Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1380(კ-24) 20 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მესამე პირები - სს „თ...“, შპს “ა...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 30 დეკემბერს ნ. ხ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 03 აგვისტოს №... დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის14 დეკემბრის №1680 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთნენ სს „თ...“ და შპს „ა...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით ნ. ხ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 1052 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრე არის ნ. ხ-ე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №4-6/ო-476-20 დათვალიერების ოქმის მიხედვით, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ს ქუჩა №...-ში დაფიქსირდა კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობის ფაქტი. 2020 წლის 20 თებერვალს ნ. ხ-ეის მიმართ შედგა №... მითითება. დარღვევების გამოსწორების მიზნით, ნ. ხ-ეს დაევალა მოეხდინა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი ან წარედგინა განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

დადგენილია, რომ მითითებით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში დაწყებულ იქნა წარმოება ობიექტის ლეგალიზების გზით დასრულების შესახებ, რის გამოც, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება შეჩერდა აღნიშნული წარმოების დაწყებიდან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 მარტის №4884826 ბრძანებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 21 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №..., რომლითაც დადგინდა, რომ ნ. ხ-ეის მიერ არ იყო შესრულებული მითითების პირობები. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 03 აგვისტოს №... დადგენილებით, ნ. ხ-ე დაჯარიმდა 20 000 (ოცი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...) კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით ნ. ხ-ეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არის ნ. ხ-ე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად მიუთითა, რომ სწორედ მას გააჩნდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების და მასზე სადავო ობიექტის განვითარების ინტერესი. რაც შეეხება შპს „ა...-ს“, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების უშუალო შემსრულებელს, თუმცა მესაკუთრის დაკვეთით. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ. ხ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, დამაჯერებლობას მოკლებულია ის არგუმენტი, რომ სწორედ შპს „ა...“-ის ინტერესს წარმოადგენდა მისი აშენება. ამასთან, საყურადღებოა, რომ შპს „ა...-ის“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს სწორედ ნ. ხ-ე წარმოადგენდა. ამდენად, ნ. ხ-ემ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აწარმოა უკანონო მშენებლობა თავისივე საკუთრებაში არსებული საზოგადოების გამოყენებით, შესაბამისად მართებულად განისაზღვრა სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ სამართლებრივ აქტებს, რადგან იგი არ წარმოადგენს მშენებლობის მწარმოებელ პირს და შესაბამისად მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაჯარიმების საფუძვლები. საქმეში წარმოდგენილია შპს „ა...ის“ დირექტორის - მ. ს-ეის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა კომპანიის მიერ. შპს „ა...-ის“ მიერ მშენებლობის წარმოების განხორციელების ფაქტი დასტურდება ზედნადებებით, რომლის თანახმადაც, ...ს ქუჩა №...-ში სამშენებლო მასალა მიტანილი იქნა სწორედ ამ კომპანიის სახელზე. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სს „ბ...ს“ ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ა...-ზე“ გაიცა სესხი მიზნობრივი დანიშნულებით - მშენებლობა.

კასატორის მითითებით, ნ. ხ-ეს არ ჩაბარებია მუნიციპალური ინსპექციის აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუნიციპალურმა ინსპექციამ ფასადზე გააკრა სადავო აქტები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-278-278(2კ-18)) განმარტებულია, რომ დადგენილების ფასადზე გაკვრა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს მინიმუმ ფოსტით ორჯერ გაგზავნის შემდგომ. ამასთან, ნ. ხ-ეის მიმართ დადგენილება გამოცემულია ვადების უხეში დარღვევით. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. მოცემულ შემთხვევაში, შემოწმების აქტი შედგენილი იქნა 21 აპრილს, ხოლო დადგენილება გამოცემული იქნა 3 აგვისტოს - ორი თვის დარღვევით.

კასატორი აღნიშნავს, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს, ხოლო თუ შეუძლებელია მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა - მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ხ-ეის მიმართ ისე დაიწყო სამართალწარმოება, რომ მუნიციპალურ ინსპექციას არ უცდია უშუალოდ მშენებლობის განმახორციელებელი პირის დადგენა, რაც მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და ქალაქ თბილისის მერიაში წარდგენილი იქნა შპს „ა...-ის“ დირექტორის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება კომპანიის მიერ, რითიც დასტურდება, რომ მშენებლობის მწარმოებელ პირს წარმოადგენს შპს „ა...“, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რატომ აჯარიმებს მუნიციპალური ინსპექცია მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, როდესაც მშენებლობის განმახორციელებელი პირი სრულიად სხვაა. სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეს, რომლისთვისაც აუცილებელია ბრალეულობის დადგენა. უდავო, გარემოებაა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ხ-ე არ წარმოადგენს მშენებლობის მწარმოებელ პირს. შესაბამისად, მისი ბრალეულობა გამოირიცხება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი დაჯარიმების შესაძლებლობას. როგორც მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევიათ აღნიშნული საკითხები, რის გამოც არსებობს ხსენებული აქტების ბათილობის საფუძვლები.

კასატორის მითითებით, იურიდიული პირი წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც დამოუკიდებლად საქმიანობს. იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. შესაბამისად, გაუგებარია, რომ სასამართლოს მსჯელობა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის დამფუძნებელია ფიზიკური პირი, ამიტომ პასუხი კომპანიის ნაცვლად ფიზიკურმა პირმა უნდა აგოს. ამასთან, ზედნადებებითა და ბანკის სესხით უტყუარად დასტურდება, რომ მშენებლობას ახორციელებდა შპს და არა ფიზიკური პირი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 1052 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ნ. ხ-ე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნ. ხ-ეის მიმართ 2020 წლის 20 თებერვალს შედგენილი იქნა №... მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ამავე მითითებით, დარღვევების გამოსწორების მიზნით, ნ. ხ-ეს დაევალა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში მოეხდინა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი ან წარედგინა განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. მითითება განთავსდა ობიექტის ფასადზე 2020 წლის 20 თებერვალს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 21 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №..., რომლითაც დადგინდა, რომ ნ. ხ-ეის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები. 2020 წლის 06 ივლისს, მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვის მიზნით მუნიციპალური ინსპექციაში გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა ნ. ხ-ემ, დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მითითების შედგენისას არ იქნა მოძიებული მშენებლობის დამკვეთი. ამასთან აღნიშნა, რომ პირადად არ ჩაბარებია მითითება და შემოწმების აქტი და არც ჰქონია სამსახურს მცდელობა სხვა გზებით, მაგალითად, ფოსტის მეშვეობით ეცადა ჩაბარება. სხდომაზე ნ. ხ-ემ აღნიშნა, რომ მშენებლობას აწარმოებდა შპს „ა...“. ამასთან, განმარტა, რომ აპირებდნენ მშენებლობის დასრულება-ლეგალიზების მიზნით განმეორებით მიემართათ არქიტექტურის სამსახურისათვის.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის მიერ 2020 წლის 3 აგვისტოს შედგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 თებერვლის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 3 აგვისტოს №... დადგენილებით ნ. ხ-ე დაჯარიმდა 20 000 (ოცი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ს ქუჩა №...-ში კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით ნ. ხ-ეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

წინამდებარე დავის საგანს სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 3 აგვისტოს №... დადგენილების კანონიერება წარმოადგენს. კასატორი, ხსენებული დადგენილების უკანონობის დამადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მშენებლობის მწარმოებელი იყო არა ნ. ხ-ე, არამედ შპს „ა...“. ამასთან, ნ. ხ-ეს სათანადო წესით არ ჩაჰბარებია მითითება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ხოლო მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დაცული იყო მითითების ადრესატისათვის გაცნობის წესი. ამასთან, მითითების გაცნობა თავად ნ. ხ-ემ დაადასტურა ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ სხდომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ნ. ხ-ე სათანადო წესით არ იყო ინფორმირებული მის მიმართ მითითების გაცემის თაობაზე.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომელმაც უშუალოდ განახორციელა მშენებლობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ნ. ხ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორს არ წარმოუდგენია. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სწორედ მას გააჩნდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების და მასზე სადავო ობიექტის განვითარების ინტერესი. შესაძლებელია, „ა...“ ასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს და მონაწილეობდა მშენებლობის პროცესში, თუმცა მესაკუთრის დაკვეთით. სამშენებლო სამართალურთიერთობისთვის დამახასიათებელია შემთხვევა, როდესაც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს მესამე პირი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის დაკვეთითა და მისი მითითებების შესაბამისად, თუმცა აღნიშნული მესამე პირს არ აქცევს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტად. საკასაციო პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს თუ ვის აქვს მიწის ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი (ბს-896(კ-23); 26.09.2024, ბს-1114(კ-20) 14.04.2022). განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება შპს „ა...-ის“ მიერ საცხოვრებელი სახლის აშენების ინტერესი. ამდენად, არსებობდა სადავო აქტების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა აგრეთვე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას სადავო დადგენილების კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება მიღებულ უნდა იქნეს შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილება მიღებულ იქნა 2020

წლის 3 აგვისტოს - შემოწმების აქტის შედგენიდან - 2020 წლის 21 აპრილიდან 4 თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება;

3. ნ. ხ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 3 დეკემბრის №942 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ.მაკარიძე