საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-345(2კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი (მესამე პირი) – შპს „ჯ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. მ-ე
მოპასუხეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 10 სექტემბერს დ. მ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის, ასევე მესამე პირის - ნ. ბ-ი-გ-ნის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 18 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა დ. მ-ეის განცხადება მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. დ. მ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 6 აგვისტოს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 6 აგვისტოს #... წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით.
მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდეგ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დ. მ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით 2021 წლის 8 დეკემბერს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2021 წლის 6 აგვისტოს #... წერილზე პასუხის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 3 თვისა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამავე წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 8 დეკემბერს, წარმოდგენილ იქნა ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 17 ნოემბერს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი #..., რომლის მიხედვითაც, სრულიად უსაფუძვლოდ დადგენილ იქნა, რომ ბორჯომის რაიონის გამგეობის #171 დადგენილებაში გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული დათვალიერების ოქმი არ ასახავს რეალობას, რამდენადაც აზომვით ნახაზსა და უფლების დამდგენ დოკუმენტზე ასახული მიწის ნაკვეთები არის იდენტური და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია იმ უფლების რეგისტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტით. მოსარჩეისათვის აშკარაა, რომ აღნიშნული დათვალიერების ოქმის შედგენისას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს სრულად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის შედეგადაც უსაფუძვლოდ არ იქნა დადასტურებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. დათვალიერების ოქმის შედგენის პროცესში მოსარჩელე არ ყოფილა მიწვეული და არ მისცემია მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რითაც უსაფუძვლოდ იქნა ხელყოფილი მისი უფლებები და ინტერესები. ამასთან, აღნიშნული დათვალიერების ოქმი დაეფუძნა იმ პირთა ხელწერილებს, რომლებიც წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს და რომელთაც არ სურდათ, რომ დ. მ-ეს მოეხდინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. კერძოდ, გ. ა-ი და ნ. მ-ე წარმოადგენენ იმ პირებს, რომლებმაც შპს „ჯ...ს“ მიჰყიდეს მიწის ნაკვეთები და მათ ინტერესში შედიოდა, რომ შპს „ჯ...ს“ ხელი არ შეშლოდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში, მიუხედავად არსებული უსწორობებისა და შეუსაბამობებისა.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 14 დეკემბერს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 14 დეკემბერს მომზადებულ იქნა სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვითაც, დაფიქსრირდა ზედდება #... რეგისტრირებულ მონაცემებთან (მესაკუთრე შპს „ჯ...“).
მოსარჩელე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ 2006 წლის 8 თებერვალს გ. ა-ისა და გ. შ-ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გ. შ-ეის მიერ შეძენილ იქნა ბორჯომის რაიონში, ...ში, ...ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში ნასყიდობის საგანზე მომზადებულია საკადასტრო გეგმა, რომელიც ასახავდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და კონფიგურაციას. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს „ჯ...ს“ დაფუძნების შესახებ 2006 წლის 23 თებერვლის სანოტარო აქტის მიხედვით გ. შ-ეის, როგორც დამფუძნებელი პარტნიორის, მიერ შეტანილ იქნა მეწარმე სუბიექტის შპს „ჯ...ს“ საწესდებო კაპიტალში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 3 ივლისის #14-10/2124 მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ მომართვით შეცვლილ იქნა მიწის ნაკვეთის დანიშნულება.
თავდაპირველად, შპს „ჯ...ს“ მიერ 2019 წლის 26 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა #... განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. შპს „ჯ...ს“ მიერ მოთხოვნილ იქნა რეგისტრაციის განხორციელება აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელიც სრულად მოიცავდა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა შპს „ჯ...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ჯ...ს“ განცხადების ფარგლებში 2019 წლის 2 სექტემბერს მიმართვა გადაეგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 4 ივნისს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 4 ივნისის #... წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ #... განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 სექტემბრის მიმართვის საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2021 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა ადგილზე დათვალიერების ოქმი #..., რომლის საფუძველზეც, თითქოსდა დადგინდა წარდგენილი დოკუმენტაციის და თანდართულ აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს, როგორც დაინტერესებულ პირს, გააჩნდა აღნიშნული წარმოების პროცესში მონაწილეობის კანონიერი უფლება და ინტერესი, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა დათვალიერების პროცესში. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნულით უხეშად იქნა დარღვეული მისი კანონით დაცული უფლებები.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2021 წლის 25 მაისს შპს „ჯ...ს“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა #... განცხადება მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით (ს.კ. ...). შპს „ჯ...სა“ და დ. მ-ეს შორის მოხდა შეთანხმება, რის შედეგადაც, ერთდროულად შპს „ჯ...ს“ #... განცხადებისა და დ. მ-ეის #... განცხადების ფარგლებში წარდგენილ იქნა კორექტირებული აზომვითი ნახაზები, რის შედეგადაც შპს „ჯ...მა“ დაადასტურა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯ...ს“ განცხადება კორექტირებული აზომვითი ნახაზით უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან ერთად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 აგვისტოს #... მიმართვის საფუძველზე იდენტურობის დადგენის მიზნით გადაეგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და მას შემდეგ, რაც შპს „ჯ...სთვის“ ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ დაზუსტებული განცხადების ფარგლებში მუნიციპალიტეტი არ ახდენდა იდენტურობის დადგენას, 2021 წლის 15 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს აღარ გაეთვალისწინებინა 17 ივნისს წარდგენილი კორექტირებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაყენებული მოთხოვნა და ეხელმძღვანელა 25 მაისის განცხადებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზით, რაზეც დადასტურებული იყო იდენტურობა #... განცხადებაზე წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 9 ოქტომბრის #...-11 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარე #... და #... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამდე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ იქნა, რომ #... და #... განცხადებით მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, აღნიშნული განცხადების დასრულებამდე კი მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია იყო შეუძლებელი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 2 დეკემბერს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც, შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში აღირიცხა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, „...ზე“ მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ...). ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო შეფასება არ მისცემია იმ გარემოებას, რომ შპს „ჯ...ს“ მიერ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში არაერთხელ იქნა შეცვლილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენით შპს „ჯ...ს“ მიერ ფაქტობრივად იქნა აღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და დ. მ-ეის საკუთრების უფლება დ. მ-ეის მიერ #... განცხადების ფარგლებში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დ. მ-ეის მიერ მოთხოვნილი გახლდათ სწორედ იმ უფლების რეგისტრაცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან, რაც დადასტურებული იყო თავად შპს „ჯ...ს“ მიერ. ამდენად, მოსარჩელის შეფასებით, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული აქტები და საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების/გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესახებ და #... განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ, ბ-ი-გ-ნ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ჯ...“.
2021 წლის 17 დეკემბერს დ. მ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, მესამე პირის - შპს „ჯ...ს“ მიმართ.
სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ საბოლოოდ (1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2021 წლის 6 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, (2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, (3) ზედდების ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2021 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული 2007 წლის 19 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, (5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2021 წლის 8 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, (6) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2021 წლის 14 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, (7) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 იანვრის #... გადაწყვეტილების, (8) ...ს ადმინიტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2021 წლის 17 ნოემბრის #... ადგილზე დათვალიერების ოქმის, (9) ...ს ადმინიტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2021 წლის 13 მაისის #... ადგილზე დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, (10) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დ. მ-ეის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, (11) #... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში შპს „ჯ...ს“ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, (12) დ. მ-ეის 2020 წლის 18 სექტემბრის #... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და (13) #... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგენილი ზედდების ნაწილში შპს „ჯ...ს“ 2021 წლის 25 მაისის #... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
2021 წლის 17 დეკემბრის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილების მოქმედება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით დ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2021 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილება ზედდების ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზედდების ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 იანვრის #... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2021 წლის 14 დეკემბრის #... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2021 წლის 17 ნოემბრის #... ადგილზე დათვალიერების ოქმი ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2021 წლის 13 მაისის #... ადგილზე დათვალიერების ოქმი; დანარჩენ ნაწილში დ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევით დადგინდა იდენტურობა შპს „ჯ...ს“ მიმართ. შესაბამისად, ვინაიდან ერთსა და იმავე ნაკვეთზე სხვადასხვა პირის მიმართ ორჯერ ვერ მოხდებოდა იდენტურობის დადგენა და ნ. მ-ე და გ. ა-იც არ ადასტურებდნენ დ. მ-ეის უფლებას წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება (17.11.2021წ.; #...).
კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც დ. მ-ეის, ასევე, შპს „ჯ...ს“ მიმართ განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობდა ნ. მ-ე. მისი და გ. ა-ის ხელწერილების თანახმად, მათ საკუთრებაში ...ზე არსებული გაყიდული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ავთანდილ მ-ეს ნაკვეთი არ ჰქონია.
კასატორის მითითებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მ-ეს ...ზე გამოეყო მიწის ნაკვეთი, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი და რეფორმის დროს გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ერთი და იგივეა. შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობი იყო, სად მიუთითებდნენ მოწმეები მიწის ნაკვეთის მდებარეობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ჯ...ს“ უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებულია მეზობლების საიდენტიფიკაციო მონაცემები. მოწმეების ჩვენებებით კი არც ერთი მეზობელი არ დაემთხვა. მათი განმარტებით, ი. ბ-ის მიწის ნაკვეთი მ-ეისაგან მდებარეობდა უფრო ქვევით, მაშინ, როდესაც 2006 წლის და 2007 წლის საკადასტრო გეგმებითაც ი. ბ-ი მოსაზღვრე ნაკვეთის მესაკუთრეა. კასატორის შეფასებით, აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მ-ეის მიწის ნაკვეთი შესაძლოა მართლაც ...ზე მდებარეობს, თუმცა არა იქ, სადაც იგი ითხოვს რეგისტრაციას.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ ის პირი, რომელიც წესით ავთანდილ მ-ეის მოსაზღვრე ნაკვეთის მესაკუთრე უნდა ყოფილიყო (იგულისხმება ი. ბ-ი), იდენტურობას უდასტურებს შპს „ჯ...ს“. ამასთან, დ. მ-ეის პოზიციას ადასტურებენ მხოლოდ მისი ბიძაშვილები, რომლებიც მ-ეის მეზობლებიც კი არ იყვნენ და რომელთაც მიწის ნაკვეთის კვადრატულობაც არ ახსოვდათ.
კასატორი, ასევე, არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ექსპერიტიზის დასკვნის საქმისათვის დართვაზე შუამდგომლობას. დ. მ-ე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ 2006 წლის საკადასტრო რუკაზე მოსაზღვრე სუბიექტები შესაბამისობაში არ მოდიოდა ს.კ. ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე სუბიექტებთან. კასატორი აღნიშნავს, რომ ს.კ. ... (ახალი საკადასტრო კოდი: ...) მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე სუბიექტები არიან: მ-ე ნ., ბ-ი ი., ა-ი. სააპელაციო შესაგებელს თან ერთვოდა ს.კ. ... (ახალი საკადასტრო კოდი: ...) მიწის ნაკვეთზე ნ. მ-ესა და შპს „ჯ...ს“ დირექტორს - გ. შ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საკადასტრო რუკის თანახმადაც, მოსაზღვრე სუბიექტებს წარმოადგენენ ბ-ი, ბ-ი, შ-ე. კასატორის შესაფასებით, თუკი აღნიშნულ მონაცემებს შევადარებთ ე.წ. „ყვითელი ფენების“ მიხედვით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთებს, ცალსახაა, რომ მონაცემები ემთხვევა.
კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც დ. მ-ე ითხოვს რეგისტრაციას, „ყვითელი ფენების“ მიხედვით საერთოდ არ ფიქსირდება მისი მამკვიდრებლის მონაცემები.
რაც შეეხება ადგილმდებარეობის საკითხს, კასატორი მიუთითებს ...ის სპორტულ-სარეკრეაციო ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წელს შპს „გ...ს“ დაუკვეთა. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია ნაკვეთების არსებული განაწილების რუკა (ნაკვეთის ნომრის, რეგისტრირებული და ფაქტობრივი ფართის ჩვენებით), ასევე, საპროექტო ნაკვეთების განაწილების რუკა. აღნიშნული დოკუმენტაციით ცალსახად დგინდება, რომ არსებული ნაკვეთების მდებარეობა შეიცვალა შპს „გ...ის“ რეგულირების გეგმის შესაბამისად. თუმცა ცვლილება არ არის არსებითი და ნაკვეთების ძველი და ახალი ადგილმდებარეობა დგინდება საქმეში მერიის შესაგებელზე თანდართულ მიწის ნაკვეთის ამსახველ „ყვითელ ფენაზე“. კასატორი აღნიშნავს, რომ არსებულ განაწილების რუკასა და საპროექტო განაწილების რუკაზე დ. მ-ეის მამკვიდრებლის მიწის ნაკვეთის მონაცემები არ ფიქსირდება.
კასატორის - შპს „ჯ...ს“ შეფასებით, საქმის ხელახალი განხილვა საჯარო რეესტრში ვერ შეცვლის უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ...ში დ. მ-ეს და მის მამკვიდრებელს არასდროს გააჩნდათ მფლობელობაში რაიმე მიწის ნაკვეთი. დღეს მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის (დაინტერესებული პირის) საკუთრების უფლების აღიარების საკითხს და დაარეგისტრირებს საკუთრების უფლებას, თუ საქმეში წარმოდგენილი იქნება ბლოკში არსებული ორი მომიჯნავე ან სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა/მოსარგებლეთა თანხმობა და არ იარსებებს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.
კასატორის მოსაზრებით, დამაბრკოლებელი გარემოება კი ისაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია კანონიერ მფლობელზე, ხოლო დ. მ-ეს არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ამ ვითარებაში მარეგისტრირებელი ორგანო ვერ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას და მხარეები იმავე საკითხზე კვლავ მიმართავენ სასამართლოს, რაც, პირველ რიგში, შელახავს რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებებს და ინტერესებს.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლითაც დაცულია საკუთრების უფლება, კერძოდ, 183-ე მუხლი, 311-ე მუხლის პირველი ნაწილი და 312-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის გარეშე და მხოლოდ ორაზროვან ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით გააუქმა მესამე პირის რეგისტრაცია. კერძოდ, მითითებულ დასკვნებში ვარაუდის დონეზე იყო გადმოცემული გაურკვეველი სახის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეცვლილია ნაკვეთების კონფიგურაცია და დღეის მდგომარეობით, მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არ წარმოადგენენ იმ პირებს, რომლებიც 2005-2006 წლების მდგომარეობით იყვნენ.
კასატორის მითითებით, დ. მ-ე ვერ შეძლებდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ #... ოქმის შედგენისას სწორედ ის პირები მოიწვია, რომელთაც საკუთრების უფლება გააჩნდათ ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც შპს „ჯ...ს“ აქვს რეგისტრირებული ქონება. შესაბამისად, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რომელი საკანონმდებლო ნორმა დაარღვია მერიამ. მართალია, სააპელაციო პალატა უთითებს, რომ საჯარო რეესტრი რეგისტრაციაზე უარის თქმის დროს დაეყრდნო სწორედ #... ოქმს, თუმცა სასამართლო არ აკონკრეტებს, თუ რა ღონისძიება უნდა ჩაეტარებინა საჯარო რეესტრს სხვაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დ. მ-ეის მემკვიდრეობის უფლება საკუთრებად ჩათვალა, თუმცა ჯერ კიდევ 2006 წელს რეგისტრირებული შპს „ჯ...ს“ საკუთრების უფლება გააბათილა ისე, რომ არც კი უმსჯელია უფლების დამდგენ დოკუმენტზე და თუნდაც იმ გარემობაზე, რომ იგი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
კასატორის აღნიშვნით, დადგენილია, რომ გამსხვისებელი - გ. ა-ი 2005 წელს წარმოადგენდა მესაკუთრეს, რომლის მიმართაც შედავება წარდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 30-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ შემთხვევებში – უშუალოდ.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებდა როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამასთან, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებული იყო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებით.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის #800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.
ამავე ინსტრუქციის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 10 მარტის #001446222 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ბორჯომის რაიონში, ...ში, „...ზე“ მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო 6103 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრების გაბარიტული ზომები, კონფიგურაცია და ფართი არ შეესაბამება 2006 წლის 8 თებერვალს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებულ ... საკადასტრო კოდით აღრიცხული 6560 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრების გაბარიტულ ზომებს, კონფიგურაციას და ფართს. კერძოდ, ერთ შემთხვევაში 6103 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტრაპეციასთან მიახლოებულ ფიგურას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, 6560 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ფიგურას. რაც შეეხება ფართებს, მათ შორის სხვაობა შეადგენს 457 კვ.მ-ს. 2006 წლის 8 თებერვალს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული ... საკადასტრო კოდით აღრიცხული 6560 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შეუძლებელია. შესაბამისად, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს იმის შესახებ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა რამდენად შეესაბამება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6103 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას და შესაბამისობაშია თუ არა 2021 წლის 13 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე დაფიქსირებული ზედდების.
ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 9 სექტემბრის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ბორჯომის რაიონში, ...ში „...ზე“ მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო 6103 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე სუბიექტები არც ერთ შემთხვევაში შესაბამისობაში არ მოდის 2006 წლის 8 თებერვალს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებულ ... საკადასტრო კოდით აღრიცხულ 6560 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე სუბიექტებთან. ამასთან, ... საკადასტრო კოდით აღრიცხული 6560 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შეუძლებელია და შესაბამისად, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების მდებარეობის შესაბამისობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდებოდა #... მონაცემებს შორის (დ. მ-ე) ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დამატებითი ადგილმდებარეობისა და კონფიგურაციის დაზუსტების გარეშე, მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 მაისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #... ოქმის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ, რაც ქმნიდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მათი ბათილად ცნობის საფუძველს #... მონაცემებთან ზედდების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამჟამად მოქმედ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდი, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა და განესაზღვრა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუხორციელებია. შესაბამისად, განმეორებითი წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოებები და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები როგორც მოსარჩელის, ასევე, მესამე პირის განცხადებებთან მიმართებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) 22.04.2025წ. #26936015149 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარზე 22.04.2025წ. #26936015149 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა