Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-693(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 31 ოქტომბრის IDP 1 24 00001164 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ.გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 31 ოქტომბრის IDP 1 24 00001164 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელზე მ.ა-ის (პ/ნ...) მიერ 28.11.2024 სს „...ის“ მეშვეობით საგადახდო დავალება №... გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარის, მ.გ-ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის, 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე (საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ იძებნება) განმარტავს, რომ მ.გ-ი საზღვარგარეთ პერიოდულად გადაადგილდებოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლო მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიის და კერძოდ, დღეს უკვე ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების ხანგრძლივობა უნდა დადასტურდეს არა მოწმეთა ჩვენებით, არამედ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით, სადაც დეტალურად იქნება მითითებული მ.გ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების დრო და პერიოდი. მოწმის ჩვენება წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც უნდა შეფასდეს საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას. ასევე, გასათვალისწინებელია გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენისადმი. განსახილველ შემთხვევაში, მ.გ-სთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. კერძოდ, მოსარჩელე 1998 წლამდე ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში; დაიბადა ...ში; საშუალო განათლება მიიღო ...ში; მოსარჩელეს ახალგორში არ უმუშავია; 1998 წელს დატოვა სოფ. ...; მ.გ-ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მისამართად უფიქსირდება (2005 წლის რეგისტრაცია) ქ. ქუთაისი, სადაც მისი განმარტებით, ცხოვრობდა დასთან და მუშაობდა 1 წლის განმავლობაში. მის მიერ განცხადებით წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში კი, მისამართად მითითებულია ... შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მ.გ-ი მიჩნეულია სოფ. ...ში მდებარე პაპის სახლის მემკვიდრედ, არ აქცევს სოფ. ...ის მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მ.გ-ის აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, მისთვის უზრუნველყოფილია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრებისა და ქვეყანაში არსებული სოციალური და ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება კი, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მის მიერ, დასტურდება, რომ დეპარტამენტის მიერ კანონის სრული დაცვით არის მიღებული დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ დანართი 1-ის 2.1 მუხლის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2024 წლის 26 სექტემბრის №2-0922 ცნობის თანახმად, მ.გ-ი 1998 წლამდე ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ხოლო შემდგომ იმყოფებოდა ემიგრაციაში. ასევე, მ.გ-ის სოფელ ...ში საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები ხუთ ნაწილად, სულ 8617 კვ.მ (ს.ფ. 18); ბ) სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ მ.გ-იმა, როგორც ი.ძ-ის მემკვიდრემ (შვილიშვილმა) მიიღო სამკვიდრო ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი და 8617 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ახალგორის რაიონი, სოფელ ... (ს.ფ. 21-32); საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ახალგორის რაიონის, ...ის საკრებულოს, სოფელ ...ში მდებარე 8617 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ...) მესაკუთრეს წარმოადგენს მ.გ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია განცხადება და 2001 წლის 13 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 23-24). ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ასლის თანახმად, ახალგორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს მ.გ-ი (ს.ფ. 28-32); გ) 2024 წლის 17 ოქტომბერს მ.გ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა (ს.ფ. 71-72); დ) მ.გ-ის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის მიზნით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, 2024 წლის 24 ოქტომბერს მ.გ-ის ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. მ.გ-იმა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ: დაიბადა ... წელს, ...ში. მისი დედა - მ.ძ-ი, დაიბადა ახალგორში, ხოლო მამა, ნ.გ-ი - ...ში. ამჟამად, მშობლების სახლში მისამართზე ..., ...ის ქ. №12 (ყოფ. №20) ცხოვრობს მ.გ-ის ძმა - გ.გ-ი ოჯახით. 1968 წლიდან 1978 წლამდე სწავლობდა ...ში. 1978-79წწ. მუშაობდა ...ის ...ში, ...ად. 1979-80წწ. მუშაობდა ქუთაისის ...ში ...ის თანამშრომლად/...ად და ცხოვრობდა დასთან ქუთაისში. მუშაობა სჭირდებოდა სტაჟისთვის, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა და ამის შემდეგ წავიდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში პაპასთან (დედის მამა) და დეიდასთან. ახალგორის რაიონის სოფ. ...ში მდებარე სახლი პაპისგან მიიღო მემკვიდრეობით და ეკუთვნის მას. სოფელში დეიდა მუშაობდა სახლში, იღებდა კერძო შეკვეთებს და ..., რაშიც თვითონაც ეხმარებოდა. ასევე, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, ჰყავდათ მსხვილფეხა საქონელი. 1998 წელს, ფინანსური პრობლემების გამო წავიდა რუსეთში, ქ. ...ში. პაპა ამ დროს გარდაცვლილი იყო (1994წ. ახალგორი). დეიდა დარჩა მარტო სოფ. ...ში. მ.გ-ის 1999 წელს ქ. ...ში შეეძინა შვილები: ნ. და ლ. გ-ები. დაოჯახებული არ ყოფილა, შვილების მამასთან არ უცხოვრია, არც აქვს ურთიერთობა, აქვს მარტოხელა დედის სტატუსი. მისმა შვილებმა სკოლა დაამთავრეს ქ. ...ში და ამჟამად ცხოვრობენ ქ. მოსკოვში. თავად, 1998 წლიდან 2024 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში. ჯერ ცხოვრობდა ძმასთან, შემდეგ - ქირით. ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში, დისშვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში. აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი-საქართველო) (ს.ფ. 90-93); ე) მ.გ-თან 2024 წლის 24 ოქტომბრის გასაუბრების გათვალისწინებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა „მ.გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე“. დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მ.გ-ი დაიბადა ...ში, საშუალო განათლება მიიღო და მუშაობდა ...ში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ...ში. მ.გ-ის ახალგორში არ უმუშავია, როგორც აღნიშნა ეხმარებოდა დეიდას, რაც არ არის დადასტურებული და დასაბუთებული, მით უფრო, რომ მისივე განცხადებით, 1998 წელს მ.გ-ი გაემგზავრა რუსეთში და დეიდა დარჩა მარტო საცხოვრებლად სოფ. ...ში. მ.გ-ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მისამართად უფიქსირდება (2005წ. რეგისტრაცია) ქ. ქუთაისი, სადაც მისი განმარტებით, ცხოვრობდა დასთან და მუშაობდა მხოლოდ ერთი წლის მანძილზე. მის მიერ განცხადებით წარდგენილ დოკუმენტებში კი, მ.გ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ... შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მ.გ-ი მიჩნეულია სოფ. ...ში მდებარე პაპის სახლის მემკვიდრედ, არ წარმოადგენს სოფ. ...ის მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნევის საფუძველს (ს.ფ. 94-96); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის IDP 9 24 01142985 მოხსენებითი ბარათით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა მ.გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 31 ოქტომბრის IDP 1 24 00001164 ბრძანების თანახმად, მ.გ-ის დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 30 ოქტომბრის IDP 9 24 01142985 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი (ს.ფ. 97, 98-99); ზ) საქმეში წარმოდგენილია მ.გ-ის დის - ე.გ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა სოფ. ...ში (ს.ფ. 115-116); თ) საქმეში წარმოდგენილია გ.ჩ-ის, ზ.მ-ის, მ.ძ-ის და ი.ქ-ის, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ახალგორის რაიონში, სოფელ ...ში 1979 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა მ.გ-ი, დეიდასთან მ.ძ-სთან ერთად. ვინაიდან, სოფელში არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ, მ.გ-ი დროებით სამუშაოდ დადიოდა რუსეთის ფედერაციაში და ბრუნდებოდა უკან, მუდმივად მზრუნველობდა მ.ძ-ზე და უზრუნველყოფდა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საჭიროებებით, როგორიცაა: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საკვები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები და ერთად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას. 2008 წლის ომის შემდეგ, ახალგორის რაიონი და სოფელი ... არის ოკუპირებული და ამიტომ მ.ძ-ე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, ხოლო მ.გ-ი ვეღარ შევიდა ახალგორში, მის საცხოვრებელ სახლში (ს.ფ. 117-118, 119-120, 137-138, 139-140).

დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10) და 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11) განჩინებები).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებებზე, კერძოდ, მოწმედ დაკითხულმა მ.ძ-ამ და გ.პ-მა ხაზგასმით დაადასტურეს მოსარჩელის ახალგორის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების, ხოლო პერიოდულად სამუშაოდ საზღვარგარეთ გადაადგილების ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებით, მ.გ-ი სკოლის დასრულების შემდეგ მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის, სოფელ ...ში პაპასთან, ბებოსთან და დეიდასთან ერთად და ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას. ეკონომიური მდგომარეობის გამო 1998 წლიდან, მოუწია სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა, თუმცა მას სოფელი არ მიუტოვებია, ხშირად ჩამოდიოდა სოფელ ...ში და უვლიდა და პატრონობდა, როგორც ოჯახის წევრებს, ასევე სახლკარს. ამასთან, საყურადღებოა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2024 წლის 26 სექტემბრის №2-0922 ცნობა, როლითაც დგინდება, რომ მ.გ-ი 1998 წლამდე ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ხოლო შემდგომ იმყოფებოდა ემიგრაციაში. ასევე, დადგენილია, რომ მ.გ-ის სოფელ ...ში, საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები ხუთ ნაწილად, სულ 8617 კვ.მ. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მ.გ-ის პერიოდულად საზღვარგარეთ სამუშაოდ გადაადგილების ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავდა მ.გ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის, სოფელ ...ში მიჩნევის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ... აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია