საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-43(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ.ბ-ე
მესამე პირები - ლ.ა-ი, შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - მიღება-ჩაბარების აქტისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, დ.ბ-ის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საბურთალოს რაიონის გამგოების მიმართ და მოითხოვა 1992 წლის 6 ოქტომბრის №69 მიღება-ჩაბარების აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (დაზუსტებული სარჩელი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით, მოცემულ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ლ.ა-ი და შპს ,,...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის მიერ 1992 წლის 06 ოქტომბერს გაცემული №69 მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ხოლო ის გარემოება, რომ ამ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირები უარყოფენ ხელმოწერის ნამდვილობას, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, რადგან ამგვარი ფაქტი არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ პირის ახსნა-განმარტების საფუძველზე. პალატამ განმარტა, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, როგორიცაა გაყალბება, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დასადგენ და გადასაწყვეტ საკითხს. მოცემული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში შეუძლებელია დადგინდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა ლ.თ-ის (ამჟამად - დ.ბ-ის) საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთის არაკანონიერი გზით გადაცემის ფაქტი, რაც საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა. სასამართლოს შეფასებით, არ დადასტურდა, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, ლ.თ-ის სახელზე, 1992 წლის 06 ოქტომბერს გაცემული №69 მიღება-ჩაბარების აქტი, ეწინააღმდეგება მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველი გახდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტებზე, მე-8 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ პირი, რომელიც მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით, იმავდროულად ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც წარმოშობს მოთხოვნის რეგისტრაციის შესაძლებლობასა და საფუძველს. ამასთან პალატამ აღნიშნა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო იმის საფუძველი, რომ განხორციელებულიყო რეგისტრაცია და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 მარტის №... და 2015 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მითითებით, N007251115007 სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია, რომ გაყალბებული, 1992 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული N69 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ ...ის ქუჩა N39-ში მდებარე 3000 კვმ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ლ.თ-ის (სახელისა და გვარის შეცვლის შემდეგ დ.ბ-ე) საკუთრების უფლება (ს/კ...). 2016 წლის 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით დ.ბ-ემ N... საკადასტრო კოდით არსებული ნივთი მიჰყიდა შპს ,,...ას’’. N007251115007 სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაიკითხა ნ.ლ-ი, რომელმაც განმარტა, რომ 1992 წელს არჩეულ იქნა სოფელი ...ის საერთო კრების თავმჯდომარედ. მოწმის განმარტებით, დ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და 1992- 1999 წლებში მიმდინარე მიწის რეფორმის კომისიის მიერ, რომელიმე კერძო პირის საკუთრებაში არ ყოფილა გაცემული, იგი დატოვებულ იქნა სოფელ ...ის ...ის განთავსების მიზნით. მოწმის განმარტებით, 1992 წლის 06 ოქტომბრით დათარიღებული N69 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის გაყალბებული, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ვინმესთვის გადაცემა არ მომხდარა, ასევე მისი სახელისა და გვარის გასწვრივ შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
კასატორის მითითებით, ამავე საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხულმა ვ.მ-მა განმარტა, რომ 1992 წელს არჩეულ იქნა სოფელი ...ის საერთო კრების წევრად და 1999 წლამდე მონაწილეობას იღებდა სოფელ ...ში მიწების განაწილებაში, კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხელს აწერდა მიღება-ჩაბარების აქტებს. მოწმის განმარტებით, სოფელ ...სა და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთი, მიწის რეფორმების დროს არ ყოფილა განაწილებაში, ვინაიდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი განკუთვნილი იყო როგორც სპორტული მოედანი და ამიტომ მიწის რეფორმისას არ განაწილდა რომელიმე კერძო პირზე. მოწმის განმარტებით, 1992 წლის 06 ოქტომბრით დათარიღებული N69 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის გაყალბებული, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ვინმესთვის გადაცემა არ მომხდარა, ასევე, მისი სახელისა და გვარის გასწვრივ შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. სისხლის სამართლის N007251115007 საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ...ის საერთო კრების კიდევ ერთმა წევრმა ლ.ჯ-მა განმარტა, რომ დ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და 1992-1999 წლებში მიმდინარე მიწის რეფორმის კომისიის მიერ კერძო პირის საკუთრებაში არ ყოფილა გაცემული, იგი დატოვებულ იქნა სოფელ ...ის ...ის განთავსების მიზნით, ხოლო 1992 წლის 06 ოქტომბრით დათარიღებული N69 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი არის გაყალბებული, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ვინმესთვის გადაცემა არ მომხდარა, ასევე მისი სახელისა და გვარის გასწვრივ შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
კასატორმა მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული 1992 წლის 06 ოქტომბრის N69 მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. მიღება-ჩაბარების აქტის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევა დადგენილია სასამართლოს პრაქტიკით. ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 66-ე და 70-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" პუნქტზე და სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რეფორმის ფარგლებში მიღება- ჩაბარების აქტები გაიცემოდა მიწის განაწილების კომისიის მიერ, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში - ახორციელებდა საჯარო უფლებამოსილებას - განკარგავდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებს. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია "მცხეთის რაიონის სოფ. ...ის სსმ მიწის რეფორმის კომისიის" სახელით, თუმცა რეალურად, მას არ გაუცია მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან იგი დანაშაულებრივი გზით შეიქმნა (გაყალბდა).
კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-117(3კ-20) საქმეში მოცემულ განმარტებაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც უფლებამოსილი არ არის ცალმხრივად ბათილად ცნოს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ვინაიდან ხელშეკრულების მეორე მხარეს დგას კერძო პირი, სააგენტო თავად გამოდის მოსარჩელედ აღნიშნულ დავაში, ხოლო მოპასუხედ, ხელშეკრულების მეორე მხარე - დ.ბ-ე, რომელსაც პოზიცია სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და პროცესზე არ გამოცხადებულა.
კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნობის საფუძვლები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით: "საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლება და სხვა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს". შესაბამისად, ერთი მხარის მიერ სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების და მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლომ ჩათვალა საჯარო წესრიგის დარღვევად (სუსგ ას-533-786-08). კასატორის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 1992 წლის 6 ოქტომბრის №69 მიღება-ჩაბარების აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ: მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის მიერ 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცემული №69 მიღება-ჩაბარების აქტით ლ.თ-ის გადაეცა სარგებლობაში გამოყოფილი მიწები, სულ 0,45 ჰექტარი - 2 ნაკვეთად (1. ...ის ბოლო - 0.30 ჰექტარი; 2. ... - 0.15 ჰექტარი), სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის და საკრებულოს 1992 წლის 24 სექტემბრის №1 დადგენილების საფუძველზე.
2011 წლის 10 მარტს, ლ.თ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტის) საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ ...ში, რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, სოფელ ...ში, „...ის ბოლოში“ მდებარე 3 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) დარეგისტრირდა ლ.თ-ის (პ/ნ:...) საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ ლ.თ-მა (პ/ნ:...) 2015 წლის 11 მაისს შეიცვალა სახელი და გვარი და ცვლილების შედეგად ეწოდა - დ.ბ-ე.
2015 წლის 27 ოქტომბერს, დ.ბ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის სახელისა და გვარის შეცვლის დამადასტურებელი მოწმობა) საფუძველზე მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ..., „...ის ბოლო“.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სოფელ ...ში, „...ის ბოლოში“ მდებარე 3 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) დარეგისტრირდა დ.ბ-ის (პ/ნ:...) საკუთრების უფლება.
2016 წლის 14 მარტს, დ.ბ-ესა (პ/ნ:...) და შპს „...ს“ (ს/ნ...) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. დ.ბ-ემ შპს „...ას“, 52 000 ლარად მიყიდა 3 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება (ს/კ:...), მდებარე: ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ...ის ბოლოში.
2016 წლის 14 მარტს, შპს „...ას“ დირექტორმა - გ.მ-მა, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელ ...ში, „...ის ბოლოში“ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ 2016 წლის 18 მარტს ქ. თბილისის ...ოს რაიონულ პროკურატურაში გაგზავნილი იქნა №66222 მიმართვა, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის დაბრუნებამდე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებით განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას (საფუძველი: განჩინება საქმეზე - №12/791-16, 18.03.2016, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია).
თბილისის ...ოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2023 წლის 14 თებერვლის №0014553773 დადგენილებით, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №007251115007 საქმეზე, ვინაიდან გასული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. ამავე დადგენილებით, შესაბამის სამსახურს დაევალა დ.ბ-ის საკუთრებაში არსებულ 3 000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ის და ...ის ქუჩის კვეთაზე (ს/კ: ...)), 2016 წლის 18 მარტის განჩინებით დადებული ყადაღის მოხსნა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, თბილისის ...ოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2023 წლის 14 თებერვლის №0014553773 დადგენილების საფუძველზე, ყადაღა მოეხსნა უძრავ ქონებას, მდებარეა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, „...ის ბოლოში“ (ს/კ:...).
2023 წლის 15 თებერვალს შპს „...ის“ დირექტორმა გ.მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ..., ...ის ქუჩა №39ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ხელისშემშლელი ფაქტორი ყადაღის სახით აღარ არსებობდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელ ..., ...ის ქუჩა №39ბ (ს/კ:...), საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „...ის“ სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 20 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელ ..., ...ის ქუჩა №39ბ (ს/კ:...), მესაკუთრეა ლ.ა-ი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა დამტკიცდა „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებით, დანართის შესაბამისად. დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი მიჩნეულ იქნა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძვლად. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ" დებულების მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ადგილზე გამიჯვნის შემდეგ თითოეულ პიროვნებაზე დგებოდა ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 5 ცალად. აქტს ხელს აწერდნენ სოფლის გამგეობის და მეურნეობის/სასოფლო-სამეურნეო საწარმოს/ხელმძღვანელი, აგრეთვე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების უფროსი, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მიწის მიმღები პირი დადგენილი წესის მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის თითო ეგზემპლარი ეძლეოდათ მიწის მიმღებ მოქალაქეს, სოფლის გამგეობას/გამგებელს/, მიწის გამომყოფი რაიონის გამგეობას, "საქქალაქაგროსერვისის" და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს. მითითებული დადგენილების მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იღებდა დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 06 თებერვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, კერძოდ, საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივ უფლებათა. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამასთან, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია ხსენებული კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით სადავო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ჩანაწერზე, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 39-ე მუხლის თანახმად, მიწის რეფორმის კომისიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება: ა) მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია მესაკუთრე, მიწის ნაკვეთის ფართობი და აქვს მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეულ 1992 წლის 6 ოქტომბრის N69 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი, აქტი დამოწმებულია ბეჭდით, ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების და ნაკვეთის მიმღები პირის მიერ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს მითითებას მისი 5 ეგზემპლარად შედგენის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ გასაჩივრებული აქტი შეიცავს მისთვის სავალდებულო ყველა რეკვიზიტს, რაც N69 მიღება-ჩაბარების აქტის ფორმალურ კანონიერებას ადასტურებს. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის ნახაზი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეების მითითებით.
პალატა მხარის საყურადღებოდ მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის მიერ 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცემულ №69 მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბესთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება რაიმე სახის მტკიცებულებას. დადგენილია, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის მიერ 1992 წლის 06 ოქტომბერს გაცემულ №69 მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის დადგენის მიზნით აღძრულ №007251115007 სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის ...ოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2023 წლის 14 თებერვლის №0014553773 დადგენილებით, შეწყდა გამოძიება, ვინაიდან გასული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად უდავოა, რომ გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის, დოკუმენტი ძალაშია და შეიცავს მისი შედგენის დროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ მონაცემებს.
რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის დასადასტურებლად, ვინაიდან სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებათა (მხარეთა ახსნა-განმარტებები, წერილობითი მტკიცებულებები) უტყუარობის გამოსაკვლევად და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეფასებით მოწმეთა ჩვენება საქმის გარემოების დასადგენად შესაძლოა მხოლოდ დამატებით საშუალებას წარმოადგენდეს.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა ლ.თ-ის (ამჟამად - დ.ბ-ის) საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთის არაკანონიერი გზით გადაცემის ფაქტი, რაც საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა. არ დასტურდება, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, ლ.თ-ის სახელზე, 1992 წლის 06 ოქტომბერს გაცემული №69 მიღება-ჩაბარების აქტი ეწინააღმდეგება მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს შეფასებას, იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციო ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო იმის საფუძველი, რომ განხორციელებულიყო რეგისტრაცია და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე