საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-785(კ-25) 29 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს.ა-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „ს.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 21 სექტემბრის №IDP 3 22 00000844 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ს.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „ს.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 21 სექტემბრის №IDP 3 22 00000844 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ს.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. სასამართლოს მიერ არ არის გამიჯნული და სწორად შეფასებული, რას ნიშნავს მუდმივი და პერიოდული ცხოვრება. ს.ა-ი არ იყო დღეს უკვე ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივი მაცხოვრებელი. აღნიშნული გარემოება საჭიროებს შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებას და არა მოწმის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ს.ა-ს იცნობდა ბავშობიდან. იმისთვის, რომ პირი კონკრეტულ ადგილას მუდმივად მაცხოვრებლად იქნას მიჩნეული, მნიშვნელოვანია დადასტურდეს მისი აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება. აღნიშნული შეიძლება დადასტურებულიყო, მაგ: გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენდა მუდმივ მაცხოვრებელს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული დოკუმენტაციის შეფასების გათვალისწინებით, სერგო აღვლიანთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. 1983 წლიდან მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორც თავად აღნიშნა, 1983 წლიდან ძირითადად მუშაობდა და ცხოვრობდა რუსეთში. აფხაზეთში ჩადიოდა პერიოდულად, ოჯახის წევრებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 1983 წლიდან ს.ა-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა აფხაზეთი, სოფელი ....
კასატორის განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მის მიერ, დასტურდება, რომ დეპარტამენტის მიერ კანონის სრული დაცვით არის მიღებული დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება.
ს.ა-თან მიმართებით ვერ იქნა დადასტურებული სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და მის მიერ საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გადამწყვეტი ფაქტორია მისი იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიჩნევისათვის.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ დანართი 1-ის 2.1 მუხლის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ს.ა-მა 2022 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება (ს.ფ. 48). 2022 წლის 01 სექტემბერს, ს.ა-თან, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩატარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. 1957-66წწ. სწავლობდა სოფ. ...ის საშ. სკოლაში. 1970-76წწ. სწავლობდა სოხუმის ...ში. 1970-72წწ. მსახურობდა ჯარში, ქ. სანქტ-პეტერბურგში. 1976-1978წწ. მუშაობდა სოფ. ...ის ...ში ...ად. 1979-80წწ. მუშაობდა სოფ. ...ში, ...ად. 1980-1983წ. მუშაობდა სოფ. ...ის ...ში ...ად. 1983 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, ძირითადად რუსეთში, ქ. ...ში და სხვა ქალაქებში, ...ზე. მუშაობის დროს ცხოვრობდა ქირით ან მეგობრებთან. სამუშაო იყო სეზონური და შესაბამისად, როდესაც სამუშაო არ ჰქონდა ცხოვრობდა სოფ. ...ში. დედა, ს.ა-ი გარდაიცვალა 2012 წელს, ჰქონდა დევნილის სტატუსი. ...ის რაიონის სოფ. ...ში იყო მამის სახლი. სოფ. ... დატოვა 1992 წლის აგვისტოში. ომის დაწყების დროს იმყოფებოდა აფხაზეთში, მისი ძმა - თ.ა-ი ცხოვრობდა გაგრაში, აფხაზეთი დატოვეს ერთად, დედა დარჩა ...ში და მოგვიანებით წამოვიდა. 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. მოსკოვში ქირით. 1995 წელს დაოჯახდა ქ. მოსკოვში. 1996 და 1999 წლებში შვილები შეეძინა ქ. მოსკოვში. 2008 წლის აგვისტომდე ხშირად იყო სოფ. ...ში, ომის დაწყების დროსაც იმყოფებოდა სოფელში. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან - ფ.ფ-სთან და შვილებთან ერთად. მის მეუღლეს და შვილებს არ აქვთ დევნილის სტატუსი. აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი-საქართველო). როგორც ს.ა-მა აღნიშნა, ამ დრომდე არ აქვს დევნილის სტატუსი, რადგან ცხოვრობდა რუსეთში, დევნილის სტატუსის მინიჭება სურს დახმარების მიღების მიზნით და შეძლოს საქართველოში დაბრუნება (ს.ფ. 51-57); ბ) ...ის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2022 წლის 19 აგვისტოს გაცემული №434 ცნობის თანახმად, ს.ა-ი (პ/ნ...) 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფ. ...ში (ს.ფ. 99); გ) 2022 წლის 19 სექტემბერს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და წარუდგინა ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მოსარჩელე ს.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. მითითებული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, 2022 წლის 21 სექტემბერს გამოსცა ბრძანება №IDP 3 22 00000844 მოსარჩელე ს.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 55-57, 58, 60-61).
დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10) და 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11) განჩინებები).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული პირის - რ.წ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, იგი აფხაზეთში, სოფელ ...ში ცხოვრობდა მოსარჩელის მეზობლად. მისი თქმით, მოსარჩელე მასზე უფროსია დაახლოებით 12-15 წლით და ბავშვობიდან იცნობს მას, როგორც აფხაზეთში მცხოვრებს. ადასტურებს, რომ ს.ა-ი 1983 წლიდან მუშაობდა რუსეთში, წელიწადში დაახლოებით 3 თვით მიდიოდა სამუშაოდ და ბრუნდებოდა დედასთან სახლში სოფელ ...ში, სადაც ასევე ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას. მოწმის თქმით, ომის დასრულების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ის და მოსარჩელე იმყოფებოდნენ აფხაზეთში. ამასთან, საყურადღებოა ...ის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2022 წლის 19 აგვისტოს გაცემული №434 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ს.ა-ი (პ/ნ...) 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფ. ...ში. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ს.ა-ის პერიოდულად საზღვარგარეთ სამუშაოდ გადაადგილების ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ იქნას ზემო აფხაზეთის, სოფელი ....
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენდა ზემო აფხაზეთი, სოფელი ... აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია