Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-830 (კ-22) 18 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ფ-ამ 16.03.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 07.10.2020წ. №000364 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.02.2021წ. №97 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2021წ. გადაწყვეტილებით ვ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 07.10.2019წ. N000364 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2022წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, მე-..., მე-... რიგი, მე-... კორპუსზე (ს.კ. N...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია აივნის მიშენება. არც მითითებით განსაზღვრულ ვადაში და არც სადავო დადგენილების გამოცემამდე ვ. ფ-ას არ გამოუსწორებია სამართალდარღვევა, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 07.10.2020წ. გამოიცა №000364 დადგენილება სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აივნის მიშენების გამო დაჯარიმების შესახებ. ამასთან, მესაკუთრეს დაევალა უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. სააპელციო პალატამ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე" და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების (დაკანონების) შესაძლებლობას, რისთვისაც აუცილებელია გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ, აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.09.2021წ. ბრძანებით, ნ. კ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ში, ... მიკრო/რაიონი, რიგი ..., მე-... კორპუსში მდებარე N4 ბინაზე უნებართვოდ მიშენებული 12,28 კვ.მ. ფართი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აივნის ლეგალიზებულად მიჩნევის პირობებში, აღარ არსებობდა მისი დემონტაჟის საფუძველი.

რაც შეეხება ვ. ფ-ას მიერ ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, პალატამ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონზე, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა არ არსებობდა, ვინაიდან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 06.05.2020წ. მითითების გაცემით და დადგენილება მიღებული იქნა 07.10.2020წ., ხოლო კანონის დანაწესი ვრცელდებოდა მხოლოდ იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც ჩადენილ იქნა 2019 წლის 15 იანვრამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას უკავშირებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და არა მისი გამოვლენის პერიოდს. საქმის მასალებითა და სადავო ობიექტის ლეგალიზების მხედველობაში მიღებით სადავო არ არის აივნის მშენებლობის ფაქტი (სამართალდარღვევის ჩადენა) 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ აღნიშნული ფაქტის მოგვიანებით გამოვლენა ვერ გახდება „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით დადგენილი რეგულაციის გამოყენების გამომრიცხავი გარემოება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის ფაქტი დასტურდებოდა, რაც ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 07.10.2020წ. №000364 დადგენილება გასაჩივრებული იყო და ჯერ არ იყო აღსრულებული, ხოლო მოსარჩელე - ვ. ფ-ა წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს-დევნილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 07.10.2020წ. N000364 დადგენილებით ვ. ფ-ა დაჯარიმდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აივნის მიშენებისათვის, ამასთან, ფართის მესაკუთრეს დაევალა მიშენებული აივნის დემონტაჟი. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონი. აღნიშნული კანონის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე უნდა იყოს ჩადენილი და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ უნდა იყოს აღსრულებული. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე, 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა იყოს გამოცემული და აღსრულებული. კასატორმა მიუთითა, რომ სადავო დადგენილება გამოიცა 07.10.2020წ., შესაბამისად, სახეზე არ არის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 06.05.2020წ. ვ. ფ-ას მიმართ შედგა №000364 მითითება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ში, მე-..., მე-... რიგი, მე-... კორპუსზე (ს.კ. N...) განხორციელებულია აივნის მიშენება, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით ვ. ფ-ას დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 08.06.2020წ. შედგენილ იქნა №000364 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ვ. ფ-ამ არ შეასრულა №000364 მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 07.08.2020წ. N4-3/194-გ/20 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 06.05.2020წ. N000364 მითითების საფუძველზე ვ. ფ-ას მიმართ დაწყებული სამშენებლო-სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელებულ იქნა 2 (ორი) თვით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 07.10.2020წ. N000364 დადგენილებით, ვ. ფ-ა დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ში, მ/რ ..., რიგი ..., კორპ. N..., N ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აივნის მიშენებისათვის და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს დაევალა აივნის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება ვ. ფ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.02.2021წ. N97 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვ. ფ-ას ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 07.10.2020წ. N000364 დადგენილება. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.09.2021წ. ბრძანებით, ვ. ფ-ას წარმომადგენლის ნ. კ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ში, ... მიკრო/რაიონი, რიგი ..., N... კორპუსში მდებარე N4 ბინაზე უნებართვოდ მიშენებული 12. 28 კვ.მ. ფართი.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ №ბს-468-465 (კ-17), 21.01.2020 წ.), მათ შორის საჯარო ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. ამასთან, სამართალდარღვევისათვის დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა უნდა ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების (უმოქმედობის) შედეგს და პროპორციული უნდა იყოს ამ სამართალდარღვევის შედეგად საჯარო წესრიგის დარღვევის ხარისხთან. ამდენად ცალსახაა, რომ სამართალდამრღვევის დასჯა არ უნდა ატარებდეს მხოლოდ რეპრესიულ ხასიათს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, როგორიცაა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“ განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (იხ. სუსგ 19.10.2017წ. საქმე №ბს-360-357(2კ-17)). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა. მართალია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისთვის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-1 ნაწილით აკრძალული ქმედება სახეზე იყო, თუმცა სახდელის დადების თაობაზე სადავო დადგენილების გამოტანის შემდეგ ამ ნორმით გათვალიწინებული დარღვევა აღმოფხვრილ იქნა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.09.2021წ. ბრძანების გამოცემით, რომლითაც უნებართვოდ მოწყობილი აივნის მიშენება მოექცა კანონიერ ჩარჩოში - ჩაითვალა ლეგალიზებულად. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოსარჩელის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. (იხ. სუსგ 05.05.2016წ. Nბს-785-771(კ-14)).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უნებართვო მშენებლობა დენადი სამართალდარღვევაა. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება შესაძლებელია როგორც დემონტაჟის, ასევე ლეგალიზების გზით (იხ. სუსგ 12.06.2012წ. Nბს-126-125(კ-12)). ის გარემოება, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს ფართი არ იყო ლეგალიზებული, პირის სასარგებლოდ ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის პირობებში, არ გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მხარე არ დაეთანხმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მის მიმართ 07.10.2020წ. მიღებულ დადგენილებას და გაასაჩივრა იგი. ამასთან, სადავო დადგენილება ძალაში არ იყო შესული, როდესაც სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.09.2021წ. ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა უნებართვოდ მიშენებული ფართი. ამდენად, მოსარჩელის აქტიური მოქმედების საფუძველზე შეცვლილი ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებულ იქნეს მცირემნიშვნელოვან დარღვევად და მოსარჩელე გათავისუფლდეს დაკისრებული პასუხისმგებლობისგან. ამასთან, კასატორის აპელირება იმაზე, რომ სადავო დადგენილება გამოცემულია "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე, 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში მხარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დამაბრკოლებელ გარემოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი