საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-774(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ-ა
მესამე პირი - აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 7 დეკემბერს მ.მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1978 წლიდან 1992 წლის ნოემბრამდე იყო ჩაწერილი და ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ ...ში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1977-1978 წლებში მუშაობდა ...ში, როგორც ..., ხოლო 1978 წლიდან 1992 წლის ჩათვლით იმავე პროფესიით დასაქმდა გალში ...ში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების შემდეგ მიენიჭა დევნილის სტატუსი, თუმცა 2013-2014 წლებში ვერ გაიარა სავალდებულო რეგისტრაცია და ზემოაღნიშნული სტატუსიც შეუჩერდა.
მ.მ-ა აღნიშნავს, რომ 2023 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2023 წლის 20 ნოემბერს მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 20 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სრული დოკუმენტაციის ასლის მოთხოვნით და მხოლოდ ზემოაღნიშნული მასალის გაცნობის შედეგად გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ მისი მოთხოვნა, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ მ.მ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა აფხაზეთი და შესაბამისად ის იძულებით გადაადგილებულ პირს არ წარმოადგენდა. მოსარჩელე კი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ის 1977 წლიდან საცხოვრისის იძულებით დატოვებამდე 15 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა აფხაზეთში.
ამრიგად, მოსარჩელემ წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადით მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 6 ნოემბრის IDP 6 23 00002808 ბრძანების მ.მ-ას დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მ.მ-ას იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენის შესახებ გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ.მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მ.მ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 6 ნოემბრის IDP 6 23 00002808 ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ.მ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2023 წლის 19 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მ.მ-ა პ/ნ..., 1992 წლის ნოემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ ...ში საკუთრების გარეშე. მ.მ-ამ 2023 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა სააგენტოს მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის მოითხოვნით. 2023 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელესთან სააგენტოში ჩატარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ ... წლის ... ...ს დაიბადა ქალაქ აბაშაში. 1961-1971 წლებში სწავლობდა სენაკში, ...ის საშუალო სკოლაში, ხოლო 1971-1974 წლებში - ბათუმში, ბათუმის ...ში. მ.მ-ა 1974-1975 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში, ...ში ...ის თანამდებობაზე. ერთი წლის შემდეგ გადავიდა სამუშაოდ ...ში, სადაც ცხოვრობდა ნათესავის სახლში. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელე 1977-1978 წლებში მუშაობდა ...ში ...ად; 1978 წელს კი იგი საცხოვრებლად გადავიდა გალში დეიდასთან და 1978 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა გალში, ...ში ...ის თანამდებობაზე. მოსარჩელის მშობლები და ძმა ცხოვრობდნენ მუდმივად აბაშაში, მათ აფხაზეთში არ უცხოვრიათ და არ ჰქონიათ დევნილის სტატუსი. დადგენილია, რომ მ.მ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ომამდე იყო გალში, სოფელი ..., დეიდის საკუთრება, კერძო სახლი, სადაც იყო ჩაწერილი და რომელიც 1992 წლის ნოემბერში საომარი მოქმედებების გამო დეიდასთან და მის ოჯახთან ერთად დატოვა, თვითონ წავიდა მშობლების სახლში, ხოლო დეიდა ოჯახით - თბილისში. მ.მ-ამ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემდეგ რამდენიმე თვე იცხოვრა აბაშაში, სოფელ ...ში, ხოლო 1993 წლიდან 2023 წლამდე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. სანკტ-პეტერბურგში. 1998 წელს რუსეთში იქორწინა გ.მ-სთან, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების უფლების მოპოვების მიზნით და მეუღლეს დაშორდა 4 თვეში. მ.მ-ა 2018 წელს საქართველოში იყო ჩამოსული ძმის გარდაცვალების გამო, თუმცა იმ პერიოდში მან ვერ მიმართა სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, რადგან არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, გასაუბრების და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მიჩნეულ იქნა, რომ მ.მ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა აფხაზეთი. იგი დაიბადა ... წელს აბაშის რაიონის სოფელ ...ში, სადაც იცხოვრა 1977 წლამდე. მისი ოჯახის წევრებს აფხაზეთში არ უცხოვრიათ. 1977 წლიდან წავიდა სამუშაოდ აფხაზეთში, სადაც ცხოვრობდა დროებით, საკუთრების გარეშე. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მ.მ-ასთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპორებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ამრიგად, სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 6 ნოემბრის IDP 6 23 00002808 ბრძანებით მ.მ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. ამასთან, საქმის მასალებში დაცული გასაუბრების კითხვარის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელე საქართველო - რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.
გარდა ამისა, საქმის ზეპირი განხილვისას მოწმის სახით გამოკითხულმა თ.მ-ამ განმარტა, რომ იგი არის დევნილი აფხაზეთიდან და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით დატოვებამდე წარმოადგენდა გალი, სოფელი ... მოსარჩელე მ.მ-ა არის მისი დეიდაშვილი, რომელიც 1978 წლიდან 1992 წლის ნოემბრამდე ცხოვრობდა მასთან ერთად დედამისის სახლში, გალის რაიონ სოფელ ...ში და მუშაობდა ...ში ...ის თანამდებობაზე. 1992 წლის ნოემბერში საომარი მოქმედებების გამო მისმა ოჯახმა მ.მ-ასთან ერთად დატოვა აფხაზეთი.
ასევე მოწმის სახით გამოკითხულმა რეჯები ბოკუჩავამ განნმარტა, რომ იგი არის დევნილი აფხაზეთიდან და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით დატოვებამდე წარმოადგენდა გალი, სოფელი ... იგი სოფელ ...ში მ.მ-ას დეიდის მეზობლად ცხოვრობდა. მისივე განმარტებით, 1978 წლიდან მ.მ-ა დეიდასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გალში და მუშაობდა ...ში. 1992 წელს საომარი მოქმედებების გამო მ.მ-ამ დეიდის ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა აფხაზეთი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ომამდე, წარმოადგენდა აფხაზეთი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა მ.მ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. კასატორი კი ხაზგასმით აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მუდმივი საცხოვრისის დატოვებას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით მ.მ-ა ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დათქმის პირობებს და შესაბამისად მიიჩნევს, რომ მ.მ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 6 ნოემბრის IDP 6 23 00002808 ბრძანება კანონიერია.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე მითითებით, სააგენტოს მიერ დევნილის სტატუსის იმ პირისათვის მინიჭებით, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, უგულებელყოფილი იქნება კანონის მიზნები. შესაბამისად, ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლის ნების შეუსაბამოდ გამოყენებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის მისანიჭებლად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 6 ნოემბრის IDP 6 23 00002808 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მ.მ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ 2023 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების დროს თავად მ.მ-ამ მიუთითა, რომ ... წლის ... ...ას დაიბადა ქალაქ აბაშაში, 1961-1971 წლებში სწავლობდა სენაკში, ...ის საშუალო სკოლაში, ხოლო 1971-1974 წლებში - ბათუმში, ბათუმის ...ში, 1974-1975 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში, ...ში ...ის თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ერთი წლის შემდეგ გადავიდა სამუშაოდ ...ში, სადაც ცხოვრობდა ნათესავის სახლში. 1977-1978 წლებში მუშაობდა ...ში ...ად. 1978 წელს საცხოვრებლად გადავიდა გალში დეიდასთან და 1978 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა გალში, ...ში ...ის თანამდებობაზე. მ.მ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ომამდე იყო გალში, სოფელი ..., დეიდის საკუთრება, კერძო სახლი, სადაც იყო ჩაწერილი და რომელიც 1992 წლის ნოემბერში საომარი მოქმედებების გამო დეიდასთან და მის ოჯახთან ერთად დატოვა, თვითონ წავიდა მშობლების სახლში, ხოლო დეიდა ოჯახით - თბილისში. მ.მ-ამ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემდეგ რამდენიმე თვე იცხოვრა აბაშაში, სოფელ ...ში, ხოლო 1993 წლიდან 2023 წლამდე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ.სანკტ-პეტერბურგში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს 2023 წლის 19 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობაზე, რომლის მიხედვითაც მ.მ-ა (პ/ნ: ....) 1992 წლის ნოემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ ...ში საკუთრების გარეშე; ამასგარდა, საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმაც დაადასტურეს მ.მ-ას აფხაზეთში ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელე მერი მახაილოვას აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურებრივად და საცხოვრებლით დაკავშირებული იყო აფხაზეთთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა