Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-929(კ-25) 16 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის IDP 3 23 00000005 ბრძანება ნ.ბ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ.ბ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის IDP 3 23 00000005 ბრძანება ნ.ბ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.ბ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №6 სხდომის ოქმით განისაზღვრა დღის წესრიგი, რომლის მიხედვით, განხილულ იქნა 2022 წლის 1 და 2 მაისის №2 ოქმით განსაზღვრული იმ ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთა განაცხადებსაც მინიჭებული აქვთ 14 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა და რომლებიც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ვიზუალური, ასევე, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ექვემდებარებიან განსახლებას.

2021 წლის 23 თებერვალს ნ.ბ-ემ შეავსო განაცხადი დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე. დაზარალების მისამართად მიუთითა იმერეთი, ..., ს. ... როგორც განაცხადშია მითითებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შემდეგნაირია: სახლი დაცილებულია კიბეს, კედლები დაბზარული და დეფორმირებულია. აღნიშნული ინფორმაცია გადასამოწმებლად გადაეცა მონიტორინგის სამსახურს. მონიტორინგის სამსახურის ვიზიტისას, რომელიც განხორციელდა 2022 წლის 30 ოქტომბერს მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე, სამსახურს დახვდა მოსარჩელე და მისი მეუღლე ი.ქ-ე. აღნიშნილი უძრავი ნივთი არის მეუღლის მამაპაპისეული. ასევე, დადგინდა, რომ სახლი არის ნახევრად კაპიტალური, აღენიშნება ბზარები. ეზოში შეინიშნება მეწყერისთვის დამახასიათებელი ადგილები. დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 8 ნოემბერს ქალაქ თბილისში, ...ის მისამართზე, მოსარჩელის შვილის - თ.ქ-ის საცხოვრებელ ადგილას. სამსახურს დახვდა მოსარჩელის შვილი და განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2012 წლიდან ბებიის - მ.ქ-ის საკუთრებაში. მისი განმარტებით, ი.ქ-ე ცხოვრობს მათთან ერთად, თუმცა ამჟამად იმყოფება ...ში ნ.ბ-ესთან.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ კიდევ ერთხელ განიხილა მოსარჩელის ოჯახის საკითხი და №6 სხდომის ოქმით მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ნ.ბ-ეს აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს უძრავი ქონებით მდებარე ქალაქ თბილისი, ...ის ..., კორპუსი ..., ბინა ... და შესაბამისად, არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მოსარჩელე არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით, ვინაიდან მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ნ.ბ-ის მიერ 2021 წლის 23 თებერვალს შევსებულ იქნა განაცხადი (№...) ეკომიგრანტის მიერ წარდგენილი საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე. ოჯახის ფაქტიური საცხოვრებელი და დაზარალების მისამართია: იმერეთი, ..., ს. .... 2021 წლის 2 მარტს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი მდებარე, რაიონი ..., სოფელი ..., 5903 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი შენობით (ს/კ...) ეკუთვნის ნ.ბ-ეს (ს.ფ 117-118, 115-116); ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 25 ივლისის №62-622220634 წერილით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გაეგზავნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მცხოვრები მოქალაქე ნ.ბ-ის საცხოვრებელი სახლის შესახებ მერის წარმომადგენლის მიერ გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია, სტიქიით დაზარალების კატეგორიის შევსებული ფორმა და დაზიანებული სახლის ფოტომასალა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, ნ.ბ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება შეფასდა I კატეგორიად (ს.ფ 105-111, 104); გ) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 აპრილის №21/1115 წერილით წარდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური სამტრედიის მუნიციპალიტეტის რიგ დასახლებულ პუნქტებში საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლების დაზიანების გამომწვევი მიზეზის შესახებ დასკვნის თანახმად, სოფ. ...ში მცხოვრები მოქალაქე ნ.ბ-ის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი მდებარეობს (X-...; Y-...) სამხრეთ-დასავლური ექსპოზიციის 15-20°-ანი საშუალოდ დახრილი ძველმეწყრული ფერდობის შედარებით გავაკებულ ადგილზე. საკვლევი ტერიტორია მორფოლოგიურად გორაკ-ბორცვიანია. ტერიტორია გეოლოგიურად აგებულია ზედა ეოცენური ასაკის შრეებრივი თიხებით, ქვიშაქვებით, ტუფობრექჩიებით, ტუფოქვიშაქვებით, მერგელებით და კონგლომერატებით, რომლებიც ზემოდან გადაფარულია ფერდობული თიხა-თიხნაროვანი ნალექებით. საკვლევ ტერიტორიაზე განვითარებულია მეწყრული პროცესები, რომელიც ცოცვითი ხასიათისაა და მუდმივ დინამიკაშია. ხასიათდება მიკრო ძვრებითა და პერიოდული გადაადგილებებით, ხოლო მეწყრული სხეულის ზედაპირი წარმოდგენილია ტალღოვან-ბორცვოვანი და ზოგგან საფეხურებრივი რელიეფით. პროცესის არსებობამ განაპირობა ეზოში მდგარი ხე-მცენარეების გადახრა ფერდობის მოძრაობის მიმართულებით. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, დეფორმირებული და გადახრილია მისი საყრდენი სვეტები. ასეთივე მდგომარეობაშია სახლის სადრენაჟო სისტემა. ძნელად იკეტება სახლში არსებული კარებები და ფანჯრები, რაც მისი დეფორმაციითაა გამოწვეული. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები აღინიშნება სახლის კონსტრუქციულ ელემენტებზე, კერძოდ, მის საყრდენ კედლებზე. დეფორმირებული და გადახრილია ასევე კიბის უჯრედის საყრდენი სვეტებიც. წარსულში მოქალაქის მიერ მოხდა არსებულ სახლზე პრევენციული ღონისძიებების გატარება, რამაც შედეგი არ გამოიღო პროცესის მუდმივი გააქტიურების გამო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად არსებული რთული გეოდინამიკური მდგომარეობის, სახლის დეფორმაციის ხარისხის და მოსალოდნელი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, საცხოვრებელ სახლზე რაიმე სახის პრევენციული ღონისძიებების გატარება შედეგს არ გამოიღებს და შესაბამისად მოქალაქე ნ.ბ-ის საცხოვრებელი სახლი გადატანილ უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილზე (ს.ფ 112, 113-114); დ) ნ.ბ-ის განაცხადს 04.08.2022წ. შეფასების მიხედვით, მიენიჭა 16 ქულა, მათ შორის, 10 ქულა მიენიჭა საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორიის გათვალისწინებით, 6 ქულა - სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არარსებობის გამო (ს.ფ 103-104); ე) 2022 წლის 30 ოქტომბრის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ.ბ-ის საცხოვრებელი სახლი არის ნახევრად კაპიტალური. სახლს აღენიშნება ბზარები. საკარმიდამო ეზოში შეინიშნება მეწყრისთვის დამახასიათებელი ჩავარდნის ადგილები. შენობა მთლიანად განიცდის დეფორმაციას. გეოლოგიური დასკვნით ოჯახი არის გასაყვანი. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ნ.ბ-ის მეუღლის მამაპაპისეულ სახლს. მონიტორინგის ჯგუფს გადამოწმებისას ადგილზე დახვდნენ ნ.ბ-ე და მისი მეუღლე ი.ქ-ე. შვილი - თ.ქ-ე, რომელიც ცხოვრობს ბებიასთან ქ. თბილისში, არ იმყოფებოდა ადგილზე. დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2022 წლის 8 ნოემბერს მონიტორინგი განხორციელდა თ.ქ-ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ადგილზე დახვდათ განმცხადებლის შვილი - თ.ქ-ე, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ბებიის - მ.ქ-ის საკუთრებაში. ასევე მისი განმარტებით მამა ი.ქ-ე ცხოვრობს მათთან ერთად, ხოლო ამჟამად იმყოფება ...ში - ნ.ბ-ესთან (ს.ფ 99-102, 98); ვ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბრის - 9 დეკემბრის სხდომაზე, ნ.ბ-ის განაცხადი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ოჯახს აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ქ. თბილისში, ... ... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №...-ში არსებული უძრავი ქონებით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. განაცხადს განხილვისას მინიჭებული აქვს 16 ქულა (ს.ფ 90-97); ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის IDP 3 23 00000005 ბრძანებით ნ.ბ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (ს.ფ 87-89); თ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის გორმაღლის ადმინისტრაციული ერთეულის 2022 წლის 22 ივლისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნ.ბ-ე ნამდვილად ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გორმაღლში. ოჯახი შედგება ერთი სულისგან. ოჯახს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნია (ს.ფ 107).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“ (დანართი№1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, (1) ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს; (2) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

ამავე პროცედურის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.

მითითებული პროცედურის 3.1 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობისა და ალტერნატიული საცხოვრებლით შეუფერხებელი სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. სხვა პირის საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. აღნიშნული არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. შონია