საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-17(კ-25) 20 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - დ. ჯ-ა, ი. ბ-ა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 8 იანვარს დ. ჯ-ამ და ი. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 დეკემბრის №IDP 2 23 00002930 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 დეკემბრის, №IDP 2 23 00002930 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ჯ-ას და ი. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეები არიან დევნილები, დევნილის რეგისტრაციის №...; დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ..., ...ს ქ. №..., ბინა №....
2022 წლის 30 მაისს, დ. ჯ-ამ და ი. ბ-ამ განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 3,5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2,0 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა). დ. ჯ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებდა მეუღლესთან ერთად. ფორმაში მითითებული იყო, რომ განმცხადებელს გააჩნდა გარაჟი (25.00 კვ.მ) ქ. თბილისი, ...ს ქ. კორპ. №...-ის მიმდებარედ. შვილს დე. ჯ-ას გააჩნდა ორი საკუთრება -ზუგდიდი, ს. ... საკარმიდამო მიწის ნაკვეთი; ქ. თბილისის, ..., ...ს ქ. №... შენობა-ნაგებობით.
კომისიის გადაწყვეტილებით, დ. ჯ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოცემულ ეტაპზე, განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა შვილის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. 2023 წლის 19 დეკემბრის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №IDP 2 23 00002930 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №85), გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, დ. ჯ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო დ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების შეფასებისას დაეყრდნო მხოლოდ იმ ფაქტს, რომ იგი ცხოვრობდა შვილის მიერ გასხვისებულ ბინაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მისამართზე: სოფელი ..., ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელის შვილმა, დე. ჯ-ამ 2015 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, თუმცა 2022 წელს გაასხვისა ლ. კ-ეზე (დის დედამთილი). დღეის მდგომარეობით, დე. ჯ-ას სახელზე ფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება სოფელ ...ში, ხოლო მეორე უძრავი ქონება, რომელიც ასევე ...ში მდებარეობს, 2018 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და 2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა თ. თ-აზე. რაც შეეხება თავად მოსარჩელეების საკუთრებებს, ი. ბ-ა 2007 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა საკუთრებას მის: ქ. თბილისი, ...ს გამზ. (ყოფ. ...ს გზატკეცილი), რომელიც 2017 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა შვილს, ნ. ჯ-ას. საკუთრება, მდებარე, მის: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №..., ფართი 93.64 კვ.მ 2003 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა დ. ჯ-ამ, ხოლო 2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიქსირდება ს. გ-ის სახელზე.
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა სწორად განსაზღვროს დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა და გადაწყვეტილება მიიღოს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინება და მიუთითებს, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის მიერ მიღებული ბრძანების ბათილად ცნობისა და ამავე საკითხზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2022 წლის 30 მაისს, დ. ჯ-ამ და ი. ბ-ამ განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე.
2023 წლის 03 აპრილს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით მიმართა დ. ჯ-ამ, რითაც სააგენტოს აცნობა მისამართის ცვლილების თაობაზე - ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ს. ..., ...ს ქ. №... და ითხოვა მონიტორინგის ჯგუფის აღნიშნულ მისამართზე გამოცხადება.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად (ვიზიტის თარიღი 12.04.2023 წელი), რომელიც განხორციელდა ს. ..., ...ს ქ. №...-ში, დადგინდა, რომ განმცხადებელი დევნილობიდან 18 წელი ცხოვრობდა თბილისში, ...ს ქ. №...-თან საკუთარ ბინაში, რომელიც გაყიდა ბანკმა. შემდეგ, 4 თვე იცხოვრა დიღომში ახლობლის ბინაში. 2022 წლის 25 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ს. ..., ...ს ქ. №..., ს/კ ..., 2015 წლის 02 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო დე. ჯ-ას სახელზე (შვილი). 2022 წლის 05 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ს. ..., ...ს ქ. №..., ს/კ ..., 2022 წლის 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ლ. კ-ეზე. დ. ჯ-ას და ი. ბ-ას პირად საკუთრებაში არ ჰქონდათ რაიმე სახის უძრავი ქონება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის №85 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში შევსებული განცხადებები.
ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, დ. ჯ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს შვილის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. 2023 წლის 19 დეკემბრის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №IDP 2 23 00002930 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №85), გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, დ. ჯ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დადგენილია, რომ 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 3,5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2,0 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა). დ. ჯ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მეუღლესთან ერთად. აღნიშნულ ფორმაში, მითითებულია, რომ განმცხადებელს გააჩნია გარაჟი (25.00 კვ.მ) ქ. თბილისი, ...ს ქ. კორპ. №...-ის მიმდებარედ. შვილს დე. ჯ-ას გააჩნდა ორი საკუთრება. ზუგდიდი, ს. ... საკარმიდამო მიწის ნაკვეთი; ქ. თბილისი, ..., ...ს ქ. №... შენობა-ნაგებობით.
საქმეზე უდავოდ არის დადგენილი და არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ დღეის მდგომარეობით დ. ჯ-ას და ი. ბ-ას პირად საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის საცხოვრებელი უძრავი ქონება და ისინი სახელმწიფოს მხრიდან არ არიან უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი და ადმინისტრაციული ორგანო დ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების შეფასებისას დაეყრდნო მხოლოდ იმ ფაქტს, რომ იგი ცხოვრობდა შვილის მიერ გასხვისებულ ბინაში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე (ოჯახი) ცხოვრობს მათსავე გასხვისებულ ბინაში, მათ მიმართ უნდა გამორიცხულიყო საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ინტერესის პრიორიტეტულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ის ფართი, რომელში ცხოვრების გამოც, სააგენტომ უარი უთხრა მოსარჩელეთა ოჯახს განსახლებაზე, არ წარმოადგენს მათ საკუთრებას, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული სხვა საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინება). საყურადღებოა, რომ მოსარჩელეთა ოჯახს არ მიუღია კომპენსაცია და არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე