საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№556(2კ-25) 23 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.ჩ-მა 2020 წლის 9 იანვარს სარჩელით, ხოლო 2020 წლის 17 იანვარს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და 2023 წლის 25 მაისს სასამართლო სხდომაზე მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, საბოლოოდ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2019 წლის 29 იანვრის №35-01190292154 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №912 ბრძანების ბათილად ცნობა და ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი №..., ბინა №..., მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზების) შესახებ.
სარჩელის მიხედვით, გ.ჩ-მა 1978 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისის ...ში. 1993 წლის 29 ნოემბრიდან ... გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (სს „...“), რომელიც განიხილება ...ის სამართალმემკვიდრედ. 1986 წლიდან გ.ჩ-ი ოჯახთან ერთად უწყვეტად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ...ის გამზ. №..., ბინა №.... 2002 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის პრემიერის განკარგულებით, აღნიშნული ბინა ჩარიცხულ იქნა სს „...ის“ საბინაო ფონდში. განკარგულებაში მითითებულია ბინის მიღების უფლების მქონე პირები, მათ შორის, გ.ჩ-ის ოჯახი. 2017 წლის 31 იანვარს გ.ჩ-მა ნაძალადევის რაიონის გამგეობას მიმართა აღნიშნული ბინის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით, თუმცა ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2019 წლის 29 იანვრის №35-01190292154 გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - თბილისის მერიაში, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2019 წლის 29 იანვრის №35-01190292154 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1912 ბრძანება; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი №..., ბინა №..., მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზების) შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტები, მათ შორის, სს „...ის“ ...ის გამზირი №...-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ჩაწერილთა და მცხოვრებთა სიის ასლი, რეგისტრაციის ცნობები, პასპორტის მონაცემები და სხვა მტკიცებულებები, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოსარჩელე მიჩნეულიყო საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები განეკუთვნებოდნენ სწორედ №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც გ.ჩ-ს ენიჭებოდა სადავო ბინის პრივატიზების მოთხოვნის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დამატებით მიუთითა, რომ გარდა იმისა, რომ გ.ჩ-ის მიერ წარდგენილი იყო პრივატიზებისათვის საჭირო მტკიცებულებები, ის ასევე საბჭოთა პერიოდიდან ჩაწერილი იყო სადავო ბინაში, რაც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (სუსგ 29.10.2015წ. №ბს-180-177(კ-15), 18.07.2012წ. №ბს-257-254(კ-12)), შეიძლება ჩათვლილიყო კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ საფუძვლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
საკასაციო საჩივრების მიხედვით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2019 წლის 29 იანვრის №35-01190292152 გადაწყვეტილებით გ.ჩ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციაზე, რადგან არ იყო წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. კონკრეტულად, წარმოდგენილი იყო საერთო საცხოვრებელში მცხოვრებთა სიის ასლი, რომელშიც გვარი იყო შეცვლილი (ჩ-ი ნაცვლად ჩ-ისა), და დოკუმენტის დედანი ვერ მოიძებნა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ დასტურდებოდა ...ში მუშაობის ფაქტი და საცხოვრებელი ფართის ფაქტობრივი ფლობა, საქართველოს მთავრობის №189 დადგენილების შესაბამისად, დაწესებული იყო ორივე პირობის – ფლობისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის – ერთდროულად არსებობა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს აღნიშნული გარემოებები და დასაბუთების გარეშე მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები ქმნიდა ბინის პრივატიზაციისთვის საკმარის საფუძველს, რაც თბილისის მერისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის პოზიციით ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 02 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ (შემდეგში - წესი), რომლის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საკასაციო პალატა მართალია იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობა და სარგებლობა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მითითებული ნორმატიული აქტის შესაბამისად, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად თვლის, რომ გ.ჩ-ი აკმაყოფილებდა კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვინაიდან 2017 წლის 31 იანვარს ნაძალადევის რაიონის გამგეობაში წარდგენილ განაცხადზე დართული ჰქონდა მითითებული საცხოვრებელი ბინის კანონიერ სარგებლობასთან კავშირში მყოფი შემდეგი დოკუმენტები: 1986 წლის 24 აპრილის ცნობა, თბილისის ... საწარმოო გაერთიანების 1978 წლის 2 ივლისის დახასიათება, სს ,,...ის“ ...ის გამზირი №...-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ჩაწერილთა და მცხოვრებთა სიის ასლი, ქალაქ თბილისის პრემიერის 2002 წლის 27 თებერვლის №112 განკარგულება, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 29 ივლისის №... საინფორმაციო ბარათი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 აგვისტოს ... გადაწყვეტილება რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ, სს „...ის“ 2016 წლის 29 ივლისის ცნობა, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2016 წლის 9 აგვისტოს ... საარქივო ცნობა, ბინის შიდა აზომვითი ნახაზი და 2016 წლის 26 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება. აღნიშნული დოკუმენტებით უდავოდ დადასტურებულია, რომ გ.ჩ-ი ათეული წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში, ...ის გამზ. №..., ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რაც იმ გარემოებასთან ერთად, რომ წლების განმავლობაში მოპასუხეს მითითებული უძრავი ქონებიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, პალატის მოსაზრებით, მიჩნეული უნდა იქნეს მითითებულ ფართზე მოსარჩელის, როგორც კანონიერი მოსარგებლის, საკუთრების უფლების მოპოვების საკმარის მტკიცებულებად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“ ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას, შესაბამისად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს (სუსგ 29.10.2015წ. №ბს-180-177(კ-15), 18.07.2012წ. №ბს-257-254(კ- 12)).
საქმეში წარმოდგენილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 29 ივლისის №... საინფორმაციო ბარათის თანახმად, გ.ჩ-ის სახელზე 1977 წლის 3 დეკემბერს გაცემულია პასპორტი ..., რეგისტრაციის ადგილი: თბილისი, ... სახლი .., ბინა №..., რეგისტრაციის თარიღი: 16.11.1988 წელი. ამასთან, 2005 წლის 24 მაისიდან გ.ჩ-ის რეგისტრაციის მისამართია: თბილისი, ...ის გამზირი №..., ბინა №....
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და კასატორები დამატებით ვერ მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა