საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-7(კ-25) 9 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. ც-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 9 იანვარს ქ. ც-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2014 წლის 29 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ც-იმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ქ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ქ. ც-ი მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. ქ. ც-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტში შესაძლო რეორგანიზაციის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა 2012 წლის ნოემბერში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... - ქ. ც-ი 2013 წლის 22 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის განკარგულებაში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 12 ივნისის №1923 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ყოფილი ... - ქ. ც-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ...ად.
ქ. ც-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 08 მაისის №408 ბრძანების, 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ, ქ. ც-ის სამსახურში - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ც-ის სარჩელი 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე. ქ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნაზე, 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანება ქ. ც-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის შესახებ; ქ. ც-ი აღდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის №3ბ/268-14 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 27 აგვისტოს №4510 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2013 წლის 12 ივნისის №1923 ბრძანებაში და ქ. ც-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ...ად 2013 წლის 22 მაისიდან (საშტატო კატეგორია ,,...“, შტატი №...) და გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 4 სექტემბრის MOD 9 15 00004618 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ... (საშტატო კატეგორია ,,...“, შტატი №...), ქ. ც-ი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2015 წლის პირველი აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აგვისტოს №585 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდა „ვარსკვლავიანი სამხედრო თანამდებობების“ ოპტიმიზაციის ღონისძიებები, კერძოდ, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფში (მათ შორის ... დეპარტამენტში) გაუქმდა ყველა ,,ვარსკვლავიანი“ თანამდებობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 26 სექტემბრის №685 ბრძანებით, სამინისტროს სისტემაში (მათ შორის ... გვარეობაში) ,,ვარსკვლავიანი“ სამხედრო თანამდებობების ნაცვლად დამტკიცდა ძირითადი სამხედრო თანამდებობების საშტატო/წოდებრივი სტრუქტურა, რომლის თანახმად, ძირითად სამხედრო თანამდებობებზე და საშტატო ერთეულებზე, მხოლოდ სამხედრო სტატუსის მქონე პირების დანიშვნაა შესაძლებელი.
ქ. ც-იმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის №3ბ/268-14 გადაწყვეტილების საფუძველზე, გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 სექტემბრის №4889 ბრძანებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა კრედიტორს - ქ. ც-ის.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის 27 სექტემბრის №4889 ბრძანებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (,,სააღსრულებო ფურცელი / აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო“) საფუძველზე, უარი განაცხადა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გაგრძელებაზე და სააღსრულებო ფურცელი, შეუსრულებელი სახით, დაუბრუნა კრედიტორ ქ. ც-ის, რაც მას გასაჩივრებული ჰქონდა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, უკვე დავობდა ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში. შესაბამისად, მართებული იყო საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ვიდრე არ გაირკვეოდა მითითებული სამართალწარმოების საბოლოო შედეგი, მოსარჩელის მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ც-იმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივნისის №1923 ბრძანებით, ქ. ც-ი უკვე დანიშნული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ...ად. ქ. ც-ი 2015 წლის 01 აგვისტოდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. ამდენად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 27 აგვისტოს №4510 ბრძანებით ქ. ც-ი ორჯერ დანიშნეს ერთი და იგივე თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნაცვლად იმისა, რომ აღესრულებინა წლის 29 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ქ. ც-ი აღედგინა, მეორეჯერ გამოსცა ქ. ც-ის საქართველოს შეიარაღებული გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველოს ...ის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ბრძანება ისე, რომ არც აღუდგენია.
ქ. ც-ი აღდგენილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელი გადაწყვეტილებაც კანონიერ ძალაშია. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ევალებოდა მისი სამსახურში აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2014 წლის 29 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 12 ივნისის №1923 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ყოფილი ... - ქ. ც-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ...ად.
ქ. ც-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ც-ის სარჩელი 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე. ქ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნაზე, 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 22 მაისის №1579 ბრძანება ქ. ც-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის შესახებ; ქ. ც-ი აღდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის №3ბ/268-14 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 27 აგვისტოს №4510 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2013 წლის 12 ივნისის №1923 ბრძანებაში და ქ. ც-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ...ად 2013 წლის 22 მაისიდან (საშტატო კატეგორია ,,...“, შტატი №...) და გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 4 სექტემბრის MOD 9 15 00004618 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... განყოფილების ... (საშტატო კატეგორია ,,...“, შტატი №...), ქ. ც-ი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2015 წლის პირველი აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აგვისტოს №585 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდა ვარსკვლავიანი სამხედრო თანამდებობების ოპტიმიზაციის ღონისძიებები, კერძოდ, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფში (მათ შორის ... დეპარტამენტში) გაუქმდა ყველა ,,ვარსკვლავიანი“ თანამდებობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 26 სექტემბრის №685 ბრძანებით, სამინისტროს სისტემაში (მათ შორის ... გვარეობაში) ,,ვარსკვლავიანი“ სამხედრო თანამდებობების ნაცვლად დამტკიცდა ძირითადი სამხედრო თანამდებობების საშტატო/წოდებრივი სტრუქტურა, რომლის თანახმად, ძირითად სამხედრო თანამდებობებზე და საშტატო ერთეულებზე, მხოლოდ სამხედრო სტატუსის მქონე პირების დანიშვნაა შესაძლებელი.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქ. ც-იმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის №3ბ/268-14 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 სექტემბრის №4889 ბრძანებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა კრედიტორს - ქ. ც-ის, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ე.წ. ,,ვარსკვლავიანი“ სამხედრო (მათ შორის, ... დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის) თანამდებობები 2016 წლიდან აღარ არსებობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის №3ბ/268-14 გადაწყვეტილებით ქ. ც-ი აღდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... დეპარტამენტის ... მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე.
საქმეზე დადგენილია, 2015 წლის 27 აგვისტოს MOD 0 15 00004510 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2013 წლის 12 ივნისის №1923 ბრძანებაში, მოსარჩელე 2013 წლის 22 მაისიდან გათავისუფლდა ...ის თანამდებობიდან და დაინიშნა ...ის თანამდებობაზე; ხოლო 2015 წლის 4 სექტემბრის MOD 9 15 00004618 ბრძანებით მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა „...ის“ თანამდებობიდან, 2015 წლის 1 აგვისტოდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის №3ბ/268-14 გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე დავობს ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში (საქმე №3/8410-23). შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, რომ მოსარჩელის ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და ფარგლები არსებითად დამოკიდებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების, სააღსრულებო წარმოებისა და სამართალწარმოების დასრულებასთან და მის შედეგებთან. აღნიშნული საქმეების დასრულების შედეგად იქნება შესაძლებელი განისაზღვროს სასურველ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, შესაძლო იძულებითი განაცდურის სახით, ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, საფუძვლები და ფარგლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე