკავშირებით მიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, თუმცა, აღნიშნული საკითხის დადგენის მიზნით, საბოლოოდ რას დაეყრდნო მარეგისტრირებელი ორგანო საქმის მასალებით არ ირკვევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის №521 „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ ბრძანებაზე (ძალადაკარგულია 23/05/2020), რომლის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის, ფაქტების კონსტატაციის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) მიწის ნაკვეთი მდებარეობს: ა.ა) სარეკრეაციო ტერიტორიაზე; ა.ბ) პოტენციური ელექტროსადგურის ტერიტორიულ საზღვრებში; ა.გ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების გეოგრაფიული არეალების კოორდინატებში, რომლებზეც ინფორმაცია დაცულია სააგენტოში; ბ) დგინდება ზედდება სხვა ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან სააგენტოში დაცული ინფორმაციით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა. მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რეგულირება მოპასუხეს აძლევდა შესაძლებლობას რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის გარეშე, გარდა ამავე ნორმაში გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ თავად მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალებოდა გამოეკვლია მასთან დაცული დოკუმენტების გათვალისწინებით მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვლია მ. გ-ეის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, ხომ არ წარმოადგენდა იმავე მიწის ნაკვეთს, რომელსაც სარეგისტრაციოდ ითხოვდა ა. ს-ი (მაგ: საქმეში წარმოდგენილია ა. ს-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და მ. გ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი, სადაც დეტალურად არის მითითებული სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები, ნაკვეთზე განლაგებული შენობების მახასიათებლები და ა. შ., ასევე, საქმეში წარმოდგენილია ინდ. მეწარმე მ...სთან გაფორმებული ტყით სარგებლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული 2006 წლის 1 მაისს შედგენილი აქტი და 2003 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ონის სატყეო მეურნეობის ცნობა გეგმასთან ერთად, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის მახასიათებლები).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №50 ბრძანებაზე (ძალადაკარგულია - 31.05.2021, №2-796), რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ა) ტყის ფონდის მართვა წინამდებარე დებულების, საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში; ბ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; გ) ტყითსარგებლობის რეგულირება; დ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე კონტროლის (გარდა სალიცენზიო პირობებისა) განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში; ე) ტყის აღრიცხვის განხორციელება. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისი მიზნების განსახორციელებლად სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხის შეთანხმებას.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსის (ძალადაკარგულია 22.05.2020, №5949) მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდს (ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა) ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ სუბიექტს, რომელიც ჩართული უნდა იყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელების დროს სააგენტო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას არ იღებდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, პირველ რიგში, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დაწყების პირველ სტადიაზე უცნობია საბოლოო შედეგის შესახებ და ვინაიდან ამ შედეგით შესაძლოა გაუარესდეს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან. მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შედეგზე და მიღებული იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს მიღებული იქნებოდა მისი დასწრების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ცნობილი იყო სადავო მიწის ნაკვეთებზე ა. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ ცხადია, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სააგენტოს მონაწილეობა გავლენას ვერ იქონიებდა საბოლოო შედეგზე. განსხვავებული მოცემულობაა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან, ვინაიდან, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩართვა პროცესში, ამ უკანასკნელს მისცემდა საშუალებას წარედგინა ზემოაღნიშნული მის ხელთ არსებული დოკუმენტები, რაც, თავის მხრივ, მარეგისტრირებელ ორგანოს მისცემდა საშუალებას გადაწყვეტილება მიეღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტილად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილება და მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რა დროსაც დადგენილ უნდა იქნეს არსებობდა თუ არა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ა. და ნ. ს-იების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები. ამ თვალსაზრისით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მ. გ-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებები, მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულება და დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ა. და ნ. ს-იებს №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე მართლზომიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

რაც შეეხება 2020 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილებას რომლითაც, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ა. ს-ის საკუთრებად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტის მსგავსად, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპი, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას. ამდენად, აქტის ბათილად ცნობის საკითხი განიხილება არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მისი საწინააღმდეგო - კანონიერი ნდობის თვალსაზრისით (სუსგ საქმე №ბს-600-589(4კ-12), 14.11.2013წ.). სზაკ-ის 601.4 მუხლის თანახმად მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე (სუსგ 08.10.2015წ. საქმე №ბს-259-255(კ-15)). იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას (სუსგ 29.06.2017წ. საქმე №ბს-226-224(კ-17)). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, ჩუქების ხელშეკრულება არ არის დაცული კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით (სსკ-ის 185-ე მუხლი), რადგან ამ ტიპის გარიგების შემთხვევაზე კეთილსინდისიერების პრეზუმფციის დამდგენი ნორმა არ ვრცელდება (სუსგ №ას-397-397-2018, 19.04.2019წ). ჩუქების, როგორც უსასყიდლო გარიგების დროს, არ არსებობს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი შემძენს უბრუნდება (სუსგ №ას-1230-2018, 14.12.2018წ). ამრიგად, პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა. ს-ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, უფლებების დაცვის საკითხი არ დგას და არ არსებობს მის მიმართ კეთილსინდისიერი შემძენის გარანტიების გავრცელების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილება, შესაბამისად, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო სამსახურის 2020 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება და სადაო უძრავი ნივთის ა. ს-ის სახელზე რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს, მას შემდეგ რაც, სარეგისტრაციო სამსახური იმსჯელებს №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ა. და ნ. ს-იების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ა. ს-ისა და ნ. ს-ის სახელზე, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის 2020 წლის 21 აპრილის №... გადაწყვეტილებით ამავე პირთა სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში და მესამე პირებთან მიმართებით დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელე ვალდებულია სახელმწიფო ბაჟი გადაიხადოს დამოუკიდებლად თითოეულ დავის საგანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით, კერძოდ, 100 ლარი გადახდილია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაზე (ტ.2, ს.ფ 64), ხოლო 100 ლარი გადახდილია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ 76). გათვალისწინებით იმისა, რომ №... საკადასტრო კოდთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, რომელზეც კერძო საჩივრის ავტორმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ. 2. ს.ფ 257). იმის გამო, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არ დაეკისრება მოსარჩელის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, რომელზეც კერძო საჩივრის ავტორმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ. 3. ს.ფ 14). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. იმის გამო, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნულ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის (ტ.4, ს.ფ 115) ოდენობით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დავა შეეხებოდა ორი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე დამატებით გადახდილი უნდა ყოფილიყო 300 ლარი. ვინაიდან, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაზე არ დაკმაყოფილდა სარჩელი, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, ვინაიდან, №... საკადასტრო კოდთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობები სასამართლოს გარეშე საპროცესო ხარჯის (სასტუმროს მომსახურებისა და საწვავის ხარჯები) მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით (იხ. 24.06.2021წ. სხდომის ოქმი 14:48 და 16.09.2021წ. სხდომის ოქმი 12:33).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 37.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯად მიიჩნევა მხარის მიერ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად გაწეული არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ აუცილებელი ხარჯი. სსკ-ის 215-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნორმატიული მნიშვნელობის შესაბამისად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებლი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, სასტუმროს მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული აღნიშნული ხარჯების გაწევის აუცილებლობა, ხოლო, რაც შეეხება საწვავის ხარჯს, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც აღნიშნული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი გახდებოდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა. ს-ის წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტება თანდართული მტკიცებულებებით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობით ახსნა-განმარტებაზე დართული ახალი მტკიცებულებების კვლევა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... და 2020 წლის 6 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 აპრილის №... და 2020 წლის 6 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და ამ ნაწილში დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;

5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (100+50) ლარის ანაზღაურება;

7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150);

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ბ. სტურუა

თ. ოქროპირიძე