Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-164 (კს-24) 18 ივნისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „გ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2023წ. განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „გ...მა“ 26.10.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.02.2020წ. №000133 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.07.2020წ. №869 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2023წ. გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2023წ. განჩინებით შპს „გ...ს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2023წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2023წ. გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით (ს.ფ.192), ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა შპს „გ...ს“ დირექტორს გ. მ-ეს 11.10.2023წ., სააპელაციო საჩივარი შპს „გ...ს“ მიერ წარდგენილ იქნა 30.10.2023წ. (საფოსტო განყოფილებაში წარდგენილი იქნა 27.10.2023წ.). მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, შესაბამისად, შპს „გ...ს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2023წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2023წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა (დირექტორმა) გ. მ-ემ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 12.10.2023წ. დირექტორს მოუწია საზღვარგარეთ წასვლა. ვინაიდან ის იყო აპელანტის მხრიდან ერთადერთი წარმომადგენელი აღნიშნულ საქმეში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს საჩივარი, ეს სასამართლოს მიერ უნდა იყოს აღქმული როგორც საპატიო მიზეზით ვადის გაშვება. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსკ 65-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების ვადის აღდგენის შესაძლებლობას, კერძოდ, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. ამავე კოდექსის 215.3 მუხლის მიხედვით კი საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი საქართველოში არ იმყოფებოდა სამსახურეობრივი მიზნებიდან გამომდინარე, რომლის გადადება და გაუქმება მასზე არ იყო დამოკიდებული. ასევე არ ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ ეცნობებინა აღნიშნულის შესახებ სასამართლოსთვის, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებას, ასევე იმის გათვალისწინებას, რომ აპელანტმა საქართველოში დაბრუნებისთანავე წარადგინა საჩივარი და ითხოვს საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2023წ. გადაწყვეტილება შპს „გ...ს“ გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იურიდიულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისთვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმის მასალებში დაცული მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარდა „შპს გ...ს“ დირექტორს - გ. მ-ეს 11.10.2023წ., რაც დადასტურებულია აღნიშნული პირის ხელმოწერით (ს.ფ. 192). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უკუგზავნილზე მითითებული ინფორმაცია აკმაყოფილებს სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო პირობას და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. შპს „გ...სათვის“ სსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 25.10.2023წ. 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი, თუმცა სააპელაციო საჩივარი შედგენილია 27.10.2023წ. (ს.ფ. 205), ფოსტას ჩაბარდა ასევე 27.10.2023წ. (ს.ფ. 207), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვინაიდან დირექტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ის იყო აპელანტის ერთადერთი წარმომადგენელი აღნიშნულ საქმეში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მითითებული ფაქტი სასამართლოს მიერ უნდა იყოს აღქმული როგორც საპატიო მიზეზით ვადის გაშვება და სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე მას უნდა აღუდგეს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 73.8 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2023წ. გადაწყვეტილების გზავნილი ჩაბარდა „შპს გ...ს“ უფლებამოსილ პირს - დირექტორს - გ. მ-ეს 11.10.2023წ., რაც დადასტურებულია მითითებული პირის ხელმოწერით და აღნიშნული გარემოება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სსკ 249.5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით განმარტებულია მისი გასაჩივრების ვადა და წესი, შესაბამისად, იგულისხმება, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი ინფორმირებული იყო მის საპროცესო უფლება-მოვალეობებზე, თუმცა საქართველოდან გამგზავრებამდე არ მიიღო შესაბამისი ზომები მოსალოდნელი შედეგის თავიდან ასაცილებლად. პალატა ასევე მიუთითებს მასზედ, რომ კერძო საჩივრის ავტორი შემოიფარგლა მხოლოდ წერილობითი ახსნა-განმარტებით, მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო პერიოდში საქართველოში მისი არყოფნის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საქმის მასალებში დაცულია შპს „გ...ს“ დირექტორის გ. მ-ეის მიერ ი. ლ-ის (პ/ნ ...) სახელზე 21.10.2020წ. გაცემული მინდობილობა (ს.ფ. 31), რომლის თანახმად, ი. ლ-ი უფლებამოსილია წარმოადგინოს შპს „გ...ს“ (ს/ნ: ...) ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, აღძრას სარჩელი, შეიტანოს და ხელი მოაწეროს შესაგებელს და განცხადებას, გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით თუ კერძო საჩივრით. აღნიშნული მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ის იყო აპელანტის მხრიდან ერთადერთი წარმომადგენელი აღნიშნულ საქმეში, მისი საზღვარგარეთ ყოფნის გამო ფიზიკურად შეუძლებელი გახდა განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა და საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა კანონით განსაზღვრულ ვადაში. მხარე ასევე მიუთითებს, რომ მან საქართველოში დაბრუნებისთანავე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვადის დარღვევით წარდგენილ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს არა გ. მ-ე, არამედ ი. ლ-ი, რომელსაც როგორც უკვე აღინიშნა განუსაზღვრელი ვადით ჰქონდა მინიჭებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება და ჰქონდა შესაძლებლობა თავიდან აეცილებინა დამდგარი შედეგი.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ დირექტორი იყო აპელანტის ერთადერთი წარმომადგენელი, მისი საქართველოში არ ყოფნის გამო შეუძლებელი იყო კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა და აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ მიჩნეული უნდა იქნეს როგორც საპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გაშვება - არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან (სსკ-ის 65, 215.3 მუხლები).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსკ 59.4 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა.

მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილება). ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 17). კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს პოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 26-27).

სასამართლოსთვის მიმართვისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების ხელოვნური გაფართოვების შესაძლებლობის დაშვება, განსაკუთრებით შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ეჭვქვეშ დააყენებს თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „გ...ს“ წარმომადგენლის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადის გაგრძელების (აღდგენის) შეუძლებლობის პირობებში სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით მართებულია, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი