საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-596(კ-25) 3 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ს-თ
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ს-თმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ა.ს-თვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №MIA 4 23 01910157 ბრძანება; გ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ნება დაერთოს ა.ს-თს (A.S) დაუბრკოლებლად შემოვიდეს საქართველოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ს-თის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა.ს-თისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემისა და საქართველოში შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №MIA 4 23 01910157 ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ა.ს-თ (დაბ: ... ... ... წელს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 78); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა.ს-თს უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე (ს.ფ. 25-26); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ს-თს უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ა.ს-თის წარმომადგენელმა (ს.ფ. 61-65); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №MIA 4 23 01910157 ბრძანებით, უარი ეთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ს-თს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დასახელებული ბრძანების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხორციელდება მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ყოველი კონკრეტული პირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, არსებული ფაქტორებისა და გარემოებების ერთობლიობის შეფასების საფუძველზე. აღნიშნულში იგულისხმება სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გაცხადებულ მგზავრობის მიზანთან, ასევე სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ინტერვიუირება და სხვა ღონისძიებები. შესაბამისად, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობით დადგენილი წესების დადებითად შესრულების შემდგომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა ნებართვა გადმოკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (ს.ფ. 38-40); ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 იანვრის №1000774082 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ს-თის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023 წლის 10 აპრილიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით (საქმე №3/3820-23), სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3820-23), ა.ს-თის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემა ა.ს-თის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ იქნა გასაჩივრებული (ს.ფ. 131, 90-95, 122-130).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის „გ” ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-12 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლზე, მე-5 მუხლზე, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილების პირველ მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ, მე-4 და მე-8 პუნქტებზე, მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებზე; „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. მან მხედველობაში უნდა მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასახოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 იანვრის №1000774082 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ს-თის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023 წლის 10 აპრილიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით (საქმე №3/3820-23), სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3820-23) ა.ს-თის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემა ა.ს-თის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ იქნა გასაჩივრებული.
სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებთან მიმართებით მოსარჩელის შესახებ არსებული და დაცული განახლებული ინფორმაციის შინაარსი, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ აისახა, თუმცა დასახელებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, არ შეიცავს ა.ს-თის შესახებ დასაბუთებას, შესაბამისად, უსაფუძვლო და არგუმენტებს მოკლებულია უარი ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე. მოცემულ პირობებში კი, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით მიიღოს სათანადო და დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოპასუხე ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, მათ შორის, მოსარჩელის პიროვნება, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის მიზანი და შეაჯეროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, რაც სადავო შემთხვევაში, არ მომხდარა.
რაც შეეხება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №MIA 4 23 01910157 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნას, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სახეზე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №MIA 4 23 01910157 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველიც.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი გულისხმობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არ დაკმაყოფილების მოტივით. აღნიშნული, სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა.ს-თს (A.S) საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოძიებული/მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის ასახვა გადაწყვეტილებაში, მისი საიდუმლოდ მიჩნევის გამო, არ მოხდა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში შემოსვლის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის მიზნის გათვალისწინებით. ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ მასში მითითებული ცნობები შესაძლოა, მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაედო საფუძვლად მოსარჩელის საქართველოში შემოსვლაზე უარს. დასახელებული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს, თუმცა მოცემული მტკიცებულებების გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით (რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, სადავო შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით. გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავს ისეთი შინაარსის გარემოებებს, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობას. შესაბამისად, გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული, უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები სახეზე არ არის. ამდენად, სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მიღებული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-12 მუხლზე, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს მესაზღვრე-კონტროლიორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა პროცედურის გავლით. აღნიშნულზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გაცხადებულ მგზავრობის მიზანთან, ასევე სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ინტერვიუირება და სხვა ღონისძიებები. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორს უფლება აქვს, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს საზღვრის კვეთაზე უარის ამომწურავ ჩამონათვალს და უშვებს შესაძლებლობას, რომ არსებობდეს კიდევ სხვა მიზეზი, რომ კონკრეტული პირის შემოშვება საქართველოში მიზანშეწონილი არ არის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საზღვრის კონტროლისას, მესაზღვრე-კონტროლიორმა კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიჩნია, რომ უარი ეთქვა მოსარჩელისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების არც ერთ ეტაპზე არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი და კანონის შეუსაბამო ქმედებების განხორციელება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე (შემოშვებაზე) პირს შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაშიც, თუ მას აქვს მოქმედი ბინადრობის მოწმობა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ა.ს-თისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძველი არ ყოფილა ის გარემოება, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 იანვრის №1000774082 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ს-თის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. მოსარჩელეს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა.ს-თ (დაბ: ... ... ... წელს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა.ს-თს უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე (ს.ფ. 25-26); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ს-თს უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ა.ს-თის წარმომადგენელმა (ს.ფ. 61-65); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №MIA 4 23 01910157 ბრძანებით, უარი ეთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ს-თს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 38-40); ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე მითითებით, 2023 წლის 10 აპრილიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 იანვრის №1000774082 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ს-თის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ. 131-132); ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით (საქმე №3/3820-23) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე (ს.ფ. 90-95); ზ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3820-23) ა.ს-თის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის №1000774082/5 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემა ა.ს-თის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ იქნა გასაჩივრებული (ს.ფ. 122-130).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
ზემოხსენებული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება და უკან აბრუნებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით (მუხლი 33.3).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.
აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო საზღვარზე ვიზას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, რომელიც ამავდროულად ზედამხედველობს სასაზღვრო-გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით ა.ს-თს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ დასახელებული პირი არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გადაწყვეტილებაში მისი საიდუმლოობის გამო არ აისახა.
სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 20 ივნისს №ბს-596(კ-25) წერილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე (დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს). საკასაციო პალატა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილში მოცემული ინფორმაციის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სამმართველოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე მითითებით შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №MIA 4 23 01910157 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და არ დაკმაყოფილდეს ა.ს-თის სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 41) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.ს-თის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია