Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №297აპ-14 ქ. თბილისი

ჩ-ე თ.-297აპ-14. 28 იანვარი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თეიმურაზ ჩაჩანიძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლარისა ჩადუნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განაჩენით თ. ჩ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით თ. ჩ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 იანვრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ თ. ჩ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს ­­– წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე