საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-956(კ-24) 28 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცის).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 13 ოქტომბრის №000462 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის №231 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით ჯ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.კ-ემ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 13.10.2020 წლის №000462 დადგენილებით ჯ.კ-ე უკანონოდ დაჯარიმდა 25 000 ლარით და დაევალა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (მის: ... გზის მიმდებარედ, ნაკვ....) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ხის 3 ნაგებობის დემონტაჟი. ჯ.კ-ემ 2020 წლის 08 სექტემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემოხსენებული მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით, რომლის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხილვა და განხილვის პროცესში 29.09.2000 წლის № ... გადაწყვეტილების 1.1 პუნქტით დაადგინა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა აღიარების კომისიაში გადაგზავნას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 06 ოქტომბრის №... წერილით განცხადებაზე დართული და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. აღიარებას კომისიაში ამ დრომდე არ განხორციელებულა საკითხზე სხდომის ჩანიშვნა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება. ზედამხედველობის სამსახურმა ისე გამოსცა 13.10.2020 წლის №000462 დადგენილება, რომ არ დაელოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ამასთან, ისევე, როგორც მოწინააღმდეგე მხარემ, ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ჯ.კ-ე არის სოციალურად დაუცველი და გარდა ზემოაღნიშნული ხის 3 კონსტრუქციისა, არ გააჩნია სხვა რაიმე სახის თავშესაფარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ თბილისში, ... გზის მიმდებარედ, ნაკვ. .., 53919.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას (ს.კ. ....) (ს.ფ. 125); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 01 ივნისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... გზის მიმდებარედ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ჯ.კ-ის მიერ განხორციელდა უნებართვო მშენებლობა. ამავე ოქმში დაფიქსირებულია ჯ.კ-ის განმარტება, სადაც მითითებულია, რომ არ გააჩნია უძრავი ქონება, რის გამოც იძულებული გახდა ეწარმოებინა აღნიშნული მშენებლობა სახელმწიფო მიწაზე (ს.ფ. 131-132); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ჯ.კ-ის მიმართ 2020 წლის 09 ივნისს შედგენილ იქნა №000462 მითითება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... გზის მიმდებარედ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარშე ჯ.კ-ის მიერ განხორციელებულია სამი ხის ნაგებობის მშენებლობა. ამავე მითითებით, დარღვევების გამოსწორების მიზნით, ჯ.კ-ეს დაევალა მოეხდინა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით ან წარედგინა განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები (ს.ფ. 126-127); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 15 ივნისს შედგენილი იქნა №000462 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ჯ.კ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 9 ივნისის №000462 მითითების პირობები (ს.ფ. 118); ე) 2020 წლის 3 ივლისს მუნიციპალური ინსპექციაში მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა ჯ.კ-ემ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. განაცხადა, რომ ხის 3 ნაგებობა აშენებულია მის მიერ, 2020 წლის მარტში, ვინაიდან არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი. არის სოციალურად დაუცველი და დემონტაჟს ვერ განახორციელებს (ს.ფ. 121); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 2020 წლის 14 აგვისტოს №4-3/197-გ/20 ბრძანებით, ამავე სამსახურის 2020 წლის 9 ივნისის №000462 მითითების საფუძველზე ჯ.კ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით, კერძოდ, აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 14 აგვისტოდან - 2020 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით (ს.ფ. 116); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად, დადგინდა ჯ.კ-ის მიერ მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 09 ივნისის №000462 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა (ს.ფ. 112); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს მიღებული იქნა №000462 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, ჯ.კ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ხის 3 ნაგებობის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ჯ.კ-ეს დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი (ს.ფ. 32-33); ი) 2020 წლის 30 დეკემბერს ჯ.კ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 13 ოქტომბრის №000462 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის №231 ბრძანებით ჯ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №000462 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (ს.ფ. 35-36, 38-44);
წარმოდგენილი საკასაციო მოთხოვნების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების მთავარი საგანია, თუ რამდენად მართლზომიერად იქნა მოსარჩელე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ხის ნაგებობების მშენებლობისთვის დაჯარიმებული და მართლზომიერად დაეკისრა თუ არა მათი დემონტაჟი.
იმის გათვალისწინებით, რომ დავა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობას შეეხება, საკასაციო პალატა მიუთითებს ამ საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესს და პირობებს აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები და იგი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეს წესი განსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობათა კლასებს და მშენებლობის სახეებს, რომელიც ექვემდებარება მშენებლობის ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას, გარდა V კლასის შენობა-ნაგებობისა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება; დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. №255 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ,,ჰ18“ ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს მიღებულ იქნა №000462 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, ჯ.კ-ე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 25 000 ლარით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ხის 3 ნაგებობის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით, ჯ.კ-ეს დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტს, ასევე მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარების და მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. მეტიც, იგი აღნიშნავს, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია აღიარების კომისიაში გადაგზავნას ექვემდებარებოდა.
საკასაციო პალატა იზიარებს წინა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ კასატორს მოცემული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებას ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ აღნიშნული მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაცია ვერც მოსარჩელის და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა წარდგენილი, გამორცხავს მშენებლობის შესაძლო კანონიერებას. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უნებართვო მშენებლობა განხორციელდა, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთია, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს განხორციელებული მშენებლობის უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნის.
კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის შედეგად დაკისრებული სანქციის უმართებულობას იმით ასაბუთებს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ისე გამოსცა 2020 წლის 13 ოქტომბერს №000462 დადგენილება, რომ არ დაელოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს არქიტექტურულ ქალაქთმშენებლობის პროცესებსა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და განსაზღვრავს ამ უფლებამოსილებათა განმახორციელებელ განსხვავებულ ორგანოებს, კერძოდ, საჯარო რეესტრი განიხილება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი. საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საქმეზე ბს-784(3კ-23)). თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მიმართვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების დადასტურების პირობებშიც კი, სახეზე არ იქნებოდა სადავო ნაგებობების კანონიერად მიჩნევის საფუძველი. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი გავლენას არ ახდენს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიმართვა ვერ იქნებოდა სადავო აქტების გამოცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოება.
რაც შეეხება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალებას, სასამართლო მიუთითებს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ამდენად, უნებართვოდ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებზე, საჯარიმო სანქციასთან ერთად დემონტაჟის დავალება წარმოადგენს მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას და იგი ემსახურება სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის განმარტება, რომ მას უკანონოდ დაეკისრა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია