საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-40(კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:დ. ფ-ამ 2022 წლის 26 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 13 მაისის MOD 2 22 00541176 გადაწყვეტილების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 1 ივლისის MOD 2 22 00000031 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი აქტი დ. ფ-ას მიერ სასწავლებლებში: 1982-1983 წლებში ... სასწავლებელსა და 1989-1993 წლებში ... უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურების წლებში ჩათვლასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 13 მაისის MOD 2 22 00541176 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 1 ივლისის MOD 2 22 00000031 ბრძანების „ბ“ ქვეპუნქტი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა - გამოსცეს ახალი აქტი დ. ფ-ას მიერ უმაღლეს სასწავლებლებში: 1982-1983 წლებში ... სასწავლებელსა და 1989-1993 წლებში ... უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურების წლებში ჩათვლასთან დაკავშირებით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 1 ივლისის MOD 2 22 00000031 ბრძანების „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
დ. ფ-ა 1982 წლის აგვისტოდან 1983 წლის აპრილის ჩათვლით ირიცხებოდა ... სასწავლებლის მსმენელად.
დ. ფ-ამ 1993 წელს დაასრულა ... უნივერსიტეტი, დაუსწრებელი ფაკულტეტი, რის გამოც სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 7 აპრილის №79 ბრძანებით საგამოცდო სესიებთან დაკავშირებით მიეცა ფასიანი შვებულება 1993 წლის 15 აპრილიდან 1993 წლის 3 მაისამდე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 13 მაისის MOD 2 22 00541176 წერილით დ. ფ-ას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლსა და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილების მე-16 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით ეცნობა, რომ პირადი საქმის მიხედვით 1993 წლის 17 მარტიდან 2010 წლის 30 იანვრამდე სამხედრო სამსახურში მისი კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 16 წელს, 10 თვესა და 13 დღეს. რაც შეეხება სამოქალაქო სასაწავლებელში სწავლის პერიოდს, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის პერიოდის ჩათვლა არ ხორციელდება. ამავე წერილით თანახმად, ვინაიდან დ. ფ-ას კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებს (16 წელს, 10 თვეს და 13 დღეს) წელს, არ სრულდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა, წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენის შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 24 მაისის MOD 2 22 00583495 წერილით, დ. ფ-ას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ეცნობა, რომ ამავე ცენტრის 13 მაისის №541176 წერილში მითითებულ წელთა ნამსახურობას (16 წელი, 10 თვე, 13 დღე) დაემატა 1985 წლის 7 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე სამხედრო შეკრების პერიოდი (18 დღე). ეს გარემოება არ განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რადგან საერთო ჯამში სამხედრო სამსახურში მისი ნამსახურობა შეადგენდა 16 წელს, 11 თვეს, 01 დღეს. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდების შესახებ ეცნობა ზემოაღნიშნულ წერილში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 1 ივლისის MOD 2 22 00000031 ბრძანებით დ. ფ-ას 2022 წლის 25 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი: ა) ... საავიაციო ტექნიკურ სასწავლებელში 1983 წლის აგვისტოდან 1986 წლის თებერვლამდე სწავლის პერიოდის სამხედრო წელთა ნამსახურობის კალენდარულ წლებში ჩათვლასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველად; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 24 მაისის MOD 2 22 00583495 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით დ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამოქალაქო ავიაციის ლენინგრადის საავიაციო სასწავლებელში სწავლების წლების (1983-1987) სამხედრო სამსახურში ჩათვლის მოთხოვნაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-11 და მე-16 მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავდნენ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ნუსხაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობის, სწავლებისა და საშეღავათო პერიოდის გავრცელების საკითხებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ნორმა არ ითვალისწინებდა მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურების სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლომ მიუთითა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგამოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებსა და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით - „სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი“.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის პირადი საქმით დგინდება, რომ დ. ფ-ა 1982 წლის აგვისტოდან - 1983 წლის აპრილამდე სწავლობდა სამოქალაქო ავიაციის კრასნოკუტსკის საზაფხულო საფრენოსნო (ტექნიკურ) სასწავლებელში, საიდანაც მოსარჩელე მხარე გაირიცხა და მას ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მითითებული სასწავლებელი იყო სამოქალაქო და არა სამხედრო (თანაც ტექნიკური), და ისიც არ იქნა მის მიერ დამთავრებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის მისი სამხედრო სამსახურში ჩათვლა არ ხორციელდება.
კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ უზენაესის სასამართლოს პრაქტიკით, მითითებული ნორმა ცხადად და არაორაზროვნად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაზე და არა ვალდებულებაზე. რაც შეეხება რიგის სასწავლებელს, კასატორის განმარტებით, მოსარჩელე 1989-1993 წლებში სწავლობდა ... უნივერსიტეტის (ყოფილი ... ინსტიტუტი) დაუსწრებელ ფაკულტეტზე. სტუდენტური ბილეთი №59716 გაცემულია 1989 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო №014234 დიპლომის მიხედვით, 1993 წლის 19 ივნისს მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. ამასთნ, თადარიგში მყოფ დ. ფ-ას 1989 წლის 28 დეკემბრიდან მიენიჭა ლეიტერნატის წოდება, თუმცა მორიგი წოდების მინიჭება არ უკავშირდება 1989-1993 წლებში ... უნივერსიტეტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლას. კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილების მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლებში შედის მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული სასწავლებელი იყო სამოქალაქო და არა სამხედრო (პირადი საქმის მიხედვით), დ. ფ-ას უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მითიტებული პერიოდის სამხედრო ნამსახურებაში ჩათვლაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობის სტაჟში გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1-ელი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაუთვალოს თუ არა პირს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებთ დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაზე“, რომლის მე-16 თავის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს: სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს; სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდს (მათ შორის, სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობას); საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე, სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე; სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში; სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად; სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს; კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ: დ. ფ-ა 1982 წლის აგვისტოდან 1983 წლის აპრილის ჩათვლით ირიცხებოდა ... სასწავლებლის მსმენელად. დ. ფ-ამ 1993 წელს დაასრულა ... უნივერსიტეტი, დაუსწრებელი ფაკულტეტი, რის გამოც სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 7 აპრილის №79 ბრძანებით საგამოცდო სესიებთან დაკავშირებით მიეცა ფასიანი შვებულება 1993 წლის 15 აპრილიდან 1993 წლის 3 მაისამდე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას, თუმცა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორად შეფასებული, როგორც წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე დ. ფ-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ საკითხი, ვინაიდან მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო სტაჟში უნდა ჩათვლოდა სწავლის (1982-1983 წლებში ... სასწავლებელსა და 1989-1993 წლებში ... უნივერსიტეტში) პერიოდი, რაც ჯამში შეადგენდა 20 კალენდარულ წელზე მეტს. შესაბამისად, პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ფ-ა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სრულად აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონით დადგენილ ნორმებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებების განსაკუთრებულობას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. „..მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას..“ (სუს 2020 წლის 26 თებერვლის Nბს-50(კ-20) განჩინება). მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელის სამომავლო უფლება კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, უკავშირდება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ.შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ.მაკარიძე