Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1405(კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 20 თებერვალს ბ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 იანვრის NIDP 9 23 00000100 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის NIDP 9 23 00000100 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის - ბ. ჩ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ პირველი დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა, მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ჩ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს-დევნილს. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ფორმის თანახმად, ბ. ჩ-ას განცხადება შეფასდა 5 ქულით, მათ შორის, საცხოვრებლის პირობები - 2 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 3 ქულა. განაცხადში განმარტებულია, რომ ბ. ჩ-ა 1993 წლიდან არის იძულებით გადაადგილებული პირი. იგი ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში. თავდაპირველად აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო 2018 წელს მის ძმას გადაეცა ბინა, მას ბინა არ გადასცემია და სწორედ ამიტომ იძულებული გახდა საცხოვრებლად დარჩენილიყო ი. ...ის ქ. №...-ში არსებულ ფართში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემისა და ბ. ჩ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მას არ ჰქონდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება, ვინაიდან იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია შემოწმების დროს არ დახვდა ადგილზე შესაბამისი ორგანოს თანამშრომლებს და იმყოფებოდა სხვაგან, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფაქტი, არ ქმნიდა განსახლებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა შესწავლა თუ კონკრეტულად სად იმყოფებოდა ბ. ჩ-ა შემოწმების დროს. სასამართლოს მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ვერ გადაწონიდა მოსარჩელის ოჯახის საჭიროებას, როგორც დევნილი ოჯახი დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით მოცემულ ეტაპზე, მით უფრო, როდესაც ქულათა რაოდენობა იძლეოდა დევნილი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება ადასტურებდა, რომ მოსარჩელე სწორედ განაცხადში მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისათვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისათვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას, გარდა საკმარისი ქულათა ოდენობისა, ყურადღებას ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორიც არის საჭიროება.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 14 დეკემბერს მოითხოვა მისამართზე ხელახალი შემოწმების განხორციელება, ვინაიდან პირველი შემოწმების დროს არ იმყოფებოდა მისამართზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 28 დეკემბრის გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ ბ. ჩ-ა მონიტორინგის სამსახურს კვლავ არ დახვდა მისამართზე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს მიერ მოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ აქვთ, რადგან მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს სადავო მისამართზე.

კასატორი მიუთითებს, რომ 2023 წლის 13 იანვარს მხარესთან კვლავ განხორციელდა ვიზიტი, სადაც ბ. ჩ-ამ სამსახურს განუმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან ამავე ეზოში არსებულ სხვადასხვა კორპუსებში. აღნიშნულ კორპუსში კი ცხოვრობს 2022 წლის დეკემბრიდან, მანამდე ცხოვრობდა დახურულ ობიექტში. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს სადავო მისამართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ბ. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ 10 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ შესაბამისად. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ჩ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ზუგდიდი, ი. ...ის ქ. №....

2021 წლის 8 აპრილს ბ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ ბ. ჩ-ა 1993 წლიდან არის იძულებით გადაადგილებული პირი. იგი ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში (სააქციო საზოგადოება „მ...ს“ ტერიტორიაზე). თავდაპირველად აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო 2018 წელს მის ძმას გადაეცა ბინა, მას ბინა არ გადასცემია და სწორედ ამიტომ იძულებული გახდა საცხოვრებლად დარჩენილიყო ი. ...ის ქ. №...-ში არსებულ ფართში.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2021 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით, ბ. ჩ-ას მიერ შევსებული განაცხადი, შეფასდა 5 ქულით. მათ შორის: საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 3 ქულა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 17 იანვრის №3 ოქმის თანახმად, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა, მოსარჩელის გრძელვადიანი განსახლების მიზნით შევსებული განაცხადი. ამავე ოქმის თანახმად, მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, ბ. ჩ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის IDP 9 23 00000100 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (№3 სხდომის ოქმი), ბ. ჩ-ას ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მისამართზე განხორციელდა ვიზიტი, რა დროსაც იგი არ იმყოფებოდა ადგილზე. კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბ. ჩ-ას მოთხოვნის საფუძველზე, განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი მოსარჩელის მისამართზე, რა დროსაც ბ. ჩ-ა კვლავ არ დახვდა სამსახურს მისამართზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირის ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი მისამართზე არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. მით უფრო იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა შესწავლა თუ კონკრეტულად სად იმყოფებოდა ამ დროს მოსარჩელე. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოავლინა მკაცრად ფორმალური მიდგომა საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, მან უგულებელყო როგორც მონიტორინგის პროცესში სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მოსარჩელის საცხოვრებელის შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერზე რომლის თანახმად, ბ. ჩ-ა რეგისტრირებულია 2020 წლიდან მისამართზე, ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. .... 1, კორპ. 3, სართული №....

სს ე...ს მიერ გაცემული აბონენტის ბარათის მიხედვით, ბ. ჩ-ა 2021 წლიდან აღრიცხულია აბონენტად შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის შენ. №..., სადაც მას უფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარების ყოველთვიური ხარჯი.

ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2023 წლის 13 იანვარს განხორციელდა მონიტორინგი ბ. ჩ-ას ფაქტობრივ მისამართზე - ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში, სადაც ბ. ჩ-ამ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე, ცხოვრობს 1993 წლიდან, ამავე ეზოში არსებულ სხვადასხვა კორპუსებში. კონკრეტულ კორპუსში კი 2022 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „მ...ს“ დირექტორის მიერ გაცემული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი ბ. ჩ-ა და მისი ოჯახი 1993 წლიდან საწარმოში არიან აღრიცხვაზე. მართალია, 2018 წელს, ბ. ჩ-ას ძმა - დ. ჩ-ა დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, თუმცა თავად ბ. ჩ-ას დღემდე არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი და საწარმოს ადმინისტრაციული კორპუსში ცხოვრობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექცია შუამდგომლობს, რომ ბ. ჩ-ას გადაეცეს საკუთარი საცხოვრებელი ბინა.

ქ. ზუგდიდში ი. ...ის ქუჩა N... შენობაში (მ... ქარხანაში) მცხოვრები პირები ნოტარიუსის მიერ დამოწმებული განცხადებით ადასტურებენ, რომ ბ. ჩ-ა 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და მას სხვა ცხოვრებელი არ გააჩნია. დასახელებული დოკუმენტებით დადასტურებულია ბ. ჩ-ას ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მოსარჩელის მითითებულ მისამართზე (ზუგდიდში, ...ის ქ. №...-ში) ცხოვრება და ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მართებულია სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ. მაკარიძე