Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-833(კ-25) 16 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოთი.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აგვისტოს №04/44093 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №04/13132 გადაწყვეტილება სს „...ის“ 2019 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის მიერ პაციენტებისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 5225,20 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აგვისტოს №04/44093 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, პაციენტების - მ.მ-ის, მ.გ-ის, ი.გ-ის, მ.კ-ას, თ.ი-ის, ხ.კ-ას და თ.ე-ას ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №04/13132 გადაწყვეტილება სს „...ის“ 2019 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, პაციენტების მ.მ-ის, მ.გ-ის, ი.გ-ის, მ.კ-ას, თ.ი-ის, ხ.კ-ას და თ.ე-ას ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტები: მ.მ-ე, მ.გ-ი, ი.გ-ი, მ.კ-ა, თ.ი-ე, ხ.კ-ა, თ.ე-ა და რ.ლ-ე არიან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები. აღნიშნული პირები 2019 წლის თებერვლის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს „...ში”. კლინიკის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევები წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., ... (... III ან IV კლასი ... კლასიფიკაციით) დიაგნოზი: I50.0-... .... სსიპ სოციალური მომსახურების მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აგვისტოს №04/44093 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს), მოსარჩელეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე იმაზე მითითებით, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ადგილზე მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა არ დასტურდება.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას სადავო სამედიცინო შემთხვევების თაობაზე. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ, რომ სააგენტომ სათანადოდ არ გამოიკვლია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სადავო გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლო მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის თანამშრომლის მიერ არ არის შედგენილი ოქმი, თუმცა, იმ ფაქტს, რომ მონიტორინგის პროცესი სადავო პაციენტებთან მიმართებით განხორციელდა დადგენილების პირობების შესაბამისად, არც მხარე და, არც სასამართლო სადავოდ არ ხდის. მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით. მონიტორინგის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, მიმწოდებელთან განხორციელდეს განმეორებითი ვიზიტი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტები: მ.მ-ე, მ.გ-ი, ი.გ-ი, მ.კ-ა, თ.ი-ე, ხ.კ-ა, თ.ე-ა და რ.ლ-ე არიან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადავლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები. აღნიშნული პირები 2019 წლის თებერვლის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს „...ში”. კლინიკის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევები წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., ... (... III ან IV კლასი ... კლასიფიკაციით) დიაგნოზი: I50.0- ... .... სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აგვისტოს №04/44093 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სს „...ას“ უარი ეთქვა ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე იმაზე მითითებით, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას, ადგილზე მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გადაუდებელი სტაციონარული მკუნალობა არ დასტურდება (ტ.1, ს.ფ 11-12); ბ) 2019 წლის 18 სექტემბერს სს „...ის“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აგვისტოს №04/44093 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შემთხვევების ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №04/13132 გადაწყვეტილებით სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი ზემოაღნიშნული პაციენტების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 26-27).

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სს „...ის“ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ.მ-ისთვის, მ.გ-ისთვის, ი.გ-ისთვის, მ.კ-ასთვის, თ.ი-ისთვის, ხ.კ-ასა და თ.ე-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“ (დანართი №1), რომლის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 2​1-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული პროგრამის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების წინაპირობა.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს, რომ მ.მ-ის, მ.გ-ის, ი.გ-ის, მ.კ-ას, თ.ი-ის, ხ.კ-ას და თ.ე-ას სამედიცინო შემთხვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება არ დასტურდება (№36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მ.მ-ის, მ.გ-ის, ი.გ-ის, მ.კ-ას, თ.ი-ის, ხ.კ-ასა და თ.ე-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. გასაჩივრებულ აქტში ზოგადად არის აღნიშნული, რომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება არ დასტურდება. სადავო აქტიდან არ დგინდება, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება - არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. მითითებულ პაციენტებთან დაკავშირებით, მონიტორინგის განმახორციელებლის მიერ არ არის შედგენილი შესაბამისი ოქმები, სადაც დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი პაციენტების მდგომარეობა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მოპასუხე ვალდებულია საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2025წ. №20155 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. შონია