Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1407(კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ტ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 25 აგვისტოს შპს „ტ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის 2022 წლის 19 მაისის №... დადგენილებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 27 ივლისის №ბ38.38220811 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ტ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საურავის დაკისრების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის 2022 წლის 19 მაისის №... დადგენილება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 27 ივლისის №ბ38.382220811 ბრძანება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 თებევრლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ხელმძღვანელის 2021 წლის 17 ნოემბრის №... ბრძანებით შპს ,,ტ...ს" დაეკისრა 6 000 ლარის გადახდა და დაევალა უნებართვოთ განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება. ამავე ბრძანებით, დამრღვევს განემარტა, რომ დაკისრებული ჯარიმა უნდა გადაეხადა დაჯარიმების შესახებ ბრძანების მისთვის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. სადავო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 19 მაისის №... დადგენილებით შპს ,,ტ...ს" დაერიცხა საურავი 6 000 ლარი. მოცემული სანქციის დაკისრების ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა იმავე სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №... ბრძანებით დადგენილი ჯარიმის 30 დღეში გადაუხდელობა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ტ...მ" თავდაპირველად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა დაჯარიმების თაობაზე მიღებული დადგენილება, ხოლო შემდგომ მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით შპს ,,ტ...ს" სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2022 წლის 09 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, ხოლო კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა კერძო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, კერძოდ, 2022 წლის 24 მაისიდან. პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართლისთვის დამახასიათებელია სუსპენზიური ეფექტის, როგორც უფლების დაცვის პრევენციული საშუალების არსებობა, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება, კერძოდ, გასაჩივრების შემდგომ, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ან სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება ხდება მხარის შუამდგომლობის გარეშეც - კანონისმიერად, რასაც განაპირობებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი - სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ტ...ს“ მიერ სარჩელის წარდეგნა სასამართლოში ემსახურებოდა მისი უფლებების დაცვას, რომელიც ორიენტირებული ვერ იქნებოდა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ ასევე მიმართული იყო იმისკენ, რომ სადავო აქტების კანონიერების შეფასებამდე არ მომხდარიყო ჯარიმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,ტ...ს“ სარჩელზე საქმის წარმოება დასრულდა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლით, რაც არ უნდა იქნეს გაგებული იმ გვარად, რომ მოცემულ პერიოდში მოსარჩელის უფლებები არ იყო დაცული. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯარიმის გადახდის ვადის კონტროლი უნდა მოეხდინა შპს ,,ტ...ს“ მიერ სასამართლოში სასარჩელო წარმოებასთან მიმართებაში ყველა საპროცესო მოქმედების ამოწურვის შემდგომ, რაც არ განუხორციელებია და ნაადრევად მიიღო დადგენილება მოსარჩელისთვის საურავის დარიცხვასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მოსარჩელეს ჰქონდა საკმარისი ვადა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №... ბრძანებით დაკისრებული 6 000 ლარის გადახდისთვის. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 13 მაისის №34661 ბრძანებით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, აღმასრულებელმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ტ...ს" ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ. მოსარჩელემ დაკისრებული ჯარიმის გადახდა დაიწყო 2022 წლის 13 მაისს, ხოლო მოპასუხემ საურავი ჯარიმის გადაუხდელობის გამო მოსარჩელეს დააკისრა იმავე წლის 19 მაისს, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ჰქონდა ჯარიმის გადახდის დრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საურავი სამართლარდამრღვევ პირს კანონმდებლობის ნორმათა დაცვით დაეკისრა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ აქტის მოქმედებას. სუსპენზიური ეფექტი გასაჩივრებული აქტის მოქმედების კანონისმიერ შეჩერებაში ვლინდება, კერძოდ, სარჩელის წარმოებაში მიღება ავტომატურად იწვევს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებას ისე, რომ ამის თაობაზე არც მხარე შუამდგომლობს და არც სასამართლო მსჯელობს. შესაბამისად, სუსპენზიური ეფექტის წარმოშობისათვის აუცილებელი არის სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება და არა მხოლოდ სარჩელის კანცელარიაში ჩაბარება. აღნიშნულის საპირისპიროდ, თუ სარჩელი არ იქნება მიღებული წარმოებაში, დაუშვებელია სუსპენზიური ეფექტის წარმოშობა. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ჩანაწერი, როდესაც ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაუკავშირა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას და მის კანონიერ ძალაში შესვლას. კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, მიღებული იყო თუ არა წარმოებაში დაჯარიმების შესახებ გასაჩივრებული აქტი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს განმარტებით 2022 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ სასკ-ის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოშობილა, რაც აქტის მოქმედების გაგრძელების საფუძველია. ამ მსჯელობაზე დაყრდნობით მოსარჩელემ გაუშვა ჯარიმის გადასახდელად მისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა, რის გამოც მას მართებულად დაეკისრა საურავი. ამასთან, მხარის მიერ კერძო საჩივრის წარდგენას ვერ ექნებოდა პერსპექტივა, რადგან სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. შესაბამისად, გაუგებარია რა სამართლებრივ შედეგს გამოიღებდა კერძო საჩივრის წარდგენა სასამართლოს განჩინებაზე, მაშინ როდესაც ბაჟის გადახდა აუცილებელი მოქმედებაა სარჩელის წარმოებაში მიღებისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ხელმძღვანელის 2021 წლის 17 ნოემბრის №... ბრძანებით შპს ,,ტ...ს" დაეკისრა 6 000 ლარის გადახდა და დაევალა უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მოსარჩელე ვალდებული იყო დაკისრებული ჯარიმა გადაეხადა დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 დეკემბრის №... ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული 2021 წლის 17 ნოემბრის №... ბრძანება დაჯარიმების ნაწილში დარჩა ძალაში, ხოლო უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში შემდგომში შესწავლის მიზნით დაუბრუნდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურს.

დადგენილია, რომ ზემოხსენებული 2021 წლის 17 ნოემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით შპს “ტ...მ” სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 13 მაისის №28 შემოწმების აქტით, დადგინდა, რომ შპს ,,ტ...ს" 2021 წლის 17 ნოემბრის №... ბრძანებით დაკისრებული ჯარიმა 6 000 ლარი გადახდილი არ ჰქონდა. ამდენად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 19 მაისის №... დადგენილებით შპს ,,ტ...ს" დაერიცხა საურავი 6 000 ლარის ოდენობით.

წინამდებარე დავის საგანს სწორედ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 19 მაისის №... დადგენილების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, არსებობდა შპს “ტ...სათვის” საურავის დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა სამშენებლო სამართალდამრღვევმა უნდა გადაიხადოს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 13 მაისის №34661 ბრძანებით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, აღმასრულებელმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ტ...ს" ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ. მოსარჩელემ დაკისრებული ჯარიმის გადახდა დაიწყო 2022 წლის 13 მაისს. აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წამოუდგენია. ამდენად, დასტურდება, რომ საურავის დაკისრების შესახებ 2022 წლის 19 მაისის №... დადგენილების მიღების დროისთვის - შპს „ტ...ს“ 2022 წლის 13 მაისს დაწყებული ჰქონდა დაკისრებული ჯარიმის გადახდა, რაც გამორიცხავს ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის მოტივით საურავის დარიცხვის კანონიერებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია შპს „ტ...ს“ მიერ ჯარიმის თანხის განწილვადებით გადახდის დაწყების ფაქტი, რაც გამორიცხავდა სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე