Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-659(კ-25) 16 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ.გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ.გ-მა 2021 წლის 23 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2020 წლის 24 დეკემბრის №03/20448 და 2021 წლის 12 თებერვლის №03/2078 აქტების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ლ.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, ლ.გ-ი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, განიცდიან უკიდურეს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და დროებით ცხოვრობენ ნათესავთან. 2020 წლის 12 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის №03/20448 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია და მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია არ მიუღია და არც საცხოვრებელი ფართი გადასცემია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის №03/20448 და 2021 წლის 12 თებერვლის №03/2078 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე; მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ლ.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე №3/8073-21 საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით №3ბ/1883-21 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-6 მუხლებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახი განიმარტებოდა, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. კოლეგიამ მიუთითა ზემოხსენებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 01 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე, კერძოდ, 2021 წლის 18 მარტის №... სამსახურებრივ ბარათზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2008-2010 წლებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ლ.გ-ის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა გადაეცა როგორც მისი დედის - ც.ზ-ის ოჯახის წევრს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 24 დეკემბრის №03/20448 წერილით ლ.გ-ის, №130881 განცხადების პასუხად აცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის ინფორმაციის საფუძველზე, მას მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია, შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა დამატებით სხვა საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მითითებული გარემოება დაედო საფუძვლად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იყო გამოკვლეული მოსარჩელისა და მისი დედის, ც.ზ-ის სადავო პერიოდში ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. მისივე მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე - მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სრულად არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია მოსარჩელის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის ფაქტი. პალატის განმარტებით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეესაბამებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რამეთუ უტყუარად არ დასტურდებოდა კომპენსაციის მიღების დროისთვის მოსარჩელის დედასთან ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. პირიქით, ადმინისტრაციული ორგანო თვითონვე ადასტურებდა, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მხრიდან არ ყოფილა გამოკვლეული.

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის ხელახლა მოკვლევის დავალების თაობაზე, რა დროსაც სააგენტომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, ფაქტების დადგენით უნდა გამორიცხოს ურთიერთშეუსაბამო გარემოებები, მოუსმინოს განმცხადებელს, გამოიკვლიოს მოსარჩელის დედასთან ფაქტობრივად ცხოვრებისა და მათ მიერ ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი და აღნიშნულის შემდგომ გადაწყვიტოს კანონით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენელი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ლ.გ-ის ოჯახს, როგორც 2008 წლის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, სახელმწიფოს მიერ გადაეცა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის 10 000 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დედასთან ც.ზ-სთან ერთად ერთ ოჯახად იყო რეგისტრირებული, მათ ჰქონდათ საერთო საოჯახო ნომერი, როგორც მოსარჩელეს ასევე მოსარჩელის დედას ც.ზ-ს დევნილი ოჯახის საოჯახო ანკეტაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო მცხეთა-მთიანეთი, ახალგორი, ...ის ქ. №..., ამასთან მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა დევნილობის შემდეგ მცხეთა მთიანეთი, მცხეთა, ს. ..., კორპუსი №..., ბინა №... როგორც 2021 წლის 18 მარტის №... სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, 2008-2010 წლებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ლ.გ-ის ოჯახს გადაეცა ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა. გარდა აღნიშნულისა, კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქმეს თან ერთვის ვიდეო მტკიცებულება, სადაც ლ.გ-ი თავის ოჯახის წევრთან ც.ზ-სთან ერთად რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახი, თანხმობას აცხადებს უარი თქვან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახალაშენებული საცხოვრებელი ფართის მიღების სანაცვლოდ, აიღონ 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ფულადი კომპენსაცია. აღნიშნული თანხა ოჯახს ჩაერიცხა მაშინდელი სახალხო ბანკის თავიანთ პირად ანგარიშზე. კომპენსაციის გაცემის თარიღია 2009 წელი.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. აღნიშნული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დედასთან ერთად წარმოადგენდა ერთ ოჯახს, ისინი საერთო საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი უკვე კომპენსირებულია სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ძირითადი რესურსი მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე და არა ოჯახის თითოეული წევრისთვის ცალ-ცალკე ფართით უზრუნველყოფაზე, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ოჯახი სახელმწიფოს უკვე ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი და ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახის განმეორებით უზრუნველყოფა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ იკვეთება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება. ასევე არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოჰკითხა განმცხადებელი, ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა, რაც ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.გ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის №03/20448 წერილი და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 2021 წლის 12 თებერვლის №03/2078 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.გ-ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ფულადი კომპენსაციის მიღების საფუძვლით. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე მიღებული ჰქონდათ საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის წევრობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2009 წელს, როდესაც ც.ზ-იმა თავისი ოჯახის სახელით მიიღო ერთჯერადი კომპენსაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონმდებლობა არ შეიცავდა დევნილი ოჯახის დეფინიციას; ნორმატიულად, დევნილი ოჯახის ცნება გაცილებით გვიან, 2014 წლის 24 თებერვლიდან ჩნდება, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს 28.06.1996წ. კანონი (25-ე მუხ.). მიუხედავად აღნიშნულისა, დევნილი პირის კონკრეტული ოჯახისათვის მიკუთვნების დადგენა შესაძლებელი იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 01 ნოემბრის №124 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესით“ (ძალადაკარგულია 19.07.2013 წლიდან), რომლითაც დადგენილი იყო დევნილის მოწმობის და სარეგისტრაციო ნომრის დევნილ პირზე მინიჭების წესი (იხ. სუსგ №ბს-847(კ-23), 30.04.2025წ.).

ხსენებული სამართლებრივი აქტის თანახმად, დევნილის მოწმობა გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე. თითოეულ დევნილს სამინისტროს მიერ ენიჭება დევნილის პირადი ნომერი და სარეგისტრაციო ნომერი. დევნილის სარეგისტრაციო ნომერი რვა ციფრიანია: «000-00000». სარეგისტრაციო ნომერი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს დევნილის საიდენტიფიკაციო კოდს. სარეგისტრაციო ნომრის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, სადაც დევნილი დროებით ცხოვრობს, ხოლო მომდევნო ხუთი ციფრი არის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 2006 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით არსებული საოჯახო ანკეტის ნომერი. ზემოხსენებული წესი გაუქმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“. აღსანიშნავია, რომ ამავე წესის მე-2 მუხლის 36-ე პუნქტიც იმავე დანაწესს შეიცავს (იხ. სუსგ №ბს-847(კ-23), 30.04.2025წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მართალია, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი (სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.).

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კომპენსაციის მიღების დროისთვის ლ.გ-ი წარმოადგენდა ც.ზ-ის ოჯახის წევრს, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილია დისკი, სადაც ლ.გ-ი ც.ზ-ის სახელით თანხმობას აცხადებს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ უარი თქვას სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახალაშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ ადასტურებს ლ.გ-ის ც.ზ-ის ოჯახის წევრობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (სუსგ №ბს-371(კ-24), 26.11.2024წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა ლ.გ-ის ც.ზ-ის ოჯახის წევრობა კომპენსაციის მიღების (2009 წელი) დროისთვის, რაც შესაძლებელი იყო როგორც მოწმეთა დაკითხვით, ასევე 2009 წლის მდგომარეობით მათი სარეგისტრაციო ნომრების დადგენით, დევნილის ანკეტისა და სხვა სახის მასალების მოძიება/შეფასებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 25.12.2008წ. №915 განკარგულებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო 2008 წლის 06 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ამავე განკარგულების მე-6 მუხლის მიხედვით, ეთხოვა ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის წარედგინათ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები – სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა არსებითი ხარვეზი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რისი გამოსწორებაც მხოლოდ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით არის შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, იძლევა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა