Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-360(კ-25) 23 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.ნ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ.ნ-მა 2022 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2022 წლის 5 აგვისტოს №1890 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩის (ამჟამინდელი ...ის ქუჩა) №24-ის მიმდებარედ მდებარე 289 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე მ.ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, მ.ნ-ი ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთს როგორც საკუთრებას. უფლების ოფიციალურად მოპოვების მიზნით მან არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს. საბოლოოდ, 2018 წელს მან მიწის საკუთრებაში აღიარების მოთხოვნით კომისიას წარუდგინა ახალი განცხადება, რომელშიც თავდაპირველად მოთხოვნილი 1060 კვ.მ-დან მხოლოდ 771 კვ.მ-ის რეგისტრაცია მოითხოვა, რადგან აღნიშნული ფართი არ შედიოდა რეკრეაციულ ზონაში. კომისიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

2019 წელს მ.ნ-მა მოითხოვა დარჩენილი 289 კვ.მ მიწის ნაკვეთზეც საკუთრების უფლების აღიარება, რასაც ასაბუთებდა იმით, რომ „რზ-2“ ზონაში მდებარეობა არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას საკუთრების აღიარებისთვის. მიუხედავად ამისა, კომისიამ 2022 წლის 5 აგვისტოს №1890 განკარგულებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 5 აგვისტოს №1890 განკარგულება; მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე - ქ. თბილისში, ...ის ქუჩის (ამჟამინდელი ...ის ქუჩა) №24-ის მიმდებარედ მდებარე 289 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მ.ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული 2009 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ მოთხოვნილი და უკვე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ერთიან კომპლექსს წარმოადგენდა. დადასტურდა, რომ მოთხოვნილი ნაკვეთი 2007 წლამდე თვითნებურად იყო დაკავებული მოსარჩელის მიერ და იქ არსებობდა შენობა-ნაგებობა. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მ.ნ-მა 2009 წელს წარადგინა აღიარების კომისიაში, მოიცავდა - 1 060 კვ.მ-ს. აღნიშნული ნაკვეთიდან 771 კვ.მ-ზე აღიარებულია მ.ნ-ის საკუთრების უფლება, დარჩენილ 289 კვ.მ-ზე კი მოსარჩელე მოცემული დავის ფარგლებში ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აღიარებაზე უარის თქმის განკარგულებაში მითითებული არგუმენტი, რომ არ დგინდებოდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი, რადგან 2009 წლის 1 მაისის სხდომაზე (ოქმი №124) მ.ნ-ის უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი ფართი, რაც იმ დროს მოქმედი რეგულაციიდან გამომდინარე, აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ.ნ-ის უკვე აღიარებული ჰქონდა საკუთრება მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 771 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და აღიარებულის მომიჯნავედ აღიარება იყო დაუშვებელი. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ, მართალია, საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება არ შეიცავდა უარის თქმის საფუძვლად მითითებას სარეკრეაციო ზონა 2-ის თაობაზე, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დასტურდებოდა ასეთი ზონის არსებობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის იმპერატიული დანაწესი გამორიცხავდა ასეთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ.ნ-მა 2008 წლიდან არაერთხელ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარედ მდებარე 1060 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. აღიარების კომისიამ 2009 და 2010 წლებში მისი განცხადებები არ დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ ნაკვეთზე არსებული არასაცხოვრებელი ფართის დაკანონება იმდროინდელი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო და მიწაზე არსებული მცირე მოცულობის (2 კვ.მ) შენობა არ ქმნიდა საკუთრების აღიარების საკმარის საფუძველს. მოსარჩელემ სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილების გათვალისწინებით, 2018 წელს ხელახლა მიმართა კომისიას და ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მხოლოდ 771 კვ.მ ფართობზე, რაც დაკმაყოფილდა. საერთო ფართიდან დარჩენილ 289 კვ.მ ნაკვეთზე მის მოთხოვნაზე კვლავ უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი დასაბუთებული მტკიცებულება, მათ შორის: საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, არასაცხოვრებელი ფართის პროექტი, 2004 წლის ფარული სამუშაოების დამოწმების აქტი, მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მოთხოვნილი ნაკვეთის ნაწილზე არსებული შენობა არსებობდა როგორც საკუთრების უფლების მოთხოვნის წინა პერიოდში, ისე მის შემდგომაც.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ყოველივე ზემოაღნიშნული და 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/3096-23) დაასკვნა, რომ კანონით დადგენილი პირობები არ იყო დაკმაყოფილებული, რაც უსაფუძვლოდ გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. პალატამ არ მიიღო მხედველობაში არსებული მტკიცებულებები, არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დაარღვია როგორც საქმის მასალების სრულყოფილი შეფასების პრინციპი, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომელიც იცავს არა მხოლოდ რეგისტრირებულ საკუთრებას, არამედ რეალურ, კანონიერ ქონებრივ ინტერესსაც. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მცდარად მიიჩნია, რომ მოთხოვნა ემყარებოდა მხოლოდ მომიჯნავეობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, რომ მ.ნ-ის მიერ წარდგენილი ყველა განაცხადი და მტკიცებულება მიუთითებდა საკუთრების უფლებაში არსებული რეალური ინტერესის კანონიერ საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით, მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა დაინტერესებული პირის (ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე) მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონით დაწესებული შეზღუდვები, ასევე მოთხოვნის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, ასევე მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“, რომლის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძვლად მიუთითებს დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის აუცილებლობაზე, ასევე, ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების ჩამონათვალს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 5 აგვისტოს №1890 განკარგულებით, მ.ნ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ...ზე, ...ის ქუჩის №24-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით - 289 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი ითხოვდა 1060 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა საბოლოოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის №652 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 6 ივნისის №721 განკარგულებით, 771 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა მ.ნ-ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, 2018 წლის 5 ოქტომბერს, კომისიის მიერ გაიცა №2192 საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მითითებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მ.ნ-ის საკუთრების უფლება. კომისიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ.ნ-ი ითხოვდა კომისიის მიერ საკუთრების უფლებააღიარებული, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ ასევე მიუთითა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ იყო განთავსებული შენობა. ასევე, არ დგინდებოდა საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი არც მითითებული კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მ.ნ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას განმცხადებელი ითხოვდა 1060 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა მისი კორექტირების შემდეგ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოთხოვნილი იყო 771 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და იგი არ მოიცავდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის (2018 წ.) განმცხადებელი პრეტენზიას არ აცხადებდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოსარჩელე ითხოვს მისთვის აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რაც ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პრინციპებს, კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს მითითებული „კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შესაძლებლობა ექნება საკუთრების უფლების აღიარების გზით გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი და კვლავ მოითხოვოს უკვე გაერთიანებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, აღნიშნული ასევე ქმნის მიწის ნაკვეთების დაუსრულებლად აღიარების მოთხოვნის შესაძლებლობას (ერთხელ უკვე აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, შემდგომ უკვე გაერთიანებული ახალი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და ა.შ.)“ (სუსგ საქმე №ბს-1304(კ-19) 25.11.2021წ.).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, როგორც საკუთრების შეძენის სპეციფიკური ფორმა (მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი), არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი რეალიზება სწორედაც რომ დაინტერესებული პირის ნებელობით მოქმედებაზეა დამოკიდებული. ამ უფლების სპეციფიკურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა სამართალდარღვევას წარმოადგენს (იხ.ასკ-ის 552 მუხლი), შესაბამისად ცალსახაა, რომ მიწის ნაკვეთის ამ სახით ფლობა არ ქმნის სუბიექტის იმდენად მყარ სამართლებრივ კავშირს ქონებასთან, რომ აღნიშნული გარემოება შეფასდეს როგორც საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიზნებისთვის (სუსგ საქმე №ბს-110(კ-22) 23.04.2024წ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ გაუმართლებელია საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის მომიჯნავეობის საფუძვლით დაუსრულებელი ათვისება და შემდგომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება, რა გარემოებაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის უარყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - მ.ნ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 31.03.2025წ. №2692 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა