საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-350(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ფ. ხ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანამემამულის სტატუსის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ფ. ხ. ნ-იმა 2023 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 მაისის №1000783221 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ფ. ხ. ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ფ. ხ. ნ-იმა 2022 წლის 04 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაზედაც 22.07.2022წ. №1000783221 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს, კერძოდ, არსებობდა კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ კონტრდაზვერვის დასკვნას (რეკომენდაციას) და სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, სახელდობრ, მოსარჩელის წინაპრები წარმოშობით არიან ქართველები, რომლებიც გადასახლებულები იყვნენ ფერეიდანში, თელავის რაიონი სოფელი ...დან, მოსარჩელის დედასა და დეიდას მინიჭებული აქვთ თანამემამულის სტატუსი. მას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული, ამ პერიოდის განმავლობაში პატიოსნად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად საქართველოში, შესაბამისად, აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და კონკრეტული გარემოებების შესწავლის გარეშე მიღებული, რაც შემდგომში გახდა სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ხ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 მაისის №1000783221 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ფ. ხ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, სასამართლომ მიუთითა, რომ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.
კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია: კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. ამასთანავე, გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, 10.05.2023წ. თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის №73 სხდომაზე მომზადებულ №2023/01/05 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ფ. ხ. ნ-იზე ვრცელდებოდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 17.05.2023წ. №1511/7/29761 ცნობაზე, რომლის თანახმად, მ. ა-ი, რომელიც არის ფ. ხ. ნ-ის დედა, მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააგენტოს 2023 წლის 19 მაისის №1000783221 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.
კასატორის მითითებით, სააგენტომ 2023 წლის 28 თებერვლის №01/47775 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, არსებობდა თუ არა ფ. ხ. ნ-ის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის SSG 3 23 00056587 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ფ. ხ. ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია, კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასება, რომელიც ეხება სააგენტოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, სააგენტოს, წარმოების პროცესში, ავალდებულებს, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და მოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილი (დასკვნა) წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის სამართალდაცვითი მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. თუმცა საკასაციო სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია არ ტოვებს მცირეოდენ ეჭვსაც კი, რომ სააგენტომ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელა რაიმე ქმედება, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის (დასკვნის) პირობებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 აპრილის №ბს-815 (კ-19) გადაწყვეტილება).
სასამართლოს მითითება იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხემ არასათანადოდ გამოიკვლია და არ შეაფასა გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს და არ არის დასაბუთებული. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში განმცხადებლებს თანამემამულის სტატუსის მიღებაზე კომპეტენტური, ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეთქვა უარი, რაც კანონმდებლობის საფუძველზე სააგენტოს მხრიდანაც უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და სააგენტოს 2023 წლის 19 მაისის №1000783221 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 მაისის №1000783221 გადაწყვეტილებით, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფ. ხ. ნ-ის უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე; შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილება ემყარება თუ არა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირია - პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეა - საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. მითითებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოდან წარმომავლობა განიმარტება, როგორც პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად. ხოლო, მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინაპარია პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა. ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს (6.1. მუხ.). სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის (6.5 მუხ.). უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით (6.6 მუხ.).
ზემოხსენებული კანონის მე-9 მუხლი შეიცავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომელთა შორისაა კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის საფუძველზე (1 პუნ., „ა“ ქვ.პ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, ფ. ხ. ნ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც 2022 წლის 04 მარტს თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით №1000783221 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 2022 წლის 22 მარტს კი №46915 განცხადებით დამატებით წარადგინა პასპორტის თარგმანი და რეკომენდაცია.
კავშირი საზოგადოება „ფ...ს“ 2022 წლის 4 მარტის №13 რეკომენდაციის თანახმად, საზოგადოება რეკომენდაციას უწევს თანამემამულის სტატუსის მინიჭებისთვის ირანში დაბადებულ ქართველს - ბატონ ფ. ხ. ნ-ის, რომელიც არის მენტალურად და სულიერად ქართველი. მის დედას და ყველა ნათესავს მინიჭებული აქვს თანამემამულის სტატუსი. იგი მოწესრიგებული, განათლებული და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილი ახალგაზრდაა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 23 მარტს №1000783221/1 წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია არსებობდა თუ არა ფ. ხ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 24 ივნისის №01/19266 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობდა თანამემამულის სტატუსის მაძიებლისათვის - ფ. ხ. ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 23 მარტს №1000783221/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ინფორმაცია არსებობდა თუ არა ფ. ხ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აპრილის №SSG 2 22 00070293 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ფ. ხ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 ივლისის №1000783221 გადაწყვეტილებით, ფ. ხ. ნ-ის 2022 წლის 4 მარტის №1000783221 განცხადება თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ასევე დადგენილია, რომ ფ. ხ. ნ-ი არის ...ის (...) მიმდინარე სტუდენტი და საქართველოს უნივერსიტეტში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის №233/22 ბრძანების საფუძველზე. ...ის (...) ხანგრძლივობაა 4 წელი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების მაღალი რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.; სუსგ №1379(კ-24), 09.06.2025წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აპრილის №SSG 2 22 00070293 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 07 მაისის №ბს-359(კ-25) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური გამოკვლევას, ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ფ. ხ. ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 06.02.2025წ. №02651 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა