საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-90(2კ-25) 16 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ტ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ტ...ს“ წარმომადგენელმა 2023 წლის 16 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №შ-66/23 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 17 მაისის №614 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ტ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 დადგენილება შპს „ტ...ს“ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე შპს „ტ...“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 17 მაისის №614 ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 დადგენილების შპს „ტ...ს“ დაჯარიმების ნაწილში ძალაში დატოვების თაობაზე. შპს „ტ...ს“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 დადგენილებით, შპს „ტ...“ დაჯარიმდა 30 000 ლარით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის. დადასტურებულად მიიჩნია შპს ,,ტ...ს“ მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ასევე განმარტა, რომ აღნიშნულს მხარე სადავოდ არ ხდის. მიუთითა რომ საქმის განხილვის პერიოდისათვის აღმოფხვრილია მშენებლობის წესების დარღვევის ფაქტი და შედეგების გამოსწორებას ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც. გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 25 მაისის №შ-66/23-2 დადგენილება, შპს „ტ...ს“ მიმართ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცხადდა ძალადაკარგულად, თუმცა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად აპელანტები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა არ არის მცირემნიშვნელოვანი, ვინაიდან მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. დააკონკრეტა პალატამ, რომ სწორედ აღნიშნული საფუძვლით არ იზიარებენ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებას.
სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში მითითების შედგენის გარეშე, პირდაპირ სანქციის გამოყენებას ითვალისწინებს, და ამგვარი სანქციის დაკისრების გარეშე სამართალდამრღვევ სუბიექტს არ ეძლევა რაიმე ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. ამდენად, დადგენილების მიღების შემდგომ სამართალდამრღვევი პირის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის შედეგების აღმოფხვრა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს შესაბამისი დავალებების შესრულება სააპელაციო პალატამ მის სასარგებლო გარემოებად მიიჩნია და მიუთითა, რომ შპს „ტ...ს“ აქტიური მოქმედების საფუძველზე შეიცვალა ვითარება, ამასთან, გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე სახის ზიანი არ მოჰყოლია, რამაც პალატის მსჯელობით, სასამართლოს მისცა შესაძლებლობა ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეეფასებინა მცირემნიშვნელოვან დარღვევად და გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს „ტ...ს“ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე აპელირებით განმარტავს, რომ ჯარიმის სიტყვიერი შენიშვნით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა, არის თუ არა ჩადენილი მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რადგან რეგლამენტის ერთ - ერთი მოთხოვნის დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ზიანის მომტანი. კასატორის მსჯელობით, აღნიშნული რეგლამენტის დაუცველობა ვერ იქნება მცირე მნიშვნელობის. მისივე განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში მართალია ზიანი არ დამდგარა, თუმცა მოსარჩელემ შექმნა სათანადო საფრთხე, რის გამოც პასუხისმგებლობის დაკისრება გამართლებული იყო. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით დაირღვა ის მართლწესრიგი, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნულზე განმარტავს შემდეგს: უტყუარად დგინდება, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ჩამოიშალა ქვაბულის ფერდი, რითაც დაირღვა სამშენებლო მოედნის ორგანიზებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები. ასეთ პირობებში, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენებას და მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის მცირემნიშვნელოვნად შეფასებისას, უნდა ჩაითვალოს, რომ ქმედება ფორმალურად შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს, თუმცა თავისი ხასიათით არ გამოუწვევია ისეთი ზიანი რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. მშენებლობის წარმოებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ - ერთ უმთავრეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 138-ე მუხლის დარღვევისათვის, რაც ითვალისწინებს მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რაც გამოიხატა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ” ტექნიკური რეგლამენტის სპეციალური ნორმების დარღვევაში, კონკრეტულად დაირღვა სამშენებლო მოედნის ორგანიზებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები, რამაც ქვაბულის ფერდის ჩამოშლა გამოიწვია. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მსჯელობით, ამ ქმედებით განპირობებული შესაძლო რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, სხვა სამართალდარღვევებისაგან განსხვავებულად კოდექსი ადგენს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცედურას პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით. ამასთან, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა ის გარემოება, თუ რატომ იქნა მიჩნეული შპს „ტ...ს“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციულ გადაცდომად. ამასთანავე, არ იქნა გათვალისწინებული, რომ დარღვევით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგი პირდაპირ და უშუალო კავშირში იყო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, ასევე არ იქნა შეფასებული ის უარყოფითი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე, რომელიც ქვაბულის ფერდის ჩამოშლას შესაძლოა მოჰყოლოდა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ტ...ს“ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 დადგენილების (დაჯარიმების შესახებ), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №შ-66/23 დადგენილების (მშენებლობის შეჩერების შესახებ) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 17 მაისის №614 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სააპელაციო და შემდგომ საკასაციო საჩივრები წარმოდგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას შეფასება უნდა მიეცეს მხოლოდ შპს „ტ...ს“ მიმართ წარმოებულ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების მართლზომიერებას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 თებერვლის №6336265 ბრძანებით ქ. თბილისი, დიდი დიღომი საცხოვრებელი რაიონი, (ნაკვეთი ...), დიდი დიღომი, მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი ...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 თებერვლიდან 2025 წლის 21 ივნისის ჩათვლით.
საჯარო რეესტრის 2023 წლის 23 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ტ...“.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „ტ...ს“ მიერ ქ. თბილისი, დიდი დიღომი საცხოვრებელი რაიონი, (ნაკვეთი ...), დიდი დიღომი, მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი ...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, კერძოდ, სამუშაოების წარმოების პროცესში მოხდა ფერდის ჩამოშლა.
მშენებლობის შეჩერების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №შ-66/23 დადგენილებით შეჩერდა ქ. თბილისში, დიდი დიღომი საცხოვრებელი რაიონი (ნაკვეთი ...), მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთი ...), №... საკადასტრო კოდზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამავე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მიეთითა, რომ იგი ძალაშია მშენებლობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრამდე და მიეთითა, რომ აღნიშნულ ფერდზე საჭირო იყო შესაბამისად დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელებულიყო გამაგრებითი სამუშაოები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ფერდის მდგრადობა. ასევე, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, სავალდებულო იყო შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობა ფერდის გამაგრების პროექტთან. აგრეთვე, სავალდებულო იყო საექსპერტო დასკვნის წარდგენა მომიჯნავედ, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში №... საკადასტრო კოდზე არსებული შენობა - ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და იმ შემთხვევაში თუ ობიექტის ან მისი ნაწილების მდგომარეობა შესაბამისობაში არ იქნებოდა შენობა - ნაგებობის მდგრადობისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, მიეთითა სათანადო საექსპერტო დასკვნისა და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარებაზე, რომლითაც აღმოიფხვრებოდა მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენის შედეგად გამოწვეული დაზიანებები და უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი შემდგომი მდგრადობა. მოთხოვნილი კონსტრუქციული ღონისძიებებისა და საექსპერტო შეფასებების სრულყოფილად შეფასების შემდეგ, უნდა წარდგენილიყო საექსპერტო დასკვნა იმის თაობაზე, რომ განხორციელებული სამუშაოებით უზრუნველყოფილი იყო მომიჯნავედ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში №... საკადასტრო კოდზე არსებული შენობა - ნაგებობის ტექნიკური მდგრადობა. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით მხარეს განემარტა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, მხარეს განემარტა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3601 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 დადგენილებით, შპს „ტ...“ დაჯარიმდა 30 000 ლარით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.
დადგენილია, რომ შპს „ტ...ს“ მიერ წარდგენილი იქნა 2023 წლის 30 მარტის №10/01230893722-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 17 მაისის №614 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №შ-66/23 და №001477 დადგენილება.
„ქ. თბილისი, დიდი დიღომი საცხოვრებელი რაიონი (მიწის ნაკვეთი - ს/კ ...), მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქვაბულის ფერდოების მდგომარეობისა და მათი შემაკავებელი ღონისძიებების გატარების შესახებ “შპს „ო...ს“ 2023 წლის 29 მარტის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისი, დიდი დიღომი საცხოვრებელი რაიონი (მიწის ნაკვეთი - ს/კ ...), მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქვაბულის დასავლეთის ჩამოშლილი ფერდოს მიწის შემაკავებელი საყრდენი კედლის პროექტი შედგენილია ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად. გამომდინარე აქედან, მის განხორციელებას დადებითი შეფასება ეძლევა სამუშაოები ჩატარდეს მკაცრად პროექტის შესაბამისად. საყრდენი კედლის სამუშაოების დასრულების შემდგომ, დაჩქარებული ტემპით გაგრძელდეს მრავალბინიანი სახლის შეჩერებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და ფუძე - საძირკვლების შემდგომ მოეწყოს ვერტიკალურად მზიდი კონსტრუქციები, რათა შემდგომში ამორფული მასალით შეივსოს შენობასა და მომიჯნავე ნაკვეთთან შორის დარჩენილი სივრცეები და განმტკიცდეს ფერდობის მდგრადობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 25 მაისის №შ-66/23-2 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ტ...ს“ მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2023 წლის 21 მარტს მიღებული №4-1/დ422-23 №შ-66/23 დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს“, რომლის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით ან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, მშენებლობის უსაფრთხოების წესებს ადგენს და განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე და განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამშენებლო მოედანზე: ორგანიზების, სამშენებლო მანქანა - მექანიზმების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაციის, ელექტრო და აირსაშემდუღებლო, დატვირთვა - დაცლის, საიზოლაციო, მიწის, ბეტონისა და რკინა - ბეტონის, სამონტაჟო, სადემონტაჟო და სხვა სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დროს (1.1. მუხ.). ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სამუშაოთა წარმოების დროს (1.2. მუხ.). ამასთან, სამშენებლო მოედანზე სამუშაოები უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება (2.1 მუხ.). აღნიშნული სტანდარტების დაცვა აუცილებელია, რათა საფრთხე არ დაემუქროს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს, ამასთან, ხელი შეეწყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 21 მარტის №001477 დადგენილებით, შპს „ტ...“ დაჯარიმდა 30 000 ლარით №... საკადასტრო კოდზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის. ამავე დადგენილებით შპს „ტ...ს“ დაევალა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია შპს ,,ტ...ს“ მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შპს „ტ...ს“ მიმართ წარმოება დაიწყო შემოწმების აქტით, შეჩერდა მშენებლობა და ამასთანავე, დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. თავად მშენებლობის შეჩერების საჭიროება, რომელიც კანონიერად იქნა მიჩნეული საკასაციო პალატის მსჯელობით ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით განხორციელებას. საგულისხმოა მშენებლობის წესების დარღვევის აღმოფხვრის ფაქტი, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მშენებლობის წესების დარღვევით გამოწვეული შედეგების გამოსწორებას ადმინისტრაციული ორგანოებიც დაეთანხმნენ. აღნიშნულს ცალსახად ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 25 მაისის №შ-66/23-2 დადგენილება, რომლითაც შპს „ტ...ს“ მიმართ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული დადგენილება გამოცხადდა ძალადაკარგულად. კასატორები, საჩივრის დაკმაყოფილების და სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებენ იმ არგუმენტს, რომ შპს „ტ...ს“ მიერ ჩადენილი კონკრეტული სამართალდარღვევა არ არის მცირემნიშვნელოვანი, რამეთუ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა კასატორთა მსჯელობით დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. ამდენად, კასატორები წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში არ ეთანხმებიან სამართალდამრღვევი სუბიექტის - შპს „ტ...ს“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის №ბს-468-465 (კ-17) განჩინებაზე და მართებულად მიიჩნევს იმ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა, მათ შორის საჯარო ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. ამასთან სამართალდარღვევისათვის დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა უნდა ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების (უმოქმედობის) შედეგს და პროპორციული უნდა იყოს ამ სამართალდარღვევის შედეგად საჯარო წესრიგის დარღვევის ხარისხთან. ამდენად ცალსახაა, რომ მარტოოდენ სამართალდამრღვევის დასჯა არ უნდა ატარებდეს მხოლოდ რეპრესიულ ხასიათს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, როგორიცაა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სანქციის კონკრეტულ ზომას, შესაბამისად, დასახელებული ნორმა დავის თავისებურებების გათვალისწინებით არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის ან მაქსიმუმის განსაზღვრის შესაძლებლობას, თუმცა ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით სანქციის მხოლოდ კონკრეტული ზომის გათვალისწინება არ გამორიცხავს საქმეზე შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გამოყენებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანი, რომელიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შპს „ტ...ს“ მიერ მყისიერად აღმოიფხვრა სამართალდარღვევა და ამასთან, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე სახის ზიანი არ მოჰყოლია, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებულიყო მცირემნიშვნელოვან დარღვევად და გამოყენებულიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ,,სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს... ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ (სუსგ 19.10.2017წ. №ბს-360357(2კ-17); სუსგ 13.07.2022წ. №ბს-504-504(3კ-18)). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი