Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-178(კ-23) 18 დეკემბერი, 2024 წელი

ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ჩ-ი

მესამე პირი (16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 22 ივლისს მ.ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე, 2020 წლის 9 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 3 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, 2018 წლის 21 სექტემბერს მ.ჩ-სა და შპს „...ის“ დირექტორს ( ვ.ჯ-ისა) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N17-ში მდებარე 82 კვ.მ. ფართზე (ს/კ..., დაზუსტებული ფართობი 701.00 კვ.მ). როგორც იჯარის ობიექტი, საოფისე საქმიანობისთვის ქირის ოდენობად განისაზღვრა 600 აშშ დოლარი.

მითითებულია, რომ მეიჯარეს 2018 წლის 01 ნოემბრიდან აღარ გადაუხდია საოფისე ფართით სარგებლობისათვის შეთანხმებული ქირა. ხელშეკრულების მხარემ დატოვა საქართველოს ფარგლები და პრეტენზიის წარდგენა მის მიმართ ვერ განხორციელდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული იყო იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, საიჯარო ქირის გადახდის ვადაგადაცილების გამო, 2019 წლის 22 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 05 აპრილის N... გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განემარტა, რომ მოიჯარის მიერ შესაბამისი (იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული) ნების გამომხატველი სარეგისტრაციო დოკუმენტი სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 აპრილის N... გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებით და მხარემ სასარჩელო წესით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 05 აპრილის N... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება), 2019 წლის 16 აპრილის N... და 2019 წლის 20 ივნისის N... (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება. 2020 წლის 9 დეკემბერს, მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ კი სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა მოპასუხისათვის ზიანის - 3 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულების გაუქმების რეგისტრაციის უკანონოდ განუხორციელებლობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის გამო, მოსარჩელე მ.ჩ-ის სასარგებლოდ 1 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ქართული ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ქირის გადაუხდელობის გამო, მეიჯარეს შეუძლია იჯარის ხელშეკრულების მოშლა, მხოლოდ მოიჯარისათვის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე. მიუთითა, რომ მოსარჩელე მ.ჩ-ისა და შპს „...ის“ დირექტორის (ვ.ჯ-ისა) წარმომადგენელს - ბ.ჯ-ის შორის, მოსარჩელის ინიციატივით, 2019 წლის 22 იანვარს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხელშეკრულება, შპს „...ის“ მიერ 2018 წლის 1 ნოემბრიდან საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულება მოშლილად ჩაითვალა, რამდენადაც საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ბ.ჯ-ის მინიჭებული ჰქონდა უფლება მიმნდობის სახელით მონაწილეობა მიეღო ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში და იგი იყო მიმნდობის წარმომადგენელი შპს „...ში“, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სარეგისტრაციო დოკუმენტის - იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, არ განახორციელა რეგისტრაცია, რაც სასამართლოს მსჯელობით ევალებოდა კანონის შესაბამისად. ამდენად, მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უფლებრივად იყო დატვირთული მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა სხვა პირთან გაფორმებული ხელშეკრულება დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში, რის გამოც მიადგა ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მხოლოდ 1800 აშშ დოლარის ნაწილში. საფუძვლად მიუთითა შპს „ი...სთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის რეგისტრაცია სსიპ საჯარო რეესტრში ვერ განხორციელდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის სახით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა, შპს „ი...სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ვადისა და პირობების (ფასი) შესაბამისად დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უმოქმედობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიიჩნია უპირველესად დადგინდეს და შეფასდეს, სახეზე არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან, შედეგის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს მოცემული დავისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - არსებობს თუ არა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, თავისთავად ზიანის არსებობის ფაქტი არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 1005-ე მუხლები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-7, მე-9, მე-11 მუხლები და ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით მიიჩნია, რომ შპს „...ის“ დირექტორის ვ.ჯ-ას წარმომადგენელი - ბ.ჯ-ი, იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მოქმედებდა შპს „...ის“ დირექტორის ვ.ჯ-ას მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომლის მიხედვით, მას მინიჭებული ჰქონდა უფლება მიმნდობის სახელით მონაწილეობა მიეღო ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში და იგი იყო მიმნდობის წარმომადგენელი შპს „...ში“. არ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრი არ წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების მხარეს, შესაბამისად, მ.ჩ-სთან დადებული იჯარის ხელშეკრულებით სააგენტოს არ წარმოშობია უფლება - მოვალეობები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, სრულყოფილად არ განახორციელა რეგისტრაცია რაც კანონის შესაბამისად ევალებოდა, აღნიშნულით კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ჩ-ის წაერთვა შესაძლებლობა სხვა პირთან სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის პირობებში, იგივე ქონებაზე დაერეგისტრირებინა იჯარა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მისი უფლებამოსილების სფეროში არსებული ფუნქციის - იჯარის გაუქმების რეგისტრაციის განუხორციელებლობის გამო, უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №17; ს/კ...) არ დარეგისტრირდა იჯარის გაუქმება. ამასთან, მ.ჩ-ის შპს „...ის“ მიერ, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო უკვე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული შპს „ი...სთან“ იმ პირობით, თუ იჯარის ხელშეკრულების საგანი საჯარო რეესტრში არ იქნებოდა უფლებრივად დატვირთული 2019 წლის 20 მარტამდე, საიჯარო ქირა თვეში განისაზღვრებოდა 600 აშშ დოლარით. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, ზიანი დადგა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი უფლებამოსილება არ განახორციელა სათანადოდ და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ რეგისტრაციაზე უკანონოდ თქვა უარი. სასამართლომ ზიანის დადგომასთან ერთად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მ.ჩ-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის ნაწილშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა დეტალურად მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2019 წლის 22 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების დარეგისტრირების მოთხოვნით, 2019 წლის 22 იანვარს წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე მიმდინარე წარმოების ეტაპზე დადგინდა, რომ შპს „...ის“ დირექტორის წარმომადგენელს (ბ.ჯ-ის) თანდართული მინდობილობის თანახმად, არ ჰქონდა მინიჭებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება. კასატორის განმარტებით, ვინაიდან, წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი კორექტირებული მინდობილობა, სარეგისტრაციო სამსახურმა სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

კასატორი, ყურადღებას ამახვილებს №... წარმოების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილ შპს „...ის" დირექტორის მიერ გაცემულ მინდობილობაზე, რომელზეც აგებულია ორივე ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, სადაც მითითებულია, რომ შპს „...ის“ დირექტორის ვ.ჯ-ას წარმომადგენელი - ბ.ჯ-ი, იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მოქმედებდა შპს „...ის“ დირექტორის ვ.ჯ-ას მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომლის მიხედვით, მას მინიჭებული ჰქონდა უფლება, მიმნდობის სახელით მონაწილეობა მიეღო ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში. კასატორის მსჯელობით, მინდობილობაში არსებული ჩანაწერი ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა იმგვარად, რომ ჩანაწერი მხარეს ანიჭებდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მინდობილობიდან ასეთი უფლებამოსილება არ დგინდება. კასატორის მოსაზრებით, მართალია მინდობილობით ბ.ჯ-ის უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო სამართლებრივი უფლებამოსილებაა და ამგვარ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება რწმუნებულს მინიჭებული არ ჰქონდა.

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ განზრახულობათა ოქმს, ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნება გამოყენებული იმ გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რომ საჯარო რეესტრის მიერ იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის რეგისტრაციის განუხორციელებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიადგა ფინანსური ზიანი, რამეთუ მოცემული შინაარსის დოკუმენტი შეიძლება გაფორმებული იქნას ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან, ნებისმიერი თარიღის მითითებით. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს უძრავ ნივთზე (ს/კ...) ახალი იჯარის უფლების რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრისთვის კასაციის წარდგენის პერიოდისთვისაც კი არ მიუმართავს. კასატორი მიუთითებს ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაზე (საქმე №3ბ/1156-20; 10.11.2021; საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014) და განმარტავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის. აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზ - შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება კასატორის მსჯელობით, უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. წარმომადგენლის მსჯელობით, მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი კი, რომელიც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება. მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, ზიანის მიმყენებლის ქმედება ხასიათდებოდეს მართლწინააღმდეგობითა და ბრალეულობით. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ერთობლიობაში (კუმულატიურად) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო/ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამოწვეული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას შორის. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ ვინაიდან №... წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების (ადმინისტრაციული აქტების) უკანონობა არ დადგენილა და არ არსებობს უკანონო აქტი, შესაბამისად არ არსებობს ზიანი. მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს მარეგისტრირებელი ორგანოს თუ რომელი უკანონო (გასაჩივრებული) გადაწყვეტილებით/ქმედებით მიადგა ზიანი მოსარჩელეს და შესაბამისად რის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს მითითებული თანხა. კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ უძრავ ნივთზე ახალი იჯარის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრისათვის მოცემული პერიოდისათვის მხარეს არ მიუმართავს, რაც კასატორის მსჯელობით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განზრახულობის ოქმი არ წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის რეგისტრაციის განუხორციელებლობით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების უტყუარ მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმებით, კასატორი ითხოვს უარი ეთქვას მ.ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ - სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.

განსახილველ დავაში მოსარჩელე მ.ჩ-ი ითხოვს საჯარო რეესტრში, იჯარის ხელშეკრულების გაუქმების რეგისტრაციის განუხორციელებლობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, მისი მოსამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მ.ჩ-ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების დავალების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისას გადამწყვეტია დადგინდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით განსაზღვრული აუცილებელი პირობების არსებობა.

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.ჩ-ისა და შპს „...ის“ (წარმოდგენილი მისი დირექტორით - ვ.ჯ-სა) შორის, 2018 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი - საოფისე ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №17 (ს/კ....). იჯარის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 (თორმეტი) თვე, კერძოდ, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან - 2019 წლის 01 ოქტომბრამდე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, იჯარის ობიექტის სარგებლობისთვის განისაზღვრა ანგარიშსწორება ყოველთვიურად - 600 (ექვსასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის პირობად სხვა პირობებთან ერთად მითითებულია, რომ საიჯარო თანხის 10 (ათი) სამუშაო დღითა ან მეტით ვადაგადაცილების შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება. დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 27 სექტემბერს, იჯარის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე მ.ჩ-სა და ბ.ჯ-ის (შპს „...ის“ დირექტორის ვ.ჯ-ას წარმომადგენელი) შორის, 2019 წლის 22 იანვარს, მოსარჩელის ინიციატივით გაფორმდა 2018 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხელშეკრულება.

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.ჩ-იმა 2019 წლის 22 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2019 წლის 22 იანვრის ხელშეკრულება, დაინტერესებული პირის და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვა იჯარის რეგისტრაციის გაუქმება, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე - საოფისე ფართზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №17 (ს/კ ...).

მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის საჭიროა განხილულ იქნეს მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის უფლება - მოვალეობები, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისა და უშუალოდ ასეთი რეგისტრაციის განხორციელების დროს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილებით N... განცხადებაზე (22.01.2019 წელი) შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი მინდობილობით ბ.ჯ-ის არ აქვს მინიჭებული იჯარის შეწყვეტის უფლებამოსილება. დაინტერესებულ პირს დაევალა მოქმედი, ძალაში მყოფი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 მარტის N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის მოტივით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) მ.ჩ-ი სარჩელით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებაზე მითითებით, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შესაფასებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფისა და შესაბამისად უკანონო ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამ ნორმების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ. გამონაკლისის სახით, ანუ როდესაც რესტიტუციის გზით შელახული სამართლებრივი სიკეთის, ან დარღვეული უფლების აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, ან არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, კრედიტორს მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ანუ ზიანი ანაზღაურდეს მატერიალური ბალანსის აღდგენის გზით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზოგადად, ვალდებულების დარღვევა (უკანონო მმართველობითი ღონისძიება) სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ - ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

იმისათვის, რომ დადგინდეს სახეზე არის თუ არა ზიანის ანაზღაურების წარმოშობისათვის აუცილებელი პირველი პირობა - ქმედება, საკასაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ (სადავო პერიოდის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება. კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული მონაცემები შეიძლება წარდგენილი იქნეს, ასევე დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ან ავტორიზებული პირის მეშვეობით. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით კანონმდებლის მიერ განიმარტა დაინტერესებული პირი, რომელიც არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 იანვრის N... გადაწყვეტილებით ირკვევა, N... განცხადებაზე (22.01.2019 წელი) შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი მინდობილობით ბ.ჯ-ის არ აქვს მინიჭებული იჯარის შეწყვეტის უფლებამოსილება. დაინტერესებულ პირს დაევალა მოქმედი, ძალაში მყოფი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

საქმეში წარმოდგენილი ...ის საჯარო ნოტარიუსის ბიუროში 2019 წლის 5 იანვარს შედგენილი N... მინდობილობით დგინდება, რომ მიმნდობმა - ვ.ჯ-ამ (დაბადებული ... ... ... წელი) მინდობილ პირს ბ.ჯ-ის (დაბადებული ... ... ... წელი) მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება, კერძოდ, მინდობილობის საგანია: მიმნდობის ყველა ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, იყოს მიმნდობის წარმომადგენელი ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, პოლიციის დეპარტამენტში, სასამართლოში, პროკურატურაში და საქართველოს სხვა იურიდიულ ორგანოებში. იყოს მიმნდობის წარმომადგენელი ...-ში კოდი: ... მიმნდობის მითითებით, აწარმოოს, მოაგვაროს, გააფორმოს და შეასრულოს ადმინისტრაციული და ფინანსური საქმეები, შეიტანოს სარჩელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, წარადგინოს შუამდგომლობა, დაესწროს სასამართლოს სხდომებს ყველა ინსტანციის სასამართლოში, საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს ჩათვლით გამოვიდეს მიმნდობის სახელით როგორც მოპასუხე ფიზიკური პირი და იურიდიული პირების მიერ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, დაიცვას მიმნდობის უფლებები, დაესწროს დაწესებულებების, სასამართლოების, კომისიების სხდომებს, წარადგინოს შეპასუხება მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვოს იურიდიული გამოკვლევა, დანიშნოს და გაათავისუფლოს რწმუნებული და განახორციელოს წინამდებარე მინდობილობის საგნის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ფორმალობა. მინდობილი პირი წარმოადგენს მიმნდობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც გააჩნია წინამდებარე მინდობილობის საგნის განხორციელებისათვის საჭირო ყველა მოქმედების შესრულების უფლება. მინდობილი პირის მიერ გაფორმებულ ნებისმიერ აქტს და მის ხელმოწერას გააჩნია იგივე ძალა, რაც მიმნდობის აქტს და ხელმოწერას.

დასახელებული მინდობილობით კონკრეტული სახის დავალების - მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება არ იკვეთება ჩამონათვალ უფლებამოსილებებში, რაც საფუძველია დასკვნისათვის, რომ წარმოდგენილი მინდობილობა მოიჯარის სახელით ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას არ ადგენს. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე ნება გამოვლენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, აღნიშნულმა კი ხარვეზიანად აქცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს იმ მსჯელობას, რომ მართალია აღნიშნული მინდობილობით ბ.ჯ-ს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო სამართლებრივი უფლებამოსილებაა და ამგვარ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება რწმუნებულს მინიჭებული არ ჰქონდა. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის Nბს-897(კ-21) განჩინებაში განვითარებულ შემდეგ მსჯელობაზე: "საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დასახელებული მინდობილობით კონკრეტული სახის დავალების - მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება არ იკვეთება ჩამონათვალ უფლებამოსილებებში, უფრო მეტიც, აღნიშნული უფლებამოსილებით აღჭურვა არ ვლინდება 2016 წლის 28 ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ წარმოდგენილი მინდობილობა მყიდველის სახელით ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას არ ადგენს და შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე ნება გამოვლენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, შპს ... წარმომადგენლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი ხარვეზიანი იყო და არ ქმნიდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების საფუძველს".

საკასაციო პალატა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობისა და ამ საფუძვლით, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედებაში არ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები - ზიანის მიყენება მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მიზეზობრივი კავშირის არსებობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს საჩივრის ავტორის იმ შეფასებას, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები. ზიანის ფაქტის არსებობისა და აღნიშნული ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამასთან მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. აქვე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც მოცემული დავის, ასევე სხვა ადმინისტრაციული დავის ფარგლებში არ დადგენილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების, კერძოდ იმ აქტების უკანონობა, რომლითაც როგორც მოსარჩელე (მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე) მიიჩნევს, უკანონოდ ეთქვა უარი მასსა და ბ.ჯ-ის (შპს „...ის“ დირექტორის ვ.ჯ-ას წარმომადგენელი) შორის ქირის გადაუხდელობის საფუძვლით, იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2019 წლის 22 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მ.ჩ-სა და „...ის“ შორის 2019 წლის 21 იანვარს გაფორმებულ განზრახულობის ოქმს, რომელიც საფუძველი გახდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და მსჯელობის გათვალისწინებით არ არის საკმარისი ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს უძრავ ნივთზე (ს/კ...) ახალი იჯარის უფლების რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრისთვის, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც არ მიუმართავს.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისაკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ასევე ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამასთან, აღნიშნულის დამადასტურებელი საწინააღმდეგო რაიმე მტკიცება მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად არ იქნა წარმოდგენილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი კი მიეკუთვნება სასამართლო ხარჯებს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მ.ჩ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი + 309.38 (სამას ცხრა ლარი და 38 თეთრი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მ.ჩ-ის (პ/ნ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ (ს/კ...) უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 667.16 (ექვსას სამოცდაშვიდი ლარი და 16 თეთრი) (201 + 466.16) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მ.ჩ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი + 309.38 (სამას ცხრა ლარი და 38 თეთრი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. მ.ჩ-ის (პ/ნ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ (ს/კ...) დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 667.16 (ექვსას სამოცდაშვიდი ლარი და 16 თეთრი) (201 + 466.16) ლარის ანაზღაურება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე