Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

კასატორი (მესამე პირი) - ი.ა-ი

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ (საქმე №3/7733-19).

მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ე.გ-ას მიმართ სახელმწიფო სერთიფიკატის (სპეციალობა „...“) გაუქმების ნაწილში.

სარჩელის თანახმად, შპს „...“ 2018 წლის 10 აგვისტოს განხორციელდა პაციენტ ნ.ა-ის მშობიარობა. ...ის დიაგნოზის დასმის შემდეგ, პაციენტი ტრანსპორტირებულ იქნა შპს „ ...ში“, სადაც პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა მანიპულაცია და დადგა ბიოლოგიური სიკვდილი. რეგულირების სააგენტომ პაციენტ ნ.ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, ჩაატარა შემოწმება შპს „...“ და ...ში, ასევე საქმესთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზიისთვის გაუგზავნა შესაბამის სპეციალისტებს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ე.გ-ას პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დაყენებულა, საბჭომ 2019 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელეს გაუუქმა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „...“.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არ ყოფილა ჩართული იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოსარჩელის ინტერესებს პირდაპირი ზიანი მიაყენა. გასაჩივრებული აქტი სამოტივაციო ნაწილსა და დასაბუთებასაც კი არ შეიცავს, თუ რატომ დადგა სხდომაზე მოსარჩელე ე.გ-ას პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით სხდომაზე ე.გ-ას პროფესიული პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი, ამ ორგანოს უფლებამოსილებაში არ შედის. ამასთან, სერტიფიკატის გაუქმება შეიძლება მხოლოდ იმ პირისთვის, ვინც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობს, მოსარჩელე კი, ასეთ სერტიფიკატს არ ფლობდა და საქმიანობას ახორციელებდა, როგორც უმცროსი ექიმი. გამორიცხულია უმცროსი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა, რადგან კანონმდებლობით უმცროსი ექიმის თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით. ამასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება და შემდეგ სიკვდილი მოჰყვა საშვილოსნოს მთლიანობის სრულშრეობრივ დარღვევას ნახეთქი ჭრილობის სახით, ხოლო ამ ჭრილობის წარმოშობის მექანიზმი ვერ დგინდება. აღნიშნული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა კი, აუცილებელი ელემენტია სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებისთვის.

2. ნ.კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ (საქმე №3/7637-19).

მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნ.კ-ასათვის სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმების ნაწილში.

სარჩელის თანახმად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა პაციენტ ნ.ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი, რომელიც შესრულდა შპს „...“ და შპს „...ში“. თავდაპირველ სამედიცინო მომსახურებას პაციენტს უწევდა შპს „...“, ხოლო მშობიარობის გართულებისა და სისხლის დაკარგვის შედეგად პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა შპს „...ში“, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მიუხედავად ამისა, მოხდა პაციენტის გარდაცვალება. გარდაცვალების მიზეზად დადგენილ იქნა სისხლის დანაკარგი, რომელიც გამოწვეული იყო საშვილოსნოს გახევით.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საქმე გადაგზავნილ იქნა პროფესიული განვითარების საბჭოში. საბჭომ პასუხისმგებლობა დააკისრა მხოლოდ შპს „...ის“ ექიმებს, მათ შორის, მოსარჩელე ნ.კ-ას და გაუუქმა სახელმწიფო სერტიფიკატი, რომელიც სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლებას იძლევა. შპს „...ის“ ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული პროფესიული და საექსპერტო დასკვნებით დადასტურებული იყო ამ დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევა არსებითი ხარვეზებით. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის გამიჯნული სამედიცინო დაწესებულების და ექიმის პასუხისმგებლობა, არ არის დადგენილი ექიმის დარღვევა ან შეცდომა და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან. საბჭოს მიდგომა არის დისკრიმინაციული.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი.ა-ი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები №3/7637-19 და №3/7733-19 და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ნომერი 3/7733-19.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით ნ.კ-ას უარი ეთქვა სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ე.გ-ას მიმართ სახელმწიფო სერთიფიკატის (სპეციალობა „...“) გაუქმების ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.კ-ას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი.ა-ის მიერ.

ნ.კ-ას მიერ ასევე გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინება ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნ.კ-ას, ი.ა-ის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (საოქმო განჩინება).

სააპელაციო პალატის განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ე.გ-ასა და ნ.კ-ას სახელმწიფო სერტიფიკატი, სპეციალობაში „...“, გაუუქმდათ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით. აპელანტი ნ.კ-ა სადავოდ ხდის მითითებული გადაწყვეტილებას იმაზე მითითებით, რომ დარღვეულ იქნა აქტის გამოცემის ფორმალური მოთხოვნები, კერძოდ, სადავო საკითხი განხილულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ და ასევე, ის არ იყო მიწვეული სადავო საკითხის განხილვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. მისივე განმარტებით, სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას და არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნა მის მიერ დარღვეული. აპელანტის მითითებით, მან კანონმდებლობით და პროტოკოლის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა საქმიანობა და საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება გამოწვეული იყო მისი შეცდომით ან/და უყურადღებობით.

,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 81-ე, 84-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისი №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სადავო საკითხი განხილულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ და ის არ იყო ინფორმირებული ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. კერძოდ, დადგენილია, რომ „დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმის და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად შესული შეტყობინების საფუძველზე შესწავლილ იქნა შპს „...“ პაციენტ ნ.ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. ასევე, პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია გამოთხოვილ იქნა შპს ,,...დან“. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის №02/40250 წერილით შპს „...ის“ ექიმს - ნ.კ-ას ეცნობა, რომ ნ.ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხი განიხილებოდა სააგენტოს მიერ. ასევე განიხილებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 26 ივლისს, დირექტორს - ნ.კ-ას. შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას დაცული იქნა როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა. ნ.ა-ის მკურნალობის პროცესში მონაწილე ექიმი მიწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. საბჭომ ასევე მოიპოვა დასკვნები სამედიცინო დოკუმენტაციისა და უშუალოდ ჩატარებული მკურნალობის ხარისხის შესაფასებლად.

საბჭოს მიერ დადგინდა, რომ პაციენტ - ნ.ა-ის მშობიარობას მართავდა ექიმი - ნ.კ-ა, ამასთან მშობიარობის პროცესში ჩართული იყო ე.გ-ა, როგორც უმცროსი ექიმი. სამედიცინო დოკუმენტაცია შედგენილია/ხელმოწერილია როგორც ნ.კ-ას, ისე ე.გ-ას ხელმოწერით. სამედიცინო ბარათის განხილვის შედეგად რეცენზენტის მიერ გამოტანილ იქნა შემდეგი დასკვნა: ზოგადი დასკვნით ანესთეზიოლოგიური და რეანიმაციული ღონისძიებების მართვა ნაწარმოებია სწორად, რაიმე გადაცდომას, არასწორ, არასრულ და/ან დაგვიანებულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. პაციენტ ნ.ა-ისათვის გაწეული სამეანო მომსახურების ხარისხის ექსპერტული შეფასებით გაიცა დასკვნა პაციენტისათვის გაწეული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შეფასების მიზნით. უარყოფითია დასკვნა მშობიარობის პროცესის წარმართვასთან მიმართებით, კერძოდ, მშობიარობა წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ფაქტიურად დაშვებულ იქნა ყველა ის შეცდომა, რომელიც როგორც კვლევებით არის დადგენილი, წარმოადგენს მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის გამო მელოგინის გარდაცვალების ძირითად მიზეზებს: - სისხლისდენა გამოვლინდა მოგვიანებით; - არ იქნა ადეკვატურად შეფასებული და კლასიფიცირებული სისხლის დანაკარგი; - არ იქნა სათანადოდ შევსებული დაკარგული სისხლის მოცულობა; - არ იქნა დადგენილი სისხლისდენის მიზეზი; - არ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა; - ვერ იქნა მოძიებული სისხლის და სისხლის კომპონენტები და არ იქნა დაწყებული ტრანსფუზიულ-ინფუზიური თერაპია.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქმეში დაცული მშობიარობის ისტორიის ჩანაწერების თანახმად, პაციენტმა - ნ.ა-იმა იმშობიარა 2018 წლის 10 აგვისტოს, 19:45 საათზე. მშობიარობა ჩატარდა ეპიდურული ანესთეზიით, მომყოლი მიღებულია 19:50 საათზე, დაკარგული სისხლის რაოდენობა - 200 მლ. 19:55 საათზე აღდგენილ იქნა შორისის მთლიანობა, სისხლის საერთო დანაკარგი - 200+100=300 მლ. 21:00 საათზე საშვილოსნოს მორიგი გარეგანი მასაჟის დროს აღმოჩნდა საშვილოსნო მოდუნებული, მასაჟის შემდეგ საშოდან სისხლოვანი გამონადენი ჭარბი =200-250 მლ. ოდენობით. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. დიაგნოზი: ...; დასკვნა: პაციენტს ამ ეტაპზე ჩაუტარდეს უტეროტონული მკურნალობა, სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში შემუშავდეს ახალი სამოქმედო გეგმა. 21:10 საათზე ი/ვ ერთჯერადად ... 60 წვეთი წუთში. საშვილოსნო შეიკუმშა კარგად. სისხლდენა შეჩერდა, სულ სისხლის დანაკარგი 500 მლ-550 მლ. სს დანაკარგი - 10% მსმ-ის ჩატარდა ლაბ. კვლევები: HB-95, HCT – 27,13 შარდის ბუშტში ჩაიდგა კათეტერი. 22:00 მელოგინის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, P-881, TA 110/70 mmhg, t-36,40, R-18 SpO2 – 99%, ენა სველი, უნადებო, მუცელი რბილი უმტკივნეულო, მონაწილეობს სუნთქვაში, საშვილოსნო შეკუმშული კარგად, საშვილოსნოდან გამონადენი, მუქი ჰემორაგიული უმნიშვნელო რაოდენობით. სულ ამ ეტაპზე 550+100=650 მლ. შარდი კათეტერით - სუფთა. ი.ვ. მიმდინარეობს ... ... (ზოგადი ზემოთ აღნიშნული).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა სპეციალისტის განმარტება იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასება მშობიარობიდან პირველი ერთი საათის განმავლობაში არ მომხდარა. შორისის აღდგენის მანიპულაციიდან (19:50 საათიდან) 21:00 საათამდე პაციენტის მდგომარეობის შეფასების შესახებ ჩანაწერი მშობიარობის ისტორიაში დაცული არ არის. აღსანიშნავია, რომ პერინეოტომიის (შორისის გაკვეთის) შემთხვევაში ექიმის მიერ ეჭვი უნდა მიტანილიყო დამატებითი ნახეთქების წარმოქმნის ალბათობაზე და პაციენტის მდგომარეობის, მათ შორის, სისხლდენის ფაქტის შეფასებისათვის უნდა ემოქმედა პროტოკოლით დადგენილი სისხლდენის დროული გამოვლენისათვის აუცილებელი ღონისძიებებით, ესენია: საშვილოსნოს ტონუსის და ზომის შეფასება მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში საშვილოსნოს გარეგანი მასაჟით: ყოველ 15 წუთში ერთხელ მშობიარობიდან 2 საათის განმავლობაში; მე-2, მე-3 და მე-4 საათის ბოლოს. ყოველ 4 საათში ერთხელ პირველი 24 საათის განმავლობაში; სისხლის დანაკარგის რაოდენობრივი შეფასება. ამასთან, საყურადღებოა, ის გარემოება, რომ სისხლდენის დიაგნოზი დაისვა 21:00 საათზე, ხოლო 21:10 საათზე სისხლის დანაკარგის საერთო ოდენობა განისაზღვრა 500 მლ-550 მლ. დანაკარგი - 10%; ამ პირობებში ექიმის მიერ ჩატარებულია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევები, მიმდინარეობდა ... და შარდის ბუშტში ჩაიდგა კათეტერი. ასევე 22:00 საათისათვის კვლავ შეფასდა სისხლის დანაკარგი და განისაზღვრა 550+100=650 მლ.-ით. აღნიშნული მანიპულაციები არასრულია მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვისათვის, 650 მლ. სისხლის დანაკარგის დადგენის პირობებში აუცილებელი იყო ვენაში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსების დაწყება 1,000 მლ კრისტალოიდებით ნაკადურად; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პაციენტის მდგომარეობის შეფასების ამსახველი ჩანაწერი ისტორიაში დაცული არ არის, ამ პერიოდში არ შეფასებულა სისხლდენის ფაქტი. 23:00 საათზე დაფიქსირებულია სისხლის საერთო დანაკარგი - 700 მლ., ხოლო 23:15 მელოგინეს კვლავ აღენიშნებოდა საშოდან ჭარბი სისხლოვანი გამონადენი, ღია ჰემორაგიული ჭარბი 400-450 მლ. ამ დროისათვის ექიმის მიერ მობილიზებულ იქნა II იდაყვის ვენა ი/მ შეყვანილ იქნა მეთილერგობროვინი 0,90 მლ. Sol. NaCl 0,9%, pur rectum მოთავსდა 1000 მგ. (5 აბი) მისოპრისტოლი. Opecatio: საშვილოსნოს შინაგან-გარეგანი ბიმანუალური კომპრესია. საშოს უკანა თაღში მოთავსდა მუშტი. მარცხენა ხელით ნაწარმოებია საშ. ანტერვერზიით. სისხლდენა შეწყდა. სს დანაკარგი ამ ეტაპზე 1100-1200 მლ. დაისვა დიაგნოზი: ლოგინობის ხანის .... ამავე დროს გამოტანილია დასკვნა: ვინაიდან სისხლის დანაკარგმა შეადგინა მ.ს.მ.-ის 28% პაციენტს ესაჭიროებოდა ჰემიტრანსფუზია თანამოსახელე ჯგუფის (oI; RhH) სისხლის მოძიება.

შპს „...ის“ სიმართლის წიგნის მიხედვით, 2018 წლის 10 აგვისტოს, 20:50 საათზე ექიმ ნ.კ-ას მიერ ჩატარდა საკეისრო კვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით შპს „...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 445 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და დაჯარიმდა 5000 ლარით. სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: „მოწმედ დაკითხული პირი - ე.გ-ა 2018 წლის 10 აგვისტოს, 23:00 საათის შემდეგ (დეტალური ამონაბეჭდიდან ირკვევა, რომ ზარი განხორციელდა 23:44 საათზე), 0(I)Rh დადებითი სისხლის კომპონენტის მოთხოვნით, დაუკავშირდა შპს „...ას“ ნომერზე ... ... ... (08.10.2018წ, სასამართლოს სხდომის ოქმი). საქმეში წარმოდგენილი მშობიარობის ისტორიით დგინდება, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს 23:00 საათის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ხოლო 23:15 საათისთვის მელოგინეს სისხლის დანაკარგმა შეადგინა მ.ს.მ.-ის 28% და ესაჭიროებოდა .... ამრიგად, დადასტურებულია ის გარემოება, რომ შპს „...ის“ მხრიდან სისხლის მოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კონკრეტული პაციენტისთვის ...ის საჭიროება წარმოიშვა“.

ამდენად, სასამართლომ მართებულად გაიზიარა როგორც ...ის ექსპერტული დასკვნის შეფასება, ისე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 25 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის №003323721 დასკვნაში ასახული მსჯელობა, რომ ნ.ა-ის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი რომ ყოფილიყო დროულად უნდა შეფასებულიყო სისხლდენის მიზეზი და დასმულიყო შესაბამისი დიაგნოზი. სწორი დიაგნოზის დასასმელად საჭირო იყო ექოსკოპიური და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე. მშობიარობის შემდგომ პერიოდში როგორც კი დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა უნდა ჩატარებოდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რაც არ ჩატარებია. აღნიშნული შესაძლებელს გახდიდა სწორი დიაგნოზის დასმის და დროული ოპერაციული მკურნალობის - საშვილოსნოს ამოკვეთის წარმოებას. ასევე არ მომხდარა გლობულარული დეფიციტის შევსება, ვინაიდან ვერ იქნა მოძიებული დონორის სისხლი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო რეინფუზიის წარმოება, ისევ და ისევ დროულად დასმული დიაგნოზის პირობებში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ექსპერტული შეფასება იმის შესახებ, რომ პერინეოტომიის (შორისის გაკვეთის) შემთხვევაში ექიმის მიერ ეჭვი უნდა მიტანილიყო დამატებითი ნახეთქების წარმოქმნის ალბათობაზე და პაციენტის მდგომარეობის, მათ შორის სისხლდენის ფაქტის შეფასებისათვის უნდა ემოქმედა პროტოკოლით დადგენილი სისხლდენის დროული გამოვლენისათვის აუცილებელი ღონისძიებებით, ესენია: საშვილოსნოს ტონუსის და ზომის შეფასება მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში საშვილოსნოს გარეგანი მასაჟით: ყოველ 15 წუთში ერთხელ მშობიარობიდან 2 საათის განმავლობაში; მე-2, მე-3 და მე-4 საათის ბოლოს. ყოველ 4 საათში ერთხელ პირველი 24 საათის განმავლობაში; სისხლის დანაკარგის რაოდენობრივი შეფასება. საყურადღებოა სპეციალისტის ექსპერტულ დასკვნაში აღნიშნული მოსაზრება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, საშვილოსნოს გახევის აღწერილობა დამახასიათებელია ეპიდურული გაუტკივარების დროს განვითარებული გახევის ტიპისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში გახევისთანავე კლინიკურად გამოიხატება სასიცოცხლო ნიშნების მყისიერი ცვლილება, რაც განხილულ შემთხვევაში არ დაფიქსირდა და ამასთანავე არ ახასიათებს სისხლდენა საშოდან და პაციენტის დისკომფორტი; ეს კლინიკა უფრო გახევის იმ ტიპისათვის არის დამახასიათებელი, როცა გახევის პროცესში ჩართულია საშვილოსნოს ყელი და საშოს ზედა მესამედი. საშვილოსნოს ყელის და საშოს მთლიანობა კი არც ერთ ეტაპზე არ იქნა შეფასებული. ასევე, როგორც სპეციალისტის ექსპერტულ დასკვნაშია აღნიშნული, სამედიცინო დოკუმენტაციიდან ვერ დგინდება, რამდენად ადეკვატურად ხდებოდა პაციენტის მართვა ტრანსპორტირების დროს კატასტროფის ბრიგადის მიერ და რა სახის რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა ტრანსპორტირების 25 წუთის განმავლობაში. ასევე, იყო თუ არა ტრანსპორტირებისას სწორი კომუნიკაცია კატასტროფის ბრიგადასა და გამგზავნ დაწესებულებას შორის, რაც რეფერალური პაციენტის ტრანსპორტირებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით ნ.ა-ის გარდაცვალების მიზეზად მიჩნეულია საშვილოსნოს გახევით გამოწვეული გლობალური სისხლდენის თანმდევი შედეგი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად იმ ფაქტის დადგენა, თუ როდის მოხდა საშვილოსნოს იმგვარი დაზიანება, რაც აღწერილია როგორც თავდაპირველ, ისე სასამართლო-ექსპერტიზის დასკვნაში, ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან შპს „...“ წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები არ შეიცავს მონაცემს, იყო თუ არა ექოსკოპიურად გამოკვლეული პაციენტი სისხლდენის მიზეზის დასადგენად. ასევე, არ არსებობს კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტის ტრანსპორტირების ამსახველი დეტალური ჩანაწერები. სასამართლოს მოსაზრებით, პაციენტის გაკვეთისას საშვილოსნოზე აღმოჩენილი დაზიანების, კერძოდ, საშვილოსნოს მოგლეჯის წარმოშობის მოცემული დავის ფარგლებში დადგენის შეუძლებლობა არ გამორიცხავს პაციენტის მკურნალობაზე პასუხისმგებელი ექიმის იმგვარ პასუხისმგებლობას, რაც პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით ნ.კ-ას მიმართ იქნა დადგენილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ექიმისათვის სერტიფიკატის გაუქმება დადგენილია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების ერთჯერადი მძიმე დარღვევისათვის, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის გართულებებია ჰიპოვოლემიური შოკი და ორგანოთა უკმარისობა (თირკმლის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპოპიტუიტარიზმი). ასევე, სისხლდენის ზუსტი მიზეზის დაუდგენლობა იწვევს სისხლის დანაკარგის ზრდას, რაც თავის მხრივ განაპირობებს მწვავე ჰიპოვოლემიას, ქსოვილთა ჰიპოქსიას, ჰიპოთერმიას და აციდოზს, რაც ართულებს სისხლდენის მართვას და ზრდის ჰისტერექტომიის წარმოების, შოკის და სიკვდილის სიხშირეს. სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ...ის მიერ ჩატარებული მკურნალობა, პაციენტ - ნ.ა-ის მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვა წარმოებულია არასრულად, მთელი რიგი ხარვეზებით, კერძოდ, მშობიარობის შემდგომი შორისის დაზიანების ფაქტის არსებობის პირობებში, რაც სისხლდენის გამომწვევი ერთ-ერთი შესაძლო ფაქტორია, შორისის მთლიანობის აღდგენიდან ერთი საათისა და 10 წუთის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა ...ის მიერ არ შეფასებულა. ასევე, სისხლდენის ფაქტის დადგენისთანავე არ გამოკვლეულა სისხლდენის რა წყარო არსებობდა და იყო თუ არა სახეზე რაიმე დამატებითი ნახეთქი ან ჭრილობა, რაც შესაძლოა მშობიარობის შემდგომი აღდგენითი მანიპულაციის დროს ვერ დაფიქსირებულიყო. რაც შეეხება სისხლდენის დაფიქსირების შემდეგ პერიოდს, სამედიცინო ისტორიის ჩანაწერების მიხედვით, განხორციელებული ქმედებები არასრული და არათანმიმდევრულია. ასევე, არასწორი ტაქტიკით არის წარმოებული ბიმანუალური მასაჟი, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით საშვილოსნოს შეკუმშვის მიზნით განხორციელდა საშვილოსნოს შინაგან-გარეგანი ბიმანუალური კომპრესია საშოს უკანათაღში მუშტის მოთავსებით. ამდენად, მკურნალი ექიმის მიერ დროულად და ადეკვატურად არ იქნა შეფასებული მდგომარეობა, რამაც დაწესებულებაში სისხლის დანაკარგის შევსების შესაძლებლობა მოსპო და სხვა დაწესებულებაში რეფერირების აუცილებლობა გამოიწვია. შპს „...ის“, როგორც სპეციალიზებული მოვლის (II) დონის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, თავად ჰქონდა ვალდებულება 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომი ჰქონოდა სისხლის კომპონენტები ადგილობრივი მარაგებიდან, ასევე, სხვა დაწესებულებებიდან (თუ დაწესებულებას თვითონ არ გააჩნია საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის სამსახური), წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, მკურნალი ექიმის მიერ მდგომარეობის დროული და ადეკვატური შეფასების პირობებში, პაციენტ - ნ.ა-ისათვის 650 მლ. სისხლის დანაკარგის დადგენისთანავე (21:10 საათზე), მკურნალი ექიმი ვალდებული იყო უპირობოდ დაეწყო ვენაში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსებისათვის საჭირო მანიპულაცია, ამისათვის დაწესებულებას უნდა მოეხდინა სისხლისა და სისხლის კომპონენტების დროული მოძიება, შესაბამისი გეგმის შემუშავება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პაციენტის ისტორიაში დაფიქსირებული სამედიცინო მანიპულაციები, რაც ზემოხსენებული პროტოკოლით განხილულია, როგორც სისხლდენის დროებითი შეჩერების მეთოდად, სისხლდენის მიზეზის დადგენის პარალელურად უნდა განხილულიყო, როგორც სისხლის დანაკარგის მინიმალიზაციის შესაძლებლობა და არა, როგორც სისხლდენის შეჩერების ერთადერთი გზა. მშობიარობის შემდგომი სისხლდენის დროული გამოვლენა, სისხლის დანაკარგის ზუსტი შეფასება და კლასიფიცირება, პირველსაწყისი სარეანიმაციო ღონისძიებების დაუყოვნებლივი განხორციელება, სისხლდენის მიზეზის დიაგნოსტირება და ჰიპოტონური სისხლდენის მართვა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის გამოსავალს, რაც მოცემულ შემთხვევაში პაციენტ - ნ.ა-ის მიმართ შპს „...“ ჩატარებული სამედიცინო მოქმედებებით არ განხორციელდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტ - ნ.ა-ის მიმართ შპს „...“ ექიმ ...ის - ნ.კ-ას პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩატარებული მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მკურნალობა განხორციელებულია სამედიცინო სტანდარტების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების მძიმე დარღვევებით, რასაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და საბოლოოდ გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნულ დასკვნას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ პაციენტისათვის ჩატარებული ოპერაციისას აღმოჩენილი საშვილოსნოს დაზიანების (13 სმ.-იანი ნახეთქი ჭრილობის) გამომწვევი ფაქტორების დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციაში სათანადო ჩანაწერების არარსებობის გამო. სხდომაზე გამოკითხვისას სპეციალისტმა თ.ა-ამ დაადასტურა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი საშვილოსნოს დაზიანებით (13 სმ.-იანი ნახეთქი ჭრილობით) პაციენტის მდგომარეობა დამძიმდებოდა მყისიერად. შესაბამისად, კატასტროფის ბრიგადის მიერ ტრანსპორტირება და ...ში გადაყვანის შესაძლებლობა გამოირიცხებოდა; აღნიშნული განმარტება მხედველობაშია მისაღები იმ კუთხით, რომ შპს „...“ პაციენტისათვის ამგვარი დაზიანების მიყენების ფაქტი ეჭვქვეშ დგება, თუმცა აღნიშნული არ ცვლის იმ გარემოებას, რომ შპს „...“ ჩატარებული არასრული და არათანმიმდევრული სამკურნალო მოქმედებებით პაციენტის მდგომარეობა სისხლდენის შედეგად დამძიმდა, რამაც გაართულა სისხლდენის მართვა. ამასთან, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დროულად მოუძიებლობამ გამოიწვია სხვა დაწესებულებაში პაციენტის რეფერირების აუცილებლობა. ამდენად, შპს „...“ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მიზეზის დროულად დაუდგენლობამ და შესაბამისი ღონისძიებების მყისიერად მიუღებლობამ შეუძლებელი გახადა პაციენტის გადარჩენა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს „...“ ჩატარებულ მანიპულაციებსა და პაციენტის საშვილოსნოს დაზიანებას (13 სმ.-იანი ნახეთქი ჭრილობის წარმოქმნას) შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ეტაპზე დაუდგენელია, არ გამორიცხავს იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ ...ის - ნ.კ-ას მიერ ჩადენილია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტების დარღვევა, რასაც მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება და მისმა უმოქმედობამ ხელი შეუშალა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ეფექტური გამოსავლის მოძიებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, აპელანტის - ნ.კ-ას მიერ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო საქმის წარმოებისას და სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება-გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს და ი.ა-ის სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს „...ის“ 2018 წლის 19 ივნისის №12 ბრძანებით ექიმ ...ას ე.გ-ას ორი თვით შეუჩერდა ... საქმიანობა. საფუძველი: ჯანდაცვის სასერტიფიკაციო საბჭოს გადაწყვეტილება. შპს „...ის“ 2018 წლის 26 ივლისის №13 ბრძანებით ე.გ-ა დაინიშნა ...ის თანამდებობაზე 26.07.2018 წლიდან. საფუძველი: პირადი განცხადება. შპს „...ის“ 2018 წლის 23 აგვისტოს №15 ბრძანებით ე.გ-ას განუახლდა ... საქმიანობა 23.08.2018 წლიდან. საფუძველი: სასერტიფიკაციო გადაწყვეტილების ვადის გასვლა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო საკითხი შეეხება ე.გ-ას მიმართ სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების პროცედურის სისწორეს. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საკითხი ინიცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა. როგორც უკვე აღინიშნა, ნ.ა-ის მშობიარობისა და შემდგომი გართულების მკურნალობის პროცესში ე.გ-ა სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი პირი არ იყო, მას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებული ჰქონდა 2 თვით. შესაბამისად, იგი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული იყო, როგორც უმცროსი ექიმი და იგი ამ დროისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელ პირად არ განიხილებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ დარღვევისათვის, რომლის შემადგენლობაც ფორმალურად სახეზე არ არის. მოცემულ შემთხვევაში, ე.გ-ას ქმედების შეფასება დაუშვებელია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესით, ვინაიდან პაციენტ - ნ.ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მომენტში სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმი ... არ იყო. ამდენად, დაუშვებელია, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გავრცელება იმ პერიოდზე, როდესაც პირი არ ითვლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებისა და შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირად. აღნიშნულ დასკვნას არ ცვლის ის გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების მომენტში ე.გ-ას უკვე აღდგენილი ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, ვინაიდან ადმინისტრაციული გადაცდომის შეფასება ხდება უშუალოდ გადაცდომად მიჩნეული ქმედების ჩადენის მომენტში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით. ამდენად, ე.გ-ას მიერ პაციენტ - ნ.ა-ის მკურნალობისას განხორციელებული მანიპულაციები ვერ შეფასდება სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ ჩადენილ გადაცდომად. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ე.გ-ას მიმართ სახელმწიფო სერტიფიკატის (სპეციალობა „...“) გაუქმების ნაწილში გამოცემულია გარემოებათა არასწორი შეფასებისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით. შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ე.გ-ას ნაწილში მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ.კ-ა სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც უარი ეთქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა და სპეციალისტების შეფასებები, რაც იძლევა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ხოლო აპელანტის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, თუ რა დამატებითი გარემოება შეიძლება დადგინდეს აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, რაც არსებითად შეცვლიდა უკვე არსებულ შეფასებებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა, დამატებით ექსპერტიზის თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება ნ.კ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინების ძალაში დატოვების ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.კ-ას მიერ, ხოლო ე.გ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო საჩივრები იქნა წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი.ა-ის მიერ.

8.1 კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო აღნიშნავს, რომ საბჭომ იხელმძღვანელა რა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 2019 წლის 12 სექტემბერს №9 სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება შპს „...ის“ უმცროსი ექიმის - ე.გ-ასათვის (სპეციალობა „...“) სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმების თაობაზე.

2019 წლის 12 სექტემბრის №12 საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრის ზ.ბ-ას მიერ დასმულ კითხვაზე - ვინ მართავდა მშობიარობას კლინიკა „...ში“, საკითხის შემსწავლელის - გ.ლ-ის მიერ განმარტებული იქნა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მშობიარობას მართავდა ნ.კ-ა, თუმცა ჩანაწერებს ასევე აწერდა ხელს უმცროსი ექიმი ე.გ-ა, რომელსაც იმ პერიოდისათვის საბჭოს მიერ 2 თვით ჰქონდა შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედება. ამავე საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა პაციენტ ნ.ა-ის ძმა - ი.ა-ი, რომელმაც განმარტა, რომ თავად არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რის გამოც მისი დის სურვილი იყო, რომ დასწრებოდა მშობიარობას. შესაბამისად, ესწრებოდა მშობიარობის პროცესს დილის 10 საათიდან გვიან ღამემდე, „...ის“ საოპერაციო ბლოკში შეყვანამდე. მისმა დამ სამშობიაროს ორსულობის 39-ე კვირაზე მიმართა კონტროლის მიზნით. პაციენტი მიიღო კლინიკის დირექტორმა, ... ნ.კ-ამ. ჩაუტარდა ექოსკოპიური კვლევა. პაციენტმა ძმას ტელეფონით აცნობა, რომ ნაყოფი იყო დიდი და შესაძლოა დასჭირვებოდა საკეისრო კვეთა, ექიმმა ურჩია, დარჩენილიყო სამშობიაროში, მისცემდნენ დამაჩქარებლებს, ე.წ. ...ას და იმშობიარებდა. ნ.ა-ი პირველ ბავშვზეც შპს „...ში“ იყო ნამშობიარები და ჰქონდა ექიმების ნდობა, ამიტომ დათანხმდა ექიმს. ამის შემდეგ მან მიაკითხა სამშობიაროში და ნახა, რომ მისი და უკვე მომზადებული იყო სამშობიაროდ. მიღებული ჰქონდა დამაჩქარებელი და განუმარტეს, რომ დაახლოებით 5 საათში იმშობიარებდა. მშობიარობის დაწყების მოლოდინში მშობიარეს ნახულობდა ექიმი ე.გ-ა, სინჯავდა და ასევე აწარმოებდა მოსმენას. 5 საათის გასვლის შემდეგ არ დაეწყო მშობიარობა, ამიტომ განმეორებით მისცეს კიდევ ერთი დოზა. ამის შემდეგაც არ დაეწყო ტკივილი. დაახლოებით 6 საათიდან დაეწყო უმნიშვნელო ტკივილები. ე.გ-ამ დააღვრევინა სანაყოფე წყლები, ტკივილი გაუძლიერდა, ჭინთვები არ აღენიშნებოდა. ამის შემდეგ განმეორებით მისცა მესამე დოზა დამაჩქარებელი. ამ პერიოდში ე.გ-ას ატყობინებენ, რომ მშობიარე მოდიოდა საკეისრო კვეთისთვის, ამიტომ შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჩქარობდნენ, რომ მის დას სწრაფად ემშობიარა. ი.ა-ის გადმოცემით, იმ პერიოდისათვის სამშობიაროში იმყოფებოდა ე.გ-ა, ანესთეზიოლოგი, ბებიაქალი და სანიტარი. 6 საათიდან კლინიკაში არ იმყოფებოდა გინეკოლოგი ნ.კ-ა. ამის თვითმხილველები არიან მისი ოჯახის წევრები, რომლებიც გარეთ ელოდებოდნენ. 7 საათისთვის პაციენტს დაეწყო ჭინთვები. ამ დროს დადგმული ჰქონდა სისტემა და მიმდინარეობდა გადასხმა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს იყო ... მის თვალწინ ხდებოდა რაოდენობის მომატება. ბავშვის გულისცემის მონიტორინგი ხორციელდებოდა და დაბადებამდე, ბოლო მომენტში გულისცემა შენელდა. გამოთქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ ბოლო ჭინთვის დროს გაიხა საშვილოსნო. მას ე.გ-ამ აუხსნა, რომ ბავშვი მოდიოდა ხელით წინამდებარეობით, ამიტომ უკან აბრუნებდნენ და შესაძლებელია ბავშვს ხელი ჰქონოდა გალურჯებული. საბოლოოდ, იმშობიარა და თავად დარჩა მის დასთან. კლინიკაში მუშაობდა ერთი ბრიგადა და ექიმები (ე.გ-ა, კ.კ-ა და ექთანი) გავიდნენ საკეისრო კვეთის ჩასატარებლად. გარკვეული პერიოდის შემდეგ - ნ.ა-ი უჩიოდა პირის სიმშრალეს და თავის ტკივილს. არ იმყოფებოდა არცერთი ექიმი, ამიტომ პირველ სართულზე ე.გ-ას ძმას მ.გ-ა) მიმართა, რომ მისი და არ გრძნობდა თავს კარგად. ფაქტიურად 8 საათიდან 10 საათამდე მისი და იყო ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. 10 საათისთვის შევიდა ე.გ-ა და სასწრაფოდ მოითხოვა მელოგინეს პალატაში გადაყვანა. როგორც კი წამოაჯინეს პაციენტი, აღენიშნა თავბრუსხვევა და ჰაერის უკმარისობა. ექთანმა სცადა, მაგრამ წნევა არ იზომებოდა. დაიწყეს ჟანგბადის მიწოდება, გაუკეთეს ... (წნევის დასარეგულირებლად). როგორც ირკვევა, ისეთი დოზით მისცეს ..., რომ სისხლდენა უფრო გაძლიერდა. ამის ფონზე პაციენტმა დაკარგა გონება. ამ პერიოდში ე.გ-ა უკავშირდება ანესთეზიოლოგ კ.კ-ას, რომელმაც დატოვა კლინიკა და არ იმყოფებოდა ტერიტორიაზე. როგორც ირკვევა, გასული იყო მაღაზიაში. პაციენტს ესაჭიროებოდა სისხლის გადასხმა. მას, მის მეუღლეს და მამას აქვთ პირველი ჯგუფის სისხლი და შესთავაზეს გადაესხათ, რადგან ადგილზე არ იყო სისხლის მარაგი. ამ შეთავაზებაზე უარი უთხრეს, რადგან პროტოკოლით იყო აკრძალული. ე.გ-ამ დაიწყო ...ებში დარეკვა და არსად არ აღმოჩნდა პირველი ჯგუფის (დადებითი რეზუსის) სისხლი. როგორც შემდგომში გაირკვა, კლინიკას არ ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ...სთან. მისი აზრით, ოჯახის წევრებს სისხლი თავად რომ მიეტანათ, ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ეს ბრიგადა ოპერაციის ჩატარებას ვერ შეძლებდა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პაციენტი კლინიკიდან გასულიყო ცოცხალი. საბჭოს წევრის ზ.ბ-ას შეკითხვაზე, რეალურად ვინ მართავდა მშობიარობას, ი.ა-მა განმარტა, რომ მშობიარობას მართავდა ე.გ-ა, ანესთეზიოლოგი კ.კ-ა და ექთანი მ.ს-ე.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოების მსჯელობა ე.გ-ას ნაწილში არ გამომდინარებს ფაქტობრივი გარემოებებიდან, კერძოდ, ე.გ-ას შეჩერებული ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატის (სპეციალობა - „...“) მოქმედება და არა გაუქმებული. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრება, რომ იგი იმ დროისთვის სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელ პირად არ განიხილებოდა, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლი არ ითვალისწინებს აკრძალვას, რომ თუ სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელს, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეჩერებული აქვს სერთიფიკატის მოქმედება, არ შეიძლება გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლები. სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელი, რომელსაც თუნდაც შეჩერებული აქვს სერთიფიკატის მოქმედება, ითვლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტად და მის მიმართ, ყველანაირი აკრძალვის გარეშე, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საშუალებას, შეიძლება გავრცელდეს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის დანაწესი. ორივე ინსტანციის სასამართლომ ე.გ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, რეაგირების გარეშე დატოვა ექიმ ე.გ-ას მიერ ჩადენილი პროფესიული გადაცდომები, რომლებსაც მოჰყვა მძიმე შედეგები (შედეგები, რომლებიც სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად იქნა მიჩნეული). სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებებზე და სამართლებრივ შედეგებზე, თუ რა უნდა განხორციელებულიყო ასეთ შემთხვევაში.

კასატორის განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭო ექიმის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრებისას ხელმძღვანელობს პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესახებ სარეცენზიო დასკვნით, დარგის ექსპერტთა შეფასებებით, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილად იქნა დაცული.

8.2 კასატორის - ი.ა-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მქონე პირს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, ასეთი პირი ერთი მხრივ, არ ითვლება სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირად და მეორე მხრივ, მასზე ვერ გავრცელდება პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამოსილება და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, რაც ეწინააღმდეგება კანონს და ნორმების არასწორი განმარტების შედეგია. ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად გამოირიცხება პროფესიული განვითარების საბჭოს ეფექტური კონტროლი მისი რეგულირების ქვეშ მყოფ პირთა წრეზე. კანონის ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირს შეჩერებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედება, იგი მაინც ითვლება სერტიფიკატის მფლობელ პირად. შესაბამისად, საბჭოს ჰქონდა სრული უფლება გაეუქმებინა სერტიფიკატი ე.გ-ასთვის.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.კ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ა-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი.ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე; ნ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.კ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ.კ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი.ა-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ე.გ-ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს „... ... განყოფილებაში - ...“ 2018 წლის 10 აგვისტოს, 19:45 საათზე იმშობიარა პაციენტმა - ნ.ა-იმა. მშობიარობა ჩატარდა ეპიდურული ანესთეზიით, მომყოლი მიღებულია 19:50 საათზე, დაკარგული სისხლის რაოდენობა - 200 მლ. 19:55 საათზე აღდგენილ იქნა შორისის მთლიანობა, სისხლის საერთო დანაკარგი - 200+100=300 მლ. 21:00 საათზე საშვილოსნოს მორიგი გარეგანი მასაჟის დროს აღმოჩნდა საშვილოსნო მოდუნებული, მასაჟის შემდეგ საშოდან სისხლოვანი გამონადენი ჭარბი =200-250 მლ. ოდენობით. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. დიაგნოზი: ...; დასკვნა: პაციენტს ამ ეტაპზე ჩაუტარდეს უტეროტონული მკურნალობა, სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში შემუშავდეს ახალი სამოქმედო გეგმა. 21:10 საათზე ი/ვ ერთჯერადად ... 60 წვეთი წუთში. საშვილოსნო შეიკუმშა კარგად. სისხლდენა შეჩერდა, სულ სისხლის დანაკარგი 500 მლ-550 მლ. სს დანაკარგი - 10% მსმ-ის ჩატარდა ლაბ. კვლევები: HB-95, HCT – 27,13 შარდის ბუშტში ჩაიდგა კათეტერი. 22:00 მელოგინის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, P-88’ , TA 110/70 mmhg, t-36,4 , R-18 SpO2 – 99%, ენა სველი, უნადებო, მუცელი რბილი უმტკივნეულო, მონაწილეობს სუნთქვაში, საშვილოსნო შეკუმშული კარგად, საშვილოსნოდან გამონადენი, მუქი ჰემორაგიული უმნიშვნელო რაოდენობით. სულ ამ ეტაპაზე 550+100=650 მლ. შარდი კათეტერით - სუფთა. ი/ვ მიმდინარეობს ...HB-95, HT – 27 (ზოგადი ზემოთ აღნიშნული). 23:00 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი P-88’ TA 110/70, t-36,5, R-18’, SpO2 – 99%, სისხლის საერთო დანაკარგი - 700 მლ. 23:15 მელოგინეს კვლავ აღენიშნება საშოდან ჭარბი სისხლოვანი გამონადენი, ზოგ. მდგომარეობა საყურადღებოა. P-100, TA 90/60, mHg R-20, SpO2 – 99%. ენა სველი, უნადებო, მუცელი რბილი, უმტკივნეულო, მონაწილეობს სუნთქვაში. პერისტალტიკა მოისმინება კარგად, საშვილოსნო მოდუნებული იკუმშება გარეგანი მასაჟის დროს. გამონადენი საშოდან ღია ჰემორაგიული ჭარბი 400-450 მლ. მობილიზებულ იქნა II იდაყვის ვენა ი/მ შეყვანილ იქნა მეთილერგობროვინი Sol. NaCl 0,9%, pur rectum მოთავსდა 1000 მგ. (5 აბი) მისოპრისტოლი. Opecatio: საშვილოსნოს შინაგან-გარეგანი ბიმანუალური კომპრესია. საშოს უკანა თაღში მოთავსდა მუშტი. მარცხენა ხელით ნაწარმოებია საშ. ანტერვერზიით. საშვილოსნო შეიკუმშა კარგად. სისხლდენა შეწყდა. სს დანაკარგი ამ ეტაპზე 1100-1200 მლ. მ.ს.მ.-ის 21-22%. ნაწარმოები იქნა განმეორებით ლაბ. კვლევები Hb; HCT. დიაგნოზი: ლოგინობის ხანის .... დასკვნა: ვინაიდან სისხლის დანაკარგმა შეადგინა მ.ს.მ.-ის 28% პაციენტს ესაჭიროება ... თანამოსახელე ჯგუფის (oI; RhH) სისხლის მოძიება. პაციენტზე გრძელდება მუდმივი მონიტორინგი. საშვილოსნოს მუდმივი მასაჟი. ეძლევა O2 სველი წესით, 10 ლ/წთ. სიჩქარით. კათეტერით გამოყოფილი შარდი - სუფთა, დიურეზი დადებითი. ლაბ. კვლვები - სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა. 23:30 მელოგინის ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, აღენიშნა ჰიპერტენზიის ეპიზოდი. TA 60/40, D-120, R-20, SpO2 – 99%. ისევ მიმდინარეობს ნაკადით sol NaCl 0,9% (ამ ეტაპისთვის გადასხმულია 2000 მლ. ხსნარი). ანესთეზიოლოგთან ერთად გაკეთდა ...1 ამპ.+500NaCl 1214 წვ), რის ფონზეც TA-100/60 mmHg მუცელი რბილი, საშვილოსნო შეკუმშული, საშოდან გამონადენი მუქი, ჰემორაგიული მცირე. შარდვა კათეტერით, შარდი სუფთა, დიუზერი - ადეკვატური. მიღებულია ანალიზის პასუხები. აღინიშნა მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია Hb-62 3/2 Hb-17.3 თანამოსახელე ჯგუფისა და Rh-ის სისხლის მოძიება ვერ მოხერხდა. დიაგნოზი: ლოგინობის ხანა, საშვილოსნოს ჰიპოტონიით და სისხლდენის შემდგომი პერიოდი, მწვავე კრიტიკული პოსტჰემორაგიული ანემია. დასკვნა: ვინაიდან ადგილი აქვს ...ას, პაციენტს ესაჭიროება ... და შემდგომი მკურნალობა. გადაწყდა მისი გადაყვანა III დონის დაწესებულებაში 10.08.18 წ. 23:35 საათზე გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა, გრძელდება ვიტალური ფუნქციების ელექტრომონიტორინგი, ინფუზური თერაპია, ოქსიგენოთერაპია, საშვილოსნოს მასაჟი და დანაკარგის კონტროლი. 11.08.2018 წ. 00:00 საათი - მელოგინის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე, პაციენტი კონტაქტური, გონება ნათელი, კითხვებზე პასუხობს ადეკვატურად. P-1401 TA 110/70 (...ის ზემოთ აღნიშნული ინფუზიის ფონზე) t-36.3 C, R-20’ , SpO2 – 99%. ენა სველი, უნადებო, კანი ფერმკრთალი, მუცელი რბილი, უმტკივნეულო, მონაწილეობს სუნთქვაში. პერისტალტიკა მოისმინება კარგად, საშვილოსნო შეკუმშულია, საშოდან გამონადენი მუქი ჰემორაგიული მცირე, შარდვა კათეტერით, დიურეზი დადებითი, შარდი სუფთა. 00:10 საათი - მოვიდა კატასტროფის ბრიგადა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, P-140’ TA 110/70 (მეზ.-ის ფონზე), პაციენტი კონტაქტური, გონება ნათელი, კითხვებზე პასუხობს ადეკვატურად, R-20’, SpO2 – 99%. საშვილოსნო მკვრივი, გამონადენი მც. რაოდენ. ჰემორაგიული მცრ. გადაყვანის ეპიკრიზი: პაციენტი ა-ი.ნ., 35 წლის კლინიკაში შემოვიდა 10.08.2018 წ. 15:00, მოთავსდა სტაციონარში დიაგნოზით: ორს. 39 კვ. ნაყოფის თ/წინმდ. მშობ. I პერ. იმშობიარა 10.08.2018 წ. 19:45 ეპიდურული ანესთეზიით, ცოცხალი, დროული მდედრობითი სქესის ახალშობილი, წონით 3540 გრ. სიგრძით 52 სმ. აპქს 8/9%. ლოგინობის ხანაში აღინიშნა საშვილოსნოს ჰიპოტონია, მწვავე ანემია. ჩაუტარდა უტეროსტონული და ინფუზიური თერაპია, ოქსიგენოთერაპია, ანემიის გაღრმავებისა და პაციენტისათვის თანამოსახელე სისხლის მოძიების შეუძლებლობის გამო გადაწყდა პაციენტის რეფერალი III დონის კლინიკაში. 11.08.18 00:10 პაცინეტი ა-ი.ნ. გადაბარდა კატასტროფის ბრიგადას ნათელი გონებით, კონტაქტური, შემდეგი ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით: P-140’ TA 110/70, R-20 , SpO2 – 99% (ტ.2, ს.ფ 193-204); ბ) სს ...ის მიერ გაცემული სტაციონარული პაციენტის №... სამედიცინო ბარათის თანახმად, ნ.ა-ი სტაციონირებული იქნა 11.08.2018 წ. 00:35 საათზე, კატასტროფის ბრიგადის მიერ, კლინიკური დიაგნოზი: ..., ..., ... ... ... II დროული მშობიარობა ბუნებრივი სამშობიარო გზებით ორსულობის 39-ე კვირის ვადაზე, ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ, ნაყოფის თავითწინმდებარეობით. სს ...ის დიაგნოსტიკური დეპარტამენტის მიერ 11.08.2018 წ. 00:35 საათზე ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევით ნანახი იქნა, რომ ღვიძლის ვირცელარულ ზედაპირთან, ორივე ლატერალურ არხში, დუგლასის სივრცეში სპლენურენულ ჯიბეში ნაწლავთა შორის ფიქსირდებოდა დიდი რაოდენობით თავისუფალი სითხე. მიმღები განყოფილებიდან პაციენტი გადაყვანილ იქნა 11.08.2018 წ. 00:40 საათზე. წინასაოპერაციო ეპიკრიზი: კასტროფის ბრიგადის მიერ შპს „...დან“ მოყვანილ იქნა 35 წლის მელოგინე ა-ი.ნ., როგორც ფორმა 100-დან (№150), ირკვევა ზემოთ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 10.08.18. 15:00 სთ-ზე. 10.08.18. 19:45 იმშობიარა ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ ცოცხალი, დროული, მდედრობითი სქესის ახალშობილი მასით 3540,0 - აპგარით შეფასდა 8/8ქ-ით. 10.08.18. 22:00 სთ-ზე აღენიშნა ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა ჰიპოტენზია, მობილიზებულ იქნა ორივე იდაყვის ვენა, დაეწყო ინფუზიური თერაპია, გაუკეთდა სისხლის ს/ანალიზი-HGB-62g/l, HCT-17,13% RBC-1,94 X 1012/L,სისხლის ჯგ. და რეზუსი -OP. გამოძახებულ იქნა კატასტროფის ბრიგადა. ესც-ში მოყვანისას მელოგინის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკული, ჰემოდინამიკა არასტაბილური ვაზინოტროპული მხარდაჭერის ფონზე -T/A-80/45mm. hg. Ps-118', R-30’, უჩივის ძლიერი ხასიათის ტკივილს მუცლის არეში დიფუზურად, მუცლის წინა კედელი დაჭიმული, პალპაციით მკვეთრად მტკივნეული, სუნთქვის გაძნელებას. ფერმკრთალია, გამოხატულია აკროციანოზი, კანი ცივი, ნამიანი (ოქსიგენაციის ფონზე-10ლ/წთ-ში). ესც-ს ER-ში შემოყვანისთანავე ჩაუტარდა უბკ-დაფიქსირდა მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე, აღენიშნებოდა საშოდან ჭარბი რაოდენობით სისხლდენა, როგორც თხიერი, ისე კოლტების სახით. მიტანილ იქნა ეჭვი საშვილოსნოს გახევაზე, შინაგან სისხლდენაზე. სასიცოცხლო ჩვენებით აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. ტრანსპორტირებისას (ლიფტიდან გამოყვანის დროს) მელოგინემ დაკარგა გონება, შეყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. 11.08.18. 00:43-მელოგინე საოპერაციო მაგიდაზეა, უგონო მდგომარეობაში, ერთეული სუნთქვითი მოძრაობებით. წნევა არ ისინჯება მიუხედავად ვაზოინოტროპული მხარდაჭერისა, უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. Ds-სუთქვის მწვავე უკმარისობა, ..., ... ... ...; II დროული მშობიარობა ბუნებრივი სამშობიარო გზებით ორსულობის 39 კვირის ვადაზე ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ ნაყოფის თავითწინმდებარეობით. სასიცოცხლო ჩვენებით გადაწყდა ოპერაციული მკურნალობა ოპერაციის მასშტაბი განისაზღვრება ინტრაოპერაციულად. მელოგინის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე ოპერაციულ მკურნალობაზე თანხმობის მიღება ვერ ხერხდება. ოქმი №-75: ოპერაციის დაწყება-11. 08. 18. 00:50 ოპერაციის დასრულება-11.08.18. 01:30 ოპერაციის ხანგრძლიობა- 40წთ. ანესთეზია – ენდოტრაქეალური Ds - ..., ..., ჰიპოვოლემიური შოკი, მწვავე მუცელი, საშვილოსნოს რუპტურა, შინაგანი მისხლდენა; II დროული მშობიარობა ბუნებრივი სამშობიარო გზებით ორსულობის 39 კვირის ვადაზე ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ ნაყოფის თავითწინმდებარეობით. ოპერაცია - ლაპარატომია, ქვემო შუა თეთრ ხაზზე, საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატების გარეშე, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება, .... მუცლის ღრუ შრეების მიხედვით გაიხსნა თეთრ ხაზზე ქვემო შუა განაკვეთით. აღმოჩნდა მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლი თხიერი და კოლტების სახით, მუქი ფერის, ძველი 4000,0მლ. საშვილოსნო გახეული უკანა კედელზე საშვილოსნოს ქვედა მესამედში საშოს უკანა და მარცხენა თაღზე გადასვლით. საშვილოსნო მოგლეჯილი საშოს უკანა და მარცხენა გვერდითი თაღიდან, იმბიბირებული. ჰემატომა ორივე მხარეს ლატერალურ ღარში რეტროპერიტონეალური გავრცელებით. საშვილოსნოს წინა კედელზე დიდი ზომის ჰემატომა, გავრცელებული ფართო იოგის ფურცლებსა და შარდის ბუშტ-საშვილოსნოს ნაოჭის მიმართულებით, მთლიანად იკავებს საშვილოსნოს ირგვლივ ფაშარ ქსოვილებს და იოგოვან აპარატს. ჰემატომა ორივე მხარეს ვრცელდება აგრეთვე მენჯ-ძაბრისებური იოგების მიმართულებით. მუცლის ღრუდან გამოტანილ იქნა დიდი რაოდენობით სისხლის კოლტები, ამოიწმინდა თხიერი სისხლი გაკეთდა - ორივე მხარეს დაედო მომჭერები საკვერცხის საკუთარ იოგებს, მრგვალ იოგებს, კვერცხსავალი მილის საშვილოსნოს მხრივ ბოლოს, მეზოსალპინქს-მომჭერებს შორის გადაიკვეთა, ლიგირებული იქნა ვიკრილის კვანძოვანი ნაკერით. ჩაიჭრა და ჩაითიშა შარდის ბუშტ-საშვილოსნოს ნაოჭი. მარჯვენა მხარეს დაედო მომჭერები, გადაიჭრა და გადაიკვანძა საშვილოსნოს მკვებავი სისხლძარღვები და კარდინალური იოგები. მარცხენა მხარეს ნაწარმოები იქნა არსებული ჰემატომის ევაკუაცია ფართო იოგის ფურცლებიდან, რის შემდეგაც მომჭერებზე იქნა აღებული საშოს უკანა და მარცხენა გვერდითი თაღი. მარჯვენა მხარეს მომჭერებს შორის ნაწარმოები იქნა საშვილოსნოს მარჯვენა გვერდითი და საშვილოსნოს წინა კედლის საშოს მარჯვენა გვერდითი და წინა თაღიდან ექსტირპაცია. 11.08.18. 01:00 სთ-ზე დაფიქსირდა ასისტოლია-ოპერაცია გაგრძელდა რეანიმაციული ღონისძიებების ფონზე. საშოს ტაკვი გაიკერა ყრუდ. პერიტონიზაცია შარდისბუშტ-საშვილოსნოს იოგის და ფართო იოგის ფურცლების ხარჯზე. მუცლის ღრუ სანაციის და რევიზიის შემდეგ დაიხურა შრეების მიხედვით, მუცლის ღრუში დატოვებულია დრენაჟი, გამოტანილი მარჯვენა ლატერალური ღარიდან. კანზე დაედო კვანძოვანი ნაკერები, ასეპტიკური შეხვევა. ინტრაოპერაციულად ნაწარმოები იქნა ტრანსფუზია, ... (იხ. ანესთეზიის რუქა). ექსტირპირებული საშვილოსნო გაიგზავნა ჰისტომორფოლოგიურ გამოკვლევაზე. სისხლის ს/დანაკარგი - 4000-4100 მლ. 11.08.2018 წ. 01:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი (ტ.2, ს.ფ 256-257, 276, 273, 258, 259-260, 300-301); გ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ.ა-ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა საშვილოსნოს მთლიანობის სრულშრეობრივი დარღვევის (ნახეთქი ჭრილობა) შედეგად განვითარებული სისხლდენის გამო. ნ.ა-ის გვამის სასამართლო მედიკური წესით გამოკვლევისას აღენიშნებოდა დაზიანება საშვილოსნოს მთლიანობის სრულშრეობრივი დარღვევის (ნახეთი ჭრილობა) სახით. დაზიანება ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილის ფაქტი. დაზიანების განვითარების მექანიზმის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სათანადო სპეციალისტის/სპეციალისტების მონაწილეობით. ნ.ა-ის გვამზე არსებული დაზიანებები ნეკნების მოტეხილობის სახით/მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე მე-2-3-4 ნეკნის მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე მე-2 და მე-4 ნეკნების/ განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით (შესაძლებელია რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად) და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ატარებენ სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივი კავშირში არ იმყოფებიან. ნ.ა-ის გვამზე არსებული მუცლის წინა ზედაპირზე სწორკიდეებიანი ჭრილობა გაკერილი 16 კვ. ნაკერით, მარჯვენა ლეტალურ ღარში სწორკიდეებიანი ჭრილობა, ირგვლივ ნაკერების კვლებით (დრენაჟის ჩადგმის და ფიქსაციის მიდამო) ორივე მხარეს საკვერცხის საკუთარ იოგებზე, მრგვალ იოგებზე, კვერცხსავალი მილის საშვილოსნოს მხრივ ბოლოზე, შარდის-ბუშტ-საშვილოსნოს ნაოჭზე მარჯვენა მხარეს, საშვილოსნოს მკვებავ სისხლძარღვებზე და კარდინალურ იოგებზე მარცხენა საკვერცხე-კვერცხსავალი მილის მიდამოში თითო სწორკიდეებიანი ჭრილობა. კვანძოვანი ნაკერებით (ოპერაცია საშვილოსნოს ექსტრიპაციის შ.მდგ) ნაჩხვლეტი ჭრილობები ვენების საპროექციოდ (მათ შორის ირგვლივ კანქვეშა სისხლჩაქცევებით) ხერხემლის მიდამოში წელის მე-3-4 მალთაშუა სივრცეში 3 ნაჩხვლეტი ჭრილობა (ეპიდურული ანესთეზიის კვალი) საშოს კედლის სწორკიდეებიანი ჭრილობა ირგვლივ სისხლჩაქცევებით, გაკერილი 2 კვ. ნაკერით სამედიცინო დოკუმენტაციით ეპიზიოტომიის კვალი) წარმოადგენენ სამედიცინო მანიპულაციის კვალს. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ნ.ა-ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება (სანარკოზე) კეტამინი და Mქოლინობლიკატორული საშუალება .... სისხლში და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ლიდოკაინი. სისხლსა და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები (ტ.2, ს.ფ 316-328); დ) სამედიცინო დოკუმენტაციის მიმართ მომზადებულ რეცენზიაში აღნიშნულია, რომ პაციენტის ნ.ა-ის სამედიცინო ბარათის განხილვას შედეგად გაირკვა, შემდეგი: პაციეტმა მიმართა შპს „...ას“ მშობიარობის მიზნით 10.08.2018 15:00 სთ-ზე, Ds ორსულობა 39 კვირის, ნაყოფის თავით წინმდებარეობა. მშობიარობის I პერიოდი ჩაუტარდა ეპიდურული გაუტკივარება. მშობიარობა დასრულდა 19:45 სთ-ზე ფიზიოლოგიური გზით. მშობიარობის პერიოდში სისხლის დანაკარგმა შეადგინა 300 მლ. პაციენტი მოთავსდა პალატაში და მიმდინარეობდა დაკვირვება. 21:00 სთ-ზე ნანახი იქნა სისხლიანი გამონადენი 200-250 მლ-ის ოდენობით. დაწყებულ იქნა უტეროტონული მკურნალობა, სისხლის წითელ მაჩვენებლები ნორმის ზღვრებში. 22:00 სთ-ზე მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. ამ დრომდე ჯამში სისხლის დანაკარგმა შეადგინა 650 მლ.; 23:10 სთ-ზე ნანახი იქნა 400-450 მლ სისხლიანი გამონადენი და პაციენტს ჩაუტარდა მანიპულაცია: საშვილოსნოს შინაგან-გარეგანი ბიმანუალური კომპრესია. საშვილოსნო შეიკუმშა, თუმცა პერიოდულად გრძელდებოდა საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი. სისხლის ჯამური დანაკარგი - 1100-1200 მლ. 23:30 სთ.-ზე დაფიქსირდა ჰიპოტენზია, კრიტიკულ მაჩვენებელს მიაღწია ჰემოგლობინის. ჰემატოკრიტის მაჩვენებელმა (Hb-62 გ/ლ, Ht - 17). სისხლის ტრანსფუზია ვერ ჩატარდა თანამოსახელე სისხლის არარსებობის გამო. დაწყებულ იქნა მასიური ... ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის მიზნით ... მხარდაჭერა. გადაწყდა საკითხი პაციენტის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, გამოძახებულ იქნა კატასტროფის ბრიგადა და პაციენტი ტრანსპორტირებულ იქნა (00:10 სთ.) ...ში. ტრანსპორტირებამდე პაციენტის მდგომარეობა მითითებულია როგორც დამაკმაყოფილებელი. კონტაქტურია, ადეკვატური, ვიტალური ფუნქციები დამაკმაყოფილებელი, გრძელდება ...ის ... ცენტრში პაციენტის მიყვანის დრო 00:35 სთ, საკაცეზევე ჩაუტარდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ნანახი იქნა დიდი რაოდენობით თავისუფალი სითხე (სავარაუდოდ სისხლი). პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით დაუყოვნებლივ აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, თუმცა ტრანსპორტირების პერიოდში გამოიხატა ცნობიერების დათრგუნვა, ერთეული სუნთქვა (00:43 სთ). პაციენტი მოთავსდა საოპერაციო მაგიდაზე ჩაუტარდა ტრაქეის ინტუბაცია (00:45 სთ). დაწყებულ იქნა მართვითი სუნთქვა. 00:50 სთ.-ზე დაიწყო ოპერაციული ჩარევა; ლაპარატომია ქვემო შუა თეთრ ხაზე საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატების გარეშე. მუცლის ღრუს სანაცია დრენირება. ოპერაციის მსვლელობის დროს მუცლის ღრუში ნანახი იქნა 4000 მლ.-მდე სისხლი. საშვილოსნო გახეული უკანა კედელზე საშვილოსნოს ქვედა მესამედში საშოს უკანა და მარცხენა თაღზე გადასვლით, საშვილოსნო მოგლეჯილი საშოს უკანა და მარცხენა გვერდითი თაღიდან. დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მასიური ... 01:00 საათზე მზარდი ჰიპოტენზიის და ბრადიკარდიის ფონზე დაფიქსირდა ასისტოლია, დაწყებულ იქნა რეანიმაციული ღონისძიებები პროტოკოლის მიხედვით, თუმცა უშედეგობის გამო შეწყვეტილ იქნა და 11.08.2018 01:45 სთ.-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სამედიცინო ბარათის განხილვის შედეგად გამოტანილ იქნა შემდეგი დასკვნა: ზოგადი დასკვნით, ანესთეზიოლოგიური და რეანიმაციული ღონისძიებების მართვა ნაწარმოებია სწორად, რაიმე გადაცდომას, არასწორ, არასრულ და/ან დაგვიანებულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ინტერესს წარმოადგენს გინეკოლოგების დასკვნა (ტ.2, ს.ფ 81-82); ე) პაციენტ ნ.ა-ისათვის გაწეული სამეანო მომსახურების ხარისხის ექსპერტული შეფასებით გაიცა დასკვნა პაციენტისათვის გაწეული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შეფასების მიზნით. შ.პ.ს. „...ის“ ამბულატორიაში პაციენტისათვის გაწეული ანტენატალური მოვლის ხარისხის შეფასება: ანტენატალური მეთვალყურეობა მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით, კერძოდ: არ იქნა გათვალისწინებული 2017 წლის 17 დეკემბერს დამტკიცებული ანტენატალური მეთვალყურეობის პროტოკოლის რეკომენდაციები; ფოლიუმის მჟავის დოზირება (0,4 მგ-ის ნაცვლად 1 ტაბ), პროფილაქტიკურად არ დაინიშნა 30 მგ. რკინა მთელი ორსულობის განმავლობაში და სხვ.; არ იქნა გათვალისწინებული გესტაციური დიაბეტის მართვის ეროვნული პროტოკოლის რეკომენდაციები და გესტაციურ დიაბეტზე სკრინინგი არ ჩატარდა 50გ. გლუკოზის ტოლერანტობის სკრინინგული ტესტით; არ იქნა გათვალისწინებული ვენური თრომბოემბოლიზმის პრევენციის ეროვნული პროტოკოლის რეკომენდაციები და ფრაქსიპარინი დაინიშნა ჩვენების გარეშე (ჰიპერფიბრინოგენემია არ წარმოადგენს ფრაქსიპარინის დანიშვნის ჩვენებას); დაუსაბუთებლად ჩატარდა შემდეგი კვლევები: კოაგულოგრამა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად FT3 დაFT4 განსაზღვრა, 2 ულტრასონოგრაფიული კვლევის ნაცვლად ულტრასონოგრაფიული კვლევა, კარდიოტოკოგრაფია; არ იქნა დიაგნოსტირებული ასიმპტომური ბაქტერიურიის დიაგნოზი (...) და შესაბამისად, არ ჩატარდა ანტიბიოტიკოთერაპია; სანაცვლოდ დაისვა არაადექვატური და არარსებული დიაგნოზები: „ ...“, დაინიშნა მკურნალობა ... და ...ით, რომელიც ამ ეტაპზე ამოღებულია პრაქტიკიდან; „ზედაპირული თრომბოფლებიტი“, არ არის მითითებული ლოკალიზაცია და კლინიკური მიმდინარეობა; არ იქნა ზუსტად დადგენილი გეტაციური ვადა, მთელი ორსულობის განმავლობაში გეტაციური ვადა მუდმივად ცვალებადობდა; ადეკვატურად არ მიმდინარეობდა ნაყოფის მდგომარეობის შეფასება: გრავიდოგრამა შევსებულია ფიქტიურად, რეალურად არ შეესაბამება ნაყოფის ზრდის დინამიკას; მაგ.: გრავიდოგრამის მიხედვით ორსულობის 36-ე კვირის ვადაზე სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა მაკროსომიას, რეალურად კი, ორსულობის 39-ე კვირის ვადაზე დაბადებისას ახალშობილის წონა 3540,0 შეესაბამებოდა 55 პერცენტილს; არ არსებობდა კარდიოტოკოგრაფიის ჩატარების ჩვენება, მითუმეტეს ჩატარებული კარდიოტოკოგრაფია არ შეესაბამება არც სტრესული და არც არასტრესული ტესტის კრიტერიუმებს და შესაბამისად მიღებული პასუხი არის არაადეკვატური და არაინფორმატიული; დასკვნა: ამგვარად, ორსულობის მართვისას არ არის გათვალისწინებული არც ანტენატალური მეთვალყურეობის, არც გესტაციური დიაბეტის მართვის და არც ვენური თრომბოემბოემბოლიზმის პრევენციის ნაციონალური პროტოკოლების რეკომენდაციები. ანტენატალური მეთვალყურეობა ჩატარდა ფორმალურად, უსისტემოდ, ჩვევაში გამჯდარი და კლინიკაში დანერგილი მოძველებული სტანდარტების მიხედვით. შპს „...ში“ პაციენტისათვის გაწეული სტაციონარული მომსახურების ხარისხის შეფასება: მშობიარობის პროცესის მართვა მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით, კერძოდ: მშობიარობის დაწყებისთანავე, ლატენტურ ფაზაში არ იქნა დაწყებული პარტოგრამის შევსება; პარტოგრამის შევსება დაწყებულ იქნა მხოლოდ აქტიურ ფაზაში; პარტოგრამის შევსება იწყება მშობიარობის I პერიოდში, მშობიარის სამშობიარო ბლოკში მოთავსებისთანავე; ინფორმაციისათვის მშობიარობის I პერიოდი შედგება ლატენტური და აქტიური ფაზებისაგან და კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტი უნდა მოეთავსებინათ სამშობიარო ბლოკში და თავიდანვე გაეხსნათ მშობიარობის ისტორია; პარტოგრამა შევსებულია მნიშვნელოვანი ხარვეზებით: ვაგინალური გასინჯვა ხდება 3 სთ-ში ერთხელ, არ არის ინფორმაცია დედის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ, არ არის ადეკვატურად შეფასებული საშვილოსნოს ყელის გახსნის მრუდის გადასვლა სიფხიზლის ინტერვალში და სხვ.; · 10.08.18. 21:00 -23:00 არ მოხდა სისხლის დანაკარგის ადეკვატურად შეფასება და კლასიფიცირება, არ მოხდა გადაუდებელი მდგომარეობის გააქტიურება, არ დაიწყო პირველსაწყისი რეანიმაციული ღონისძიებები, არ მოხდა სისხლდენის მიზეზის დადგენა, ადეკვატურად არ წარიმართა უტეროტონიკებით მკურნალობა; 2 საათის განმავლობაში მელოგინეს ჩაუტარდა მხოლოდ ...ის ინიფუზია შემანარჩუნებელი დოზირებით, არ მოხდა მოცირკულირე სისხლის მოცულობის ადეკვატური შევსება - ყოველ დაკარგულ 1 მლ. სისხლზე 3 მლ. ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა, არ იქნა ეჭვი მიტანილი სისხლისდენის სხვა მიზეზზე „ტრავმა“, არ მოხდა საშვილოსნოს ყელის და საშოს მთლიანობის შეფასება, არ ჩატარდა სისხლის შედედების შეფასების და სხვა ტესტები; 10.08.18. 23:15 სისხლისდენის განახლების შემდეგაც არ მოხდა გადაუდებლობის კოდის გააქტიურება და ადეკვატური პირველსაწყისი რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელება, კვლავ გაგრძელდა მხოლოდ უტეროტონიკების გამოყენება, საშვილოსნოს შეკუმშვის მიზნით განხორციელდა გაურკვეველი აქტივობა: საშვილოსნოს შინაგან-გარეგანი ბიმანუალური კომპრესია საშოს უკანათაღში მუშტის მოთავსებით; აღსანიშნავია, რომ აღწერილი მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილი არ არის, ამ ჩარევას ეწოდება საშვილოსნოს ბიმანუალური მასაჟი, მუშტის მოთავსება ხდება წინა თაღში და ეს მეთოდი გამოიყენება, როგორც სისხლისდენის დროებითი შეჩერების მეთოდი და არა როგორც სისხლისდენის მკურნალობის მეთოდი; არ იქნა დროულად მოძიებული სისხლი და სისხლის კომპონენტები და არ იქნა დაწყებული სისხლის და ახლადგაყინული პლაზმის დროული ტრანსფუზია; ვერ იქნა დროულად იდენტიფიცირებული მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის მიზეზი; დროულად არ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და დაგვიანებით მოხდა მელოგანის რეფერალი; დასკვნა: მშობიარობა წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ფაქტიურად დაშვებულ იქნა ყველა ის შეცდომა, რომელიც როგორც კვლევებით არის დადგენილი, წარმოადგენს მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის გამო მელოგინის გარდაცვალების ძირითად მიზეზებს: სისხლისდენა გამოვლინდა მოგვიანებით; არ იქნა ადეკვატურად შეფასებული და კლასიფიცირებული სისხლისდანაკარგი; არ იქნა სათანადოდ შევსებული დაკარგული სისხლის მოცულობა; არ იქნა დადგენილი სისხლისდენის მიზეზი; არ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა; ვერ იქნა მოძიებული სისხლის და სისხლის კომპონენტები და არ იქნა დაწყებული ტრანსფუზიულ-ინფუზიური თერაპია. აქედან გამომდინარე დაირღვა პაციენტის უსაფრთხოების სამი ძირითადი პრინციპი: სწორი პაციენტი, სწორი ადგილი, სწორი პროცედურა. ...ში პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასება: მელოგინის მართვა მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით: არ იქნა დაცული რეფერალის პროცესის ძირითადი პრინციპი: რეფერალის მიმღებმა კლინიკამ შოკურ, უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი (იხ. პერინატალური მიმღების ჩანაწერი) არ მოათავსა პირდაპირ საოპერაციო ბლოკში, მიმღების და ER-ის ავლით, რითაც დაიკარგა რეანიმაციის 8 ოქროს წუთი (სამარხიანი კათეტერის ჩადგმა მოხდა 00:45); პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების მიხედვით არ შეფასდა სისხლის დანაკარგის მოცულობა (შინაგანი სისხლისდენის დროს დაკარგული სისხლის მოცულობის შეფასების ყველაზე სარწმუნო მეთოდი) და დაუყოვნებლივ არ გააქტიურდა მასიური ტრანსფუზიის პროტოკოლი; ინფუზიურ-ტრანსფუზიული თერაპია არ განხორციელდა მასიური ტრანსფუზიის პროტოკოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით (დასადგენია, რამდენად ესც-ში ხელმისაწვდომია ეს პროტოკოლი), რომლის მიხედვით მასიური სისხლისდენის დროს ფიზიოლოგიის ძირითად დამხმარე ღონისძიებას ახლადგაყინული პლაზმის, თრომბოციტების და ერითროციტარული მასის ერთნაირი თანაფარდობით 1:1:1 დაუყოვნებლივი გადასხმა წარმოადგენს მაშინ, როცა ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის მოცულობა სულ 3000,0 მლ. ფიზიოლოგიური ხსნარის და 3 პაკეტი ერითროციტარული მასის გადასხმით შემოიფარგლა; ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილება შინაგან სისხლისდენაზე ეჭვის არსებობისას მიღებულ იქნა სწორად, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებამდე ადეკვატურ ქმედებას მხოლოდ სისხლისდენის შეჩერება წარმოადგენდა; ჰიპოვოლემიურ შოკში მყოფი პაციენტისათვის ჰისტერექტომიის წარმოება, რომელიც წარმოადგენს ძალზედ ტრავმულ, ხანგრძლივ და დამატებითი სისხლის დანაკარგის გამომწვევ ოპერაციას, არ იყო მიზანშეწონილი; მომაკვდავ პაციენტზე ჰისტერექტომიის წარმოებისაგან განსხვავებით, მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი ორსულისათვის საკეისრო კვეთის წარმოება რეკომენდებულია, რადგან ამ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის ძირითად მიზანს მუცლადმყოფი ნაყოფის სიცოცხლის გადარჩენა წარმოადგენს, განხილულ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით ასისტოლის დაფიქსირების შემდეგ ჰისტერექტომიის ოპერაციის გაგრძელება მიზანს მოკლებულად მიაჩნია; ოპერაციის ოქმის მიხედვით, ოპერატორი არ აღნიშნავს, სისხლმდინარეა თუ არა საშვილოსნოს გახევის კიდეები; არადა, საშვილოსნოს გახევის დიაგნოზი ტიპიურად ისმება ლაპაროტომიის მსვლელობისას საშვილოსნოს კედლის ყველა შრის მთლიანობის სრული დარღვევის ვიზუალიზაციით, რომელსაც თან ახლავს აქტიური სისხლისდენა; საშვილოსნოს გახევის ინტრაოპერაციული აღწერილობა კი, ურთიერთგამომრიცხავია: საშვილოსნოზე აღწერილი ნახეთქი, რომელიც გადადის საშვილოსნოს უკანა კედლის ქვედა მესამედიდან უკანა და მარცხენა საშოს თაღებზე არანაირად არ შეესაბამება საშვილოსნოს თაღებიდან მოგლეჯის ვიზუალურ სურათს; პრეპარატის მაკროსკოპული აღწერილობა სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არის დოკუმენტირებული; ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგი ეჭვს ბადებს, რადგან ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა გვამის შინაგანი დათვალიერების დროს იზოლირებულ პრეპარატზე (ექსტირპირებული საშვილოსნო) სრულშრეობრივი უსწოროკიდეებიანი, 13 სმ სიგრძის ნახეთქი ჭრილობის ვიზუალიზაცია, რომელიც გადადის საშოს უკანა და მარცხენა თაღზე და მხოლოდ ჭრილობის 3 სმ. მდებარეობს საშვილოსნოს უკანა კედელზე. ასევე, არ არის მითითებული დაზიანებულია თუ არა ენდომეტრიუმი, კუნთოვანი შრე, როგორია მოიმეტრიუმის სისქე დაზიანების უბანში, არ არის აღწერილი საშვილოსნოს ყელი ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზის სიზუსტის შეფასების მიზნით; სამედიცნო დოკუმენტაციაში მრავლად არის უზუსტობანი, რაც აჩენს დასაბუთებულ კითხვებს და ეჭვებს: მუცლის ღრუს გახსნის შემდეგ ოპერატორი აღნიშნავს, რომ მუცელში ჩაღვრილი სისხლი 4000,0, მაგრამ არ გამარტავს, რა მეთოდით დაადგინა ჩაღვრილი სისხლის მოცულობა (ვიზუალური, გრავიმეტრული თუ გრადუირებული ჭურჭლის გამოყენებით); ამავდროულად, ჩაღვრილი სისხლი არის მუქი ფერის და ძველი, რაც სავარაუდოდ მიუთითებს, რომ შინაგანი სისხლისდენა აღარ გრძელდება; დაუდგენელია, რა იყო საშოდან ჭარბი სისხლისდენის მიზეზი; ასეთი სახის სისხლის დენა დამახასიათებელია საშვილოსნოს გახევის იმ ტიპისათვის, რომლის დროს პროცესში ჩათრეულია საშვილოსნოს ყელის და საშოს ზედა მესამედის გახევა, მაგრამ პაციენტის მართვის არცერთ ეტაპზე (ეპიზიორაფიის წარმოების დროს, ინტრაოპერაციულად, პოსტოპერაციულად, ჰისტომორფოლოგიურად) არ არის შეფასებული საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა; გაურკვეველია, რამდენი ხნის განმავლობაში მოხდა პაციენტის დაყოვნება მიმღებში და ER-ში, რა სახის რეანიმაციული ღონისძიებები განხორციელდა, როგორი იყო მისი მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისას, რადგან სამედიცინო დოკუმენტაციაში მოწოდებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია: მაგ.: პერინატალურ მიმღებში ანესთეზიოლოგის მიერ დაფიქსირებულია, რომ პაციენტი კონტაქტში არ შემოდის, TA 40/24mm.Hg, R-3’), ხოლო შოკის ოთახში და წინასაოპერაციო ეპიკრიზში კი, სულ სხვა მონაცემებია დაფიქსირებული; მიმღების ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ 00:43 ჩატარდა ბარძაყის ვენის კათეტერიზაცია, ხოლო წინასაოპერაციო ეპიკრიზში კი, ფიქსირდება, რომ ამ დროს პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე მოთავსდა და სხვ.. დასკვნა: მელოგინისათვის ...ში გაწეული სამეანო მომსახურება მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით; სრულად პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასება ანუ რამდენად იყო შესაძლებელი მისი სიცოცხლის გადარჩენა, შესაძლებელი გახდება რეანიმატოლოგის ექსპერტული შეფასების შემდეგ. შენიშვნის სახით აღინიშნა, რომ რეფერალის პროცესის მნიშვნელოვან რგოლს პაციენტის ტრანსპორტირება წარმოადგენს. პერინატალური პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უნდა ახორციელებდეს სპეციალურად გადამზადებული ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო აღჭურვილობით და ახორციელებდეს ეფექტურ კომუნიკაციას რეფერალის მომთხოვნ და მიმღებ კლინიკებს შორის. სამედიცინო დოკუმენტაციიდან ვერ დგინდება, რამდენად ადეკვატურად ხდებოდა პაციენტის მართვა ტრანსპორტირების დროს კატასტროფის ბრიგადის მიერ და რა სახის რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა ტრანსპორტირების 25 წუთის განმავლობაში; ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტ-რეანიმატოლოგის მიერ ასევე შეფასდეს ტრანსპორტირების პროცესში მელოგინისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი. პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა: რამ განაპირობა არანაკეისრალი ქალის საშვილოსნოს გახევა, რომელიც ძალზედ იშვიათად ვითარდება, თანაც საშვილოსნოს უკანა ქვედა სეგმენტში (90% შემთხვევაში საშვილოსნოს გახევა ვითარდება წინა სეგმენტში); ამასთანავე სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით არ იდენტიფიცირდება საშვილოსნოს გახევის განვითარების მიზეზები და რისკ-ფაქტორები: ტრავმა, დიდი ნაყოფი, მიზოპროსტოლის გამოყენება, პლაცენტის მიხორცება და სხვ.. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, საშვილოსნოს გახევის აღწერილობა დამახასიათებელია ეპიდურული გაუტკივარების დროს განვითარებული გახევის ტიპისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში გახევისთანავე კლინიკურად გამოიხატება სასიცოცხლო ნიშნების მყისიერი ცვლილება, რაც განხილულ შემთხვევაში არ დაფიქსირდა და ამასთანავე არ ახასიათებს სისხლდენა საშოდან და პაციენტის დისკომფორტი; ეს კლინიკა უფრო გახევის იმ ტიპისათვის არის დამახასიათებელი, როცა გახევის პროცესში ჩართულია საშვილოსნოს ყელი და საშოს ზედა მესამედი. საშვილოსნოს ყელის და საშოს მთლიანობა კი, არც ერთ ეტაპზე არ იქნა შეფასებული (ტ.2, ს.ფ 83-94); ვ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 25 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის №003323721 დასკვნის თანახმად: ექსპერტის დასკვნა №005598218-ის ჩანაწერებით ნ.ა-ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა საშვილოსნოს მთლიანობის სრულშრეობრივი დარღვევის /ნახეთქი ჭრილობა/ შედეგად განვითარებული სისხლდენის გამო. ნ.ა-ის შპს „...ში“ არასრულად ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, კერძოდ, გაზების და ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა. შპს „...ში“ დიაგნოზი ლოგინობის ადრეულ ხანაში არასწორად იქნა დასმული. სისხლდენის მიზეზად მათ მიიჩნიეს საშვილოსნოს ჰიპოტონია და შესაბამისად დიაგნოზი დასვეს ჰიპოტონიური სისხლდენა. სინამდვილეში კი, სისხლდნის მიზეზი იყო საშვილოსნოს გახევა. ჩანაწერებში დაფიქსირებული საშოდან სისხლის დანაკარგი არ შეესაბამებოდა აღნიშნულ დიაგნოზს. ...ში სწორად და დროულად დაესვა დიაგნოზი. ნ.ა-ის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დროულად უნდა დასმულიყო საშვისლოსნოს გახევის დიაგნოზი და სასწრაფოდ ჩატარებულიყო ოპერაციული მკურნალობა, საშვილოსნოს ამოკვეთა. სხვა გამოსავალი აქ არ არსებობდა. მშობიარობის შემდგომ პერიოდში როგორც კი, დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა უნდა ჩატარებოდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რაც არ ჩატარებია, რაც შესაძლებელს გახდიდა სწორი დიაგნოზის დასმის და დროული ოპერაციული მკურნალობის - საშვილოსნოს ამოკვეთის წარმოებას. არ მომხდარა გლობულარული დეფიციტის შევსება, ვინაიდან ვერ იქნა მოძიებული დონორის სისხლი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო რეინფუზიის წარმოება, ისევ და ისევ დროულად დასმული დიაგნოზის პირობებში. შპს „...ში“ არასწორი დიაგნოზის დადგენა შეიძლება აიხსნას იმ გარემოებით, რომ ეპიდურული ანესთეზიის პირობებში პაციენტმა ვერ იგრძნო ძლიერი ტკივილი, რომელიც ახასიათებს საშვილოსნოს გახეთქვას, საშოდან სისხლის გამოყოფა შეფასდა როგორც ატონიური სისხლდენა და არ ჩატარდა ექოსკოპიური კვლევა. შპს „...ში“ მკურნალობის ერთადერთი გზა იყო ოპერაცია და საშვილოსნოს ამოკვეთა, რაც არ ჩატარებულა. შპს-ში მკურნალობის სრული კურსი არ ჩატარებია. ...ის ...ში ჩატარებულია პროტოკოლის შესაბამისი მკურნალობა. შპს „...ში“ ნ.ა-ის დაესვა დიაგნოზი მე-2 დროული მშობიარობა, რომელიც გართულდა საშვილოსნოს ჰიპოტონიით, სისხლდენით, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიით, მკურნალობა მოიცავდა ინფუზიურ-ტრანსფუზიულ თერაპიას, გლობულარული დეფიციტი ვერ იქნა ლიკვიდირებული სისხლის და სისხლის პრეპარატებით, ვინაიდან ვერ დაისვა სწორი დიაგნოზი და მკურნალობაც არასწორია. ...ის ...ში დროულად დაესვა დიაგნოზი, დაეწყო შესაბამისი მკურნალობა, რომელმაც სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო სისხლის მასიური დანაკარგის გამო. შპს „...ში“ არასწორად დასმული დიაგნოზი და შემდგომ დაგვიანებული დიაგნოსტირება და მკურნალობა გახდა ნ.ა-ის გარდაცვალების მიზეზი. მდგომრეობის გაუარესების მიზეზი გახდა საშვილოსნოს გახეთქვა, რამაც გამოიწვია მასიური სისხლდენა მუცლის ღრუში, ჰიპოვოლემიური შოკი და ამის შედეგად გულის გაჩერება. შპს „...ში“ ვერ იქნა დიაგნოსტირებული სისხლდენა მუცლის ღრუში, ექიმის მიერ ვერ შეფასდა, რომ სისხლის დანაკარგი 1000-1200 მლ. საშოდან ინფუზიური თერაპიის ფონზე ვერ იქნებოდა მძიმე ჰიპოვოლემიური შოკის მიზეზი და უნდა მოეძებნა სისხლდენის სხვა წყარო, რის გამოც ჩატარებული მკურნალობა იყო არასრული. საჭიროებდა გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც არ ჩატარდა, არ ჩატარებულა სისხლის და მისი პრეპარატების ტრანსფუზია. პრეპარატების მიღება, რომელიც დაფიქსირებულია ორივე ისტორიაში, ვერ გამოიწვევდა ნ.ა-ის სიკვდილს. ...ის ...ში დროულად დაისვა დიაგნოზი, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ინფუზიურ ტრანსფუზიური თერაპია, რომელმაც მასიური სისხლის დანაკარგის ფონზე (საშოდან დანაკარგი 1200 მლ., მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლი 4000 მლ.) დადებითი შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან დანაკარგი შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. შპს „...ში“ საშვილოსნოს ჰიპოტონიის გამო მიმდინარეობდა ...ის ..., რასაც შეეძლო სისხლდენის გაძლიერება, ასევე არ იყო ნაჩვენები საშვილოსნოს მასაჟი. შპს „...ში“ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჩატარებული მკურნალობა იყო არასწორი, ვინაიდან ვერ დაისვა სწორი დიაგნოზი. ...ის ...ში მკურნალობა ჩატარებულია სწორად. შპს „...ში“ უნდა მომხდარიყო მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა, რაც არ ჩატარებია, რათა დადგენილიყო სისხლის დიდი დანაკარგის მიზეზი, ვინაიდან საშოდან დანაკარგი არ იყო მასიური. შპს „...ში“ ვერ დაესვა სწორი დიაგნოზი, რამაც გამოიწვია მკურნალობის არასწორი ტაქტიკა, კერძოდ არ ჩატარდა ოპერაცია - საშვილოსნოს ამოკვეთა, არ ჩატარებია სისხლის და მისი პრეპარატების ტრანსფუზია. სისხლდენის დროს სუნთქვის უკმარისობა მეორადია, გამოწვეულია ჰემოგლობინის შემცირებით - გამოხატულია ე.წ. ჰემიური ჰიპოქსია. დაინტუბირდა ...ის კლინიკის საოპერაციო ბლოკში ანესთეზიოლოგის მიერ შესვლიდან 10 წუთში, ვინაიდან დაფიქსირდა აგონია - ბრადიპნოე, გონების კარგვა, გრძელდებოდა არასტაბილური ჰემოდინამიკა, დესატურირდა, ამის გამო გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ასევე შესვლიდან დადგინდა მწვავე მასიური სისხლდენა, ის საჭიროებდა ზოგად ბალანსირებულ ანესთეზიას, რომლის ჩატარებაც საჭიროებს პაციენტის დაინტუბირებას და აპარატზე გადაყვანას. შპს „...ში“ დიაგნოზის დროულად, სწორად დასმის, დროულად და სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში ნ.ა-ის გადარჩენის შანსი გაცილებით მაღალი იქნებოდა (ტ.3, ს.ფ 167-180); ზ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 6 მაისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №002969219 დასკვნის თანახმად, წარდგენილი ნ.ა-ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები - ლიდოკაინი (890 ნგ/მლ) და როპივაკაინი (ნაროპინის ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპონენტი), ფსიქოტროპული ნივთიერება (სანარკოზე საშუალება) - კეტამინი (5500 ნგ/მლ) და M ქოლინობლოკატორული საშუალება - .... ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნ.ა-ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა „მშობიარობის დამაჩქარებელი მედიკამენტი“ - მისოპროსტოლის კვალი (ტ.3, ს.ფ 127-130); თ) შპს „... ...- ...სა“ და შპს „...ას“ შორის 2012 წლის 6 აგვისტოს გაფორმებულია ხელშეკრულება შეკვეთა-განაცხადის საფუძველზე სისხლის კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებით. შპს „... ...- ...სა“ და შპს „...ას“ შორის 2017 წლის 14 ივლისის გაფორმებულია ხელშეკრულება შეკვეთა-განაცხადის საფუძველზე სისხლის და სისხლის კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებით (ტ.2, ს.ფ 54-58, 59-63); ი) შპს „... ...- ...ას“ სიმართლის წიგნის მიხედვით, 2018 წლის 10 აგვისტოს, 20:50 საათზე ექიმ ნ.კ-ას მიერ ჩატარდა საკეისრო კვეთა (ტ.2, ს.ფ 126-127); კ) ე.გ-ას კუთვნილი ტელეფონის ნომრის ამონაწერის მიხედვით, დგინდება, რომ ე.გ-ას კუთვნილი ტელეფონით 10.08.2018 წ. 23:44:02 განხორციელდა ზარი ტელ. ნომერზე .... თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა (ტ.2, ს.ფ 64-65); ლ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით შპს „...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 445 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და დაჯარიმდა 5000 ლარით (ტ.2, ს.ფ 73-79); მ) შპს „... ...ას“ 2018 წლის 19 ივნისის №12 ბრძანებით ექიმ ...ის ე.გ-ას ორი თვით შეუჩერდა ... საქმიანობა. საფუძველი: ჯანდაცვის სასერტიფიკაციო საბჭოს გადაწყვეტილება. შპს „... ...ას“ 2018 წლის 26 ივლისის №13 ბრძანებით ე.გ-ა დაინიშნა უმცროსი ექიმის თანამდებობაზე 26.07.2018 წლიდან. საფუძველი: პირადი განცხადება. შპს „ ... ...ას“ 2018 წლის 23 აგვისტოს №15 ბრძანებით ე.გ-ას განუახლდა ... საქმიანობა 23.08.2018 წლიდან. საფუძველი: სასერტიფიკაციო გადაწყვეტილების ვადის გასვლა (ტ.3, ს.ფ 9, 10, 11); ნ) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის №02/40250 წერილით შპს „... ...ას“ ექიმს - ნ.კ-ას ეცნობა, რომ ნ.ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხი განიხილება სააგენტოს მიერ. ასევე განიხილება პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 26 ივლისს, დირექტორს - ნ.კ-ას. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 29 აგვისტოს №02/45847 წერილით შპს „... ...ას“ ექიმს - ე.გ-ას ეცნობა, რომ ს.კ-სათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხი განიხილება სააგენტოს მიერ. ასევე განიხილება პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 31 აგვისტოს, დირექტორს - ნ.კ-ას (ტ.3, ს.ფ 205, 207-208, 204); ო) პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ე.გ-ას გააუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში „...“, ასევე, ნ.კ-ას გააუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში „...“ (ტ.2, ს.ფ 20-25).

საკასაციო პალატა პირველ რიგში, ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით ნ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.კ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ.კ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი.ა-ის საკასაციო საჩივრების ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ე.გ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების - მის მიმართ სახელმწიფო სერთიფიკატის (სპეციალობა „...“) გაუქმების ნაწილში პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად სამედიცინო საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, შენარჩუნებასა და აღდგენას ემსახურება. სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), იგი ხორციელდება დადგენილი წესით („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „ჩ1“ ქვეპუნქტი). ჯანმრთელობის დაცვის სექტორი წარმოადგენს მაღალი რისკის სფეროს, ვინაიდან არასაიმედო მოვლენების დადგომა უფრო ხშირად უკავშირდება მკურნალობას. მკურნალობა კი პირდაპირ კავშირშია დასმულ დიაგნოზთან. არასრულყოფილმა და არასაკმარისმა კვლევებმა, არასწორად დასმულმა დიაგნოზმა ან მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება და პაციენტისთვის ტანჯვის მიყენება. ამდენად, სამედიცინო დახმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებაა, რაც განაპირობების მისი შედეგების სწორი სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას (სუსგ ბს-756(კ-22), 7 ივნისი, 2024 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, ე.გ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ნ.ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მომენტში ე.გ-ა სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმი ... არ იყო, ვინაიდან მას, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებული ჰქონდა 2 თვით. შესაბამისად, დაუშვებელია, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გავრცელება იმ პერიოდზე, როდესაც პირი არ ითვლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებისა და შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება (1-ლი მუხლი).

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი განმარტავს უმცროსი ექიმის ცნებას, კერძოდ, უმცროსი ექიმი არის თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს ასეთი საქმიანობის სუბიექტის მხრიდან საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობას, რაც პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო ასეთი საქმიანობის არასწორად წარმართვის შემთხვევაში დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, (1) სახელმწიფო სერტიფიკატი: ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას; (2) სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ე.გ-ა წარმოადგენდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს და მის სახელზე გაცემული იყო სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „...“. ის ფაქტი, რომ სადავო პერიოდში ე.გ-ას შეჩერებული ჰქონდა ... საქმიანობა, არ გამორიცხავს მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის შესაძლებლობას, ვინაიდან იგი კვლავ რჩებოდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატის მფლობელად სპეციალობაში „...“. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ე.გ-ას სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ იმ საფუძველზე მითითებით, რომ დაუშვებელია პროფესიული პასუხისმგებლობის სახით სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმება, თუ სერთიფიკატის მოქმედება შეჩერებულია.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილია, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს; ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს; გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს; დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას –თავისუფალი და დამოუკიდებელი; ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს (1-ლი პუნქტი). ამავე კანონის 73-ე მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ადმინისტრაციული კანონმდებლობაა. ცალსახაა, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუარესებასა და მისი რეპუტაციის პოტენციურ შელახვას იწვევს, რაც პირდაპირ კავშირშია პაციენტის უფლებებთან, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებით პროფესიული პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომების გათვალისწინება მიუთითებს ჩადენილი ქმედების ზედმიწევნით შესწავლისა და გარემოებების სათანადო შეფასების აუცილებლობაზე, რამდენადაც სანქციის მიზნიდან გამომდინარე, უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევას. ამრიგად, პასუხისმგებლობის დაკისრებისას გასათვალისწინებელია ჩადენილი გადაცდომისა და შეფარდებული სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება, ასევე - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება და მის განვლილ საქმიანობაში დარღვევის არსებობა/არარსებობა, რაც ერთობლიობაში ქმნის პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენების საფუძველს (სუსგ ბს-250(კ-22), 19 მარტი, 2024 წელი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. დარღვევის შინაარსისა და შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით ექიმის პასუხისმგებლობა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახით, მათ შორის, შესაბამისი ორგანოს - პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ადმინისტრაციული წესით მიღებული გადაწყვეტილება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის რომელიმე ფორმის გამოყენების შესახებ.

იმისათვის, რათა პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება, სახეზე უნდა იყოს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ იღებს საბჭო.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ.ა-ის მშობიარობისა და შემდგომი გართულების მკურნალობის პროცესში ე.გ-ა სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი პირი არ იყო, რაც გამორიცხავდა მისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესაძლებლობას. კერძოდ, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დავა უკავშირდება შპს „... ... - ...ში“ პაციენტ - ნ.ა-ის მშობიარობის პროცესში ჩართული პირების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ფლობდა სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „...“, რომლის მოქმედებაც ნ.ა-ის მშობიარობის პერიოდში შეჩერებული იყო და აღნიშნული, თავის მხრივ, ე.გ-ას უკრძალავდა საექიმო საქმიანობის განხორციელებას. მითითებული გარემოება, ასევე ის ფაქტი, რომ ე.გ-ა 2018 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით უფლებამოსილებას ახორციელებდა როგორც უმცროსი ექიმი, არ გამორიცხავდა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამოსილებას, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გამოეყენებინა პროფესიული პასუხისმგებლობის ისეთი სახე, როგორიცაა, სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება სპეციალობით „...“.

საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ ე.გ-ას მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (ტ.4. ს.ფ. 160-163). საქმეში ასევე წარმოდგენილია, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს მიერ 2020 წლის 19 აგვისტოს გაცემული მიმართვა, რომლის თანახმად, 2018 წლის 11 აგვისტოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №002110818001 საქმეზე, ქ. თბილისი, ..., ...ის ...ში ... წელს დაბადებული ნ.ა-ის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ე.გ-ას 2018 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდა საექიმო საქმიანობის უფლება, საქმეზე 2020 წლის 17 აგვისტოს შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ე.გ-ას ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად დაეფუძნა სასამართლოს მოსაზრებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების პერიოდში მისთვის სერტიფიკატის გაუქმების შეუძლებლობაზე, რასაც არ იზიარებს საკასაციო პალატა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ე.გ-ას ნაწილში არ დაუდგენია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით არ შეუფასებია მოსარჩელისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების წინაპირობების არსებობა - პროფესიული პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა ვლინდება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო სააპელაციო სასამართლოა. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ - ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. ვინაიდან დასადგენია საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საკითხს.

საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ ე.გ-ას ნაწილში არსებითად უნდა იმსჯელოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, შეაფასოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების ერთჯერადი მძიმე დარღვევის ფაქტის არსებობის საკითხი, გადაცდომის სიმძიმე, გაითვალისწინოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე და აღნიშნულის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, იმ ნაწილში რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ე.გ-ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

რაც შეეხება ი.ა-ის 2023 წლის 18 დეკემბრის შუამდგომლობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი მტკიცებულებების კვლევა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან, ვინაიდან საქმე ე.გ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, განსახილველად უბრუნდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მხარეს არ ერთმევა შესაძლებლობა, მითითებული მტკიცებულებების დართვის შესახებ მიმართოს სააპელაციო სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი.ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ე.გ-ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია