საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1174(2კ-24) 15 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მესამე პირები) - ნ.ბ-ი, გ.ბ-ი, ზ.ბ-ი, თ.ბ-ი, ქ.ბ-ი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ.ბ-ი, ნ.ბ-ი, მა.ბ-ი, მი.ბ-ი, ი.ბ-ი
მესამე პირი - გ.ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ბ-მა, ნ.ბ-მა, მა.ბ-მა, მი.ბ-მა და ი.ბ-მა 2020 წლის 06 იანვარს სარჩელით, ხოლო 2020 წლის 02 თებერვალს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2003 წლის 16 ივნისს, №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ.ბ-ი, ნ.ბ-ი, გ.ბ-ი, ზ.ბ-ი, თ.ბ-ი და ქ.ბ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის, ნ.ბ-ის, მა.ბ-ის, მი.ბ-ის და ი.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2003 წლის 16 ივნისს, №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ.ბ-ის, გ.ბ-ის, ზ.ბ-ის, თ.ბ-ის და ქ.ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ.ბ-ის, გ.ბ-ის, ზ.ბ-ის, თ.ბ-ის და ქ.ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ., გ. და ი. ბ-ები არიან ძმები. ისინი ერთ კომლად, ერთი ოჯახის წევრებად ფიქსირდებიან 1975 წლამდე მდგომარეობით, კერძოდ, კომლის შემადგენლობაში შედიან: 1. ბ-ა. გ. (ოჯახის უფროსი); 2. ბ-ა. მ. (ცოლი), 3. ბ-ა. მ.ი (შვილი); 4. ბ-ა. ი. (შვილი); 5. ბ-ა. გ. (შვილი). კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებოდა ბ-ა. ვ. (შვილი), რომელიც 1971-1973 წლების საკომლო წიგნში გადახაზულია (როგორც ირკვევა, გარდაიცვალა). 1980-1982 წლების საკომლო წიგნში შესული ცვლილებების მიხედვით კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ბ-ა., ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ-ა. მ.- მეუღლე; 2. ბ-ა. მ.ი - შვილი, რომელიც გადახაზულია და გადატანილია N14 საკომლო წიგნის მე-11 გვერდზე; 3. ბ-ა. ი. - შვილი, რომელიც გადახაზულია და გადატანილია N14 საკომლო წიგნის მე-12 გვერდზე; 4. ბ-ა. გ. - შვილი. 1980-1982 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1963 წელს აგებული 100 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1980 - 1981 წლების მდგომარეობით 042 ჰა მიწა. ამასთან, „დამატებითი ცნობების“ გრაფაში მითითებულია, რომ ოჯახი გაიყო 1982 წელს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 1983-1985 წლების საკომლო წიგნზე, რომელშიც კომლის უფროსად ასახულია გ. ძ ბ-ა. , ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ბ-ა. მ.(ცოლი) და ბ-ი გ. გ.ს ძე (შვილი). კომლს საკუთრებაში ერიცხებოდა 1963 წელს აგებული 90 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ½ წილით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1980-1982 წლის საკომლო წიგნს ერთვის შენიშვნა დამატებითი ინფორმაციის სახით, რომლის მიხედვითაც ოჯახი გაიყო. 1982 წლის 15 თებერვლის გაყრილობის განაჩენის ასლის მიხედვით (დამტკიცებულია ...ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1982 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, თანახმად №2 სხდომის ოქმისა), მოხდა გ.ბ-ა. ს ოჯახის გაყრილობა: 1. პირველ ოჯახად გავიდა გ. ბ-ა., თავისი მეუღლით - მ.ბ-ა. თა და შვილით - გ. გ.ს ძე ბ-ა. თ, რომელთაც ერგოთ უძრავი ქონება: "სახლი ორსართულიანი ერთი ოთახი თავისი კორიდორით", საკარმიდამო ნაკვეთი სახლით - 0,10 ჰა, ნავენახარი - 0,06 ჰა, გრძელაში - 0,16 ჰა, სულ 0,32 ჰა; 2. მეორე ოჯახად გავიდა ი. გ.ს ძე ბ-ა. რომელსაც ერგო უძრავი ქონება: სახლი პაპისეული, დასავლეთ მხარეზე ერთი ოთახი თავისი სარდაფით, მიწის ნაკვეთი გრძელაში - 0,04 ჰა; 3. მესამე ოჯახად გავიდა მ. გ.ს ძე ბ-ა, რომელსაც ერგო უძრავი ქონება: სახლი პაპისეული, აღმოსავლეთ მხარეს ერთი ოთახი თავისი სარდაფით, მიწის ნაკვეთი გრძელაში - 0,04 ჰა. განაჩენის მესამე ნაწილი, რომელიც მი.ბ-ს ეხება გადახაზულია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული პირები გაყრილობის განაჩენში მოხსენიებულ "პაპისეულ" სახლად მიიჩნევენ სადავო ქონების მომიჯნავედ მდებარე სახლს, რომელიც თავის დროზე ეკუთვნოდა გ.ბ-ის (ძმები მ., ი. და გ. ბ-ების მამის) ბიძას- ი.ჩ-ეს, რომლის კომლის შემადგენლობაშიც დის შვილის სტატუსით გ.ბ-ი ნახსენები იყო 1957 წლამდე მდგომარეობით. ამის შემდეგ, კომლში ირიცხებიან ი.ჩ-ე და მ.(მა...) ჩ-ე. ი.ჩ-ე გარდაიცვალა 1970 წელს და იგი გადახაზულია საკომლო წიგნში, ხოლო 1971-1973 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მ.ჩ-ე. 1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადადერთ წევრად ჩაწერილია მ.ჩ-ე, რომელიც 1981 წელს გარდაიცვალა. 1980-1981 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1934 წელს აგებული 70 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი და 1980-1982 წლების მდგომარეობით 0,40 ჰა მიწა. „დამატებითი ცნობების“ გრაფაში მითითებულია, რომ კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების გამო ოჯახი გაუქმდა. ჩანაწერი ხელმოწერილია და დასტურდება ბეჭდით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, მ.ჩ-ეს სურდა სახლის დატოვება ჯერ ვ. ბ-ა. სთვის (რომელიც 1974 წელს გარდაიცვალა), ხოლო შემდეგ მი.ბ-ისთვის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სარჩელის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს რომ მი.ბ-ის ოჯახი ერთპიროვნულად, სრულად უნდა ფლობდეს აღნიშნულ ქონებას, ხოლო ი. და გ. ბ-ებს შორის უნდა განაწილდეს მამისეული ორსართულიანი სახლის ½-½ წილი და ვინაიდან აღნიშნულ მოცემულობას არ ემთხვევა საკადასტრო ჩანაწერები და დართული ნახაზები, მოთხოვნილია ამ ჩანაწერების ბათილად ცნობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ლ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ისეთ მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას. სააპელაციო პალატის განმარტებით საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის სისწორეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერები (რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლებას) არ შეიცავს უტყუარ და სარწმუნო მონაცემებს კომლთა ქონების შესახებ, განსაკუთრებით საყურადღებოა საკომლო წიგნის ჩანაწერი გ.ბ-ის კომლის შესახებ, რომელიც ჯერ შეიცავს მითითებას კომლის საკუთრებაში რიცხული 100 კვ.მ. სახლის თაობაზე 1982 წლამდე მდგომარეობით, ხოლო 1982 წლის შემდეგ იგივე სახლის ფართი აღწერილია როგორც 90 კვადრატი და მითითებულია ½ წილის თაობაზე. საგულისხმოა, რომ 1982 წელი არის გაყრილობის განაჩენის მიღების წელიც, რა დროსაც გ.ბ-ის კომლი სამ ნაწილად გაიყო. 1983-85 წლების საკომლო წიგნშიც სახლის ფართია 90 კვ.მ. და ½ წილი, კომლის საცხოვრებელი სახლის შესახებ გრაფაში 1986-1987 წლებში მითითებულია ½, ხოლო შემდეგ იმავე გრაფის ზედა მხარეს ხაზზე ჩამოსმულია ხაზები, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ინფორმაციის განმეორებით აღნიშვნის სიმბოლოს და არა სახლის ერთი მთლიანი წილის გამომსახველ გრაფიკულ გამოსახულებას. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სახლის ფართი უცვლელია და იგულისხმება, რომ გ.ბ-ის კომლი 1982 წლიდან ფლობს მთლიანი სახლის ნახევარ წილს, რაც ასევე ემთხვევა ოჯახის "გაყრის", კომლის გამოყოფის პერიოდსაც. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარებული სადავო ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგები და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არსებული (გაყრილობის განაჩენი) და ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც წარმოშობს სადავოდ გამხდარი რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ.ბ-ის, გ.ბ-ის, ზ.ბ-ის, თ.ბ-ის და ქ.ბ-ის მიერ.
კასატორებმა - ნ.ბ-მა, გ.ბ-მა, ზ.ბ-მა, თ.ბ-მა და ქ.ბ-მა აღნიშნეს, რომ გ.ბ-ის ოჯახი 1982 წელს გაიყო სამ კომლად - გ. და გ.ბ-ი ერთ კომლად, ი. და მ.ი ცალ-ცალკე კომლებად. კასატორები მიუთითებენ, რომ ი.ბ-ის კომლს 1980-82 წლებში ერიცხებოდა 1934 წელს აგებული 40 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის ½ წილი, 1983-85 წლებში მისი კომლის პირადი საკუთრების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, ხოლო 1986-97 წლებში ი.ბ-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1958 წელს აგებული 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი. ზუსტად ანალოგიური მონაცემებია მითითებული მი.ბ-ის შესახებ ჩანაწერებში, კერძოდ, 1980-82 წლებში მი.ბ-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1934 წელს აგებული 40 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის ½, 1986-97 წლებში - 1958 წელს აგებული 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის ½ წილი. კასატორების მოსაზრებით ეს ჩანაწერები ადასტურებს იმას, რომ ი.ბ-ის საკუთრება არის სწორედ "პაპისეულ" სახლში. ამასთან, მი.ბ-ი ცხოვრობს და ფლობს ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა მ.ჩ-ის კომლს, თუმცა არა ანდერძის, არამედ გაყრილობის საფუძველზე. ანდერძი არ ამოქმედებულა, ვინაიდან იგი არ იყო იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შედგენილი, ამასთან, მ.ჩ-ის გარდაცვალებით კომლი გაუქმდა, რაც მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში არ მოხდებოდა.
კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვევა ერთმანეთს. კასატორები აღნიშნავენ, რომ ადგილზე დათვალიერებისას სასამართლოს სარდაფები არ უნახავს და დაეყრდნო მხოლოდ მი.ბ-ის განმარტებას. ამასთან, 40 წლის შემდეგ სახლის ფაქტიური მდგომარეობა სრულიად შეცვლილია. მი.ბ-მა სრულად მიისაკუთრა სახლი და ეზოში ახალი სახლი ააშენა. აღსანიშნავია, რომ დათვალიერების დროს სახლს ახლადგანხორციელებული ზემოქმედება (შელესვა, მოპირკეთება) ეტყობოდა და სავსებით შესაძლებელია, რომ მი.ბ-ს სარდაფები გაეერთიანებინა. კასატორები აღნიშნავენ, რომ ბ-ის სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო ჩანაწერებს თან არ ახლავს რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების შესახებ“ ჩანაწერი, რაც მასში მოყვანილი მონაცემების სიზუსტეზე მიუთითებს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეებს მითითებული არ აქვთ იურიდიული ინტერესის თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება უკვე არსებული გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებისგან. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ი.ბ-ის საკუთრების წილი არ არის გ.ბ-ის საკუთრებაში. კასატორები მიუთითებენ, რომ პირველადი რეგისტრაციის გაუქმება არ იწვევს ყოველი მომდევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც კასატორთა მოსაზრებით ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი აღუსრულებელია.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების თანახმად შედგენილი მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათის (რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 16.06.2003წ.) მიხედვით (სააღრიცხვო ბარათი ბეჭედდასმული და ხელმოწერილია), გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დაუზუსტებელი ფართობის მქონე 1478 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...(...)), №452 საგადასახადო სიის საფუძველზე სისტემურად რეგისტრირებულია მ., გ., მ., ნ. და მ. ბ-ების თანასაკუთრების უფლება. ამავე ბრძანებულების თანახმად შედგენილი მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათის (რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 16.06.2003წ.) მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დაუზუსტებელი ფართობის მქონე 659 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ... (...)), №453 საგადასახადო სიის საფუძველზე სისტემურად რეგისტრირებულია ს. ბ-ა. ს საკუთრების უფლება, ხოლო №454 საგადასახადო სიის საფუძველზე ... (...)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია დაუზუსტებელი ფართობის მქონე 1249 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზ., თ., ნ. და გ. ბ-ების თანასაკუთრების უფლებით. არსებული მდგომარეობით, ... (...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია მ., გ., მ., ნ. და მ. ბ-ების საკუთრების უფლება (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი: ...), ხოლო ... (...) საკადატრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია გ., თ, ნ, ზ და ქ.ბ-ების საკუთრების უფლება (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი:...). აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილზე თანამესაკუთრედ დარეგისტრირდა ი.ბ-ი (საფუძველი: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 06.03.2019წ. №27/25684 ცნობა). გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, 2019 წლის 17 დეკემბრის №3/161-19 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილება. კასატორმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 10.03.2023წ. მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემებიდან ამოღებულ იქნა ი.ბ-ის წილი. გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, 2019 წლის 17 დეკემბრის №3/161-19 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საკომლო წიგნების ჩანაწერების თანახმად, ი.ბ-ის კუთვნილი ½ წილი არ მდებარეობს გ.ბ-ის კომლის ქონებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ-ის სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციები წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ მონაცემს და გ.ბ-ის საკუთრების უფლების ფარგლების დადგენის თვალსაზრისით გაზიარებული უნდა იქნეს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.ბ-ი გ.ბ-ის კომლის ქონებაზე თანამესაკუთრედ არ უნდა აღრიცხულიყო, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ წინამდებარე საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №3/2-20 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ ი.ბ-ს გააჩნია წილი გ.ბ-ის კომლის ქონებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერები იმყოფება კანონიერ ძალაში და წარმოდგენილი არ არის მისი გაუქმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
კასატორმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება მიმართული უნდა იყოს სადავო საკითხის გადაჭრისაკენ, იგი უნდა იყოს შედეგის მომტანი, სასამართლო ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს საკითხის გადაჭრას, სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ ბათილად ცნო №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების მონაცემები, მაშინ როდესაც ბათილად ცნობილი საკადასტრო მონაცემების შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ მიღებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, რომელთა კანონიერებაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არის შეფასებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის მომდევნო გადაწყვეტილებები, აგრეთვე არაა მიღებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ გადაწყვეტილება, კასატორის მოსაზრებით გაუგებარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში რა სამართლებრივ ინტერესს დაიკმაყოფილებს ან რა უფლებრივ შენაძენს მიიღებს ი.ბ-ი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ.ბ-ის, გ.ბ-ის, ზ.ბ-ის, თ.ბ-ის და ქ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით დადგინდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ.ბ-ის, გ.ბ-ის, ზ.ბ-ის, თ.ბ-ის და ქ.ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ.ბ-ის, გ.ბ-ის, ზ.ბ-ის, თ.ბ-ის და ქ.ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2003 წლის 16 ივნისს, №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების კანონიერების შემოწმება.
საქმის მასალების თანახმად, 2003 წლის 16 ივნისიდან, საგადასახადო სიის (№ ..., №..., №...) საფუძველზე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში სისტემური რეგისტრაციით, №... საკადასტრო კოდით მ., მა, გ., მ. დან. ბ-ის, №... საკადასტრო კოდით ს. ბ-ა. ს და №... საკადასტრო კოდით გ., ნ, ზ. და თ. ბ-ების სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1478 მ2, 659 მ2 და 1249 მ2 მიწის ნაკვეთები. ეს ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მოსაზღვრედ, ხოლო №... (მი.ბ-ი) და №... (ი.ბ-ი) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული საზღვრების მიჯნით გაყოფილია ერთი შენობა-ნაგებობა.
მოსარჩელეთა განმარტებით, უძრავ ქონებაზე დართული ნახაზით მი.ბ-ის და მისი ოჯახის წევრთა (გ., მ., მა, და ნ. ბ-ები) საკუთრებაში არსებული სახლი სისტემური რეგისტრაციის ნახაზით არის შუაზე გაჭრილი, როგორც ი. და მი. ბ-ების თანასაკუთრება, ხოლო მამისეული სახლი მოქცეულია ერთ რეგისტრაციაში, რაც არასწორია. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ი.ბ-ი უნდა ირიცხებოდეს მამისეულ სახლში ½ წილის მესაკუთრედ, რომელიც ამჟამად მხოლოდ გ.ბ-ის და მისი ოჯახის საკუთრების უფლებით არის რეგისტრირებული, ხოლო მი.ბ-ის სახელზე რიცხული ქონება არის ცალკე მდგომი, ერთიანი სახლი, რომლის თანამესაკუთრეებიც არიან მხოლოდ გ., მ, მა, მ. და ნ. ბ-ები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ., ი. და მი. ბ-ები არიან ძმები და მშობლებთან, გ. და მა. ბ-ებთან ერთად ირიცხებოდნენ ერთ კომლად. ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1967-1969 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ბ-ა. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ-ა. მ.- მეუღლე; 2. ბ-ა. ვ. გ.ს ძე - შვილი; 3. ბ-ა. მ.ი გ.ს ძე - შვილი; 4. ბ-ა. ი. გ.ს ძე - შვილი; 5. ბ-ა. გ. გ.ს ძე - შვილი. 1967-1970 წლების მდგომარეობით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,40 ჰა მიწა და 1963 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (საცხოვრებელი სახლის ფართობი მითითებული არ არის).
1971-1973 წლების საკომლო წიგნით ბ-ა. ვ. გ.ს ძე - შვილი, გადახაზულია, გადატანილია N12 საკომლო წიგნის 71-ე გვერდზე. 1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ბ-ა. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ-ა. მ.- მეუღლე; 2. ბ-ა. მ.ი გ.ს ძე - შვილი, რომელიც გადახაზულია და გადატანილია N14 საკომლო წიგნის მე-11 გვერდზე; 3. ბ-ა. ი. გ.ს ძე - შვილი, რომელიც გადახაზულია და გადატანილია N14 საკომლო წიგნის მე-12 გვერდზე; 4. ბ-ა. გ. გ.ს ძე - შვილი. 1980- 1982 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1963 წელს აგებული 100 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1980-1981 წლების მდგომარეობით 042 ჰა მიწა, ხოლო „დამატებითი ცნობების“ გრაფაში მითითებულია, რომ ოჯახი გაიყო 1982 წელს.
1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ძე ბ-ა. . კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1 ბ-ა. მ.- ცოლი; 2. ბ-ა. გ. გ.ს ძე - შვილი; კომლს საკუთრებაში ერიცხება 1963 წელს აგებული 90 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ½ წილით და 1983 წლის მდგომარეობით 0,40 ჰა მიწის ფართობი, ხოლო 1984-1985 წლების მდგომარეობით 042 ჰა მიწის ფართობი. აღსანიშნავია, რომ 1982 წლამდე კომლზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ფართი არის 100 კვ.მ. და არ არის მითითება ამ სახლის წილობრივ დაყოფასთან დაკავშირებით, ხოლო 1982 წლიდან შემცირებულია და არის 90 კვ.მ. უკვე წილობრივი დაყოფით, კერძოდ, კომლის საკუთრებად აღრიცხულია სახლის ½. საცხოვრებელი სახლის თაობაზე მსგავსი ჩანაწერი ფიქსირდება 1986-1987 წლებშიც (მითითებულია ½ ), ხოლო შემდეგ წლებში საცხოვრებელი სახლის წილობრივი მონაცემების გრაფაში ზედა მხარეს ჩამოსმულია ხაზები, რომელიც არ არის რომელიმე რიცხვის გრაფიკული გამოსახულება და შესაძლებელია მივიჩნიოთ წინა წლებში გაკეთებული წილობრივი მონიშვნის იგივეობის მაჩვენებლად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის ფართი ამ წლების განმავლობაში უცვლელია და შეადგენს 90 კვ.მ-ს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გ.ბ-ის კომლი 1982 წლიდან ფლობს მთლიანი სახლის ნახევარ წილს, რაც ასევე ემთხვევა კომლის გამოყოფის პერიოდსაც.
საქმეში დაცული 1982 წლის 15 თებერვლის გაყრილობის განაჩენის ასლის მიხედვით (დამტკიცებულია ...ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1982 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, თანახმად №2 სხდომის ოქმისა) მოხდა გ. ბ-ა. ს ოჯახის გაყრილობა: 1. პირველ ოჯახად გავიდა გ. ბ-ა. , თავისი მეუღლით - მ.ბ-ა. თა და შვილით - გ. გ.ს ძე ბ-ა. თ, რომელთაც ერგოთ უძრავი ქონება: "სახლი ორსართულიანი ერთი ოთახი თავისი კორიდორით", საკარმიდამო ნაკვეთი სახლით - 0,10 ჰა, ნავენახარი - 0,06 ჰა, გრძელაში - 0,16 ჰა, სულ 0,32 ჰა; 2. მეორე ოჯახად გავიდა ი. გ.ს ძე ბ-ა. რომელსაც ერგო უძრავი ქონება: სახლი პაპისეული, დასავლეთ მხარეზე ერთი ოთახი თავისი სარდაფით, მიწის ნაკვეთი გრძელაში - 0,04 ჰა; 3. მესამე ოჯახად გავიდა მ. გ.ს ძე ბ-ა. რომელსაც ერგო უძრავი ქონება: სახლი პაპისეული აღმოსავლეთ მხარეს ერთი ოთახი თავისი სარდაფით, მიწის ნაკვეთი გრძელაში - 0,04 ჰა. გაყრილობის განაჩენის ის ნაწილი, სადაც აღწერილია მი.ბ-ისათვის მიკუთვნებული ქონების შესახებ, გადახაზულია, რაც შეუძლებელს ხდის განაჩენის მთლიანობის სარწმუნოდ მიჩნევას.
საგულისხმოა, რომ საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული პირები გაყრილობის განაჩენში მოხსენიებულ "პაპისეულ" სახლად მიიჩნევენ სადავო ქონების მომიჯნავედ მდებარე სახლს, რომელიც თავის დროზე ეკუთვნოდა გ.ბ-ის (ძმები მ., ი. და გ.ბ-ების მამის) ბიძას-ი.ჩ-ეს. ი.ჩ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა მისი ცოლი მ.(მა...) ჩ-ე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (ი.ჩ-ე გარდაიცვალა 1970 წელს) წარმოადგენდა კომლის ერთადერთ წევრს. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1934 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და 1980-1982 წლების მდგომარეობით 0,40 ჰა მიწა. ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ 1977 წლის 30 ნოემბერს დამოწმებულ იქნა მ.ჩ-ის ანდერძი, რომლითაც იგი, როგორც კომლის ერთადერთი და უკანასკნელი წევრი, მთელ თავის ქონებას უანდერძებდა მი.ბ-ს, მათ შორის გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლს. მ.ჩ-ე გარდაიცვალა 1981 წელს. საქმეში დაცულია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მამკვიდრებლის კუთვნილი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.2020წ. ცნობა, რომლის თანახმად მოქალაქე მი.ბ-ი, მ.ჩ-ის გარდაცვალების დღიდან (01.08.1981წ.) ფაქტობრივად ფლობს მის კუთვნილ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკომლო ჩანაწერები არსებობს მი.ბ-ის მიმართაც, კერძოდ, სოფელ ...ის 1986-1997 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მ.ი გ.ს ძე ბ-ა. , რომლის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. დავიანტი მა. ჭიჭიკოს ასული - მეუღლე; 2. ბ-ა. გ. მ.ის ძე - შვილი; 3. ბ-ა. მ.მ.ის ასული - შვილი; 4. ბ-ა. ნ. მ.ის ასული - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958 წელს აგებული 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 004 (ასეა დოკუმენტში) ჰა მიწა. სოფელ ...ის 1992-2011 წლების მიწის განაწილების სიებში მ. გ.ს ძე ბ-ა. ს სახელზე ირიცხება 1,00 ჰა მიწის ფართობი, პირველი კატეგორია.
რაც შეეხება ი.ბ-ის კომლის შესახებ ინფორმაციას, საქმეში დაცული საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ სოფელ ...ის 1986-1997 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ი. გ.ს ძე ბ-ა. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1958-1963 წლებში აგებული 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის ½ და 1986-1990 წლების მდგომარეობით 0,04 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ...ის 1992-2011 წლების მიწის განაწილების სიებში ი. (ასეა დოკუმენტში) გ.ს ძე ბ-ა. ს სახელზე ირიცხება 1,00 ჰა მიწის ფართობი, I კატეგორია. საქმეში დაცულია ასევე მამკვიდრებლის კუთვნილი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 19.04.2022წ. N20-2022109121 ცნობა, რომლის თანახმად ი.ბ-ი დაეუფლა და დღემდე ფაქტობრივად ფლობს მშობლების, მ. და გ. ბ-ების კუთვნილ (აშენებულ) საცხოვრებელ სახლს (ს/კ..., წინა კოდი:...), რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამასთან, საქმეში დაცული სს „...ას“ აბონენტის ბარათიდან ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ზემოთმითითებულ სახლში 2012-2019 წლებში აბონენტად რეგისტრირებულია ი.ბ-ი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი კომლის გაყოფის შედეგად გაყოფილი და მიღებული უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის თაობაზე საკუთრების უფლება. საუბარია ორ საცხოვრებელ სახლზე, რომელთაგან ერთი, 1934 წელს აშენებული სახლი ერიცხებოდა მ.ჩ-ის კომლს, ხოლო გ.ბ-ის კომლს ერიცხებოდა 1963 წელს აშენებული სახლი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ. კომლში შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება.
ამჟამად მოქმედი ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,რ" ქვეპუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერი წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკომლო წიგნის ჩანაწერები არ შეიცავს უტყუარ და სარწმუნო მონაცემებს კომლთა ქონების შესახებ. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ.ჩ-ის კომლზე რიცხული უძრავი ქონება მიეკუთვნა კომლის გაყოფის შემდეგ ი. და მი. ბ-ებს. აღსანიშნავია, რომ ი. და მი.ბ-ების კომლს საცხოვრებელი სახლის აგების წლებად მითითებული აქვს ი.ბ-ის შემთხვევაში 1958-1963 წელი, ხოლო მი.ბ-ის შემთხვევაში - 1958 წელი. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების დროს გაირკვა, რომ გ.ბ-ის აშენებულ სახლს აწერია 1962 წელი. ამასთან, საკომლო ჩანაწერების თანახმად, 1982 წლის შემდეგ გ.ბ-ის კომლზე რიცხული სახლის ფართი შემცირებულია და მითითებულია 90 კვ.მ. ½ წილობრივი საკუთრებით. აღსანიშნავია, რომ 1982 წელი არის გაყრილობის განაჩენის მიღების წელიც. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებით ასევე დადგინდა, რომ პირველი სახლი, რომელიც ააშენეს ი., გ. და მი. ბ-ების მშობლებმა - გ. და მა. ბ-ებმა, გაყოფილია ორ ნაწილად, აქვს ორი კიბე და შესასვლელი, თითოეულ მხარეს ორი სარდაფი. მხარეთა მითითებით სახლის ორივე ნაწილი ერთმანეთისგან იზოლირდა მა.ბ-ის სიცოცხლეში. სახლის ეზოს შესასვლელიდან მარცხენა მხარეს ცხოვრობდა ი.ბ-ი, ხოლო მარჯვენა მხარეს გ.ბ-ი ოჯახთან ერთად. სახლს აქვს ეზო და ბაღი. ბაღი გაყოფილია მავთულის ღობით. მხარეთა განმარტებით იგი გაყოფილია ორ ნაწილად გ.ბ-სა და ი.ბ-ს შორის. მეორე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მ. და ს. ჩ-ეებს. სახლს აქვს ერთი შესასვლელი და ერთი სარდაფი, აქვს ეზო და ბაღი, რომელიც ესაზღვრება ი.ბ-ის მიწის ნაკვეთს. მა. და მი. ბ-ების განმარტებით სახლს ჰქონდა ორი ოთახი და შუშაბანდი, რომელიც სიძველის გამო გაფუჭდა, ამიტომ ამოაშენეს და გატიხრეს. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუკი გაყრილობის განაჩენში აღნიშნულ „პაპისეულ“ სახლში, რომელიც მ. და ი.ბ-ებს შორის უნდა გაყოფილიყო, მოაზრებულია მ.ჩ-ის სახლი, დგინდება, რომ აღნიშნულ სახლს მართალია აქვს ორი ოთახი, მაგრამ არ აქვს ორი სარდაფი. საპირისპიროდ, ორი სარდაფი აქვს მამისეულ სახლს (სადაც ამჟამად რეგისტრირებულია გ.ბ-ისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება), ამასთან საგულისხმოა, რომ სწორედ მამისეული სახლი არის გამიჯნული ორად, აქვს ორი კიბე და შესასვლელი, თითოეულ მხარეს ორი სარდაფი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადგილზე დათვალიერების დროს დადგენილი გარემოებები შეესაბამება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებსაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ახდენს რეალობაში ფაქტობრივად არსებული და უფლებადამდგენი დოკუმენტით აღწერილ საკუთრების ფიქსაციას, მისი არსებობის იურიდიულ დადასტურებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციით საკუთრების უფლება წარმოიშობა შესაბამის უფლებადამდგენ დოკუმენტში ასახულ ფარგლებსა და პირობებში, მასში გადმოცემული ფაქტობრივი მდგომარეობით (იხ. სუსგ 25.03.2021წ. საქმე №ბს-1322(კ-19)). განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივად არსებული და უფლებადამდგენი დოკუმენტებით აღწერილი საკუთრება ერთმანეთს არ შეესაბამება, განსხვავდება მათი საკადასტრო მონაცემები.
დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორების აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს მითითებული არ აქვთ იურიდიული ინტერესი და რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უფლების დაცვის რეალიზება ხდება კონკრეტული პირადი უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევის შემთხვევაში. მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული (იხ. სუსგ 25.11.2021წ. საქმე №ბს-467(კ-19)). მოცემული დავის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი ბ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებული მონაცემები. მართალია, ამჟამინდელი მდგომარეობით №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები დაზუსტებულია, თუმცა დაზუსტებული რეგისტრაციების ამსახველ ამონაწერებში იმავე უფლების დამდგენი დოკუმენტებია მითითებულია, რაც სისტემური რეგისტრაციის დროს იქნა გამოყენებული, ამასთან, ნაკვეთების წინა ნომრებად სისტემური რეგისტრაციების კოდებია გამოყენებული. ამდენად, სისტემური რეგისტრაციის არაზუსტმა ხასიათმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემდგომი რეგისტრაციების კანონიერებაზეც. პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი (იხ. სუსგ 28.02.2013წ. №ბს-367-363 (კ-12)). ამდენად, მოსარჩელეთა მიზანი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკუთრების უფლების სწორად აღრიცხვაა. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ პირველად მონაცემებს სწორედ სისტემური რეგისტრაციები წარმოადგენს, ხოლო პირველადი რეგისტრაციის ბათილობა ქმნის მის საფუძველზე განხორციელებული შემდგომი რეგისტრაციების გადასინჯვის შესაძლებლობას.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესულ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №3/161-19 გადაწყვეტილებას. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1249 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ½ წილის ი.ბ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილება. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო არ მსჯელობს თუ სად, რომელ ქონებაზე უფიქსირდება ი.ბ-ს საცხოვრებელი სახლის ½ წილი. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანია 16.06.2003წ. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში განხორციელებული საკადასტრო მონაცემების კანონიერება, მაშინ როდესაც გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ, 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა ეხება №... საკადასტრო კოდზე განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის კანონიერებას. №... საკადასტრო კოდი მიღებულია სისტემური რეგისტრაციის (...) დაზუსტების შედეგად. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ-ის სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციებით, გ. და ი. ბ-ების უძრავი ქონება არ წარმოადგენდა ერთი მთლიანი საკუთრების უფლების საზიარო ობიექტს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სისტემური რეგისტრაციები წარმოადგენდა რეგისტრირებულ მონაცემს და არ იყო მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.ბ-ის ქონებაზე ი.ბ-ის თანამესაკუთრედ რეგისტრაცია ეწინააღმდეგებოდა სისტემური რეგისტრაციით არსებულ მონაცემებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლომ სწორედ ბ-ის სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციების კანონიერება შეაფასა. ამდენად, მართალია სისტემური რეგისტრაციის უკანონობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათი დაზუსტების შედეგად მიღებულ სარეგისტრაციო ჩანაწერებზე, თუმცა აღნიშნული სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და შესაძლოა წარმოადგენდეს მსჯელობის საგანს სხვა დავის ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ.ბ-ის, გ.ბ-ის, ზ.ბ-ის, თ.ბ-ის და ქ.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 20 სექტემბერს №50567 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე