საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-396(კს-25) 11 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ე. ჩ-ეის დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 05 სექტემბრის №დ-12.14222482 დადგენილების ბათილად ცნობა და დაკისრებული სახდელისგან გათავისუფლება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ე. ჩ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ე. ჩ-ეის დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 5 სექტემბრის №დ-12.14222482 დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ე. ჩ-ეის დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 5 სექტემბრის №დ-12.14222482 დადგენილება, ე. ჩ-ეის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის დავალების ნაწილში. ე. ჩ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით ე. ჩ-ეის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე, 63-ე მუხლებზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ე. ჩ-ეს პირადად ჩაჰბარდა 2025 წლის 7 თებერვალს (იხ. ს.ფ. 124), ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, - სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2025 წლის 8 თებერვლიდან და ამოიწურა 2025 წლის 21 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოს წარედგინა 2025 წლის 6 მარტს (იხ. ს.ფ. 126). აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლზე მითითებით დიდთოვლობის დროს სოფელში დარჩენის გამო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევას, პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გაგრძელების ან აღდგენის უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია. სსსკ 215-ე მუხლით განსაზღვრული საპატიო მიზეზით ვადის აღდგენის შესაძლებლობა ეხება იმ შემთხვევებს, როცა საპროცესო ვადა დადგენილია სასამართლოს მიერ. სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე აღადგინოს საპატიო მიზეზით გაშვებული საპროცესო ვადა, მაშინ, როცა კანონისმიერი საპროცესო ვადის აღდგენის ან გაგრძელების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია (თუმცა, აპელანტს, არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ დიდთოვლობამ შეუშალა ხელი საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენაში).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ე. ჩ-ემ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2025 წლის თებერვალში აჭარასა და გურაში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი იყო ტრანსპორტის მოძრაობა - გზები არ იყო გაწმენდილი. სასამართლომ დასახელებული გარემოება არ ჩათვალა საპატიოდ და გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩნების გაუქმებას და სააპელაციო საჩვრის შეტანის ვადის აღდგენას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით ე. ჩ-ეის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით ე. ჩ-ეის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს (მოსარჩელე) - ე. ჩ-ეს ჩაბარდა პირადად 2025 წლის 7 თებერვალს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში (სსკ-ის 59.1 მუხ.). სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (სსკ-ის 59.4 მუხ.). დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.). საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (სსკ-ის 61.3 მუხ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. ჩ-ეისათვის გაგზავნილი სასამართლო დოკუმენტი ჩაბარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, 2025 წლის 7 თებერვალს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 8 თებერვალს და ამოიწურა 2025 წლის 21 თებერვლის 24:00 საათზე. ე. ჩ-ემ კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ამავე სასამართლოში შეიტანა 2025 წლის 6 მარტს (ს.ფ. 126-136), რასაც ასევე არ უარყოფს კერძო საჩივრის ავტორი. ამასთან, საყურადღებოა, რომ თავად დოკუმენტიც 2025 წლის 5 მარტს არის შედგენილი (სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია 5.03.25წ). შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. აღნიშნული კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო კანონმდებლობა გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს იმპერატიულად განსაზღვრავს, რისი შეცვლა არც მხარეთა და არც სასამართლოს შეხედულებით არ არის დასაშვები. ამდენად, ხსენებული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, კოდექსი არ იძლევა გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით (დიდთოვლობა) გაშვების თაობაზე, არ არის რელევანტური.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ეის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჩ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია