საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-675 (კ-23) 12 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 26.07.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს "შ...ს" მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2019 წლის 09 ოქტომბრიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის, ჯამში 5057,77 ლარის შპს "შ...სათვის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2022წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2023წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის 36-ე მუხლის 12 პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია ორი გარემოების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისას და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელე მხარეს ეკისრება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტის დასაბუთების ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა უზენაესი სასამართლოს მიერ 31.03.2023წ. Nბს-180(კ-19) საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან აუცილებელია არა "მითითების" სტანდარტის, არამედ, "ფაქტის მტკიცების" სტანდარტის დაცვა, რაც სათანადოდ და სრულად ვერ იქნა განხორციელებული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ადმინისტრაციული ორგანო უთითებს ვარაუდზე, თუმცა ვერ ადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქმეში დაცული მტკიცებულებები ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებულ პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. კასატორმა მიუთითა, რომ "შ..." წარმოადგენს კომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ N...). კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხეს კანონით გათვალისწინებული წესით გაეგზავნა ქონების მმართველის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არაერთი წერილობითი მოთხოვნა, თუმცა მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ თანხა არ იქნა გადახდილი. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ "შ..." არ სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას. კასატორმა მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კომპანიის ინვენტარი, რაც უტყუარად დასტურდება ფოტო-სურათებითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით. ამასთან, სხვა სუბიექტს, გარდა "შ...სი", არ ჰქონია სახელმწიფო ქონებასთან შემხებლობა. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მოპასუხე 15.06.2022წ. და 23.06.2022წ. წერილებში აღიარებს სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტს. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ "შ...ს" ევალებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში 5057,77 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2022წ. შემოწმების აქტის თანახმად, ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს.კ. N...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს სააქციო საზოგადოება "შ...". აქტში აღნიშნულია, რომ "შ..." ტერიტორიას იყენებს სამშენებლო მასალების საწყობად და განთავსებული აქვს წყლის რეზერვუარები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.06.2022წ., 10.06.2022წ. და 24.06.2022წ. წერილებით სს "შ...ს" ეცნობა უძრავი ქონების გამოთავისუფლებისა და სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.06.2022წ. №003791522 დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, სოფელ ...ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 207,11 კვ.მ. ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით - 154 ლარს, 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 161 ლარს, 2022 წლის იანვრიდან დღემდე (09.09.2022წ. მდგომარეობით) - 153 ლარს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. 36.13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის (მოსარჩელის) სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია არსებობდეს ორი კუმულატიური გარემოება - პირს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ აღნიშნული პირი სახელმწიფო ქონებით სარგებლობს და იყენებს მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.06.2022წ. №003791522 ექსპერტის დასკვნასა და ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტო-სურათებზე, რომლებიც ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ სს "შ...ს" მიერ 2019 წლის 09 ოქტომბრიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს. წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნა შეეხება უშუალოდ საიჯარო ქირის ღირებულების განსაზღვრას, ხოლო ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოები ასახავენ ტერიტორიაზე გარკვეული სახის ნივთების არსებობას, რაც თავისთავად ვერ ამტკიცებს სს "შ...ს" მიერ შესაბამისი ფართის სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენების ფაქტს.
უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ 15.06.2022წ. და 23.06.2022წ. წერილებში აღიარა სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ წერილებში სს "შ..." არ ეთანხმება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ "შ...ს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არ უსარგებლია, ამასთან აღნიშნავს, რომ მითითებულ ტერიტორიაზე მხოლოდ რამოდენიმე დღით იდო პლასტმასის ავზი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაიტანეს როდესაც გაირკვა, რომ იგი არ იდო "შ...ს" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სასკ 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული სს "შ...ს" მიერ 2019 წლის 09 ოქტომბრიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი