Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-322(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ღ-ი (კ. ღ-ის უფლებამონაცველე)

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ღ-იმა 2017 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოპასუხეებად მიუთითა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს მთავარი პროკურატურა და მოითხოვა კ. ღ-ისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №04/51619 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის კ. ღ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სოლიდარულად ანაზღაურება 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე - 42000 ლარის, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის - 17 360 ლარის, სულ 59 560 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1979 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში. 1998 წლის ივლისში გაათავისუფლეს პროკურატურის ორგანოებიდან და აღადგინეს 2002 წელს მარტში, 3 წლის, 9 თვის და 17 დღის დაგვიანებით. აღნიშნული პერიოდი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ჩაითვალა კ. ღ-ის სამსახურებრივ სტაჟში. შესაბამისად, მოსარჩელე უთითებს, რომ 1979 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მაისამდე მისი მუშაობის პერიოდი შეადგენდა 22 წელს 2 თვეს და 17 დღეს, რაც საკმარისი იყო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მისაღებად. ამასთან, კ. ღ-ი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს 2006 წელს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2014 წელს უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სტაჟი შეადგენდა 19 წელს, 4 თვეს და 28 დღეს. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოხდა მხოლოდ 2016 წლის 1 ნოემბრიდან, რითიც დაირღვა მისი უფლებები და მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას კ. ღ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 1 ივნისიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ყოველთვიურად - 337,18 ლარისა და 2016 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისთვის - 560 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და კ. ღ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ასევე კ. ღ-იმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით კ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად კ. ღ-ის სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მოსარჩელე კ. ღ-ის სასარგებლოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელი;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას კ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 7 436 (შვიდი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი) ლარისა და 42 (ორმოცდაორი) თეთრის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის №ბს-550(2კ-22) განჩინების შესრულების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოედგინა ინფორმაცია კ. ღ-ის მიერ 2014 წლის 1 ივნისიდან - 2016 წლის 1 ნოემბრამდე მიღებული პენსიის ოდენობის შესახებ, შესაბამისი პერიოდისა და ყოველთვიური ოდენობების მითითებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცის თანახმად, 2024 წლის 1 ივნისის მონაცემებით კ. ღ-ის, 2014 წლის 1 ივნისიდან - 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, ყოველთვიურად ერიცხებოდა სახელმწიფო პენსია 150 ლარი, 2015 წლის სექტემბრიდან - 2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით 160 ლარი, 2016 წლის ივლისიდან- 2016 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით 180 ლარი. ამდენად, მოსარჩელის მიერ ასაკის საფუძვლით მიღებული პენსიამ შეადგინა 2015 წლის 1 ივნისიდან - 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით (15 თვე X 150 ლარი) 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი ლარი), 2015 წლის სექტემბრიდან - 2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით (10 თვე X 160 ლარი) 1 600 (ათას ექვსასი ლარი), 2016 წლის ივლისიდან - 2016 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით (4 თვე X180 ლარი) 720 (შვიდას ოცი ლარი). შესაბამისად, ასაკის საფუძველზე მიღებული პენსიის თანხამ ჯამურად შეადგინა 4 570 (ოთხი ათას ხუთას სამოცდაათი ლარი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა ზიანის სახით ასანაზღაურებელ თანხასა და მოსარჩელის მიერ ასაკით პენსიის სახით მიღებულ თანხას შორის არსებული სხვაობა 7 436. 42 (შვიდი ათას ოთხას ოცდათექვსმეტ ლარი და ორმოცდაორი თეთრი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და მიუთითა, რომ ვინაიდან კრწანისი-მთაწმინდის 2004 წლის გადაწყევტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის ივნისში, შესაბამისად ამ დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაციის ნამსახურობის საფუძველზე მიღების უფლება. თუმცა, კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან 2016 წლის ცვლილებებით მხარეს სამხედრო სამსახური სტაჟში ჩაეთვალა, მას სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზით დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ 2004 წლის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2017 წელს; ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებით 2014 წლის მაისის მდომარეობით მხარეს სადავო პერიოდი სტაჟში ვერ ჩაეთვლებოდა. ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არა არსებობს, შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელზე უარი სრულად უნდა ეთქვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ღ-ის შუამდგომლობა და კ. ღ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. ღ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კ. ღ-ისთვის კომპენსაციის სახით მისაღები თანხის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების კანონიერება. ამასთან, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 13 მაისს, კ. ღ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას, რომელმაც თავის მხრივ, 2014 წლის 22 მაისის წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში გადააგზავნა კ. ღ-ის განცხადება, პროკურატურიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებათა ასლები, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ნამსახურობის ნუსხა, თუმცა მოსარჩელისთვის კომპენსაციის დანიშვნა არ განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ მისი მუშაობის სტაჟი შეადგენდა 19 წელს, 4 თვესა და 28 დღეს. საკასაციო პალატა მიუთითებს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც უდავოდ დადგინდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან მოსარჩელისთვის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტი და მოპასუხეს დაევალა კ. ღ-ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის შრომით (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე, მოსარჩელე კ. ღ-ი მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო ქმედების (სტაჟის არასწორად გამოთვლის) გამო დაბრკოლდა მიეღო კანონით მისთვის განსაზღვრული კომპენსაცია, რითაც მას მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზიანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პასუხისმგებლობა დგება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას, რა დროსაც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ კ. ღ-იმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2014 წლის 13 მაისს. სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის №04-01/4036 გადაწყვეტილებით, კ. ღ-ის უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3/466-04 გადაწყვეტილებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ ჰქონდა სწორად გაანგარიშებული (ჩათვლილი) მოსარჩელის სტაჟი, რის გამოც დაევალა მოსარჩელე კ. ღ-ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის, რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს, შრომით (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა. აღსანიშნავია, რომ კ. ღ-ის სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

ამდენად უდავოა, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ვერ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, რადგან მის მიერ არასწორად მოხდა სახელმწიფო კომპენსაციისთვის ნამსახურებ წელთა დაანგარიშება. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული უმოქმედობა, რამაც წარმოშვა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, შესაბამისად სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტულ ქმედებასა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ შედეგს შორის.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია საქართველოს გენერალური პროკურატურის უმოქმედობით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზიანის სახით ასანაზღაურებელ თანხასა და მოსარჩელის მიერ ასაკით პენსიის სახით მიღებულ თანხას შორის დადგინდა სხვაობა, უსაფუძვლოა კასატორის მიერ განვითარებული მსჯელობა გასაჩივრებული განჩინების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა