Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-929(კ-24) 22 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი - ა. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 28 თებერვალს გ. ქ-ამ სარჩელით და შემდგომ დაზუსტებული სარჩელით (20.05.2020 წელი) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქმედების უკანონოდ ცნობის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინებით გ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონზე (ძალადაკარგულია საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის N5033-IIს კანონის საფუძველზე, 2016 წლის 13 მაისიდან), ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2004 წლის 21 ოქტომბრის N09.16.118 დადგენილებაზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულებაზე და ყურადღება გაამახვილა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ N020810 სააღრიცხვო ბარათზე, რომლის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა 22-ში არსებული სახლთმფლობელობა 1950 წელს აღრიცხულია დ. ქ-ას სახელზე და ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით სააღრიცხვო ბარათში მ. კ-ე დაფიქსირებული არ არის.

პალატამ სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ შესაძლებელია სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ იყოს მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე/თანამესაკუთრეები, თუმცა ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ ცნობა - დახასიათება უნდა გაიცეს მხოლოდ სააღრიცხვო ბარათზე აღნიშნული პირის სახელზე. ამ შემთხვევაში, ცნობა - დახასიათება გაიცემა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული N020810 სააღრიცხვო ბარათის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში არსებული სახლთმფლობელობა 1950 წელს აღრიცხულია დ. ქ-ას სახელზე და ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილების მიხედვით, სააღრიცხვო ბარათში მ. კ-ე დაფიქსირებული არ არის, თუმცა გასაჩივრებულ ცნობა - დახასიათებაში მ. ქ-ა-კ-ეის მითითებას საფუძვლად უდევს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის N2/129 გადაწყვეტილება და თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილება. სააპელაციო სასამართლომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილად მიიჩნია, რომ დასტურდებოდა ის უფლებრივი მდგომარეობა, რაც იქნა ასახული ცნობა - დახასიათებაში, შესაბამისად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ის სამართლებრივი შეფასება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე უძრავი ქონების სააღრიცხვო მონაცემების ამსახველი, 2017 წლის 20 თებერვალს გაცემულ ... ცნობა - დახასიათებაში ასახული მონაცემები შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს.

რაც შეეხება აპელანტის პოზიციას, თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, (მისი ძალაში შესვლის დღიდან), აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996 წლის 29 ოქტომბერს მიღებული რედაქცია) 50-ე მუხლზე და განმარტა, რომ არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის ამოქმედებას. მოცემულ შემთხვევაში მხარემ მიუთითა, რომ 1997 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა ძალადაკარგულად ჩათვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, მათ შორის საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებაც, რომელსაც დაეყრდნო თბილისის მთაწმინდა -კრწანისის რაიონის გამგეობა 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილების გამოცემისას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილება ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებას, არამედ დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებასაც (საქმე N2/129). ვერ გაიზიარა აპელანტის ის პოზიცია, რომ 1997 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა ძალადაკარგულად ჩათვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რადგან მითითებულია, რომ ის აქტები ჩაითვალა ძალადაკარგულად, რომლებიც 1. არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. 2. ამ უკანასკნელის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

რაც შეეხება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის ნორმებზე მითითებას, რომლებიც არეგულირებენ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების საფუძვლებს, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა და მიუთითა, რომ 1997 წლიდან ამოქმედებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა თვითონ განსაზღვრა კანონთა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ის წრე, რომელიც 1997 წლის 25 ნოემბრიდან ჩაითვლებოდა ძალადაკარგულად. ამ პირობებით კი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ 2004 წლისათვის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება ძალადაკარგულად უნდა ჩათვლილიყო. პალატის მსჯელობით აღნიშნულის დადასტურებაა სასამართლო პრაქტიკაც, როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ხდება შესაბამისი ურთიერთობების რეგულირება N806 დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით, 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგაც.

სააპელაციო სასამართლომ, სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ 2020 წლის 22 სექტემბრის N15/გ-280 წერილთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილებაზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ აქტს და, რომელიც ზემოაღნიშნული სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ წერილის თანახმად, რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში 1997 წლის 12 სექტემბერს (მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო კოდი ...), იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებაში ცვლილება არის შესული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილებით და მისი გაუქმების თაობაზე მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ - სადავო თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილების მიღების საფუძვლად საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების მითითება, არ შეიძლება გახდეს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ იმ გარემოებს, რომ 2004 წლისათვის თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი დაეკანონებინა სახლთმფლობელობაში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი, აღნიშნულზე მიუთითა, რომ 2014 წლის 2 მაისამდე მოქმედი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ საქართველოს კანონმა (2004 წლის თებერვლის რედაქცია) განსაზღვრა თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსი, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და საფინანსო - ეკონომიკური საფუძვლები. მიუთითა, რომ 2005 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31.1-ე მუხლით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენდა, მოქალაქეთა საბინაო მშენებლობის მოწესრიგების მიზნით, გამგეობის მხრიდან გატარებული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდებოდა განხორციელებული უნებართვო მშენებლობების საკითხების შესწავლას და გადაჭრას. ამდენად, პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის დასაბუთება ვერც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის N1479 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც გ. ქ-ას წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ქ-ას მიერ.

წარმომადგენლის მსჯელობით, სარჩელის ერთ - ერთ საფუძვლად მითითებულია ის სამართლებრივი ასპექტი, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება, რომლის საფუძველზეც გამოცემულია მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N4 §26 დადგენილება, არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილების გამოცემის მომენტში საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება არ წარმოადგენდა მოქმედ სამართლებრივ აქტს, რაც გამორიცხავდა მისი გამოყენების შესაძლებლობას.

მისივე მსჯელობით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხსენებული დადგენილება სწორედ ნორმატიული შინაარსის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რადგან იგი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე იყო და შეიცავდა მისი მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2004 წლის მდგომარეობით იგი არ წარმოადგენდა მოქმედ ნორმატიულ აქტს, გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ სამართლებრივ ფაქტორს, რომ ხსენებული დადგენილება მიღებულია 1964 წლიდან მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე და მის შესასრულებლად, რაც დადგენილების შესავალი ნაწილის შინაარსიდანვე იკვეთება.

კასატორის განმარტებით, 1964 წლიდან მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 1997 წლის 26 ივნისს მიღებული და იმავე წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მისი 1505-ე მუხლით, ხოლო იმავე კოდექსის 1506-ე მუხლით დამატებითი და სპეციალური დათქმით ასევე ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, ასევე ამ უკანასკნელის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს. წარმომადგენლის განმარტებით, ყველაზე მეტად არსებითი სამართლებრივი მოცემულობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების ძალადაკარგულობის ფაქტი, გამომდინარეობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996 წლის 29 ოქტომბერს მიღებული რედაქცია, პარლამენტის უწყებანი, 19/11/1996) 50-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული დებულებებიდან, რომელთა თანახმად: „4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. 5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. 6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე აქტი ან მისი ნაწილი.“

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით (მუხლი 41) დადგენილია პრინციპი, რომლის თანახმად, საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების ძალაში შესვლის აუცილებელ წინაპირობად ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობაა განსაზღვრული, ურომლისოდაც მათ არ გააჩნიათ იურიდიული ძალა. მიიჩნევს, რომ მოცემული სამართლებრივი პოზიციებიდან გამომდინარე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N80 დადგენილება 2004 წლის მდგომარეობით არ წარმოადგენდა მოქმედ სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 20 თებერვალს გაცემული იქნა ცნობა - დახასიათება ..., უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქ. .... აღნიშნული ცნობა - დახასიათების თანახმად, მითითებულ მისამართზე მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 1 144 კვ.მ-ს. ამასთან, ცნობა - დახასიათებაში მითითებულია ლიტერი ,,ა“ (საცხოვრებელი), ლიტერი ,,ვ“ (საცხოვრებელი) და ლიტერი ,,მ-დ-გ-ა’-ვც“ (დამხმარე). ამავე ცნობა - დახასიათების თანახმად, მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერაში მითითებულია: დ. ქ-ა - ლიტერი ,,ა“, სააღრიცხვო ბარათი N020810, აღრიცხულია 1950 წელს; მ. ქ-ა-კ-ე - ლიტერი ,,ვ“, დიდუბე - ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 05.03.2004 წლის N2/129 გადაწყვეტილება, მთაწმინდა - კრწანისის გამგეობის 07.04.2004 წლის N41 დადგენილება.

1950 წლის N020810 სააღრიცხვო ბარათით ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის ცნობით და საინვენტარიზაციო გეგმით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში არსებული სახლთმფლობელობა 1950 წელს აღრიცხულია დ. ქ-ას სახელზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილების თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით (ელექტრონული ვერსია), უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის N...-ის სააღრიცხვო მასალებში წარმოდგენილ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მ. კ-ე დაფიქსირებული არ არის.

დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N2/129) დადგენილია, რომ მ. ქ-ა-კ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ლიტ. ,,ვ“ ნაგებობის აშენების თარიღად მიჩნეული იქნა 1990-92 წლები. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ აღნიშნულის შესაბამისად, ცვლილებები იქნეს შეტანილი თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში და საინვენტარიზაციო ნახაზში.

თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილებით, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ქ-ა-კ-ე ითხოვს სახლთმფლობელობაში უკანონოდ აშენებული ლიტ. ,,ვ“ ნაგებობის დაკანონებას. ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით, სახლის პირველადი აღრიცხვა მომხდარია 1950 წელს, ხოლო უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი ლიტ. ,,ვ“ დაფიქსირებულია 2003 წლით.

დადგენილი, რომ ქ. თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს N2/129 გადაწყვეტილებით, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ქ-ა-კ-ეის მიერ უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი ლიტერ ,,ვ“-ს აშენების თარიღად დადგინდა 1990-1992 წლები. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებებით, 1994 წლამდე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლები ექვემდებარება სამართლებრივ რეგისტრაციას. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილებით, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ქ-ა-კ-ეის თხოვნა დაკმაყოფილდა და დაუკანონდა სახლთმფლობელობაში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი, კერძოდ: ლიტერი ,,ვ“, პირველი სართული, ოთახები: N1, ფართობით - 13.08 კვ.მ; N2, ფართობით - 13.78 კვ.მ; N3, ფართობით 23.25 კვ.მ; N4, ფართობით - 35.26 კვ.მ, N5, ფართობით - 5.4 კვ.მ; კიბის უჯრედი, ზომით 1.0X1.60-1.0X0.50მ. მეორე სართული, ოთახები: N6, ფართობით - 14.40 კვ.მ; N7, ფართობით - 9.0 კვ.მ; N8, ფართობით - 12.90 კვ.მ; N9, ფართობით - 12.29 კვ.მ; N10, ფართობით - 21.80 კვ.მ; N11, ფართობით - 19.42 კვ.მ; კიბის უჯრედი, ზომით 1.0X1.60-1.1X0.6მ.

თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილება გ. ქ-ას წარმომადგენელმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2020 წლის 20 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, საჩივრის ავტორის მიერ 2020 წლის 28 სექტემბრის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენილი იქნა სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2020 წლის 22 სექტემბრის N15/გ-280 წერილი და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება.

სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2020 წლის 22 სექტემბრის N15/გ-280 წერილის თანახმად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილება რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში 1997 წლის 12 სექტემბერს და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო კოდი .... ამავე წერილში მითითებულია, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოეპოვება ინფორმაცია მისი მოქმედების ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების პირველი პუნქტით, უფლება მიეცათ სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომებს მოეხდინათ, როგორც გამონაკლისი, 1974 წლის სექტემბრამდე თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, თუ მიზანშეუწონელია დადგენილი წესით მათი უსასყიდლოდ ჩამორთმევა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების ფონდში ჩარიცხვა ან დანგრევა და თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატება 136 კვადრატულ მეტრს, აქედან საცხოვრებელი ფართობი - 96 კვადრატულ მეტრს, აგრეთვე გაუფორმონ სათანადო წესით მიწის ნაკვეთების გამოყოფა (ქალაქებში, სადაც დაშვებულია ინდივიდუალური საბინაო მშენებლობა) იმ თვითნებურ ამშენებლებს, რომლებმაც ააგეს საქალაქო განაშენიანების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (მათი ნაწილები) 1974 წლის სექტემბრამდე.

მითითებულ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: ,,1974 წლის სექტემბრამდე“ და ,,და თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატება 136 კვ. მეტრს, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი - 96 კვ. მეტრს“.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის N1479 ბრძანებით, გ. ქ-ას წარმომადგენლის 2020 წლის 20 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხის სამართლებრივი კუთხით შეფასების ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონზე (ძალადაკარგულია საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის N5033-IIს კანონის საფუძველზე, 2016 წლის 13 მაისიდან). მითითებული კანონის მე-15 მუხლის (გარდამავალი დებულებები) მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველეყოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი მატერიალურ - ტექნიკური ბაზის, მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, არქივის, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 2004 წლის 28 სექტემბერს მიღებული იქნა N416 ბრძანებულება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უნდა უზრუნველეყოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.

ასევე, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ, 2004 წლის 21 ოქტომბერს მიღებული იქნა N09.16.118 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ 2004 წლის 1 ივნისის საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით კი განისაზღვრა, რომ სალიკვიდაციო კომისიას უნდა უზრუნველეყო ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა და სააგენტოში დაცულია ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივი.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ N020810 სააღრიცხვო ბარათზე, რომლის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში არსებული სახლთმფლობელობა 1950 წელს აღრიცხულია დ. ქ-ას სახელზე და ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით სააღრიცხვო ბარათში მ. კ-ე დაფიქსირებული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 მუხლზე, რომელიც ეხება ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის გაცემას. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ არის მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე/ თანამესაკუთრეები, ცნობა - დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად. მითითებული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შესაძლებელია სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ იყოს მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე/თანამესაკუთრეები, თუმცა ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ ცნობა - დახასიათება უნდა გაიცეს მხოლოდ სააღრიცხვო ბარათზე აღნიშნული პირის სახელზე. ამ შემთხვევაში, ცნობა - დახასიათება გაიცემა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული N020810 სააღრიცხვო ბარათის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში არსებული სახლთმფლობელობა 1950 წელს აღრიცხულია დ. ქ-ას სახელზე და ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილების მიხედვით, სააღრიცხვო ბარათში მ. კ-ე დაფიქსირებული არ არის, თუმცა გასაჩივრებულ ცნობა - დახასიათებაში მ. ქ-ა-კ-ეის მითითებას საფუძვლად უდევს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის N2/129 გადაწყვეტილება და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილება.

საქმის მასალებში წარმოდგენილია დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება (საქმე N2/129), რომლის თანახმად, მ. ქ-ა-კ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ლიტ. ,,ვ“ ნაგებობის აშენების თარიღად მიჩნეული იქნა 1990-92 წლები. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ აღნიშნულის შესაბამისად, ცვლილებები იქნეს შეტანილი თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში და საინვენტარიზაციო ნახაზში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. ამასთან, თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილების თანახმად, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ქ-ა-კ-ეის თხოვნა დაკმაყოფილდა და დაუკანონდა სახლთმფლობელობაში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი, კერძოდ: ლიტერი ,,ვ“.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ამ შემთხვევაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადასტურებული იქნა ის უფლებრივი მდგომარეობა, რაც ასახული იქნა ცნობა - დახასიათებაში, შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე უძრავი ქონების სააღრიცხვო მონაცემების ამსახველი, 2017 წლის 20 თებერვალს გაცემულ ... ცნობა - დახასიათებაში ასახული მონაცემები შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას – თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით აღნიშნავს: მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის სადავო დადგენილების მიხედვით, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ქ-ა-კ-ე ითხოვს სახლთმფლობელობაში უკანონოდ აშენებული ლიტ. ,,ვ“ ნაგებობის დაკანონებას. ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით, სახლის პირველადი აღრიცხვა მომხდარია 1950 წელს, ხოლო უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი ლიტ. ,,ვ“ დაფიქსირებულია 2003 წლით. ქ. თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს N2/129 გადაწყვეტილებით, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ქ-ა-კ-ეის მიერ უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი ლიტერ ,,ვ“-ს აშენების თარიღად დადგინდა 1990 - 1992 წლები. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებებით, 1994 წლამდე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლები ექვემდებარება სამართლებრივ რეგისტრაციას. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სადავო დადგენილებით, ...ის ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ქ-ა-კ-ეის თხოვნა დაკმაყოფილდა და დაუკანონდა სახლთმფლობელობაში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი, კერძოდ: ლიტერი ,,ვ“, პირველი სართული, ოთახები: N1, ფართობით - 13.08 კვ.მ; N2, ფართობით - 13.78 კვ.მ; N3, ფართობით 23.25 კვ.მ; N4, ფართობით - 35.26 კვ.მ, N5, ფართობით - 5.4 კვ.მ; კიბის უჯრედი, ზომით 1.0X1.60-1.0X0.50მ. მეორე სართული, ოთახები: N6, ფართობით - 14.40 კვ.მ; N7, ფართობით - 9.0 კვ.მ; N8, ფართობით - 12.90 კვ.მ; N9, ფართობით - 12.29 კვ.მ; N10, ფართობით - 21.80 კვ.მ; N11, ფართობით - 19.42 კვ.მ; კიბის უჯრედი, ზომით 1.0X1.60-1.1X0.6მ

სადავო დადგენილება გამოცემული იქნა როგორც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N2/129), ასევე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილებების საფუძველზე.

კასატორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმებას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობას არ ჰქონდა უფლებამოსილება მიეღო სადავო დადგენილება, რამეთუ დადგენილების გამოცემის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა შენობა - ნაგებობის დაკანონებას. აღნიშნულ პოზიციას მხარე ასაბუთებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996 წლის 29 ოქტომბერს მიღებული რედაქცია) 50-ე მუხლზე და სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2020 წლის 22 სექტემბრის N15/გ-280 წერილზე მითითებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. საკასაციო პალატა მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996 წლის 29 ოქტომბერს მიღებული რედაქცია) 50-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების საფუძვლებს. კერძოდ, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევებში, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იქნა მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია), ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია (გამოცემულია) ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის ამოქმედებას. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე აქტი ან მისი ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში მხარე უთითებს, რომ 1997 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა ძალადაკარგულად ჩათვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, მათ შორის საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებაც, რომელსაც დაეყრდნო თბილისის მთაწმინდა -კრწანისის რაიონის გამგეობა 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილების გამოცემისას. ასევე უთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996 წლის 29 ოქტომბერს მიღებული რედაქცია, პარლამენტის უწყებანი, 19/11/1996) 50-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემულ დებულებებს.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილება ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებას, არამედ დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებასაც (საქმე N2/129). სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მხარის (მოსარჩელის) ის პოზიცია, რომ 1997 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა ძალადაკარგულად ჩათვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რადგან მითითებულია, რომ ის აქტები ჩაითვალა ძალადაკარგულად, რომლებიც 1. არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. 2. ამ უკანასკნელის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს. ის გარემოება, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს ან ის განსხვავებულად აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს, სახეზე არა არის, რადგან სამოქალაქო კოდექსის არსებობის პირობებში, დღემდე მოქმედებენ კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ითვალისწინებენ უკანონო მშენებლობების ლეგალიზაციას, როგორც საკუთრებაში არსებულ, ისე სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზეც, თუკი დადასტურდა ფლობა - სარგებლობის ფაქტი 2007 წლის 21 სექტემბრამდე. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოში მიწის რეფორმის განხორციელებამდე, მიწაზე იყო მხოლოდ სახელმწიფოს განსაკუთრებული საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეფორმამდე, იგი უვადო სარგებლობაში ჰქონდათ გადაცემული ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მ. კ-ეის მიერ უნებართვო მშენებლობა განხორციელდა მიწაზე, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო, თუმცა ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით იგი აღრიცხული იყო დ. ქ-ას სახელზე სარგებლობის უფლებით. მას რომ სიცოცხლეში რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდა მისი შვილის მიერ ნაწარმოებ მშენებლობასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება. რაც შეეხება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის ნორმებზე მითითებას, რომლებიც არეგულირებენ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების საფუძვლებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 1997 წლიდან ამოქმედებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა თვითონ განსაზღვრა კანონთა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ის წრე, რომელიც 1997 წლის 25 ნოემბრიდან ჩაითვლებოდა ძალადაკარგულად. ამ პირობებში კი სასამართლო არ იზიარებს, რომ 2004 წლისათვის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება ძალადაკარგულად უნდა ჩათვლილიყო.

საკასაციო სასამართლო, სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ 2020 წლის 22 სექტემბრის N15/გ-280 წერილთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილება არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილებაზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ აქტს და, რომელიც ზემოაღნიშნული სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ წერილის თანახმად, რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში 1997 წლის 12 სექტემბერს (მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო კოდი ...), იმ პირობებში როდესაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილებაში ცვლილება არის შესული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილებით და მისი გაუქმების თაობაზე მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, სადავო თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილების მიღების საფუძვლად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების მითითება, არ შეიძლება გახდეს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უფლება მიეცათ სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომებს მოეხდინათ, როგორც გამონაკლისი, 1974 წლის სექტემბრამდე თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, თუ მიზანშეუწონელია დადგენილი წესით მათი უსასყიდლოდ ჩამორთმევა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების ფონდში ჩარიცხვა ან დანგრევა და თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატება 136 კვადრატულ მეტრს, აქედან საცხოვრებელი ფართობი - 96 კვადრატულ მეტრს, აგრეთვე გაუფორმონ სათანადო წესით მიწის ნაკვეთების გამოყოფა (ქალაქებში, სადაც დაშვებულია ინდივიდუალური საბინაო მშენებლობა) იმ თვითნებურ ამშენებლებს, რომლებმაც ააგეს საქალაქო განაშენიანების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (მათი ნაწილები) 1974 წლის სექტემბრამდე.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნა სიტყვები: ,,1974 წლის სექტემბრამდე“ და ,,და თუ მათი სასარგებლო ფართობი არ აღემატება 136 კვ. მეტრს, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი - 96 კვ. მეტრს“. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების პირველი პუნქტის (მასში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილების გათვალისწინებით) თანახმად, უფლება მიეცათ სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომებს მოეხდინათ, როგორც გამონაკლისი, თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, თუ მიზანშეუწონელია დადგენილი წესით მათი უსასყიდლოდ ჩამორთმევა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების ფონდში ჩარიცხვა ან დანგრევა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო დადგენილების მიღების დროს მოქმედი ნორმატიული აქტები დასაშვებად მიიჩნევდა 1994 წლამდე თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ან მათი ნაწილების სამართლებრივ რეგისტრაციას. ამასთან, დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N2/129) სასამართლომ დააკმაყოფილა მ. ქ-ა-კ-ეის სასარჩელო მოთხოვნა მის მიერ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ლიტ. ,,ვ“ ნაგებობის აშენების თარიღად 1990-92 წლების მიჩნევის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებასაც, რომ 2004 წლისათვის თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი დაეკანონებინა სახლთმფლობელობაში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი

2014 წლის 2 მაისამდე მოქმედი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ საქართველოს კანონმა (2004 წლის თებერვლის რედაქცია) განსაზღვრა თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსი, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები. ამ კანონის 4.1 მუხლის მიხედვით, ქალაქ თბილისში თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ეს კანონი და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები. ამავე კანონის 28.1-ე მუხლის თანახმად ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.

2005 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31.1-ე მუხლით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კოდექსის 31.3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტების – საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) დადგენილებების, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის (მერის) განკარგულებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ასეთ ნორმატიულ აქტს კი წარმოადგენდა 806 დადგენილება, რომლითაც საბინაო მშენებლობის მოწესრიგების მიზნით, სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომებს დაევალა მასში მითითებული ღონისძიებების გატარება. თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები წარმოადგენენ სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომების უფლებამონაცვლეებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე, განესაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის საფუძვლები. აღნიშნული კანონის 1.1 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობა - საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე კანონის 3. 1 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. აღნიშნულ ნორმათა ანალიზით, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენდა, მოქალაქეთა საბინაო მშენებლობის მოწესრიგების მიზნით, გამგეობის მხრიდან გატარებული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდებოდა განხორციელებული უნებართვო მშენებლობების საკითხების შესწავლას და გადაჭრას.

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის დასაბუთება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის N1479 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც გ. ქ-ას წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 აპრილის N41 §26 დადგენილებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ - ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს არც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის N1479 ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, გ. ქ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 07 ოქტომბერს (საგადახდო დავალება №24061172045) საკასაციო საჩივარზე სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინება;

3. გ. ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 07 ოქტომბერს (საგადახდო დავალება №24061172045) საკასაციო საჩივარზე სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი