საქმე №337აპ-14 ქ. თბილისი
კ-ი მ 337აპ-14 3 დეკემბერი, 2014 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ლ. ჯ-ს
ადვოკატ - ნ. ს-ს
მსჯავრდებულ - მ. კ-ს
მონაწილეობით განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, მ. კ-ა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მ. კ-ა 2013 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში, შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ მარკეტში გამყიდველად მუშაობის დროს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 3743 ლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ლ. ჯ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ს-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული მ. კ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე - საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით მ. კ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნა; მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ ექვემდებარება სააპელაციო წესით ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას დანაშაულის კატეგორიასთან მიმართებით და საჩივრით სასჯელის შემცირების მოთხოვნის არარსებობის გამო.
საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ:
ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს;
ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა;
გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაირღვა, რაც გახდა ზეპირი მოსმენით საკასაციო საჩივრის განხილვის საფუძველი, რითაც ბრალდების მხარეს მიეცა საშუალება, რომ ზეპირი მოსმენით წარმოედგინა საკასაციო საჩივრის არგუმენტაცია საკასაციო პალატის წინაშე, რითაც აღუდგა ის დარღვეული უფლება, რაც არ მიეცა სააპელაციო სასამართლოში.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, საკასაციო პალატას ამასთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, - იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენის დროს ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი - ს. შ-ი ავადმყოფია, აღენიშნება თავის ქალას პოსტოპერაციული ძვლოვანი დეფექტი მარცხნივ, თხემ-საფეთქლის არეში, ჩაუტარდა ოპერაცია - დეფექტის პლასტიკა აუტოძვლით და მას მუდმივად სჭირდება დედის მზრუნველობა, თვითონ მსჯავრდებული მ. კ-ც გამოთქვამს მზადყოფნასა და სურვილს, რომ აუნაზღაუროს დაზარალებულს მიყენებული ზიანი, - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი