საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-19(კ-25) 20 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ყ-ი
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 1 სექტემბერს მ. ყ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 05 აგვისტოს №1871 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, სახლი №..., საერთო ფართობი - 293.00 კვ.მ) მ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 05 აგვისტოს №1871 განკარგულება; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში სახლი №...-ის მიმდებარედ, 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ. ყ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, განცხადების წარდგენის დროისთვის (2017 წლის 8 აგვისტო), წარმოადგენდა მ. ყ-ისა და სხვა პირების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა. ამდენად, განცხადების წარდგენის დროისთვის სახეზე იყო თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის კანონმდებლობით განსაზღვრული ორი საფუძველი: სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და მე-2 საფუძველი - დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობა. აღნიშნული გარემოებები კომისიას ვალდებულს ხდიდა საკუთრების უფლების აღიარების საკითხი შეეფასებინა ორივე საფუძველთან მიმართებით.
სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა მ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და 2022 წლის 27 აპრილის №775 განკარგულებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი ემიჯნებოდა მ. ყ-ის, სხვა ფიზიკური პირების და ზოგადად „თანამესაკუთრის“ (იდენტიფიცირებული არ იყო) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). აღნიშნული გარემოება მიუთითებდა სხვა თანამესაკუთრეთა კანონიერ ინტერესზე განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით და არ იძლეოდა მხოლოდ მ. ყ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადასტურების საფუძველს.
სასამართლოს შეფასებით, კომისიამ მ. ყ-ის განცხადება განიხილა განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თვალსაზრისით და შეფასების მიღმა დატოვა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე შენობის არსებობის საკითხი. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების - რ. ა-ის, ხ. გ-ისა და ნ. მ-ეის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლითაც მეზობლები ადასტურებდნენ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე მ. ყ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ს დასახლება, სახლი №...-ის მიმდებარედ არსებული 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა ფიქსირდებოდა 2010 წლის ორთოფოტოზეც.
სააპელაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სადავო განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილ ვადაში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მ. ყ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ემიჯნებოდა მ. ყ-ის, სხვა ფიზიკური პირების და ზოგადად „თანამესაკუთრის“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი მიუთითებდა სხვა თანამესაკუთრეთა კანონიერ ინტერესზე და არ ქმნიდა მხოლოდ მ. ყ-ის მიერ, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადასტურების საფუძველს, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი პირობაა.
კასატორი მიუთითებს, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება არ უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა კომისიის მიერ მითითებული მტკიცებულებები და განმარტებები და გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მ. ყ-იმა 2017 წლის 08 აგვისტოს №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ...ს დასახლებაში სახლი №...-ის მიმდებარედ არსებულ 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას ერთოდა აზომვითი ნახაზი, მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, ორთოფოტო და ფოტომასალა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №342711 წერილით, მ. ყ-ის 2017 წლის 08 აგვისტოს განცხადება, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 05 აგვისტოს №1871 განკარგულებით მ. ყ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, სახლი №..., საერთო ფართობი - 293.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მ. ყ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ემიჯნებოდა მ. ყ-ის, სხვა ფიზიკური პირების და ზოგადად „თანამესაკუთრის“ (იდენტიფიცირებული არ იყო) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). აღნიშნული გარემოება მიუთითებდა სხვა თანამესაკუთრეთა კანონიერ ინტერესზე განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით და არ ქმნიდა მხოლოდ მ. ყ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადასტურების საფუძველს.
2021 წლის 22 ოქტომბრამდე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე, ქალაქი თბილისში, ...ს დასახლებაში მდებარე №... სახლზე (მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 198 კვ.მ და მასზე არსებულ ბინა/ერთეულებზე) რეგისტრირებული იყო მ. ყ-ის, რ. ა-ის, ხ. გ-ისა და არაიდენტიფიცირებული „თანამესაკუთრის“ საკუთრების უფლება. 198 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებულ ბინა/ერთეულზე №... საკადასტრო კოდით (74.35 კვ.მ) რეგისტრირებული იყო რ. ა-ის საკუთრების უფლება, №... საკადასტრო კოდით - მ. ყ-ის საკუთრების უფლება (54.58 კვ.მ) და №.... საკადასტრო კოდით კი - ხ. გ-ის საკუთრების უფლება (47.08 კვ.მ). №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 198 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე, მ. ყ-ის საკუთრებად №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა, 2021 წლის 22 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 22 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შ. გ-ის საკუთრებად.
რაქსია ალესკეროვმა და ხ. გ-იმა (ქალაქი თბილისში, ...ს დასახლება №...-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები), ასევე, ნ. მ-ემ (ქალაქი თბილისში, ...ს დასახლება №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე), სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით (თანხმობა), დაადასტურეს, რომ მ. ყ-ი 2003 წლიდან ფლობდა ქალაქ თბილისში, ...ს დასახლებაში სახლი №...-ის მიმდებარედ არსებულ 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას.
ქალაქ თბილისში, ...ს დასახლებაში, სახლი №...-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს ...ს დასახლებაში სახლი №...-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).
მითითებული კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში... (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის №ბს-915(კ-20) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შესახებ მტკიცებულებათა წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესს არეგულირებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი. მოცემული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და მოწმის ჩვენება.
განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლო სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი იყო მოსარჩელისა და სხვა პირთა თანასაკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი თვითნებურად ფლობდა მიწის ნაკვეთს და უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ თავად უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რაც დამოუკიდებლად ქმნიდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ემიჯნებოდა მ. ყ-ის, სხვა ფიზიკური პირების და ზოგადად „თანამესაკუთრის“ (იდენტიფიცირებული არ იყო) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი მიუთითებდა სხვა თანამესაკუთრეთა კანონიერ ინტერესზე განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე იდგა კაპიტალური ნაგებობა, რომლის მფლობელსაც მოსარჩელე წარმოადგენდა, რაც გამორიცხავდა სხვა პირთა კანონიერ ინტერესს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების რ. ა-ის, ხ. გ-ისა და ნ. მ-ეის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლითაც მეზობლები ადასტურებდნენ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე მ. ყ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ს დასახლებაში, სახლი №...-ის მიმდებარედ არსებული 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ფლობის და სარგებლობის ფაქტს. სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა ფიქსირდებოდა 2010 წლის ორთოფოტოზეც. მართალია, დამოუკიდებლად, 2010 წელს ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობის არსებობა არ ქმნის უფლების აღიარების საკმარის საფუძველს, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები მიუთითებდნენ მ. ყ-ის მიერ სწორედ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ნაგებობის 2007 წლამდე ფლობის ფაქტზე. საქმეზე კომისიის მიერ, ორთოფოტოების საშუალებით უტყუარად არ არის დადგენილი, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო მფლობელობის კვალი, არ იყო განთავსებული ნაგებობა, ან საქმეზე მოძიებული სხვა მტკიცებულებები იყო მოწმეთა განმარტებებთან შეუსაბამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კაპიტალური ნაგებობის არსებობა, ერთის მხრივ გამორიცხავდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის სხვა თანამესაკუთრეებისა თუ სხვა პირთა მხრიდან მიწის ნაკვეთის მიმართ კანონიერი ინტერესების არსებობას, ხოლო მეორე მხრივ, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, მათ შორის, მოწმეთა ახსნა-განმარტებებთან ერთად, ქმნიდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად მიჩნევის საფუძვლებს. ამასთან, კომისიას არ მიუთითებია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო გარემოებების არსებობის შესახებ, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას (მუხლი 3.2). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე