Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-904(კს-25) 12 აგვისტო, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს.ს-იმა 2025 წლის 24 თებერვალს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა: „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2024 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილების, „წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ“ 2024 წლის 27 ნოემბრის N... და 2024 წლის 10 დეკემბრის N... გადაწყვეტილებების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2024 წლის 16 დეკემბრის N... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2025 წლის 16 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელისთვის დარეგისტრირების დავალება სარეგისტრაციო სამსახურისთვის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნენ: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გ.გ-ა,გ. და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული განჩინება მისი გაუქმების მოთხოვნით გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩივრით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, კერძო საჩივრით გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე. ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე გასაჩივრების შედეგად მიღებული განჩინება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადასინჯვას არ ექვემდებარება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ 2025 წლის 16 აპრილის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება საბოლოოა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება. ამდენად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე

გოჩა აბუსერიძე