საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-947(კ-23) 30 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 17 თებერვლის №10/1179 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ლ. ა-ეის, ნ. ხ-ისა და გ. თ-ას ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 19 მაისის №10/4763 გადაწყვეტილება სს „ე...ს“ ი...ს 2021 წლის 16 მარტის ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ლ. ა-ეის, ნ. ხ-ისა და გ. თ-ას ნაწილში; გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სს „ე...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ლ. ა-ეისათვის, გ. თ-ასა და ნ. ხ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე, დაკმაყოფილდა. განუხილველად დარჩა სს „ე...ს“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, იმ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №10/1179 გადაწყვეტილებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მაისის №10/4763 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას პაციენტ ლ. ა-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის პაციენტ ლ. ა-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დავალების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 17 თებერვლის №10/1179 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნ. ხ-ისა და გ. თ-ას ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნ. ხ-ის და გ. თ-ას სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 19 მაისის №10/4763 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ნ. ხ-ისა და გ. თ-ას ნაწილში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. სამედიცინო დაწესებულებებმა კი, არ უნდა იმოქმედონ არაკეთილსინდისიერად სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდის გზით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პაციენტები - გ. თ-ა და ნ. ხ-ი 2020 წლის ოქტომბერში მკურნალობდნენ ც... კლინიკაში. მიმწოდებლის მიერ შემთხვევები პროგრამის ფარგლებში გადმოცემულია ... დაავადებების მართვის კომპონენტით, ... (...) და ... (...) დიაგნოზებით. ინსპექტირების შედეგად კი, მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულ შემთხვევებში არსებული ხანგრძლივობით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება. ამასთან, არსებობს შესაბამისი თერაპიული კოდები, ხოლო ზემოდასახელებული დადგენილების დანართი 1-ის მე-11 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე სადაო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების 15.2 „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2020 წლის 2 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №19353 ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი - ნ. ხ-ი (დაბ. ...წ.) 2020 წლის 30 სექტემბერის 13:32 საათიდან 2 ოქტომბრის 16:00 საათამდე მკურნალობდა სს „ე...ს“ ი...ში, დიაგნოზით - .... ...; .... ..., დაუზუსტებელი; ... ავადმყოფთან კონტაქტი და სხვა დაუზუსტებელი ...ით შესაძლო ინფიცირება. ჯანმრთელობის შესახებ №19353 ცნობის მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ მშობლის გადმოცემით პაციენტს 8 დღეა აღენიშნება ..., ..., ..., დინამიკაში გამოიხატა ..., ..., ..., ვერ მიიღო საკვები, რის გამოც მიმართა კლინიკას. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსდა ...ის განყოფილებაში. პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ..., ...ში, .... ..., ..., ..., ..., ..., .... ჩატარებული მკურნალობა: ..., ..., ...ა, ..., ..., ..., .... ...; სტაციონარში შესვლისას პაციენტს გამოხატული ჰქონდა ..., ..., ..., ...ზე, ..., ..., ..., .... ..., ..., ..., ...ით, ხოლო მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას იყო დამაკმაყოფილებელი. მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია, დანიშნულება და გაეწერა კლინიკიდან სტაბილური მდგომარეობით (ტ.1, ს.ფ. 28-29); ბ) 2020 წლის 18 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი - გ. თ-ა (დაბ. ...წ.) 2020 წლის 15 ოქტომბრის 19:09 საათიდან 18 ოქტომბრის 12:50 საათამდე მკურნალობდა სს „ე...ს“ ი...ში, დიაგნოზით - .... ...; ..., დაუზუსტებელი; ... (თანმხლები); ... ავადმყოფთან კონტაქტი და სხვა დაუზუსტებელი ...ით შესაძლო ... (თანმხლები). ჯანმრთელობის შესახებ ცნობის მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ მშობლის გადმოცემით პაციენტი ავადაა 2 დღეა, დაავადება დაეწყო ...ით, ...ით, ...ით, ვერ იღებდა სითხეს და საკვებს, გამოიხატა .... აღნიშნულის გამო გამოძახებულ იქნა სსდ „პ...ის“ ბრიგადა და მიყვანილ იქნა კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსდა ...ის განყოფილებაში. პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ..., ... ...ში (7-ჯერ); ...-დიაგნოსტიკა (...ზე გამოკვლევა); ... გამოკვლევები; ... ...; ...; ჩაუტარდა მკურნალობა: ...; ..., ...ა, ..., ... მონიტორინგი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - გამოჯანმრთელებული. მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია, დანიშნულება და გაეწერა კლინიკიდან სტაბილური მდგომარეობით (ტ.1, ს.ფ. 152-153); გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 2021 წლის 17 თებერვლის №10/1179 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტები - გ. თ-ა და ნ. ხ-ი არიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, 2020 წლის ოქტომბრის თვეში მკურნალობდნენ სს „ე...ს“ ი...ში. მიმწოდებლის მიერ შემთხვევები, პროგრამის ფარგლებში, გადაცემულია ... დაავადებების მართვის კომპონენტით, ... (...) დიაგნოზით. ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულ შემთხვევებში, არსებული ხანგრძლივობით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება, ამასთანავე არსებობს შესაბამისი თერაპიული კოდები და შესაბამისად, შემთხვევებს №... და №... განესაზღვრათ სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) (ტ.1, ს.ფ. 14-15); დ) სს „ე...ს“ ი...ს წარმომადგენელმა 2021 წლის 16 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 2021 წლის 17 თებერვლის №10/1179 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მაისის №10/4763 გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ ი...ს 2021 წლის 16 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 17-20, 21-23); ე) სს „ე...ს“ ი...ს 2020 წლის 30 სექტემბერს გაცემული კალკულაციით დგინდება, რომ ნ. ხ-ისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას წარმოადგენს - 1 042,64 ლარი. სს „ე...ს“ ი...ს 2020 წლის 15 ოქტომბერს გაცემული კალკულაციით დგინდება, რომ გ. თ-ასათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას წარმოადგენს - 650 ლარი (ტ.1, ს.ფ. 27, 150-151).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
დასახელებული პროგრამის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ.ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტები - ნ. ხ-ი და გ. თ-ა არიან დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, თუმცა კლინიკას გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ არსებული ხანგრძლივობით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი თერაპიული კოდები. გასაჩივრებული აქტების სამართლებრივ საფუძვლად კი, მითითებულია პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საყურადღებოა, რომ ... კოდი შედის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ით (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობების ჩამონათვალში, კერძოდ, დასახელებული დანართის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაწერილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებების ჩამონათვალი, მათ შორის, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტების ჩამონათვალის მე-16 ქვეპუნქტში მითითებულია ..., რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევებში. ამასთან, პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, პაციენტები - ნ. ხ-ი და გ. თ-ა საჭიროებდნენ პირველი დონის ინტენსიურ მოვლას და შესაბამისად, მოთავსებული იყვნენ ...ის დეპარტამენტში, ვინაიდან პაციენტებს აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც სიცოცხლისთვის წარმოადგენდა საფრთხეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ კლინიკის მიერ სწორად იქნა დასმული დიაგნოზი, ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რაც საჭირო იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 23.10.2023წ. №29624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.10.2023წ. №29624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია