Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-665(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ა.ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების

დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 17 მაისს ა.ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 31 მარტს მან საპატიმრო დაწესებულების საჩივრის ყუთის მეშვეობით გააგზავნა კონფიდენციალური წერილები სხვადასხვა ადრესატებთან. ზემოხსენებული წერილების გაგზავნის რეგისტრაციის ნომრების გადაცემის მოთხოვნით მოსარჩელემ 2017 წლის 27 აპრილს მიმართა ციხის ადმინისტრაციას. ადმინისტრაციული ორგანოს 1.05.2017წ. წერილობით პასუხში ასახული იყო მის მიერ სხვა პერიოდში გაგზავნილი წერილების რეგისტრაციის ნომრები, რომლებშიც არ შედიოდა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების დავალდებულება ა.ლ-ისთვის 2017 წლის 31 მარტის წერილების გადაცემის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №161058/01 4.06.2024წ. მომართვისა და შესაბამისი დანართის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში №... პენიტენციური დაწესებულებიდან 2017 წლის 30 მარტის, 11, 21, 22, 27 აპრილის, 1, 10, 11 მაისის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან 2017 წლის 13 აპრილის, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან 2017 წლის 25, 27 აპრილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2017 წლის 17 აპრილის, 3 მაისის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2017 წლის 21 აპრილის, 2 მაისის და საგამოძიებო დეპარტამენტიდან 2017 წლის 28 აპრილის მომართვებით შემოსული, №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის, ა.ლ-ის განცხადებების საფუძველზე, რომლებშიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მისი განცხადებების გაუგზავნელობის შესახებ მიუთითებდა, სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა. შემოწმების შედეგად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომა არ დადასტურდა. შესაბამისად, დაწესებულების თანამშრომლებს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებიათ და სამსახურებრივი შემოწმების მასალები, 2017 წლის 30 ივნისს მოხსენებითი ბარათით ჩამოიწერა.

ამავე შინაარსს შეიცავს ადამინის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის 30.06.2017წ. მოხსენებითი ბარათი (№ MOC...), რომლის შესაბამისადაც, ჩატარებული შემოწმებით, დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მსჯავრდებულ, ა.ლ-ის უფლებების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... პენიტენციური დაწესებულების კონფიდენციალური მოთხოვნა/საჩივრების აღრიცხვის ჟურნალი (ასლი), რომელიც არ შეიცავს ჩანაწერს/მონაცემებს ა.ლ-ის 2017 წლის 31 მარტის წერილების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოპასუხის განმარტების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის (დოკუმენტი) გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მხრიდან ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან მოპასუხეს სადავო მოთხოვნა/საჩივრების კონვერტი, შესაბამისი წესით არ მიუღია. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული წერილები ა.ლ-ემ დაწესებულებას ნამდვილად გადასცა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ მან სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა წერილების პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის ჩაბარების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ფიზიკურად არ აქვს წვდომა მტკიცებულებებზე, რის გამოც იგი მოკლებული იყო სათანადო შესაძლებლობას გაემყარებინა საკუთარი მოთხოვნა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო საქმისწარმოების გაჭიანურებამ ზეგავლენა მოახდინა საქმის შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ლ-ის საკასაციო საჩივარი; კასატორის - ა.ლ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა; კასატორს - ა.ლ-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის დავალდებულება ა.ლ-ისთვის მის მიერ 2017 წლის 31 მარტს გაგზავნილი წერილების გადაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემობებზე, კერძოდ, მსჯავრდებული, ა.ლ-ე მოთავსებული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

საქმეში დაცული ა.ლ-ის 27.04.2017წ. განცხადებით, მსჯავრდებულმა მოითხოვა მის მიერ გაგზავნილი წერილების გაგზავნის დამადასტურებელი რეგისტრაციის ნომრები.

N... პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 5 მაისის წერილით, ა.ლ-ეს 2017 წლის 2 მაისის N... და 3 მაისის ... განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ გაგზავნილი მოთხოვნა/საჩივრების რეესტრის ნომრები გადაეცა 2017 წლის 1 მაისის N... წერილით, მისივე 27.04.2017წ. განცხადების საფუძველზე.

საყურადღებოა, რომ 2024 წლის 27 მაისის საოქმო განჩინების საფუძველზე სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია მსჯავრდებულ ა.ლ-ის 2017 წლის 31 მარტის კორესპონდენციის - მოთხოვნა/საჩივრების დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების დაწყებისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სასამართლოში წარმოდგენილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის 4/06/2024წ. N161058/01 მომართვის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, N... პენიტენციური დაწესებულებიდან, 2017 წლის 30 მარტის, 11, 21, 22, 27 აპრილის, 1, 10, 11 მაისის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან, 2017 წლის 13 აპრილის, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, 2017 წლის 25, 27 აპრილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, 2017 წლის 17 აპრილის, 3 მაისის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2017 წლის 21 აპრილის, 2 მაისის და საგამოძიებო დეპარტამენტიდან 2017 წლის 28 აპრილის მომართვებით შემოსული, N... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის, ა.ლ-ის განცხადებების საფუძველზე, რომლებშიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მისი განცხადებების არგაგზავნის შესახებ მიუთითებდა, სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა. შემოწმების შედეგად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომა არ დადასტურდა. შესაბამისად, დაწესებულების თანამშრომლებს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ და სამსახურებრივი შემოწმების მასალები, 2017 წლის 30 ივნისს მოხსენებითი ბარათით ჩამოიწერა.

საქმეში დაცული ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის 30.06.2017წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ჩატარებული შემოწმებით, დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მსჯავრდებულ, ა.ლ-ის უფლებების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

საყურადღებოა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... პენიტენციური დაწესებულების კონფიდენციალური მოთხოვნა/საჩივრების აღრიცხვის ჟურნალი (ასლი) არ შეიცავს ჩანაწერს/მონაცემებს ა.ლ-ის 2017 წლის 31 მარტის წერილების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-10 მუხლის "ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციები, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კორესპონდენციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება; ,,ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღების-გაგზავნისა და შენახვის ორგანიზება.

ზემოაღნიშნული დებულების 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საკნით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) პაემნითა (ხანმოკლე, ხანგრძლივი) და სატელეფონო საუბრით; ა.დ) დამცველთან/ადვოკატთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით; ა.ე) ამანათის, ფოსტისა და გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. გ) მიიღოს ინფორმაცია ჟურნალ-გაზეთების საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; დ) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი; ე) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით; ვ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან; ზ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით; თ) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №.3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები; ი) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ; კ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში) დროებით დატოვოს დაწესებულება; ლ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით); მ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; ნ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

მითითებული დებულების მე-40 მუხლით დადგენილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერის წესები, კერძოდ, 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, წარადგინოს განცხადებები და მოთხოვნები ზეპირად ან წერილობით, აგრეთვე, წარადგინოს საჩივრები წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით. 3. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის წარდგენა ხდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნის შემთხვევაში - ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ის ფლობს. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება. 5. მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის თარგმნას უზრუნველყოფს დაწესებულება რა დროსაც მათი გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი, გონივრული ვადით. 6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სოციალური განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს. 7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი. 8. ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების სოციალურ განყოფილებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე. 9. დაწესებულება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომდევნო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას. 10.დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.

ამავე დებულების 68-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია. მსგავსი რეგულაცია იყო განსაზღვრული ასევე “პატიმრობის კოდექსის” 106.6 მუხლით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოზიტიური მტკიცების ტვირთი ევალება იმ მხარეს, რომლის ინტერესებშიცაა ამ ფაქტის დადასტურება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია მიემართებოდა იმ საკითხს, რომ მას პატიმრის სტატუსიდან გამომდინარე სრულყოფილად არ ხელეწიფებოდა მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვება და საქმეზე დართვა. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 19.05.2015წ. N... ბრძანების მე-15 მუხლის პირველი ნაწილზე (2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელებისას, ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის განადგურების შედეგად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 120 საათი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული რეგულაციის გათვალისწინებით, ციხის ადმინისტრაციას ვიდეოგადაღების შედეგად არსებული მასალის შესაბამის სერვერზე შენახვის ვალდებულება გადაღებიდან მხოლოდ 120-საათიან პერიოდზე ეკისრებოდა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 31 მარტის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2017 წლის 17 მაისს. მას მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია.

საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ გარდა მისი ახსნა-განმარტებისა ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლიც დაადასტურებდა მის მიერ 2017 წლის 31 მარტს მოთხოვნა-საჩივრის ყუთში კონფიდენციალური წერილების ჩაგდების ფაქტს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული წერილობითი მტკიცებულებები: სპეციალური პენიტენციური სამსახურის 4/06/2024წ. N161058/01 მომართვა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... პენიტენციური დაწესებულების კონფიდენციალური მოთხოვნა/საჩივრების აღრიცხვის ჟურნალი (ასლი) ცალსახად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილ წერილებზე მოპასუხეს რეალურად წვდომა არ გააჩნია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად არსებობის ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ა.ლ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება;

3. ა.ლ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა