Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-375(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „კ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 3 იანვარს სს „კ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტები: ვ. ბ-ე, გ. კ-ე, ა. გ-ი, რ. ა-ი, ნ. მ-ი და თ. ო-ი კლინიკაში მოთავსდნენ 2018 წლის ოქტომბერში და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურება, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების გადაწყვეტილებებით არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მოსარჩელემ მოითხოვა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ (პაციენტების - გ. კ-ეის, ვ. ბ-ეის, ა. გ-ის, რ. ა-ის, ნ. მ-ისა და თ. ო-ის შემთხვევების ნაწილში) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 მაისის №04/26303 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 5 დეკემბრის N04/63094 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,კ...’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მ/შემსრულებლის 5.12.2019წ. N04/63094 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა ცნობაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი ნ. მ-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 29 ოქტომბერს, 21:00 საათზე და გაეწერა 2018 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - .... ,,ა...ს“ 2018 წლის 5 ნოემბრის ... გამოკვლევის პასუხის თანახმად, პაციენტ ნ. მ-ის აღენიშნება .... ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა (ოპერაციული ჩარევა) და მიეცა სამკურნალო/შრომითი რეკომენდაციები.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა ცნობის თანახმად, პაციენტი თ. ო-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 13 ოქტომბერს, 21:20 საათზე და გაეწერა 2018 წლის 15 ოქტომბერს. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - .... ,,ა...ს“ 2018 წლის 22 ოქტომბრის ... გამოკვლევის პასუხის თანახმად, პაციენტ თ. ო-ის აღენიშნება .... პაციენტს ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა (ოპერაციული ჩარევა) და მიეცა სამკურნალო/შრომითი რეკომენდაციები.

სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტი რ. ა-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 4 ოქტომბერს, 24:10 საათზე და გაეწერა 2018 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ... (2005 წ) .... პაციენტი ვ. ბ-ე სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 8 ოქტომბერს, 9:02 საათზე და გაეწერა 2018 წლის 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ...), ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., .... პაციენტი გ. კ-ე სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 18 ოქტომბერს 10:00 საათზე და გაეწერა 2018 წლის 20 ოქტომბერს 14:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ....

ა. გ-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 15 ოქტომბერს 11:30 საათზე და გაეწერა 2018 წლის 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ... (2016 წ.) ...ით. ზემოაღნიშნულ პაციენტებთან მიმართებით მიღებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში აღნიშნულია, რომ სტაციონარული მკურნალობა მიწოდებული ხანგრძლივობით არ დასტურდება, შესაბამისად, გ. კ-ეის, ვ. ბ-ეის, ა. გ-ისს და რ. ა-ის შემთხვევებს მიენიჭათ სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ხოლო ნ. მ-ისა და თ. ო-ის შემთხვევაში კი შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადაცემული დიაგნოზი არ დადასტურდა საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვისას, რის გამოც მითითებული პროგრამული შემთხვევები არ ანაზღაურდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 მაისის №04/26303 გადაწყვეტილება სამედიცინო კლინიკამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტების დასაბუთება არ განსაზღვრავს თუ რა ფაქტობრივი გარემოებები, ან მათი ერთობლიობა ჩაითვლება დარღვევის სწორი კვალიფიკაციისათვის, კონკრეტულად რა მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, ასევე თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რა კონკრეტული დიაგნოზი უნდა გადაცემულიყო, ამ შემთხვევაში თუკი სახეზე იყო სამედიცინო საქმიანობის შესწავლის/შეფასების საკითხი და დგინდებოდა რაიმე სახის ხარვეზი, აღნიშნული რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას ხომ არ განეკუთვნებოდა?

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დასაბუთება აგრეთვე აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას (და არა მასში მითითებული ზოგადი ჩანაწერით), რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდ ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „კ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 მაისის №04/26303 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ (პაციენტების - გ. კ-ეის, ვ. ბ-ეის, ა. გ-ის, რ. ა-ის, ნ. მ-ისა და თ. ო-ის შემთხვევების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მ/შემსრულებლის 5.12.2019წ. №04/63094 გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მიიჩნია, რომ სასამართლომ პროცესუალურად არასწორად გადაწყვიტა დავა, რამეთუ მოსარჩელის მიმართ მიღებული პირველადი აქტი არ გააუქმა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა. დავის ამგვარი გადაწყვეტა მხარეს პრაქტიკულად უსპობს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პაციენტების - გ. კ-ეის, ვ. ბ-ეის, რ. ა-ის, ა. გ-ის შემთხვევებში სტაციონარული მკურნალობა მიწოდებული ინტენსივობით არ დადასტურდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე ზემოაღნიშნული პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდა. ნ. მ-ი და თ. ო-ი გადიოდნენ სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: ...., თუმცა აღნიშნული დიაგნოზი არ დასტურდება .... დასკვნით. ამდენად, არც ზემოაღნიშნული პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება არ შეესაბამებოდა კანონის დანაწესს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 მაისის №04/26303 გადაწყვეტილებისა და ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 5 დეკემბრის N04/63094 გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი ნ. მ-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 29 ოქტომბერს, 21:00 საათზე და გაეწერა 2018 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - .... ,,ა...ს“ 2018 წლის 5 ნოემბრის ... გამოკვლევის პასუხის თანახმად, პაციენტ ნ. მ-ის აღენიშნება .... თ. ო-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 13 ოქტომბერს, 21:20 საათზე და გაეწერა 2018 წლის 15 ოქტომბერს. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - .... ,,ა...ს“ 2018 წლის 22 ოქტომბრის ... გამოკვლევის პასუხის თანახმად, პაციენტ თ. ო-ის აღენიშნება ....

პაციენტი რ. ა-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 4 ოქტომბერს, 24:10 საათზე და გაეწერა 2018 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ... (2005 წ) ....

ვ. ბ-ე სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 8 ოქტომბერს, 09:02 საათზე და გაეწერა 2018 წლის 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ...), ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ....პაციენტი გ. კ-ე სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 18 ოქტომბერს 10:00 საათზე და გაეწერა 2018 წლის 20 ოქტომბერს 14:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ....

პაციენტი ა. გ-ი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 15 ოქტომბერს 11:30 საათზე და გაეწერა 2018 წლის 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო - ... (2016 წ) ...ით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 მაისის №04/26303 ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილებით გ. კ-ეის, ვ. ბ-ეის, ა. გ-ისს და რ. ა-ის შემთხვევები არ ანაზღაურდა იმ საფუძვლით, რომ სტაციონარული მკურნალობა მიწოდებული ხანგრძლივობით არ დასტურდება, ხოლო ნ. მ-ისა და თ. ო-ის სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა, რადგან რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადაცემული დიაგნოზი არ დადასტურდა საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვისას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სს ,,კ...მა". საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 6 დეკემბრის №04/63094 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 2​1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ.ბ" პუნქტის თანახმად, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ შეტყობინების სიტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება ან ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ხოლო ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შემთხვევების ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ შემთხვევის თაობაზე შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარდგენილ დიაგნოზსა და მონაცემებს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია გაწეული სამედიცინო მომსახურებების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ზოგიერთ პაციენტთან მიმართებაში შეტყობინების რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადაცემული დიაგნოზი არ დადასტურდა, ხოლო ზოგიერთ პაციენტთან მიმართებით სტაციონარული მკურნალობა მიწოდებული ინტენსივობით ვერ დადგინდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დადასტურება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტებში ასახული ფორმალური მითითება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამის მუხლზე არ ქმნის ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის საკმარის სტანდარტს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არაა ასახული თითოეული პაციენტის შემთხვევაში მათ მიმართ გაწეული მომსახურებისას რა სახის დარღვევა დაფიქსირდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მკაფიო, ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს მისი ადრესატისთვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას კლინიკის მოთხოვნის უარყოფის კონკრეტული დასაბუთებით. სადავო აქტებში მარტოოდენ აღწერილია სამედიცინო შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულია, რომ სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა დადგენილების კონკრეტული დანაწესების შესაბამისად, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გადაცემული დიაგნოზი არ დადასტურდა ან სტაციონარული მკურნალობა მიწოდებული ინტენსივობით ვერ დადგინდა. სადავო აქტები არაა ცხადი და გასაგები იმ კუთხით თუ რა დიაგნოზი იქნებოდა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახულ ანამნეზთან. საქმეში დაცული 5.11.2018წ. .... კვლევის თანახმად, ნ. მ-ის დაუდგინდა ..., ხოლო 22.10.2018წ. ... კვლევის თანახმად, თ. ო-ის დაუდასტურდა .... საკასაციო სასამართლოსთვის ზემოაღნიშნული პირების სამედიცინო დოკუმენტაციისა და ... კვლევის შედეგების ურთიერთშედარებით გაუგებარია რის საფუძველზე დაასკვნა ადმინისტრაციულმა ორგანომ პაციენტებისთვის დასმული დიაგნოზების შეუსაბამობა მათ ანამნეზებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტები დასახელებულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით არ შეიცავს დასაბუთებას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული კოდით გადაცემული დიაგნოზი რა გარემოებების, მტკიცებულებების და შეფასებების შედეგად გამოირიცხებოდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით შესაბამისი დიაგნოზი არ დასტურდებოდა. მსჯელობა, იმის თაობაზე, კონკრეტულად რატომ არ იყო შესაბამისი პაციენტებისთვის ჩატარებული მკურნალობა დასმულ დიაგნოზთან და ანამნეზთან სადავო აქტებში ასახული არაა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ სადავო შემთხვევის რევიზიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაადასტურებდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობას შეტყობინების სისტემაში გადაცემულ დიაგნოზსა და ჩარევასთან. ამგვარი შეუსაბამობის გამოვლენა კი, სწორედ სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხე) უფლებამოსილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის შესაბამისად შემოიფარგლებოდა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებით. ამდენად, ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე დიაგნოზის უსწორობის საფუძვლით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 მაისის N04/26303 გადაწყვეტილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მ/შემსრულებლის 5.12.2019 წ. №04/63094 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.04.2025წ. N10097 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.04.2025წ. N10097 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა