Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-868(კ-25) 19 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ე.კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 8 მაისს ე.კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის № IDP 5 23 00000458 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ე.კ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ე.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ე.კ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 31 მარტის №IDP 5 23 00000458 ბრძანება; დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ე.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება; ე.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის № IDP 5 23 00000458 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საკითხის არსებითად გადაწყვეტისათვის, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შეეფასებინა წარმოადგენდა თუ არა 1992 წლამდე ე.კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ...ის რაიონი. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადმოცემული ე.კ-ას მეზობლებთან გასაუბრების ოქმების თანახმად, ე.კ-ა მეუღლესთან, გ.მ-სთან ერთად 1988-1993 წლებში ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 31 მაისს გაცემული ცნობის მიხედვით, გ.მ-ა, მისი მეუღლე ე.კ-ა, შვილები გ.მ-ა და ა.მ-ა, 1984 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 10 იანვრის ცნობის თანახმად, ე.კ-ა 1989 წლიდან 1993 წლის ივნისის თვემდე ცხოვრობდა აფხაზეთში, ...ის რაიონის სოფელ ...ში, თბილისის გზატკეცილი N...-ში.

მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებასთან - მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით წარმოდგენილია ერთმანეთის გამომრიცხავი რამდენიმე მტკიცებულება, რაც სათანადო კვლევის ჩატარებას მოითხოვდა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები საბოლოო ჯამში ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული დოკუმენტაცია (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერვე გაცემული ცნობა და დასკვნაში მითითებული მტკიცებულებები) თავისი შინაარსით ურთიერთგამომრიცხავია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული მოსარჩელის ზუგდიდში ცხოვრების ფაქტი, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ფლობდა თუ არა რაიმე უძრავ ქონებას ...ის რაიონში მოსარჩელე და მისი ოჯახი და აღნიშნულ ადგილთან იყო თუ არა დაკავშირებული მოსარჩელე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურებულიყო შესაბამისი მტკიცებულებებით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხიც საჭიროებდა დამატებით კვლევას, რომელიც მოკვლეული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელე მხარეს სრულად უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 10 იანვარს ე.კ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მიუთითა, რომ 2013-2014 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია არ გაუვლია და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 10 იანვრის №0000004 ცნობა, რომლის თანახმად, ე.კ-ა 1989 წლიდან 1993 წლის ივნისის თვემდე ცხოვრობდა აფხაზეთში, ...ის რაიონის სოფელ ...ში, თბილისის გზატკეცილი N...-ში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 31 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, გ.მ-ა, მისი მეუღლე ე.კ-ა, შვილები გ.მ-ა და ა.მ-ა, 1984 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში.

დადგენილია, რომ ე.კ-ას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიეთითა, რომ ე.კ-ა დაიბადა ... წელს, ქალაქ ზუგდიდში. 1982-1988 წლებში სწავლობდა ...ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ სოხუმში. 1990 წელს იქორწინა ქალაქ ...ში, გ.მ-აზე (დაბადებული ქალაქ ზუგდიდში). 1991 წელს ...ში შეეძინა შვილი - ა.მ-ა, ხოლო ... წელს ზუგდიდში შეეძინა შვილი გ.მ-ა. გასაუბრების კითხვარში ასევე მითითებულია, რომ ე.კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო ..., თბილისის გზატკეცილი N... (მეუღლის საკუთრება, კერძო სახლი), რომელიც 1993 წელს საომარი მოქმედებების გამო ოჯახმა დატოვა და გადავიდა ზუგდიდში, ენგურის ხიდით.

ასევე დადგენილია, რომ ე.კ-ას 2023 წლის 10 იანვრის განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 1993 წლამდე ე.კ-ას საცხოვრებელი ადგილის შესახებ. საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სააგენტოს გადაეგზავნა 2023 წლის 7 თებერვლის გამოკითხვის ოქმები, რომელთა თანახმად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები პირები აცხადებენ, რომ ე.კ-ა მეუღლესთან, გ.მ-ასთან ერთად 1988-1993 წლებში ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის №IDP 5 23 00000458 ბრძანებით, სსიპ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 30 მარტის IDP 0 23 00336497 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ე.კ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. დასკვნაში მიეთითა, რომ გასაუბრების და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გათვალისწინებით, ე.კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა .... იგი დაიბადა ზუგდიდში, სკოლაში აფხაზეთში არ უსწავლია, დაოჯახდა 1990 წელს ზუგდიდელ გ.მ-აზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უმუშავია, მეორე შვილი შეეძინა ... წლის ივლისში ქ. ზუგდიდში. გარდა იმ პერიოდისა, როდესაც წასული იყო რუსეთის ფედერაციაში, იგი ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ამდენად, ე.კ-ასთან მიმართებაში არ დასტურდება ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, ე.კ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა მიზანშეწონილი არ არის.

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის განჩინებით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 10 იანვრის №0000004 ცნობისა და ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 31 მაისს გაცემული ცნობის საფუძვლების შესახებ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 20 სექტემბრის წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ 2023 წლის 31 მაისს გ.მ-ას სახელზე გაცემულ ცნობაზე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ცნობის გაცემის საფუძვლები არ მოიძებნა. სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2024 წლის 18 დეკემბრის წერილით კი სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2023 წლის 10 იანვრის N 0000004 ცნობის გაცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია, კერძოდ, ე.კ-ას პირადი განცხადება, დევნილისა და პირადობის მოწმობების ასლები.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის №IDP 5 23 00000458 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ე.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ე.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 10 იანვრის №0000004 ცნობა, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 31 მაისს გაცემული ცნობა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ პირთა 2023 წლის 7 თებერვლის გამოკითხვის ოქმები. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის განჩინებით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ზემოაღნიშნული ცნობების საფუძვლების შესახებ და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი წერილები. ამდენად, მითითებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების - იძულებით გადაადგილებამდე ე.კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის საკითხი, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დამატებით კვლევას საჭიროებდა, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გასაჩივრებული ბრძანების მიღებისას დადგენილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტი, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ფლობდა თუ არა ე.კ-ა და მისი ოჯახი რაიმე უძრავ ქონებას ...ის რაიონში, ასევე, აღნიშნულ ადგილთან იყო თუ არა დაკავშირებული მოსარჩელე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურებულიყო შესაბამისი მტკიცებულებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე