საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-342(კ-24) 23 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინება
დავის საგანი - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ.დ-იმ 19.05.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სააგენტოს 02.05.2023წ. №1000878587 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მოპასუხისთვის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 02.05.2023წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები. მითითებული ნორმის თანახმად უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სადავო გადაწყვეტილება სააგენტომ მიიღო საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების გარეშე, დასაბუთებული არ არის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. მოსარჩელეს არასოდეს დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა. მას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან, სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან, ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან, ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). ამდენად, გამოირიცხება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესების დარღვევის შემთხვევები. მოსარჩელე არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, აქვს ბალაკავრის ხარისხი ...ში და მაგისტრის ხარისხი ...ში. მას სამუშაო გამოცდილება გააჩნია ისეთ კომპანიებში, როგორიცაა შპს „...“, შპს „ბ...“, შპს „ს...“, შპს „გ...“. მითითებულ კომპანიებს შეხება არ აქვთ მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროსთან ან/და უსაფრთხოების სამსახურებთან. მოსარჩელე მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, იგი 2022 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა საქართველოში და მისი ოჯახისთვის უსაფრთხო პირობებში ცხოვრებას მიანიჭა უპირატესობა. მან ქ. თბილისში შეიძინა ბინა, პროფესიონალურ საქმიანობას ეწევა ასევე ქ. თბილისში „...ის“ ...ის მიმართულებით. მოსარჩელე დარეგისტრირდა ინდმეწარმედ და აპირებს სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას. იგი არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძებნაში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დაინტერესებული პირისთვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკვლევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ბს-115(კ-22)). ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ 27.01.2023წ. საქმე №ბს-1249(კ-22)). მოცემულ შემთხვევაში შესწავლილი არ არის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა და არ არის დადგენილი მისი შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებთან, შესაბამისად სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოებები, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით (სუსგ 19.10.2021წ. საქმე №ბს-1113(კ-20)), შესაბამისად სადავო აქტით პირდაპირ და უშუალოდ, დაუსაბუთებლად იზღუდება მოსარჩელის უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2023წ. გადაწყვეტილებით მ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს. ბინადრობის ნებართვას გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეამოწმა პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული ნორმის თანახმად უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2023წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.დ-იმ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინებით მ.დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს მოკლევადიანი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ხოლო სადავო აქტის ფაქტობრივ საფუძველს შეადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 20.04.2023წ. წერილი მ.დ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საქართველოში კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს, შესაბამისად მისი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოსთვის. სასამართლოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით განსაზღვრული მიზნის შესაბამისად. კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.დ-იმ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არ დაუდგენია მ.დ-ის კავშირი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ შემთხვევასთან. სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ერთ დოკუმენტზე - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე დაყრდნობით, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია, შესაბამისად მოპასუხემ დაარღვია კანონით მისთვის დაკისრებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ვალდებულება. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სახეზეა მოსარჩელის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის შეზღუდვა, რომელიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. მოსარჩელეს ერთმევა შესაძლებლობა გამოვიდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის გარეშე, ხოლო საქართველოში ნატურალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ბინადრობის ნებართვის საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების შედეგად. მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად საკუთარ ბინაში, საქართველოში ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და აქვს შესაბამისი ლეგალური შემოსავალი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ 19.7 და 19.8 მუხლის თანახმად მხარეები ვალდებულებას იღებენ თავიანთ ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე აღძრულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ამავე ქარტიის 31-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს უფლება საცხოვრებელ ადგილზე, შესაბამისად სახეზეა მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლებათა დაცვასა და დახმარებაზე უარის თქმა.
კასატორმა მიუთითა, რომ სადავო აქტისა და გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოსარჩელეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია მხოლოდ ზოგად ინფორმაციასა და აბსტრაქტულ საფრთხეზე დაყრდნობით. სასამართლოს არ დაუდგენია საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი, ასევე არ დგინდება საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რაიმე საფრთხის არსებობა. კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლზე და აღნიშნა, რომ სახეზეა დისკრიმინაციის ნიშნები არაობიექტური შეფასების გამო. კასატორმა აგრეთვე მიუთითა საკასაციო სასამართლოს განჩინებებსა (საქმე №ბს-46(კ-23), №ბს-1415(კ-22), №ბს-946(კ-22)) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს („Benamar v. the Netherlands“, „Antwi and Others v. Norway“, „Rodrigues da Silva and Hoogkamer v. the Netherlands“) გადაწყვეტილებებზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №15 ზოგადი კომენტარის მე-6-მე-7 პუნქტებიდან გამომდინარე თუ პირს საქართველოში შემოსვლაზე უარი არ ეთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს პირი საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს 365 დღის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ.დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა (მე-5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მისი გაცემა ხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, უკეთუ იგი კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს აკმაყოფილებს (14.1 მუხ.). კანონის მე-15 მუხლი ადგენს ბინადრობის სახეებსა და კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალურ წინაპირობებს. აღნიშნული მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელის სახელზე საკუთების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე 116,5კვ.მ. ფართის მქონე №... ბინა, რომელიც მ.დ-იმ შეიძინა 27.03.2023წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შპს „ე...ის“ მიერ 03.04.2023წ. მომზადებული ანგარიშის მიხედვით მ.დ-ის საკუთრებაში რიცხული ბინა შეფასებულია 131 000 აშშ დოლარად (335 000 ლარად). 03.04.2023წ. მ.დ-იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით, თუმცა სააგენტოს 02.05.2023წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონს მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესების უზრუნველსაყოფად. სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 20.04.2023წ. დასკვნა, რომლის მიხედვით კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მ.დ-ის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
კასატორის ერთ-ერთ პრეტენზიას შეადგენს მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც კონვენციის მე-8 მუხლი და არც კონვენციის რომელიმე სხვა დებულება არ ახდენს გარკვეული ტიპის ბინადრობის უფლების გარანტირებას, თუმცა ხელისუფლების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს პირადი და/ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს („Aristimuño Mendizabal v. France“, 2006, §66; „B.A.C v. Greece“, 2016, §35). ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, ოჯახის ერთიანობა უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ერთ-ერთი პრინციპთაგანია („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვ.პ.), თუმცა განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელის მეუღლე და შვილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, ასევე არ დგინდება ამ პირების მიერ სააგენტოსთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართვის ფაქტი, შესაბამისად ბინადრობის ნებართვის გაუცემლობით მოსარჩელის ოჯახის ერთიანობის უფლების დარღვევა არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქმეში დაცულია აგრეთვე მოსარჩელის დედის სახელზე 23.03.2023წ. გაცემული საქართველოში ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის დედამ მიიღო თავისი მეუღლის - ს.კ-ის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის საფუძველზე. საიმიგრაციო საკითხების განხილვისას მიიჩნევა, რომ მშობლებსა და ზრდასრულ შვილებს შორის ოჯახური ცხოვრება არ არსებობს, უკეთუ პირი ვერ შეძლებს ურთიერთდამოკიდებულების დამატებითი ელემენტების დადასტურებას და არა მხოლოდ ჩვეულებრივ ემოციურ კავშირზე მითითებას („A.S. v. Switzerland“, 2015, §49). მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელის ურთიერთობა მშობელთან და მათი ურთიერთდამოკიდებულება არ დგინდება. გარდა ამისა, მართალია საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის დედის - ი.დ-ას გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით ი.დ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) 24.05.2024წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა სხვა პირების, მათ შორის მოსარჩელის თანასაკუთრებად (დღეის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ნივთი აღარ წარმოადგენს მოსარჩელის (თანა)საკუთრებას). მოქმედი კანონმდებლობით სამკვიდროს იღებს მემკვიდრე (სკ-ის 1421.1 მუხ.), სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად (სკ-ის 1319 მუხ.). ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მოკლებულია ამ მხრივ „ოჯახური ცხოვრების“ უფლების დარღვევის შეფასების შესაძლებლობას.
კასატორი აგრეთვე მიუთითებს იმაზე, რომ ის ცხოვრობს საქართველოში და საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „საცხოვრებელი“ არის დამოუკიდებელი ცნება, რომელიც დამოკიდებული არ არის შიდა კანონმდებლობით მის კლასიფიკაციაზე („Chiragov and Others v. Armenia“, 2015, [GC], §206), შესაბამისად ადგილის „საცხოვრებლად“ მიჩნევა, რომელიც ექცევა კონვენციის 8.1 მუხლის დაცვის ქვეშ, დამოკიდებულია ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ კონკრეტულ ადგილთან საკმარისი და ხანგრძლივი კავშირის არსებობაზე („Winterstein and Others v. France“, 2013, §141). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ქ. თბილისში მდებარე უძრავი ქონება შეიძინა 27.03.2023წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშვა 31.03.2023წ., ხოლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მ.დ-იმ მიმართა 03.04.2023წ., ამასთან თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო ამჟამად მის საკუთრებაში არსებულ ბინაში არ ცხოვრობს, ის ცხოვრობს სხვა მისამართზე 20.12.2022წ. დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელის მიერ საქართველოში უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების წინაპირობას არ წარმოადგენს ბინადრობის ნებართვის არსებობა, პირიქით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა ბინადრობის ნებართვის მიღების ერთ-ერთ საფუძვლად განიხილება (მე-15 მუხ. „კ“ ქვ.პ.), ხოლო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაკარგვა ბინადრობის ნებართვის მოქმედების შეწყვეტას იწვევს (16.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), შესაბამისად ბინადრობის ნებართვის მიუღებლობით მოსარჩელე არ კარგავს საკუთრებისა და მისგან გამომდინარე უფლებებს. მაგალითად საქმეზე „Slivenko v. Latvia“ (2003, [GC], §96) განმცხადებლებმა ლატვიაში მათი ყოფნის კანონიერებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების წარუმატებლად დასრულების შემდგომ ლატვია დატოვეს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც დაკარგეს ბინა, სადაც ცხოვრობდნენ (§32, §46), ევროპული სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნულმა გამოიწვია კონვენციის 8.1 მუხლით გათვალისწინებულ „საცხოვრებელში“ („home“) ჩარევა. მოცემულ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშეც მოსარჩელეს არ ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის ან განკარგვის შესაძლებლობა, ამასთან მ.დ-ი იმ ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნა (საქართველოს მთავრობის 05.06.2015წ. №255 დადგენილება). აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების შეძენის დროისთვის მოსარჩელე საქართველოში იმყოფებოდა არა ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, არამედ კანონით გათვალისწინებული იმ შეღავათის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს რიგი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლასა და გარკვეული პერიოდით დარჩენის შესაძლებლობას, შესაბამისად მოსარჩელისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ უძრავი ქონების შეძენა უპირობოდ, კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძველს არ წარმოშობდა. რაც შეეხება „პირადი ცხოვრების“ დაცულობას, „პირადი ცხოვრება“ ფართო ცნებაა, რომლის ამომწურავი განმარტება შეუძლებელია („Niemietz v. Germany“, 1992, §29; „Pretty v. the United Kingdom“, 2002, §61; „Peck v. the United Kingdom“, 2003, §57). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული პრაქტიკით გამოიყოფა „პირადი ცხოვრების“ კლასიფიკაციის სამი ფართო კატეგორია: 1. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური ხელშეუხებლობა, 2. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და 3. იდენტურობა. კასატორი არ მიუთითებს მისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარით პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის კონკრეტულ კონტექსტზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებდა ბინადრობის ნებართვის არარსებობის გამო საბანკო ანგარიშის გახსნისა და სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე. კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით „პირადი ცხოვრება“ მოიცავს აგრეთვე ინდივიდის უფლებას დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული ან საქმიანი ხასიათის ურთიერთობები (mutatis mutandis „Niemietz v. Germany“, 1992, §29). თავად კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ის მუშაობს საქართველოში და აქვს ლეგალური შემოსავალი, ამასთან მოსარჩელე შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება არ მოუთხოვია, ის ბინადრობის მინიჭებას უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის საფუძვლით მოითხოვს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ამ უფლების შეზღუდვა არ არის საკმარისად დასაბუთებული.
სამომავლოდ მოქალაქეობის მიღების სურვილი აგრეთვე არ ქმნის ბინადრობის ნებართვის მიღების საკმარის საფუძველს. ბინადრობის მისანიჭებლად პირი ნორმატიულად დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებს, ამასთან მართალია გარკვეული გარემოებების არსებობისას ევროპულმა სასამართლომ მოქალაქეობის უფლება მიიჩნია პირადი ცხოვრების ნაწილად („Genovese v. Malta“, 2011), თუმცა კონკრეტული მოქალაქეობის მიღება, როგორც ასეთი, კონვენციით არ არის გარანტირებული („S.-H. v. Poland“, 2021, §65). საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლებს განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონი, რომელიც ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად მხოლოდ საქართველოში უწყვეტად ცხოვრების საჭიროებას არ ადგენს (მე-12 მუხ.), ამასთან საქართველოში უწყვეტად ცხოვრების ვადა უნდა შეადგენდეს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის 10 წელს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მოკლევადიანი ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით, შესაბამისად კასატორის მითითება იმაზე, რომ ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარით ერთმევა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მიღების შესაძლებლობა, დაუსაბუთებელია, ამასთან ბინადრობის ნებართვის თუნდაც ერთხელ გაცემა არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე ყოველი მომდევნო განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი არ არის კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვის უფლების გარანტი, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების გამგებლობას განეკუთვნება („Kaftailova v. Latvia“ [GC], 2007, §51), ამასთან პირად ან ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევაზე დასაბუთებული პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კონვენციის მე-13 მუხლი, მე-8 მუხლთან ერთად, მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა დაინტერესებულ პირს მისცენ ბინადრობაზე უარის თქმის ბრძანების გასაჩივრების ეფექტური შესაძლებლობა, ამასთანავე შესაბამისი საკითხები განხილული უნდა იქნას საკმარისი პროცედურული გარანტიებით და დეტალურად ეროვნული სასამართლოს მიერ, რომელიც დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკმარის გარანტიებს უზრუნველყოფს („De Souza Ribeiro v. France“, [GC], 2012, §83). ქვეყანაში ბინადრობის უფლების შემზღუდავი ზომები გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იწვევდეს მე-8 მუხლის დარღვევას, თუ ისინი არაპროპორციულ გავლენას ახდენენ შესაბამისი პირების პირად ან ოჯახურ ცხოვრებაზე („Hoti v. Croatia“, 2018, §122). ორივე შემთხვევაში აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს სამართლიანი ბალანსი, რომელიც უნდა იყოს დაცული საერთო ინტერესებსა და ინდივიდის ინტერესებს შორის („Fernández Martínez v. Spain“, 2014 [GC], §114). განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ასეთი ბალანსი საჯარო და კერძო პირის ინტერესთა შორის არ დაუდგენია.
კასატორი აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიით გათვალისწინებულ შრომითი მიგრანტის უფლებებსა (19.7, 19.8 მუხ.) და უფლებაზე საცხოვრებელ ადგილზე (31-ე მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი იმიგრანტი არის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით („შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „თ“ ქვ.პ.). შრომითი იმიგრანტი ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (მე-3 მუხ. „ჟ“ ქვ.პ.). „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი აგრეთვე ითვალისწინებს შრომითი ბინადრობის ნებართვის სახეს, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე (მე-15 მუხ. „ა“ ქვ.პ.). საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება მოსარჩელის შრომით იმიგრანტად რეგისტრაციის ფაქტი, ამასთან მოსარჩელეს შრომითი ბინადრობის ნებართვა არ მოუთხოვია. მიუხედავად ამისა, ევროპის სოციალური ქარტიის მე-19 მუხლით (რატიფიცირებულია საქართველოს პარტლამენტის 01.07.2005წ. დადგენილებით) გათვალისწინებული უფლებების დაცვა არ გამოირიცხება. ქარტიის 19.7 მუხლით გარანტირებულია ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი შრომითი მიგრანტების სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. ქარტიის 19.8 მუხლი ადგენს კანონიერ მცხოვრები მიგრანტების გაძევების დაუშვებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან არღვევენ საზოგადოებრივ ინტერესებსა და მორალს. მართალია, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს კანონიერად მცხოვრები პირის საქართველოდან გაძევება, მაგრამ მოსარჩელის ინტერესს შეადგენს ბინადრობის ნებართვის მიღება და ამით საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლების მოპოვება, რაც მისი საქართველოდან გაძევების ერთგვარ პრევენციას წარმოადგენს. ქარტიის 19.8 მუხლი პირის გაძევებას ითვალისწინებს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ინდივიდის ქცევის ყველა ასპექტის, ასევე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის გარემოებებისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ამასთანავე გაძევება უნდა დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს (სოციალური უფლებათა ევროპული კომიტეტის 04.12.2015წ. დასკვნა). უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მიეცა სასამართლოსათვის მიმართვის და თავისი უფლებების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობა, ბინადრობის ნებართვაზე უარი დაექვემდებარა სასამართლოს კონტროლს, აგრეთვე სადავო აქტის კანონიერებაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ - სასამართლომ სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე მოახდინა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა და გაცნობა. რაც შეეხება ქარტიის 31-ე მუხლს (უფლება საცხოვრებელ ადგილზე), საქართველოს პარლამენტის 01.07.2005წ. დადგენილებით საქართველოს აღნიშნული მუხლის რატიფიცირება არ მოუხდენია. გარდა ამისა, ქარტიით დაცული უფლებების უზრუნველსაყოფად მისაღები ზომების განსაზღვრისას სახელმწიფოები შეფასების თავისუფალი ზღვარით სარგებლობენ, კერძოდ სახელმწიფოებს შეფასების ფართო ზღვარი გააჩნიათ ზოგადი ინტერესებისა და კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს შორის ბალანსის განსაზღვრისას, ასევე იმ არჩევანის განსაზღვრისას, რომელიც აუცილებელია პრიორიტეტებისა და რესურსების გათვალისწინებით (სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის 24.01.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ERTF v. France“, §95).
კასატორმა მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების („Benamar v. the Netherlands“, „Antwi and Others v. Norway“, „Rodrigues da Silva and Hoogkamer v. the Netherlands“) შესაბამისად ბინადრობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლა და ყოფნა, შესაბამისი ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის წარდგენა და საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების არარსებობა იმთავითვე არ ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, ბინადრობის ნებართვის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიულად დადგენილ მოთხოვნებს. ის გარემოება, რომ პირი კანონიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და უფლებამოსილი ორგანოსთვის ბინადრობის ნებართვის მისაღებად ცრუ ინფორმაცია არ წარუდგენია, არ არის საკმარისი საფუძველი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არის შესაძლებელი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.
კასატორმა აგრეთვე კონვენციის მე-14 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სახეზეა დისკრიმინაციის ნიშნები არაობიექტური შეფასების გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციას არ წარმოადგენს ყველა განსხვავებული მოპყრობა - ან შედარებით განსხვავებულ სიტუაციებში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის არარსებობა, დისკრიმინაციას წარმოადგენს მხოლოდ ის, რაც მოკლებულია „ობიექტურ და გონივრულ გამართლებას“ („Molla Sali v. Greece“ [GC], 2018, §135; „Fabris v. France“ [GC], 2013, §56). კონვენციის მე-14 მუხლი არ კრძალავს მოპყრობის ისეთ განსხვავებებს, რომლებიც დაფუძნებულია არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებაზე და რომლებიც სამართლიან ბალანსს ამყარებს საზოგადოების ინტერესების დაცვასა და კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას შორის („Zarb Adami v. Malta“, 2006, §73). ამრიგად, დისკრიმინაციის ნიშნების არსებობა საჭიროებს პროპორციულობის გონივრული კავშირის არსებობის დადგენას გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის („Molla Sali v. Greece“, [GC], 2018, §135). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ დისკრიმინაციის კონკრეტულ ნიშნებზე, შესაბამისად საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ნაწილში იქონიოს მსჯელობა დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის არსებობაზე და ამ ნიშნით მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მართებულებაზე.
კასატორი მიუთითებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ლეგალურად და მას შემოსვლაზე უარი არ ეთქვა სახელმწიფო უსაფრთხოებასა ან/და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის შექმნის მიზეზებით, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის №15 ზოგადი კომენტარიდან გამომდინარე გამორიცხავს საქართველოში ტერიტორიაზე ყოფნის დროს მის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომიტეტის №15 ზოგადი კომენტარი შეეხება უცხოელთა მდგომარეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან შესაბამისობას. აღნიშნული პაქტი არ ადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის უფლებას (კომენტარის მე-5 პ.). ამდენად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის №15 ზოგადი კომენტარით არ არის გარანტირებული ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის შემდგომ პირის გარკვეული პერიოდით ყოფნა, ამასთან გამორიცხული არ არის სახელმწიფო უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის პირის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის შემდგომ მოკვლევა ან გამოვლენა. ასეთის საფრთხის არარსებობას აგრეთვე იმთავითვე არ ადასტურებს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კანონით მინიჭებული შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, საქართველოში მდებარე უძრავ ქონებაზე უცხოელის საკუთრების უფლების არსებობის შემთხვევაშიც, არ არის აბსოლუტური უფლება. სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკითხი უკავშირდება სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სახელმწიფოს მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება. კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას („Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom“, 1985, §67; „Boujlifa v. France“, 1997, §42; „De Souza Ribeiro v. France“ [GC], 2012, §77; „Mohammadi v. Austria“, 2014, § 58; „Ilias and Ahmed v. Hungary“ [GC], 2019, §125; „Muhammad and Muhammad v. Romania“ [GC], 2020, §114), შესაბამისად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის უპირობო საფუძველს. სათანადო ნორმატიული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას უძრავი ქონების მესაკუთრე უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მ.დ-ი აკმაყოფილებდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს. კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილება იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, თუმცა სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბინადრობის გაცემაზე უარი მომეტებულ დასაბუთებას საჭიროებს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, კერძოდ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ ნორმაზე მითითებით, რომელიც ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას ითვალისწინებს იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფოს ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად უცხოელის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ (18.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.) და უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს (18.1 მუხ. „გ“ ქვ.პ.). მართალია, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დასაშვებია ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა, თუმცა ამ საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა შეფასდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ბინადრობის ნებისმიერი შეზღუდვა, მათ შორის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვები არსებული საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, შესაბამისად შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი საშუალება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი სახელმწიფო ინტერესსა და ინდივიდის ინტერესს შორის. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით უარი უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საფრთხეს. თითოეული შემთხვევა უნდა შეფადეს ინდივიდუალურად, გასათვალისწინებელია აგრეთვე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პირის ქცევა, ბინადრობის ხანგრძლივობა, სავარაუდო საფრთხის ბუნება და სიმძიმე.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (წესის 13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, რომლებიც ითვალისწინებენ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას უცხოელის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელებისას. საკასაციო სასამართლოს მიერ 24.02.2025წ. №ბს-342(კ-24) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. საკასაციო პალატა გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი სათანადოდ არ არის დასაბუთებული. კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ისეთი შემთხვევების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესების შემცველია, კერძოდ პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას („ა“ ქვ.პ.), არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე („ბ“ ქვ.პ.): საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან („ბ.ა“ ქვ.პ.), სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან („ბ.ბ“ ქვ.პ.), ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან („ბ.გ“ ქვ.პ.), ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან („ბ.დ“ ქვ.პ.). ამდენად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლით („ა“, „გ“ ქვ.პ.) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად - ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა დადასტურდეს ნორმითვე გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საქართველოში ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა საკმარისად არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის მიღებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის და საქმეში დაცული დოკუმენტების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. საქმის მასალებში დაცული საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 18.05.2023წ. ცნობის მიხედვით მ.დ-ი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება, ამავე სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 04.04.2023წ. ცნობის თანახმად მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. მოსარჩელე აგრეთვე არ არის ნასამართლევი და სისხლის სამართლის დევნის ან დევნის შეწყვეტის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქესაც თავად წარმოადგენს (ს.ფ. 57-59). მართალია, საქართველოში უცხოელის დაშვების დამაბრკოლებელი გარემოებების დამდგენი მონაცემები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსატანი განაჩენის „გონივრულ ეჭვს მიღმა“ ან პირისთვის ბრალდების წარსადგენად „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტს, თუმცა საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა უნდა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს და გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ (სუსგ 05.10.2023წ. საქმე №ბს-67(კ-22)). მოსარჩელისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წარუდგენლობა ან ნასამართლობის არქონა აგრეთვე არ გამორიცხავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას, შესაბამისად კასატორის მითითება იმაზე, რომ არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება, რის გამოც არ დასტურდება მისი საქართველოში ყოფნით სახელმწიფო უსაფრთხოების თუ საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა, სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს არ ქმნის. ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის ნასამართლობის არქონა იმთავითვე არ ადასტურებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის უსწორობას. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული დავის განხილვისას სასამართლომ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული საქმის თავისებურებების მხედველობაში მიღებით უნდა იმსჯელოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბთებულობის, მისი გაზიარების შესაძლებლობის საკითხზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნები იმთავითვე გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობის, აღწერილი საფრთხის რეალიზების საკმარისი ალბათობის, განვითარებული მსჯელობის გონივრულობისა და სარწმუნოობის გამო. კონტდაზვერვის დეპარტამენტის მიერ პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის შემთხვევაშიც არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, საჯარო ინტერესისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა (სუსგ 06.04.2023წ. საქმე №ბს-631(კ-21)). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია იმთავითვე არ ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც - საქართველოს მოქალაქეს (25.1 მუხ.), საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს (25.3 მუხ.). ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფოსა და უცხოელს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობის შედეგად, სახელმწიფო უცხოელის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალ პირზე, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებებით გადატვირთვა, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით არ იქნება საჯარო ინტერესის შესაბამისი (სუსგ 26.04.2023წ. საქმე №ბს-907 (კ-20)). ზემოაღნიშნულის გარდა მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სხვა არაერთი ინტერესი, რომლის დაცვასაც სახელმწიფოში უცხოელის ყოფნის რეგულირება ემსახურება. ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის რეგულირება ხორციელდება არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დანაშაულთან ბრძოლის მიზნით („Popov v. France“, 2012, §137). საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25.4 მუხ.), შესაბამისად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის არსებობს საჯარო ინტერესი, რომლის დაცვის საჭიროებაზე მითითებაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუმცა რომელიმე საჯარო ინტერესზე აბსტრაქტული მითითება როგორც წესი არ ქმნის უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო დასაბუთებას. მართალია, სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული („Berrehab v. The Netherlands“, 1988, §28), ამასთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა („Leander v. Sweden“, 1987), სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია იმის დასადგენად თუ რა წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის („Liu v. Russia“, 2007, §57), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხებზე მსჯელობის, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას. ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება („Al-Nashif v. Bulgaria“, 2002, §123, 124; „Chahal v. The United Kingdom“, 1996, §127, 145). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოითხოვეს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაცია, თუმცა სასამართლოს მიერ განხორციელებულ კონტროლს ჰქონდა მხოლოდ ფორმალური და არა რეალური, ქმედითი ხასიათი. ის, რომ სადავო აქტი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფით მოსაზრებას ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ საიდუმლო ინფორმაციის დამუშავების შედეგად არის ჩამოყალიბებული, არ გამორიცხავს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის შესახებ მსჯელობის გარკვეული მოცულობის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახვის საჭიროებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა ისეთ საჯარო ინტერესზე, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, თუმცა სათანადოდ დასაბუთებული არ არის მოსარჩელის საქართველოში მოკლე ვადით ყოფნით აღნიშნული საჯარო ინტერესის რეალიზებისთვის საფრთხის შექმნა.
საქმის მასალებში დაცული შპს „ა...ის“ დირექტორის ი.გ-ის და შპს „ტ...ის“ დირექტორის ლ.ს-ის სარეკომენდაციო წერილების თანახმად აღნიშნული კომპანიები მოსარჩელესთან თანამშრომლობს „...ის“ ...ის მიმართულებით და მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის ნებართვის მინიჭების შემთხვევაში მათი საერთო პროექტების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა ექნებათ, მ.დ-ი ხასიათდება დადებითად, ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას, გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სამაგალითო დისციპლინით. მ.დ-ი 2023 წლის 15 მაისიდან რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, ასევე არის შპს „ჰ...ის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოებები საერთოდ არ შეუფასებია და არ მოუხდენია მათი შეპირისპირება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებთან. მართალია, სარეკომენდაციო წერილების წარდგენა არ წარმოადგენს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობას, თუმცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების არსებობის ფაქტის შესაფასებლად შესაძლოა გარკვეული ინფორმაციის მატარებელი იყოს.
სახელმწიფო უშიშროების საფრთხე ფარდობითი კატეგორიის ცნებაა, მას არ ახასიათებს აბსოლუტური განსაზღვრულობა, თუმცა იმისთვის, რომ მასზე მითითებით უცხოელს საქართველოში ყოფნაზე ეთქვას უარი, აუცილებელია მოსალოდნელობის გარკვეული ვარაუდი შეიქმნას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასამართლოს სათანადო კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებისას მან ტერმინი „სახელმწიფო უსაფრთხოება“ მოიშველია ან თავის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მიუთითა. თავის მხრივ, სასამართლოს სათანადო კონტროლი არა მხოლოდ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცნობას, არამედ მის შეფასებას, იდენტიფიცირებადი კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებას და დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გაზიარებაზე უარსაც მოიაზრებს (სუსგ 26.04.2023წ. საქმე №ბს-907(კ-20)). ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით ბინადრობის უფლების უარყოფა დასაშვებია კონკრეტულ პირობებში, მაგრამ ეს მოითხოვს რეალურ, არსებულ და საკმარისად სერიოზულ საფრთხეს, რაც უნდა შეფასდეს პროპორციულობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით. ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებს შეუძლიათ გადაწონონ ბინადრობის უფლება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრთხე რეალური და არსებითია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია საჯარო და კერძო ინტერსების ურთიერთშეპირისპირება, არ შეუფასებია საქმეში დაცული მტკიცებულებები, არ გამოუკვლევია შესაბამისი გარემოებები პროპორციულობის პრინციპის დაცულობის შესაფასებლად. გასაჩივრებული განჩინება ძირითად ეფუძნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. მართალია, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციათა რიგს მიეკუთვნება და მისი შინაარსის ასახვა გადაწყვეტილებაში არ ხდება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს გადაწყვეტილების დასაბუთებისა და სააპელაციო საჩივარში ასახული პრეტენზიების შეფასების საჭიროების არარსებობას, მათი შეფასების სრულ უგულებელყოფას. სააპელაციო პალატა პროპორციულობის საკითხის უგულებელყოფით სადავო აქტის კანონიერებაზე მსჯელობისას შემოიფარგლა მხოლოდ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ფორმალურ-ნორმატიულ საფუძველსა და საჯარო ინტერესზე ზოგადი მითითებით. როდესაც სასამართლო კონტროლი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ფაქტობრივად უცხოელის უფლება სათანადო დაცვის გარეშე რჩება, შესაბამისად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბინადრობის საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მხრიდან რეალური, ქმედითი კონტროლის განხორციელებას (სუსგ 06.04.2023წ. საქმე №ბს-631(კ-21)). სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღება, არ პასუხობს გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტს, გასაჩივრებული განჩინება ასევე არ შეიცავს აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების უარყოფის დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. სააპელაციო სასამართლომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა გამოარკვიოს და დაასაბუთოს მოსარჩელის საქართველოში მოკლე ვადით ყოფნით საჯარო ინტერესის რეალიზებისთვის საფრთხის შექმნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისთვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი