Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-263(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ფ-ი

სარჩელზე მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 27 აპრილს ნ. ფ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ნ. ფ-ი არის საქართველოს მოქალაქე და ამავდროულად, 2015 წლის 10 ივნისს მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის წერილით ნ. ფ-ის ეცნობა, რომ იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. ამავე წერილით განემარტა, რომ თუ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დათქმულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს, შეუწყდებოდა საქართველოს მოქალაქეობა. 2022 წლის 24 ნოემბერს, ნ. ფ-იმა №11000841589 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნის თანახმად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ნ. ფ-ის უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე და კანონის შესაბამისად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. მოსარჩელის მითითებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია სამართლებრივი აქტი ნ. ფ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, სადავო დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ნ. ფ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნის, ნ. ფ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივლისის №1000839070 დასკვნისა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ნ. ფ-ის ნაწილში, საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ნ. ფ-ის განცხადება და გაიცემა დადებითი დასკვნა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულება, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ნ. ფ-ის ნაწილში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივლისის №1000839070 დასკვნა, ნ. ფ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნა ნ. ფ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლები. ამგვარი წინაპირობების არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯერ კიდევ სადავოა ნ. ფ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნა ,,ნ. ფ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე“ და მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალებული აქვს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულებისთვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ნ. ფ-ის საქართველოს მოქალაქედ არსებობის ფაქტი, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაცულია სადავო ბრძანების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება, საქმეზე შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, საგულისხმოა, რომ ასევე ბათილად არის ცნობილი სადავო ბრძანებულების გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივლისის №1000839070 დასკვნა, ,,ნ. ფ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მისი თანმდევი შედეგის ძალაში დატოვების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს შეუნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ამ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი ეთქვა, რაც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელდა.

კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ვინაიდან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნა, სახეზეა ნ. ფ-ის ნაწილში, საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი და მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაედგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სამართალწარმოება არის არსებითად სხვა ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე წარმოება ხორციელდება მისგან დამოუკიდებლად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე. აღნიშნულ საქმეში უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ნ. ფ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რაც სხვა ალტერნატივის გარეშე, იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, რაც სასამართლოს უნდა განემარტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულება, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ნ. ფ-ის ნაწილში; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივლისის №1000839070 დასკვნა, ნ. ფ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნა ნ. ფ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის ფარგლები. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულების - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ნ. ფ-ის ნაწილში, კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს და საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით, ან ნატურალიზაციით. ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პუნქტი 1); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (პუნქტი 2); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4).

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე ორგანული კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების მიხედვით, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 24 ნოემბერს, ნ. ფ-იმა №11000841589 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №SSG 4 23 00025744 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბერს №1000841589/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ნ. ფ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 3 თებერვლის №4441 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის ნ. ფ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ნ. ფ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე უარყოფითი დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ ნ. ფ-ი საქართველოს მოქალაქეა და მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.

დადგენილია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. დადგინდა, რომ ნ. ფ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამასთან, 2023 წლის 31 მარტის სხდომაზე (სხდომის ოქმი №11689) კომისიამ განიხილა და შეაფასა ნ. ფ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ნ. ფ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 5 აპრილის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №1000841589/2 მიმართვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დასკვნა ნ. ფ-ის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 4 აპრილის №2329 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადმოგზავნილ №1000841589 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულებით ნ. ფ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულება ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს.

ხსენებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. მითითებული დებულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

პირის საქართველოსთან სამომავლო კავშირის შეფასებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოჯახის სამომავლო გეგმები, მოსარჩელის ინტერესების სფერო, მისი ოჯახური და პიროვნული კავშირები, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობის ხარისხი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან, საქართველოში სტუმრობის ხასიათი და პერიოდულობა და სხვა გარემოებები, რომელთა გამოკვლევასაც მნიშვნელობა ექნებოდა პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის.

საყურადღებოა, რომ ნ. ფ-ი დაიბადა საქართველოში და დაქორწინებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ...-... წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი ...ში და არის სსრკ-ის სპორტის ოსტატი, ასევე ჰყავს საქართველოს მოქალაქე ძმა და ნათესავები. მშობლები საქართველოში ჰყავს დაკრძალული. რუსეთის ფედერაციაში გადასვლა განაპირობა მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ. აპირებს საქართველოში დაბრუნებას და ცხოვრებას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ნ. ფ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართებულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სადავო საკითხი სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს, კომპლექსურად გაანალიზოს და შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს ადმინისტრაციული წარმოების საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. გამოიკვლიოს მოსარჩელის სამომავლო გეგმები, მოსარჩელის ინტერესების სფერო, მისი ოჯახური და პიროვნული კავშირები, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობის ხარისხი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან და სხვა გარემოებები, რომელთა გამოკვლევასაც მნიშვნელობა ექნება პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის.

საკასაციო პალატა სადავო საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულების კანონშესაბამისობასთან მიმართებით მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 38-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით. ამავე დებულების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტოსათვის კომპეტენტური ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 3 აპრილის №1000841589 დასკვნა ,,ნ. ფ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე“ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, სახეზეა - საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 6 ივლისის №312 ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე