საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-383(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ე.მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 28 აპრილს ე.მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ე.მ-ის მიერ უცხოეთში - უკრაინაში, „...ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2010 წლის 30 ივნისს ე.მ-ის სახელზე გაიცა დიპლომი, რომლითაც მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია, სპეციალობით - სამართალი. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის №... გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ე.მ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება, თუმცა იგი ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილება დასაბუთებულ იქნა იმ გარემოებით, რომ „...“-ს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 30 ივნისით დათარიღებული დიპლომი ე.მ-ის არ მინიჭებია.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქმისწარმოების ფარგლებში, მოპასუხემ შესაბამისი წერილით მიმართა არა დიპლომის გამცემ, არამედ სხვა უნივერსიტეტს, რომლისგანაც ვერ მიიღო შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, მოსარჩელის მიერ ცენტრში წარდგენილ იქნა დიპლომი, ნიშნების ფურცელი უკრაინულ ენაზე, რომელიც ნათარგმნი იყო ქართულად. აღნიშნულ დოკუმენტში უნივერსიტეტი მოხსენიებული იყო უკრაინულ ენაზე, როგორც ...ის ეროვნული უნივერსიტეტი ს/კ...-ით და არა ინგლისური დასახელებით „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე.მ-ის მიერ უცხოეთში - „...ის ეროვნული უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნა შესწორება და დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება; დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე.მ-ის მიერ უცხოეთში - „...ის ეროვნული უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.“
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 7 სექტემბერს ე.მ-ის წარმომადგენელმა ო.ჟ-ამ №... განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და უცხოეთში - ...ში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ „...ის ეროვნული უნივერსიტეტის“ მიერ 2010 წლის 30 ივნისს ე.მ-ის სახელზე გაცემული, ... ბაკალავრის დიპლომის თანახმად, ე.მ-იმა 2010 წელს დაამთავრა ...ის ეროვნული უნივერსიტეტი და მიიღო საბაზისო უმაღლესი განათლება მომზადების განხრით „სამართალი“ და მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია. უმაღლესი განათლების დიპლომის ...-ის ... დანართის თანახმად კი, ე.მ-იმა, (დაბადების თარიღი: ... ... ...წ.) დაუსწრებელი სწავლების ფორმატით, სპეციალობა სამართალმცოდნეობა, ჩარიცხვის თარიღი: 01.09.2007წ., გამოშვების თარიღი: 21.06.2010წ. გაიარა შემდეგი დისციპლინები: უკრაინული ენა (პროფესიული განხრით) - კარგი, 90 სასწავლო საათი. ფსიქოლოგია - ჩათვლა, 54 სასწავლო საათი. ეთიკა და ესთეტიკა - ჩათვლა, 27 სასწავლო საათი. ლოგიკა - ჩათვლა, 54 სასწავლო საათი. იურიდიული დეონტოლოგია - ჩათვლა, 27 სასწავლო საათი. სახელმწიფოსა და სამართლის თეორია - კარგი, 198 სასწავლო საათი. უცხო ქვეყნის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია - კარგი, 198 სასწავლო საათი. სახელმწიფოსა და სამართლის სწავლების ისტორია - კარგი, 108 სასწავლო საათი. უკრაინის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები - დამაკმაყოფილებელი, 108 სასწავლო საათი. უკრაინის საკონსტიტუციო სამართალი - კარგი, 162 სასწავლო საათი. უცხო ქვეყნის საკონსტიტუციო სამართალი - კარგი, 144 სასწავლო საათი. ადმინისტრაციული სამართალი - კარგი, 180 სასწავლო საათი. საფინანსო სამართალი - კარგი, 126 სასწავლო საათი. სამოქალაქო სამართალი - დამაკმაყოფილებელი, 450 სასწავლო საათი. საოჯახო სამართალი - ჩათვლა, 72 სასწავლო საათი. სისხლის სამართალი - კარგი, 504 სასწავლო საათი. შრომის სამართალი - დამაკმაყოფილებელი, 216 სასწავლო საათი. ეკოლოგიის სამართალი - კარგი, 126 სასწავლო საათი. სისხლის სამართლის პროცესი - კარგი, 252 სასწავლო საათი. სამოქალაქო სამართლის პროცესი - კარგი, 216 სასწავლო საათი. კრიმინალისტიკა - კარგი, 216 სასწავლო საათი. საერთაშორისო სამართალი - კარგი, 108 სასწავლო საათი. ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძვლები - კარგი, 126 სასწავლო საათი. სიცოცხლის უსაფრთხოება და სამოქალაქო თავდაცვა - ჩათვლა, 54 სასწავლო საათი. ლათინური ენა - ჩათვლა, 72 სასწავლო საათი. მუნიციპალური სამართალი - დამაკმაყოფილებელი, 144 სასწავლო საათი. რომის სამართალი - კარგი, 108 სასწავლო საათი. ბუღალტრული აღრიცხვის სამართლებრივი რეგულირება - ჩათვლა, 72 სასწავლო საათი. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა - ჩათვლა, 54 სასწავლო საათი. სამეურნეო სამართალი - კარგი, 180 სასწავლო საათი. სატრანსპორტო სამართალი - ჩათვლა, 54 სასწავლო საათი. კრიმინოლოგია - ჩათვლა, 72 სასწავლო საათი. აგრარული სამართალი - კარგი, 108 სასწავლო საათი. საპროკურორო ზედამხედველობა - კარგი, 108 სასწავლო საათი. საინფორმაციო ტექნოლოგიები იურიდიულ საქმიანობა - ჩათვლა, 108 სასწავლო საათი. სოციალური უზრუნველყოფის სამართალი, - ჩათვლა, 90 სასწავლო საათი. უცხო ქვეყნის სამეურნეო სამართალი - კარგი, 144 სასწავლო საათი. მიწის სამართალი - ჩათვლა, 72 სასწავლო საათი. სამართლის ფილოსოფია - ჩათვლა, 90 სასწავლო საათი. სამეცნიერო კვლევების საფუძვლები - ჩათვლა, 54 სასწავლო საათი. საინფორმაციო-საძიებო სამართლის სისტემები - ჩათვლა, 54 სასწავლო საათი. სამართლის თეორიების პრობლემები - ჩათვლა, 72 სასწავლო საათი. პირველი კურსის საკურსოს ნაშრომი - კარგი. მეორე კურსის საკურსოს ნაშრომი - კარგი. მესამე კურსის საკურსოს ნაშრომი - კარგი. მეოთხე კურსის საკურსოს ნაშრომი - კარგი. დისციპლინები სტუდენტის არჩევით - 720 ჩათვლა, სულ: 6660 საათი. კომპლექსური გამოცდა 21.06.2010 წლის №3 ოქმი - კარგი. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე.მ-ის მიენიჭა კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №MES... გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ე.მ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება, რამდენადაც ე.მ-ისათვის მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამებოდა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაციას. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის მფლობელი უფლებამოსილი იყო უკრაინაში სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების მე-2 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ე.მ-ი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მე-7 დონის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი გადაწყვეტილება ბათილად იქნებოდა ცნობილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის საპირისპირო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა 2020 წლის 8 სექტემბერს №792028 წერილით მიმართა „...“-ს ე.მ-ის მიერ მიღებული განათლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, რომლის №... (ცენტრში რეგისტრაციის №...) კორესპონდენციით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 30 ივნისით დათარიღებული ... ბაკალავრის დიპლომი ე.მ-ის არ მინიჭებია. ამავე წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს ეცნობა, რომ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წლის 12 ივლისის №758 ბრძანებით მიიღო თანამშრომელთა წინადადება ...ის ეროვნული უნივერსიტეტისათვის ...ის სახელის მინიჭებაზე. 2016 წლის 4 ოქტომბერს იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრი განახლდა შესაბამისი ინფორმაციით უნივერსიტეტის სახელის შესახებ - ...ის სახელობის ...ის ეროვნული უნივერსიტეტი.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №MES... გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედო „...“-ის №... (ცენტრში რეგისტრაციის №...) კორესპონდენცია, რომლითაც არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიმართ 2010 წლის 30 ივნისით დათარიღებული ... ბაკალავრის დიპლომის გაცემის ფაქტი.
2021 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ე.მ-იმა მიმართა შუამდგომლობით და წარმოადგინა ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორის მიერ 2021 წლის 17 მაისს გაცემული ცნობა დედნის სახით, რომელიც ხელმოწერილი და დადასტურებული იყო ბეჭდით და ერთვოდა სანოტარო წესით თარგმნილი დოკუმენტი ქართულ ენაზე. მოცემული ცნობის თანახმად, ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებდა ე.მ-ის სახელზე (დაბ. თარიღი: ... ... ...წ. პ/ნ: №...) ...ის ... უნივერსიტეტის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობას, რომლის თანახმად მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია, მომზადების მიმართულებით „სამართალი“. უნივერსიტეტის ტიტულიან ფურცელზე კი, მითითებულ იქნა შემდეგი რეკვიზიტები: ..., ...ის ქუჩა ... ... უკრაინა, კონტაქტ-ცენტრი ... ... .
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა 2021 წლის 29 ივნისს წერილით მიმართა ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტს ელ.მისამართზე: ...-ს მის მიერ გაცემულ ინფორმაციებს შორის წინააღმდეგობის დაზუსტების მიზნით, თუ რომელი კორესპონდენციის შინაარსი შეესაბამებოდა სიმართლეს.
2021 წლის 30 ნოემბერს ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორის მიერ გაიცა ცნობა, რომელიც საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ 2021 წლის 21 დეკემბერს. დასახელებული ცნობა კვლავ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტმა გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოთხოვნა №..., რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბაკალავრის ხარისხი ე.მ-ისათვის გაცემული არ იყო. ეს შეცდომა დაშვებული იყო განათლების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ხარვეზით. წარმოდგენილი ცნობით დადასტურებულ იქნა 2021 წლის 17 მაისის ცნობაში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.მ-ის სახელზე (დაბ. თარიღი: ... ... ...წ. პ/ნ: №...) ...ის ... უნივერსიტეტის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გაიცა ... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია - სამართალი, სპეციალობა-სამართალმცოდნეობა. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობა გაგზავნილ იქნა როგორც ე.მ-ის, ასევე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ელ.ფოსტაზე, კერძოდ: ... -ზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ მიიღო ე.მ-ის მიერ უკრაინაში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე „...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის“ მიერ გაცემული თანდართული საგანმანათლებლო დოკუმენტი ელ. მისამართზე, თუმცა მისთვის სადავო გარემოებას წარმოადგენდა უნივერსიტეტის ელ. მისამართი, საიდანაც მოხდა მათთვის დოკუმენტების გაგზავნა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №MES... მიმართვით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეწოდა მასთან არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, მოქალაქე ე.მ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2006 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე. საზღვრის კვეთის ფაქტი ფიქსირდებოდა 2006 წლის 16 იანვარი (გასვლა) და 2006 წლის 19 იანვარი (შემოსვლა). 2006 წლის 13 მარტი (გასვლა) და 2006 წლის 14 მარტი (შემოსვლა). 2009 წლის 15 თებერვალი (გასვლა). 2009 წლის 23 თებერვლის გასვლა და 2009 წლის 23 თებერვალი (შემოსვლა), 2009 წლის 10 მარტი (გასვლა) და 2009 წლის 11 მარტი (შემოსვლა). 2009 წლის 11 მარტი (შემოსვლა) და 2009 წლის 18 მარტი (გასვლა). 2009 წლის 18 მარტი (შემოსვლა). 2009 წლის 18 მაისი (გასვლა) და 2009 წლის 18 მაისი (შემოსვლა). 2009 წლის 21 მაისი (გასვლა) და 2009 წლის 24 მაისი (შემოსვლა). 2009 წლის 20 ივნისი (გასვლა და 2009 წლის 20 ივნისი (შემოსვლა), 2009 წლის 5 ივლისი (გასვლა) და 2009 წლის 5 ივლისი (შემოსვლა). 2009 წლის 28 ივლისი (გასვლა) და 2009 წლის 28 ივლისი (შემოსვლა). 2009 წლის 05 აგვისტო (გასვლა) და 2009 წლის 5 აგვისტო (შემოსვლა), 2009 წლის 2 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 4 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 5 დეკემბერი (გასვლა) 2009 წლის 5 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 7 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 9 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 11 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 11 დეკემბერი (შემოსვლა), 2009 წლის 11 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 13 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 14 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 15 დეკემბერი (შემოსვლა) 2009 წლის 15 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 15 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 18 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 21 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 25 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 25 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 28 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 30 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 30 დეკემბერი (გასვლა) და 2009 წლის 30 დეკემბერი (შემოსვლა). 2009 წლის 24 იანვარი (გასვლა) და 2010 წლის 26 იანვარი (შემოსვლა). 2010 წლის 26 იანვარი (გასვლა) და 2010 წლის 13 მარტი (შემოსვლა). 2010 წლის 18 მარტი (გასვლა) და 2010 წლის 1 აპრილი (შემოსვლა). 2010 წლის 7 აპრილი გასვლა და 2010 წლის 08 აპრილი (შემოსვლა). 2010 წლის 19 აპრილი (გასვლა) და 2010 წლის 27 მაისი (შემოსვლა). 2010 წლის 8 ივნისი (გასვლა) და 2010 წლის 9 ივლისი (შემოსვლა). 2010 წლის 12 ივლისი (გასვლა) და 2010 წლის 24 ივლისი (შემოსვლა). 2010 წლის 7 ნოემბერი (გასვლა) და 2010 წლის 28 ნოემბერი (შემოსვლა).
საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლითაც ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებდა ე.მ-ის სახელზე (დაბ.თარიღი ... ... ...წ. წელი პირადი №...) ...ის ... უნივერსიტეტის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გაცემული ... ბაკალავრის დიპლომისა და მისი დანართის ნამდვილობას, რომლის თანახმად მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია, მომზადების მიმართულებით „სამართალი“. იგი ასევე მიუთითებდა არასწორი ინფორმაციის გაცემის მიზეზს, კერძოდ, შეცდომა დაშვებული იქნა განათლების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ხარვეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების მიღებას და მოსარჩელისათვის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, აღმოფხვრილი იყო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი ადასტურებდა მოსარჩელის მიერ უმაღლესი განათლების მიღებას უკრაინაში და შესაბამისად, გაბათილებული იყო მოპასუხის მიერ მითითებული, მისთვის უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის გარემოებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა მისი დასკვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ იქნა ...ის სახელობის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის 2022 წლის 30 ივნისის №... წერილი, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეცნობა, რომ 2010 წლის 30 ივნისით დათარიღებული ... ბაკალავრის დიპლომი მენეჯმენტის სპეციალობით გაიცა სხვა პიროვნების სახელზე. 2020 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული №... სერტიფიკატი გაცემული იყო ...ის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ. სერტიფიკატების ასლები, რომელთა გაცემის თარიღები იყო: 17.05.2021 და 30.11.2021 შეიცავდნენ გაყალბების ნიშნებს და ისინი არ იყო გაცემული ...ის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გამოკვლეული იქნა ე.მ-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ... ბაკალავრის დიპლომი და დანართი, რომელიც დამოწმებული იყო შესაბამისი ბეჭდით და აღჭურვილი იყო დოკუმენტის სიყალბისაგან დამცავი მექანიზმებით. აღნიშნული მტკიცებულების, ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორის მიერ 2021 წლის 17 მაისს გაცემული ცნობისა და 2021 წლის 30 ნოემბრის ცნობის ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების მიღებას და მოსარჩელისათვის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, აღმოფხვრილი იყო, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ უმაღლესი განათლების მიღება უკრაინაში და გაბათილებული იყო მოპასუხის მიერ მისთვის უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის გარემოებები. რაც შეეხება ...ის სახელობის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის 2022 წლის 30 ივნისის №... წერილში ასახულ ინფორმაციას და ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას 2021 წლის 17 მაისს გაცემული ცნობასა და 2021 წლის 30 ნოემბრის ცნობის შესაძლო სიყალბის შესახებ, აღნიშნული დღევანდელი სამართლებრივი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებულ განჩინებაში, ე.მ-ის დიპლომი შეფასებული აქვს, როგორც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ პირობებში, როდესაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წლის 1 ივლისს „... “-ს მიერ წარდგენილ იქნა №741642 კორესპონდენცია, რომლის თანახმად, ე.მ-ის სახელზე არ გაცემულა მის მიერ წარდგენილი დიპლომი და სერტიფიკატები. კერძოდ, ცენტრს ეცნობა, რომ ერთიანი საგანმანათლებლო მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2010 წლის 30 ივნისით დათარიღებული ... ბაკალავრის დიპლომი, გაიცა სხვა პირის სახელზე. 2020 წლის 29 თებერვლის სერტიფიკატი გაცემული იყო ...ის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ, ხოლო სერტიფიკატის ასლები, რომელთა გაცემის თარიღები იყო: 17.05.2021 და 30.11.2021, შეიცავდნენ გაყალბების ნიშნებს და ისინი არ იყო გაცემული ...ის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ. ცენტრმა მიიღო რეკომენდაცია, სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირების თაობაზე. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზედმეტი იყო საუბარი აქტის მიმართ კანონიერ ნდობასა და პირის კერძო ინტერესებზე. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიღო მხედველობაში ურთიერთსაწინააღმდეგო წერილების შინაარსი, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არაერთხელ განმარტა, რომ უნივერსიტეტის 2021 წლის 30 ნოემბრის ცნობა გამოგზავნილ იქნა ელ. ფოსტიდან, რომელიც არ ფიქსირდებოდა როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ელ. ფოსტა და დიდი ალბათობით იყო ყალბი.
რაც შეეხება ცენტრის თავდაპირველ გადაწყვეტილებას ე.მ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, კასატორმა განმარტა, რომ დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით მან მიმართა შესაბამის დაწესებულებას. ინფორმაციის მოწოდებამდე კი, განმცხადებლის უფლებების დაზარალებისგან თავის არიდების და ადმინისტრაციულ წარმოებაზე გონივრულ დროში რეაგირების მიზნით, გამოსცა პირობითი გადაწყვეტილება, რომელშიც მხარეს განუმარტა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის საპირისპირო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება ბათილი იქნებოდა გამოცემის მომენტიდან. შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდგომ კი, ცენტრმა ბათილად ცნო მისივე გადაწყვეტილება ე.მ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, ამასთან განმცხადებელს ეცნობა, რომ დოკუმენტაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას. კასატორი მიიჩნევს, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებული იყო შესაძლებლობას მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო. ამდენად, ცენტრი მიიჩნევს, რომ მან დაიცვა აქტის გამოცემის როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერება და საქმის ყოველმხრივი, სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოკვლევის შემდეგ მივიდა საბოლოო შედეგამდე.
კასატორის განმარტებით, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს და იგი ადმინისტრაციული ორგანოსთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავისი მმართველობის ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ცენტრს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. კასატორი მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი მოცემულ შემთხვევაში ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა, რაც სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და უცხოეთში - ...ში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა. მან წარადგინა „...ის ეროვნული უნივერსიტეტის“ მიერ 2010 წლის 30 ივნისს ე.მ-ის სახელზე გაცემული, ... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად, ე.მ-იმა 2010 წელს დაამთავრა ...ის ეროვნული უნივერსიტეტი, მიიღო საბაზისო უმაღლესი განათლება მომზადების განხრით - სამართალი და მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია. შედეგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №MES... გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ე.მ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი გადაწყვეტილება გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნებოდა ცნობილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის საპირისპირო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში.
ასევე დადგენილია, რომ „...“-მა 2020 წლის 8 სექტემბრის №792028 წერილზე გაცემულ პასუხში ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდასტურა 2010 წლის 30 ივნისით დათარიღებული ბაკალავრის დიპლომის ე.მ-ის სახელზე გაცემა, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №MES... გადაწყვეტილება.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორის სახელით 2021 წლის 17 მაისს გაცემული ცნობა, რომელშიც ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებდა ე.მ-ის სახელზე ...ის ... უნივერსიტეტის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობას, რომლის თანახმად მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია, მომზადების მიმართულებით „სამართალი“. უნივერსიტეტის ტიტულიან ფურცელზე მითითებულ იქნა შემდეგი რეკვიზიტები: ..., ...ის ქუჩა ... ... უკრაინა, კონტაქტ-ცენტრი ... ... ამასთან, ცნობას ერთვის სანოტარო წესით თარგმნილი დოკუმენტი ქართულ ენაზე.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის 29 ივნისს წერილით მიმართა ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტს ელ.მისამართზე:..., მის მიერ გაცემულ ინფორმაციებს შორის წინააღმდეგობის დაზუსტების მიზნით, კერძოდ, თუ რომელი კორესპონდენციის შინაარსი შეესაბამებოდა სიმართლეს. 2021 წლის 30 ნოემბერს ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორის სახელით გაიცა ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაგზავნილი №... დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ბაკალავრის ხარისხი ე.მ-ისათვის გაცემული არ იყო, შეიცავდა შეცდომას, რომელიც დაშვებული იყო განათლების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ხარვეზის გამო. წარმოდგენილი ცნობით დადასტურებულ იქნა 2021 წლის 17 მაისის ცნობაში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.მ-ის სახელზე ...ის ... უნივერსიტეტის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გაიცა ... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია - სამართალი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა. 2021 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობა გაგზავნილ იქნა როგორც ე.მ-ის, ასევე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ელ. ფოსტაზე, კერძოდ: ... -ზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ცენტრის მიერ სადავო გარემოებას წარმოადგენდა სწორედ უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართი, საიდანაც მოხდა მათთვის დოკუმენტების (30.11.2021წ. ცნობა) გაგზავნა.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ...ის სახელობის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის 2022 წლის 30 ივნისის №... წერილი, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეცნობა, რომ 2010 წლის 30 ივნისით დათარიღებული ბაკალავრის დიპლომი ... მენეჯმენტის სპეციალობით, გაიცა სხვა პირის სახელზე. 2020 წლის 29 სექტემბრის №... სერტიფიკატი გაცემული იყო ...ის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ, ხოლო სერტიფიკატების ასლები, რომელთა გაცემის თარიღებია: 17.05.2021 და 30.11.2021 შეიცავდნენ გაყალბების ნიშნებს და ისინი არ იყო გაცემული ...ის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ თითოეული ადამიანის განათლების უფლების აღიარება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად კი, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ განათლების მიღების უფლება გულისხმობს ყოველი პირისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარების და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კიელდსენი, ბასკ მადსენი და პედერსენი დანიის წინააღმდეგ“, §52, 07.12.1976წ.). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობა არის განათლების უფლების მხოლოდ ნაწილი, ამ უფლების ეფექტურობისათვის ინდივიდს, რომელიც ამ უფლებით სარგებლობს, უნდა ჰქონდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების უფლება ანუ სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად და დადგენილი ფორმით მის მიერ დასრულებული სწავლის აღიარების უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Belgium lingwistic“ §B4, 23.07.1968წ.; „ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ“ §152, 10.11.2005წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. დასახელებული მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაკალავრი წარმოადგენს იმ აკადემიური ხარისხის მფლობელს, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება.
განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრი, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია, ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარების უფლებამოსილებას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აკისრებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც განმსაზღვრავს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს ერთი მხრივ გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება, ხოლო მეორე მხრივ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა) (იგივე შინაარსის დანაწესს შეიცავს აგრეთვე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ხოლო დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დიპლომის ნამდვილობის აღიარების მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიპლომის მფლობელის მიერ შესაბამისი პროფესიით მუშაობის გაგრძელებასა და საკუთარი თავის პროფესიულ განვითარებასთან, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის ყოველი შემთხვევა განსაკუთრებული სიფრთხილით იქნეს შეფასებული, როგორც საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ასევე სასამართლო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერაც, რომელმაც შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს ფიზიკური პირის უფლებაში აღდგენა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საკითხი უნდა შეაფასოს თანაზომიერების პრინციპის მხედველობაში მიღებით და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ფიზიკური პირის უფლების მომეტებული შეზღუდვა და ასეთი შეზღუდვა ემყარებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევას/მიზანს და იყოს უფლებაში ჩარევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ არის გამხდარი დიპლომის მოსარჩელის სახელზე გაცემის ფაქტი, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, კერძოდ ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ ცენტრში წარდგენილი იყო „...ის ეროვნული უნივერსიტეტის“ მიერ 2010 წლის 30 ივნისს ე.მ-ის სახელზე გაცემული, ... ბაკალავრის დიპლომი და ...ის სახელობის ...ის ... უნივერსიტეტის რექტორის მიერ 2021 წლის 17 მაისის ცნობა (ცნობა ცენტრს გადაეგზავნა იმ ელ. ფოსტით, რომლის ნამდვილობა სადავოდ იქნა გამხდარი ცენტრის მიერ) და 2021 წლის 30 ნოემბრის ცნობა, რომლებიც ადასტურებდნენ ე.მ-ის სახელზე ...ის ... უნივერსიტეტის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობას, ხოლო მეორე მხრივ, თავად ცენტრის მიერ ...ის ...ის ... უნივერსიტეტისთვის გაგზავნილი კორესპონდენციების პასუხად, უნივერსიტეტიდან წარდგენილი №... და 2022 წლის 30 ივნისის №... წერილები, რომლებიც უარყოფდნენ 2010 წლის 30 ივნისის ... დიპლომის ე.მ-ის სახელზე გაცემას. გარდა ამისა, უნივერსიტეტის 2022 წლის 30 ივნისის №... წერილით დამატებით ყურადღება გამახვილებულ იქნა იმაზე, რომ სერთიფიკატების ასლები, რომელთა გაცემის თარიღები იყო 17.05.2021 და 30.11.2021 არ იყო გაცემული ...ის ...ის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ და ისინი შეიცავდნენ გაყალბების ნიშნებს.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების კანონიერების და „...ის ეროვნული უნივერსიტეტის“ მიერ 2010 წლის 30 ივნისს ე.მ-ის სახელზე გაცემული, ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს საქმის ირგვლივ რეალური, ნამდვილი და უტყუარი მტკიცებულებების მოძიებას, ასეთს კი პირველ რიგში სწორედ დიპლომის გამცემი უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების გაცნობის შედეგად, იკვეთება რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ არის გამოკვლეული საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები და ისინი დამატებით კვლევას/შეფასებას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალა, კერძოდ თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი და ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; იმ პირობებში კი, როდესაც არ იყო დადგენილი, წარდგენილი მტკიცებულებებიდან (წერილებიდან) რომელი იყო უნივერსიტეტის მიერ გაცემული ნამდვილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, ამ გარემოების უტყუარად დადგენის გარეშე, შეუძლებელი იყო წარდგენილი მტკიცებულებებიდან რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება. სწორედ პირველადი წყაროდან (უნივერსიტეტიდან) მიღებული (დამატებით მოსაპოვებელი) მონაცემების ობიექტური შეფასება და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა უზრუნველყოფს საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალა არ შეიცავს იმგვარ დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სადავო აქტის კანონიერებასთან დაკავშირებული გარემოებების ობიექტურად შეფასებას. მართალია სამართალწარმოების ფარგლებში ორივე მხარის მიერ იქნა წარდგენილი შესაბამისი პოზიციები და დოკუმენტები, მათ შორის კასატორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ეტაპზე დამატებით წარადგინა უნივერსიტეტიდან მიღებული კიდევ ერთი წერილი, რომელიც მის პოზიციას ამყარებდა, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას ამოწმებს არა ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გატარებული საკმარისი ღონისძიებები იმ გარემოებების შესახებ რეალური ინფორმაციის გამოსაკვეთად, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ე.მ-ის მიმართ დიპლომის გაცემის ფაქტის და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად. ამასთან, თავად ცენტრის მითითებით, ე.მ-ისთვის დიპლომის გაცემის თაობაზე ცნობების ნამდვილობასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, თუმცა გაურკვეველია კონკრეტულ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებული გამოძიების შედეგი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკა, რომლის თანახმად, დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში შესაფასებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან (სუსგ №ბს-623-610(კ-14), 21.01.2016წ; №ბს-1205(კ-21), 06.02.2024წ.).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით არის საჭირო მის მიმართ დიპლომის გაცემის ფაქტთან და ნამდვილობასთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილი მოძიება/კვლევა და მათი დეტალური ანალიზი, რაც შესაძლოა გამოხატულ იქნეს ...ის ...ის ... უნივერსიტეტიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში არა მხოლოდ ე.მ-ის მიმართ დიპლომის გაცემის ფაქტის, არამედ უნივერსიტეტის ოფიციალური რეკვიზიტების (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი) შესახებ, რათა გამოიკვეთოს ცენტრის მიერ სადავოდ გამხდარი ელ. ფოსტა ეკუთვნოდა უნივერსიტეტს თუ სხვა პირს და მხოლოდ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები სასამართლოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად, რაც იძლევა მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.მ-ის მიერ უცხოეთში - უკრაინაში, „...ის ეროვნული უნივერსიტეტში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
პროცესის ხარჯის განაწილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს (მოპასუხეს) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელე ე.მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2021 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.მ-ის მიერ უცხოეთში - უკრაინაში, „...ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით;
5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის - ე.მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა