Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-988(კს-25) 6 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

შეამოწმა გ.ბ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებებზე (მოწინააღმდეგე მხარე- საქართველოს მთავრობა, სსიპ შემოსავლების სამსახური).

სარჩელის არაერთხელ დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელე გ.ბ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, დამატებით კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელით 2025 წლის 17 აპრილს მიმართა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე გ.ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ უამრავჯერ იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და ასევე, სასამართლოს მიერ უამრავჯერ იქნა გაგრძელებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, ხოლო 2022 წლის 31 ოქტომბრის, 2025 წლის 03 თებერვლისა, 2025 წლის 13 თებერვლის, 2025 წლის 25 თებერვლის და 2025 წლის 21 მარტის განჩინებებით გ.ბ-ეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. მიუხედავად ამისა, 2025 წლის 17 აპრილს მოსარჩელემ კვლავ 2025 წლის 12 თებერვალს, 24 თებერვალს და 21 მარტს წარმოდგენილი სარჩელის ანალოგიური სარჩელით მიმართა სასამართლოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმედებები საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურებოდა და ეფექტური მართლმსაჯულებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელე გ.ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება, კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ-ემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს, გ.ბ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა ხარვეზის შევსების მიზნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით: გ.ბ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.ბ-ეს კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შესავსებად - დაწესებული ვადა გაუგრძელდა 7(შვიდი) დღით და დაევალა: ა) სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის წარდგენა, ხოლო ბაჟის თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150 და ამავე ვადაში წარმოუდგინოს სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ბ) დასაბუთებული კერძო საჩივრის წარდგენა, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების მითითებით, იმდენ ასლად, რამდენი მოპასუხეც იყო საქმეში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, გ.ბ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

2025 წლის 18, 22, 24 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გ.ბ-ის მიერ წარდგენილ იქნა ერთნაირი შინაარსის 3 განცხადება, სადაც იგი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გ.ბ-ის 2025 წლის 18, 22, 24 ივლისის განცხადებები, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ-ემ.

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ.ბ-ეს წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც გ.ბ-ეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული კერძო საჩივარი კი განუხილველი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ.ბ-ის განცხადებები დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებას, რომლის გასაჩივრებაც დაუშვებელია. კერძო საჩივრით გასაჩივრებული 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინება კი მიღებულია 2025 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ.ბ-ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა განჩინების თაობაზე შედავებას, ახალ საჩივარს. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებული მსჯელობის შედეგია და გამომდინარეობს კერძო საჩივარზე მიღებული საბოლოო განჩინებიდან, რომლის გასაჩივრებაც დაუშვებელია.

ამდენად, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება მიღებულია კერძო საჩივრის ფარგლებში, რომელიც საბოლოოა და სსსკ-ის 419.3 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ საჩივრდება, აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაც არ ექვემდებარება გასაჩივრებას, რის გამოც აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი წარმოდგენილია იმ განჩინების თაობაზე, რომლის კანონიერების შემოწმება არ შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, რის გამოც, გ.ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია