Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1046(2კ-23) 13 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

კასატორი (მოსარჩელე) - ჭ.ზ-ე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჭ.ზ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №MOD 7 19 00004694 ბრძანება, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 25 ნოემბრის №MOD 7 19 01214357 მომართვა; გ) დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გამოსცეს ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ,,სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე; დ) დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს მოახდინოს წელთა ნამსახურობის დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

სარჩელის თანახმად, ჭ.ზ-ე 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 2019 წლის 2 ოქტომბერს კი, მძიმე ოჯახური პირობების გამო, სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. 2019 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურების დაანგარიშება. 2019 წლის 25 ნოემბერს, მოპასუხის მიმართვით ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან 2019 წლის 2 ოქტომბრის №4694 ბრძანების თანახმად, იგი დათხოვნილ იყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ჭ.ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ჭ.ზ-ე 2007 წლის 1 აგვისტოდან ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურედ. იგი იყო დასავლეთ სარდლობის ...ის (ასეული) ..., უფროსი სერჟანტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, გაგრძელებული აქვს 2019 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 აგვისტომდე; ბ) 2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ის ...მა, ჭ.ზ-ემ პირადი პატაკით მიმართა ...ის (ასეულის) უფროსის მოვალეობის შემსრულებელს კაპიტან თ.ვ-ეს და მოითხოვა შუამდგომლობა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა დათხოვნილ ყოფილიყო თავდაცვის ძალების რიგებიდან. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მას პატაკის შედგენის დროს, გასაუბრებისას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია; გ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №MOD 7 19 00004694 ბრძანებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთ საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №MOD 3 18 0000965 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჭ.ზ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან; დ) მოსარჩელემ 2019 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურების დაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რაზედაც 2019 წლის 25 ნოემბერს მოპასუხის მიმართვით ეცნობა, რომ ვერ შეძლებდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან 2019 წლის 2 ოქტომბრის №4694 ბრძანების თანახმად, იგი დათხოვნილია შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება პირს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო; ე) ჭ.ზ-ეს და თავდაცვის სამინისტროს შორის 2019 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული №2038/19 კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს ,,პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). მოსარჩელის მიერ პირადი პატაკის დაწერის დროს არ ყოფილა გაცხადებული და დოკუმენტი წარდგენილი, რომლითაც დადასტურდებოდა ,,მძიმე ოჯახური მდგომარეობა“.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2019 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული №2038/19 კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს ,,პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). მოსარჩელის მიერ პირადი პატაკის დაწერის დროს არ ყოფილა გაცხადებული და დოკუმენტი წარდგენილი, რომლითაც დადასტურდებოდა ,,მძიმე ოჯახური მდგომარეობა“. ასევე, მოსარჩელემ ვერც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას შეძლო უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მას 2019 წლის 23 სექტემბერს პირადი პატაკის დაწერის დროს, ,,მძიმე ოჯახური მდგომარეობა“ ჰქონდა, რაც საფუძვლად დაედებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადგილი არ ჰქონია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა სპეციალური საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №MOD 7 19 00004694 ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ - არ არსებობდა მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წელთა ნამსახურების დაანგარიშების და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჭ.ზ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, ჭ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჭ.ზ-ის სარჩელი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №MOD 7 19 00004694 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 25 ნოემბრის №MOD 7 19 01214357 მომართვის ბათილად ცნობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №MOD 7 19 00004694 ბრძანება, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 25 ნოემბრის №MOD 7 19 01214357 მომართვა და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჭ.ზ-ესთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებულ ბრძანებათა შინაარსზე და აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში - კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის განსხვავებულ საფუძველს გვთავაზობს იმავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. აღნიშნულ საფუძველს კი, წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის პირადი განცხადება, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ჭ.ზ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მხრიდან თითქოს დარღვეულია თავად კონტრაქტის პირობა, ამ შემთხვევაში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, მარეგულირებელი აქტებისა და სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით შეამოწმოს კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - უტყუარად დაადასტუროს ფაქტის არსებობა. საყურადღებოა სააპელაციო შესაგებელში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული ის გარემოება, რომ 2019 წლის 23 სექტემბერს ჭ.ზ-ესთან ჩატარდა გასაუბრება. გასაუბრების ფურცელში აღნიშნულია მისი სამხედრო სამსახურიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით დათხოვნის თაობაზე. გასაუბრების ფურცლის თანახმად, ჭ.ზ-ეს აღნიშნული საფუძვლით სამხედრო ძალებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მან პატაკი დაწერა მძიმე ოჯახური პირობების გამო და მისი დათხოვნა უნდა მომხდარიყო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტით, რამდენადაც ჭ.ზ-ეს 2019 წლის 23 სექტემბერის №969820 პატაკში ასეთ გარემოებაზე საუბარი საერთოდ არ არის და არც რაიმე დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, რაც შემდგომში საფუძვლად დაედებოდა მის დათხოვნას ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ჭ.ზ-ემ 2019 წლის 23 სექტემბერს ...ის (ასეული) უფროსის მოვალეობის შემსრულებელს კაპიტან თ.ვ-ეს პატაკით მიმართა და მოითხოვა მიეცათ კუთვნილი შვებულება 2019 წლის 24 სექტემბრიდან 2019 წლის 2 ოქტომბრამდე და მოხსნილი ყოფილიყო ...დან 24 სექტემბრის სადილიდან 2 ოქტომბრის სადილამდე. პირადი შემადგენლობის შვებულების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის (... ნაწილში) 2019 წლის 23 სექტემბრის №MOD1 19 00001376 ბრძანებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №965 ბრძანების 22-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს მიეცა შვებულება.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების შეფასებასთან მიმართებით ასევე საყურადღებოა, უფროსი სერჟანტი ჭ.ზ-ის სახელზე კაპიტან თ.ვ-ის მიერ განხორციელებული შეტყობინების შინაარსი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „თქვენი 2019 წლის 23 სექტემბრის №969820 პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ ვალდებული ხართ გააგრძელოთ სამხედრო სამსახური. თქვენს მიერ ქვედანაყოფის თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით წარმოშობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საფუძველს, ხოლო თვითნებურად მიტოვება ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით - სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს. ამასთან, თქვენ დათხოვნილი იქნებით სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.“ აღნიშნული შეტყობინების პირველ წინადადებაში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული ჭ.ზ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და აქ დათხოვნის საფუძველი საერთოდ არაა ნახსენები. იმავე შეტყობინების მეორე წინადადება კი, მიუთითებს მოსარჩელის შრომითი მოვალეობის შესრულების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო მესამე და მეოთხე წინადადებებში კი, ყურადღებაა გამახვილებული მისი პატაკის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის ღონისძიებების შესაძლო გამოყენების თაობაზე, რის შემდეგაც ბოლო წინადადებაში, მითითებულია კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მასში ჭ.ზ-ის მიერ სამსახურის განსაზღვრული ვადით თვითნებურად მიტოვებაცაა ნახსენები, ამიტომ ცალსახად არ შეიძლება გაგებულ იქნეს, მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ პატაკის დაწერა, რომ შეიძლება გამხდარიყო კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.

პალატის განმარტებით, სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც თავის მხრივ, წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აქტის მიღების და მომზადების პროცესში, იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნები და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - აქტი მოამზადოს ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით - ნიშნავს იმას, რომ აქტის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით ადმინისტრაციული წარმოების მასალები არის განმსაზღვრელი და მათი შესწავლა-შეფასება იძენს პრინციპულ მნიშვნელობას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთი მათგანი არ ქმნის სადავო აქტის გამოცემის საკმარის საფუძველს, რამდენადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება, თუ რამ განაპირობა ჭ.ზ-ის მიერ ხსენებული პატაკის დაწერა, არ გამოკვლეულა მოსარჩელესთან მიმართებით რეალური მდგომარეობა, ასევე არ შეფასებულა თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, რამდენად იყო სახეზე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევის ამსახველი გარემოებები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი მოქცეული უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში, მიღებული უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების დაცვით, კერძოდ, დასაქმებული ნათლად და გარკვევით უნდა იქნეს ინფორმირებული დამსაქმებლის მიერ მის მიმართ გამოცემული აქტის შედეგების და საფუძვლების შესახებ. ფაქტის დადასტურებას ენიჭება როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ფაქტის დაუმტკიცებლობის პირობებში არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ შეძლო ამ ფაქტის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სადავო აქტის კანონიერების დასაბუთებულობის კუთხით, თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რამაც შექმნა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელის მიმართ საკითხის ხელახლა განხილვის პირობებში, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ბრძანება უნდა პასუხობდეს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ჭ.ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 23 სექტემბრის პატაკები შვებულებაში გასვლასთან და სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით; ასევე, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსარკვევი და შესასწავლია ის სავარაუდო მიზეზები, რაც შესაძლებელია განაპირობებდეს მოსარჩელის მიმართ საგამონაკლისო მდგომარეობის შეფარდებას.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, 26-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი№2) მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე ჭ.ზ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშების თაობაზე სათანადო წარდგინება წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურების დაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რაზედაც 2019 წლის 25 ნოემბერს მოპასუხის მიმართვით ეცნობა, რომ ვერ შეძლებდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან 2019 წლის 2 ოქტომბრის №4694 ბრძანების თანახმად, იგი დათხოვნილია შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება პირს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. რამდენადაც სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე ჭ.ზ-ის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული შვებულების უფლებით სარგებლობის ვადის გასვლის მეორე დღესვე კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლება საჭიროებდა დამატებითი კვლევას და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა/დადგენას, მოსარჩელისათვის არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო სამხედრო სამსახურის დატოვების საფუძვლით, სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარიც ექვემდებარება საკითხის დამატებით შესწავლას, რაც წარმოშობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 25 ნოემბრის №MOD 7 19 01214357 მომართვის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. შესაბამისად, ჭ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილშიც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს. ამდენად, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ჭ.ზ-ის სარჩელი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 25 ნოემბრის №MOD 7 19 01214357 მომართვა, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში საქმის მასალების ყოველმხრივად და სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი ჭ.ზ-ესთან დაკავშირებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჭ.ზ-ის მიერ.

4.1. კასატორის - თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ჭ.ზ-ესთან გაფორმებული იყო 4-წლიანი კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც, მას 2023 წლის 1 აგვისტომდე უნდა ემსახურა. მოსარჩელემ №969820 პატაკით მიმართა ...ის (ასეული) უფროსის მოვალეობის შემსრულებელს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შესახებ. პატაკი, შემდგომი რეაგირებისთვის თავდაცვის ძალების სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში გადაიგზავნა. 2019 წლის 23 სექტემბერს ჭ.ზ-ესთან ჩატარდა გასაუბრება. გასაუბრების ფურცელში მითითებულ იქნა მისი სამხედრო სამსახურიდან (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) დათხოვნის შესახებ, რაზეც არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №MOD 7 19 00004694 ბრძანებით, ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალებიდან. მოსარჩელის 2023 წლის 23 სექტემბრის №969820 პატაკში მითითებული არ არის და არც რაიმე დოკუმენტია წარდგენილი, რაც შემდგომში საფუძვლად დაედებოდა მოსარჩელის დათხოვნას „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელის მიერ პატაკით გამოხატული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას არ წარუდგენია, რაიმე დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი სხვა საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნა.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 25.11.2019 წლის №MOD 7 19 01214357 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან, „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში შედის უწყების წარდგინება და წელთა ნამსახურობის ნუსხა, რომელთა გაცემა/დაანგარიშება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის ფუნქციაში შედის. „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე თავდაცვის ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დაითხოვეს, მას სწორად ეთქვა უარი გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ ნამსახურები წლების დაანგარიშებისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 25.11.2019 წლის №MOD 7 19 01214357 აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

4.2. კასატორი - ჭ.ზ-ე განმარტავს, რომ კონტრაქტი 02.10.2019 წელს შეწყდა, ხოლო ამ პერიოდამდე იგი იმყოფებოდა შვებულებაში (2019 წლის 24 სექტემბრიდან 2019 წლის 2 ოქტომბრამდე). მისი სამსახურიდან გათავისუფლება იმ დღეს მოხდა, როდესაც სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო. ამდენად, მას არ დაურღვევია სამსახურში გამოცხადების წესი და პირობა, რაზედაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არადამაჯერებლად შეაფასა ხსენებული გარემოება იმ ნაწილში, სადაც მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით მოკვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საყურადღებოა, რომ თავად მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ჭ.ზ-ე დროულად გამოცხადდა სამსახურში, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს არც ის გაუხდია სადავოდ, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურში გამოცხადების წესის და პირობის დარღვევას.

კასატორის განმარტებით, გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი, რაც მიჩნეულ იქნა კონტრაქტის პირობების დარღევად, თუმცა აღნიშნულს წინ არ უძღოდა მატერიალური ფორმის დარღვევა, შესაბამისად, არც დისციპლინური საქმის წარმოება. რაც შეეხება კაპიტან ვ-ის შეტყობინებას მასზე ხელის მოწერის ნამდვილობას უარყოფს მოსარჩელე, მაგრამ თუნდაც ავთენტურად იყოს იგი მიჩნეული, აღნიშნული დოკუმენტი 2 დღით ან მეტით გამოუცხადებლობისას დისციპლინური რეაგირების და კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ იუწყებოდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გაფრთხილების შეტყობინების მიხედვით, მხოლოდ გადაცდომა წარმოადგენდა კონტრაქტის პირობების დარღვევით გათავისუფლების საფუძველს. აღნიშნული მიუთითებს მხარეებს შორის შეთანხმების არსებობაზე, რომ თუკი დათხოვნის გადაწყვეტილების მიღებამდე ჭ.ზ-ე არ დაარღვევდა სამსახურში გამოცხადების პირობებს, არ ამოქმედდებოდა კონტრაქტის დარღვევით გათავისუფლების პუნქტი. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის დამატებითი მოკვლევის საჭიროებაზე მითითება, მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელი არგუმენტია. მოპასუხეს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, ან პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის პირობების დარღვევას. ერთადერთი რაზედაც მოპასუხე კონტრაქტის დარღვევის ფაქტზე მიუთითებს, ესაა თავად პატაკის დაწერის ფაქტი, რაზედაც სააპელაციომ სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ პატაკის დაწერის ფაქტი არ შეიძლება კონტრაქტის დარღვევად იქნას მიჩნეული და, რომ დარღვევა უნდა დასტურდებოდეს მატერიალური ფაქტით და არა უბრალოდ ფორმალურად.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ე.წ. გასაუბრების ოქმი შედგა ფორმალურად, ჭ.ზ-სათვის არავის აუხსნია, რომ აპირებდნენ კონტრაქტის პირობის დარღვევის საფუძვლით მის გათავისუფლებას და არ განუმარტავთ კონკრეტული შედეგები. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა 23/09/2019წ. მოსარჩელის მძიმე ოჯახური მდგომარეობის არსებობაზე, კერძოდ, დედის - გ.ზ-ის ავადმყოფობით გამოწვეულ ფაქტორზე, რაც წინ უძღოდა პატაკის დაწერას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა კონტრაქტის 9.1.6. პუნქტის ჩანაწერი კონტრაქტის მხარეთა შეთანხმებით შეწყვეტის თაობაზე. კაპიტან თ.ვ-ის შეტყობინებით ჭ.ზ-ესათვის ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ სამსახურის თვითნებურად მიტოვება გახდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევით დათხოვნის საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს არ შეიძლებოდა ჰქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ კონტრაქტის შეწყვეტა მოხდებოდა ბრალეულად, ანუ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად. თუკი, ჭ.ზ-ე 3/10/2019წ. არ გამოცხადდებოდა სამსახურში და ამავე დროს დასრულებული არ იქნებოდა ადმინისტრაციული წარმოება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მიჩნეულიყო, რომ დაირღვა კონტრაქტის პირობები. მართალია, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და კრიტიკული პოზიციაც გამოხატა მოპასუხე მხარის მიმართ, თუმცა სასამართლომ სარჩელი სრულად არ დააკმაყოფილა. მოპასუხის პოზიციები, გარდა ზეპირი სიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, არ დასტურდებოდა რეალური მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, რაც სასამართლოს აძლევდა სრულ უფლებამოსილებას არსებითად დაეკმაყოფილებინა სარჩელი და არ დაებრუნებინა საქმე ადმინისტრაციული ორგანოსთვის დამატებითი მოკვლევის მიზნით.

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზაკ-ის 95-99-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხემ არათუ სრულყოფილად, არამედ ყოველგვარი ადმინისტრაციული მოკვლევის გარეშე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელ პირობას წარმოადგენდა იმის დადგენა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის მიერ რომელიმე ვალდებულების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების დარღვევა. თავად მოპასუხის წარმომადგენელიც არ უთითებს რაიმე ფაქტობრივ დარღვევაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსათვის იმთავითვე ცხადი და განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ 2019 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებაში დაფიქსირებული საფუძვლები არ შეესაბამებოდა რეალობას.

დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომებზე გაჟღერებული პოზიცია, რომ ჭ.ზ-ის მიერ გათავისუფლების მოთხოვნით „მშრალი’’ შინაარსის პატაკის დაწერა უკვე წარმოადგენდა კონტრაქტის პირობების დარღვევას. უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მსგავსი შინაარსის ჩანაწერი არ არსებობს. თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, კონტრაქტორისათვის მსგავსი ხასიათის შეზღუდვა იქნებოდა აშკარად კაბალური და არაკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება. ხოლო, ზაკ-ის 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. ამდენად, მოპასუხის განმარტება, თითქოსდა ჭ.ზ-ეს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ეკრძალებოდა კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნის დაყენება, არ შეესაბამება კანონისმიერ განმარტებას და პირველ რიგში თავად საკონტრაქტო ხელშეკრულების პირობებს.

სააპელაციო სასამართლომ, იმსჯელა და სწორად განმარტა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტი აპრიორი არ გულისხმობს კონტრაქტის პირობების დარღვევით გათავისუფლებას, რისთვისაც საჭიროა დარღვევის ფაქტობრივი და არა ფორმალური საფუძველი, მაგრამ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილში, სადაც მიუთითებს დამატებითი მოკვლევის აუცილებლობაზე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია აპელანტის ახსნა-განმარტების იმ ნაწილს, სადაც იგი მიუთითებდა მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტის არსებობაზე. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აუცილებლად მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ჭ.ზ-ის მხრიდან 23.09.2019წ. გამოხატული ნება ნამდვილად აკმაყოფილებდა კონტრაქტის 9.1.6. პუნქტის მოთხოვნას.

გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად უდევს დასავლეთის სარდლის გენერალ გ.მ-ის 2019 წლის 26 სექტემბრის წერილი, რომელშიც მითითებულია კონტრაქტის პირობების დარღვევა, მაგრამ ამ წერილის ბოლოში ფრჩხილებში მითითებულია „(პირადი პატაკის თანახმად)’’. მოსარჩელე კი, 2019 წლის 23 სექტემბრის პატაკით ითხოვს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს კონტრაქტის პირობების დარღვევად. დარღვევა არის მატერიალური ხასიათის და ფორმალურად პატაკის დაწერა არ შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე დარღვევას. ბრძანების გამოცემამდე სარდლებს შორის მიმოწერით ისეა წარმოჩენილი, თითქოს თავად ჭ.ზ-ემ მოითხოვა კონტრაქტის პირობების დარღვევით გათავისუფლება, რაც შეუძლებელია ამგვარად ყოფილიყო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხე მხარეც არ მიუთითებდა რაიმე კონკრეტულ დარღვევაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებითი ადმინისტრაციული მოკვლევის აუცილებლობაზე არ შეესაბამება მართლმსაჯულების რაციონალურობის და სამართლიანობის პრინციპებს.

გასაუბრების ფურცლით დასტურდება, რომ მოსარჩელეს შეკითხვა დაუსვეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ არ გამოიკვლიეს მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა ან სხვა გარემოება, რომელიც მითითებულია 2019 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1.7. პუნქტში. საყურადღებოა ისიც, რომ გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად არ უდევს 2019 წლის 23 სექტემბრის გასაუბრების ფურცელი, არამედ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველია მხოლოდ დასავლეთის სარდლის გენერალი გ.მ-ის 26/09/2019წ. წერილი. ცხადია, რომ პატაკის დაწერა გამოწვეული იყო მოსარჩელის დედის ავადმყოფობით, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით. საქმის არსს არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ პატაკს არ დაურთო ეს ცნობა. ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს უნდა გამოეკვლია პატაკის დაწერის მიზეზი და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება. ოჯახური მდგომარეობის პატაკში მიუთითებლობის მიუხედავად, გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, რადგან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების პირობების დარღვევას.

საყურადღებოა, რომ მხარეთა შეთანხმებით დათხოვნაზე მითითებულია ასევე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ამდენად, მითითებული საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს შეთანხმებით დათხოვნასაც და დარღვევით დათხოვნასაც, ხოლო თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა არასწორად გამოიყენეს აღნიშნული ნორმა და ნაცვლად მხარეთა შეთანხმებისა, მოსარჩელის გათავისუფლების წარმოებას საფუძვლად დაუდეს კონტრაქტის პირობების დარღვევა, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო.

ჭ.ზ-ის მიმართ არანაირი დისციპლინური საქმე არ წარმოებულა, ხოლო მოპასუხე მხარის და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ განცხადების დაწერა წარმოადგენდა დარღვევას, არ შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს. სრულიად სამართლიანად და ლოგიკურად იზიარებს აპელანტის ამ პოზიციას სააპელაციო სასამართლოც. ამ კუთხით საყურადღებოა კაპიტანი თ.ვ-ის შეტყობინება, რომლითაც იგი ატყობინებს ჭ.ზ-ეს, რომ მისი პატაკის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. იქვე აფრთხილებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იგი ვალდებულია გააგრძელოს სამხედრო სამსახური, ხოლო სამხედრო ნაწილის თვითნებურად 2 დღე-ღამემდე დატოვების შემთხვევაში იგი მიეცემოდა დისციპლინურ პასუხისგებაში, 2 დღეზე მეტის შემთხვევაში დაეკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამასთან დარღვევების შემთხვევაში მისი დათხოვნა მოხდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით. ჭ.ზ-ეს არ მიუტოვებია სამხედრო ნაწილი, იგი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და შვებულების დასრულებისთანავე გაათავისუფლეს. ჭ.ზ-ის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება მიღებულია 02/10/2019წ. და მას სამსახურში გამოცხადების წესი არ დაურღვევია. აღნიშნული პრაქტიკულად სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რის გამოც, კიდევ უფრო გაურკვეველია სარჩელის ნაწილობრივ და არა სრულად დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. გასაჩივრებული ბრძანების აშკარა და უპირობო უკანონობიდან გამომდინარე, ასევე, უკანონო არის 2019 წლის 25 ნოემბრის მომართვა (წერილი) წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, რითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 2019 წლის 24 ოქტომბრის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჭ.ზ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჭ.ზ-ის საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭ.ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა) ჭ.ზ-ე 2007 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურედ ირიცხებოდა. იგი იყო დასავლეთ სარდლობის ...ის (ასეული) ..., უფროსი სერჟანტი. ჭ.ზ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2019 წლის 1 აგვისტოს გაფორმებულია №2038/19 კონტრაქტი, რომლითაც ჭ.ზ-ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, გაგრძელებული აქვს 2019 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 აგვისტომდე. აღნიშნული კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს ,,პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა) (ს.ფ. 17-22, 23-28, 29-34, 41, 42); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ის ...მა ჭ.ზ-ემ 2019 წლის 23 სექტემბერს პირადი პატაკით მიმართა ...ის (ასეულის) უფროსის მოვალეობის შემსრულებელს კაპიტან თ.ვ-ეს და მოითხოვა, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობა, რათა თავდაცვის ძალების რიგებიდან ყოფილიყო დათხოვნილი (ს.ფ. 82); გ) 2019 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა გასაუბრება ჭ.ზ-ესთან და შედგა გასაუბრების ფურცელი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასაუბრება ჩატარდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის თაობაზე. გასაუბრების ფურცელის თანახმად, ჭ.ზ-ეს რაიმე პრეტენზია არ აქვს (ს.ფ. 83-84); დ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის № MOD 7 19 00004694 ბრძანებით ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთ საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №MOD 3 18 0000965 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჭ.ზ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ.16); ე) ჭ.ზ-ემ, 2019 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურების დაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 25 ნოემბრის MOD 7 19 01214357 წერილით ჭ.ზ-ეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან 2019 წლის 2 ოქტომბრის №4694 ბრძანების თანახმად, იგი დათხოვნილია შეიარაღებული ძალების რიგებიდან საქართველოს კანონის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება პირს თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო (ს.ფ. 15).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო, საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები. საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500) საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის საფუძველი მის მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს შედგენილი პირადი პატაკი გახდა, სადაც იგი თავდაცვის ძალებიდან დათხოვნას მოითხოვდა. მასთან გასაუბრების შედეგად შედგენილ გასაუბრების ფურცელში მითითებულია, რომ გასაუბრება ჩატარდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძვლით მოსარჩელის დათხოვნის შესახებ. როგორც გასაუბრების ფურცელშია მითითებული, ზემოხსენებული საფუძვლით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის, საჭიროა შეფასდეს მოსარჩელის ნება სამხედრო რიგებიდან გათავისუფლების თაობაზე, კერძოდ, რა საფუძვლით, პირობებითა და მიზნიდან გამომდინარე სურდა თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა და დააფიქსირა თუ არა ეს ნება შესაბამისი ფორმით, ანუ რამდენად ამართლებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის ნების თავისუფლებას განეკუთვნება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა გამოხატული ნების შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების გათვალისწინებით, აუცილებელია, დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასოს გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა კი, ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს პირის ნების ფორმირება - შინაგანი სურვილი და მისი გარეგნული გამოხატულება თანხვედრაშია თუ არა, მისი მიზანი დანამდვილებით არის თუ არა შრომითი ურთიერთობიდან გასვლა, ადმინისტრაციის (დამსაქმებლის) უფლება - დააკმაყოფილოს პირის ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მართლზომიერად არის თუ არა გამოყენებული, რაც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან - გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე (ის. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება საქმეზე ბს-595(კ-23)).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-463-451(კ-13).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ, პირადი პატაკით, ნამდვილად გამოხატა თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შესახებ ნება და აღნიშნულთან დაკავშირებით, ზემდგომ ხელმძღვანელთან შუამდგომლობა მოითხოვა. ამის შემდგომ, პატაკის დაწერის დღესვე (2019 წლის 23 სექტემბერი) მან ხელი მოაწერა გასაუბრების ფურცელს, სადაც მითითებულია, რომ გასაუბრება მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ჩატარდა, „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად. ამასთანავე, მისთვის დასმულ შეკითხვებს, თუ რა პრეტენზიები/თხოვნები ჰქონდა მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ გაეცა პასუხი - „არანაირი“. სასამართლოს შეფასებით, გასაუბრების ფურცელში არსებული ჩანაწერი ინფორმირებულს ხდიდა მოსარჩელეს იმის შესახებ, რომ მისი თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა დაკავშირებული იქნებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევასთან. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის თავდაპირველ ეტაპზევე იყო ცნობილი სამხედრო რიგებიდან მისი დათხოვნის საფუძველი, რაზეც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ჭ.ზ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2019 წლის 1 აგვისტოს გაფორმებულ №2038/19 კონტრაქტის 9.1.7 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, კონტრაქტი შეიძლება შეწყდეს ,,პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპატიო მიზეზი, რაც გამონაკლისის სახით იძლევა პირადი განცხადებით კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველს, არის განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. ამასთან, საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. შესაბამისად, კონტრაქტის ზემოაღნიშნული ჩანაწერი, ცალსახად, მოსარჩელეს ხდიდა ვალდებულს, კონტრაქტის შეწყვეტისას წარედგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს გაამართლებდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ პირადი პატაკის დაწერის დროს არ ყოფილა გაცხადებული და წარდგენილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ,,მძიმე ოჯახური მდგომარეობა“. ასევე, მოსარჩელემ ვერც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას შეძლო უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მას 2019 წლის 23 სექტემბერს პირადი პატაკის დაწერის დროს ჰქონდა ,,მძიმე ოჯახური მდგომარეობა“, რაც საფუძვლად დაედებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ (პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა)) ქვეპუნქტით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი მძიმე ოჯახური მდგომარეობა იყო, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, დედის ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს (2019 წლის 5 ივლისს გაცემული ფორმა №100 და შპს ,,...ის’’ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 109, 110)), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის დედის ავადმყოფობის იმგვარი სიმძიმე, რაც რეალურად შეაფერხებდა ან შეუძლებელს გახდიდა მოსარჩელის მხრიდან კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, საყურადღებოა, რომ შპს ,,...ის’’ მიერ 2020 წლის 3 ივნისს გაცემული ცნობის შესაბამისად, გ.ზ-ე სტაციონალურ მკურნალობაზე იმყოფებოდა 2020 წლის 2 ივლისიდან 2020 წლის 4 ივლისამდე, ხოლო მოსარჩელემ პირადი პატაკით სამსახურიდან გათავისუფლება 2019 წლის 23 სექტემბერს მოითხოვა.

ამდენად, მოპასუხის მიერ, მოსარჩელის შვებულების უფლებით სარგებლობის ვადის გასვლის მეორე დღესვე, კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლება, დაკავშირებული იყო იმ მტკიცებულებების წარუდგენლობასთან, რაც „მძიმე ოჯახური მდგომარეობის“ საფუძვლით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას გაამართლებდა. მხარეთა შორის 2019 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული №2038/19 კონტრაქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს მართლზომიერად პირადი განცხადებით (პატაკით) ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას, თუკი არსებობს დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზები, როგორებიცაა: მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმისაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა. ამგვარი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში, პირადი განცხადებით (პატაკით) მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, ვერ იქნებოდა მართლზომიერი. რადგანაც მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა ისეთი მტკიცებულებები წარმოდგენილი, მათ შორის სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაც განცხადების (პატაკის) დაწერის მომენტში, „მძიმე ოჯახური მდგომარეობის“ არსებობას დაადასტურებდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სწორად იქნა ყველა ის გარემოება გამოკვლეული, რაც კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით მოსარჩელის თანამდებობიდან დათხოვნას ადასტურებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დაცული იყო ყველა ის წინაპირობა, რასაც მოსარჩელის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა საჭიროებდა.

რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, რომელიც სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარის ბათილობას შეეხება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა თავისთავადაა დაკავშირებული თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის № MOD 7 19 00004694 ბრძანების კანონიერებასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს, 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიმართ წარდგენილი განცხადების საპასუხოდ, რომლითაც, წელთა ნამსახურების დაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის წერილით ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. მოსარჩელე კი, შეიარაღებული ძალების რიგებიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძელზე იყო დათხოვნილი, რის გამოც, უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურეობის დაანგარიშებაზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - ჭ.ზ-ის მითითებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის №ბს-513(კ-20) განჩინებით და 2022 წლის 7 აპრილის №ბს-302(კ-21) განჩინებით მსგავს საკითხებზე დადგენილია პრაქტიკა. კასატორის მიერ მოხმობილი საქმეები შეიცავს განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, რელევანტური არ არის განსახილველ საქმესთან მიმართებით. კერძოდ, №ბს-513(კ-20) საქმეში სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე (სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი) და განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურეს აქვს უფლება პირადი სურვილით შეწყვიტოს სამხედრო სამსახური და დათხოვნილი იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თუ მას სამხედრო სამსახურში აქვს ნამსახურები არანაკლებ 10 წელი, როგორც ოფიცერს. რაც შეეხება №ბს-302(კ-21) საქმეს, აღნიშნულ დავაში სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან პატაკის დაწერისას არ ყოფილა გამოვლენილი მისი რეალური ნება - შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა და პატაკი დაწერილი იქნა მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის შედეგად.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას, შესაბამის საპატიო მიზეზთა დაუდასტურებლობის გამო კი, მართებულად იქნა სამხედრო რიგებიდან „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნილი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, კონტრაქტის დარღვევის, როგორც არამართლზომიერი ქმედების გამო, არ არსებობდა მასზე სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების გაცემის საფუძველი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ჭ.ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ჭ.ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე