საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-661(3კ-24) 25 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ნ-ე, მესამე პირები - ნ. ნ-ე, ნ. მ-ი, გა. ნ-ე, ხ. ნ-ე, გი. ნ-ე, გიო. ნ-ე, ა. კ-ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ნ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებასთან მიმართებით მიღებული რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 27 ნოემბრის №... (მესაკუთრე ნ. ნ-ე), 2018 წლის 22 მაისის №... (მესაკუთრე ნ. მ-ი), 2018 წლის 29 ივნისის №... (მესაკუთრე ნ. ნ-ე) და 2019 წლის 24 სექტემბრის №... (მესაკუთრე ნ. მ-ი) გადაწყვეტილებები, აგრეთვე, №... საკადასტრო კოდზე მიღებული რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 4 სექტემბრის №... (მესაკუთრე ნ. ნ-ე) და 2019 წლის 25 სექტემბრის №... (მესაკუთრე ნ. მ-ი) გადაწყვეტილებები; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნ. ნ-ეის №... სარეგისტრაციო განაცხადზე 2007 წლის 6 სექტემბრის №... რეგისტრაციის, 2020 წლის 30 სექტემბრის №..., 2020 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები; გ) ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1511 განკარგულება და 2019 წლის 26 აგვისტოს №550 საკუთრების უფლების მოწმობა; დ) ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის (...ის საკრებულო) მიერ 2007 წლის 5 სექტემბერს გაცემული №..., ..., ... ცნობები.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნენ ნ. ნ-ე და ნ. მ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნენ გა. ნ-ე, ხ. ნ-ე, გი. ნ-ე, გიო. ნ-ე და ა. კ-ი.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ნ-ეის, გა. ნ-ეის, ხ. ნ-ეის, გი. ნ-ეის, გიო. ნ-ეისა და ა. კ-ის მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით გა. ნ-ეის, ხ. ნ-ეის, გი. ნ-ეის, გიო. ნ-ეისა და ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ...ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 05.09.2007წ. №..., ..., ... ცნობები. ბათილად იქნა ცნობილი ნ. ნ-ეის №...-2007 სარეგისტრაციო განაცხადზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2007 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაცია მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №.... ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის - 27.11.2015წ. №... გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1511 განკარგულება და 2019 წლის 26 აგვისტოს №550 საკუთრების უფლების მოწმობა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილება. გ. ნ-ეის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 მაისის №..., 2018 წლის 29 ივნისის №... და 2019 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გ. ნ-ეის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
5.1 კასატორის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ 2007 წელს ...ის თემის საკრებულო სადავო ცნობების გაცემისას გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ რწმუნებული უფლებამოსილი იყო გაეცა ცნობები საკომლო წიგნებში უძრავი ქონების შესახებ ამსახველი შინაარსით, ვინაიდან სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იყო ცნობილი მათ მიერ ჩატარებული მიწის განაწილების პროცესში ვის და სად გადაეცა მიწის ნაკვეთები და რა შესაძლო უზუსტობა იყო მონაცემებში. სადავო ცნობები გაცემულია კომლის წიგნის ჩანაწერებზე დაყრდნობით და მოიცავს კომლის ქონებრივი და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე გამყარებული იქნა მოწმეთა ჩვენებებით.
5.2 კასატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №... წერილით განსახილველად გადაეგზავნა ნ. ნ-ეის დოკუმენტაცია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავის კატეგორიის 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების თაობაზე. ნ. ნ-ეის მიერ წარდგენილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების თაობაზე. მოწმეები ადასტურებდნენ, რომ ნ. ნ-ეს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ნაკვეთი 1992 წლიდან. ამასთან, მომიჯნავე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული ჰქონდა უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება აღიარების კომისიის კომპეტენციას არ განეკუთვნება. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარებას ახორციელებს იმ შემთხვევაშიც, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
5.3 კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების თანახმად შედგენილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში დაუზუსტებელი ფართობის მქონე 4273 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრედ მითითებულია ნ-ე გიო. გა.-ს ძე (თან ერთვის საკადასტრო რუკა, მიწის ნაკვეთი ...); ბ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №2020004724-03 საარქივო ცნობის თანახმად (თარიღი 20.05.2020), ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნში კომლის უფროსად ირიცხება გიო. გა.-ს ძე ნ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. კ. ა. ი.-ს ასული - მეუღლე, ოჯახის უფროსი; 2. ნ-ე გა. გიო.-ს ძე - შვილი; 3. ნ-ე გუ. გიო.-ს ძე - შვილი; 4. ნ-ე ხ. გიო.-ს ასული - შვილი; 5. ნ-ე გი. გიო.-ს ძე -შვილი. სოფელ ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნები გორის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ვერ ადასტურებენ ფაქტს, გიო.-გო. გა.-ს ძე ნ-ეის კომლის შესახებ. გ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №27/22106 საარქივო ცნობის თანახმად (თარიღი 09.03.2021), ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ნ. მ.-ს ასული ნ-ე. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 0,42 ჰა (ასე იკითხება) მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლის ფართობი არ ფიქსირდება; დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, №... საკადასტრო კოდით, გორის რაიონის სოფელ ...ში 4273 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ამონაწერში შენიშვნის სახით დაფიქსირებულია - 4273 კვ.მ მიწის ფართიდან 1748 კვ.მ უნებართვო მფლობელობაშია), დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება (განცხადების ნომერი ..., თარიღი 06/09/2007, საფუძველი - მიწის საგადასახადო სია ..., ცნობები საკრებულოდან: №..., №..., №..., თარიღი - 05/09/2007, ...ის თემის რწმუნებული). გადახაზულია - გიო. გა.-ს ძე, ...ი. ე) 2015 წლის 27 ნოემბერს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაზუსტდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები (ფართობი 2525 კვ.მ, მესაკუთრე ნ. ნ-ე) და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... ასევე, მომზადდა შესაბამისი ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. ვ) 2018 წლის 22 მაისს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ნ. ნ-ესა და ნ. მ-ის შორის 2018 წლის 18 მაისს. ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ №... (29.06.2018წ.) გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ დარეგისტრირდა თავდაპირველი მესაკუთრე ნ. ნ-ე (საფუძველი - შეთანხმება ხელშეკრულების გაბათილების შესახებ, დამოწმების თარიღი 26/06/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). თ) რეგისტრაციის შესახებ №... (24.09.2019) გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმების თარიღი 19/09/2019წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ნ. ნ-ესა და ნ. მ-ის შორის 2019 წლის 19 სექტემბერს. ი) 2018 წლის 30 მარტს გა. ნ-ემ (გიო. ნ-ეის კომლის წევრი) საჯარო რეესტრს მიმართა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის განცხადებით. წარადგინა მეზობლების, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დასტური, რომლის მიხედვით, გა. გიო.-ს ძე ნ-ე და მისი ოჯახი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1992 წლიდან ფლობდა. იშუამდგომლა განცხადების საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნა. კომისიის განკარგულებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კ) 2018 წლის 6 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს წარედგინა დაინტერესებული პირის - ნ. ნ-ეის №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლის თანახმად, მოთხოვნილ იქნა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო მეზობლების, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დასტური, რომლის მიხედვით, ნ. ნ-ე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1993 წლიდან ფლობდა და არის მისი საკუთრება. ლ) 2019 წლის 20 მარტს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №... განცხადებაზე წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2019 წლის 20 მარტის №... მიმართვით გადაეგზავნა გორის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მ) 2019 წლის 28 აგვისტოს სააგენტოში წარდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №... (27.08.2019) მიმართვა, რომელზეც თანდართული იყო №1511 განკარგულება (23.08.2019) და საკუთრების უფლების მოწმობა №550 (26.08.2019), დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზთან ერთად. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... (04.09.2019) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება (საფუძველი - საკუთრების უფლების მოწმობა №550, გაფორმების თარიღი 26/08/2019წ, გორის მუნიციპალიტეტის მერია), ხოლო მიწის ნაკვეთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი. ასევე, მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. ნ) რეგისტრაციის შესახებ №... (25.09.2019) გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმების თარიღი 19/09/2019, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო); ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ნ. ნ-ესა და ნ. მ-ის შორის 2019 წლის 19 სექტემბერს; ო) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გიო. გა.-ს ძე ნ-ეის და მის კომლის წევრებზე სისტემურად რეგისტრირებულია გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთები (საფუძველი - მიწის საგადასახადო სია №166, №149, №366, №166, №576), რაც აღემატება მიწათმოსარგებლეთა კატეგორიის ზღვრულ ნორმას; პ) ...ის თემის რწმუნებულის 2007 წლის 5 სექტემბრის №... ცნობაში აღნიშნულია, რომ, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში (კოდი ...) დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, ნაცვლად გიო. ნ-ეისა უნდა იყოს ნ. ნ-ე. ცნობის გამცემი ითხოვს შესწორების შეტანას; ჟ) ...ის თემის რწმუნებულის 2007 წლის 5 სექტემბრის №... ცნობა მიეცა ნ. ნ-ეს, რომ ნამდვილად ცხოვრობს სოფ. ...ში, ირიცხება კავშირგაწყვეტილთა სიაში. მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა მესამე კატეგორიას, მის პირად სარგებლობაშია სულ 0,42 ჰა. ...ის თემში მესამე კატეგორიის ზღვრული ნორმაა 0,25 ჰა; რ) ...ის თემის რწმუნებულის 2007 წლის 5 სექტემბრის №... ცნობა მიეცა ნ. ნ-ეს, რომ ნამდვილად ცხოვრობს სოფ. ...ში, ირიცხება კავშირგაწყვეტილთა სიაში. მისი კომლი შედგება ერთი სულისაგან, თვითონ - ნ. ნ-ე; ს) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით გ. ნ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გ. ნ-ე ითხოვდა (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დაუდგინდა ზედდება №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან, არ დადასტურდა მისი უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე. 2020 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება; ტ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №27/45206 საარქივო ცნობის თანახმად (თარიღი 23.04.2021), ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება რ. ე.-ს ასული ნ-ე. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 20 კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი, აგებული 1980 წელს. მიწის ფართობი არ ფიქსირდება. სოფელ ...ის, 1995-2003 წლების მიწის განაწილების სიებში რ. ე.-ს ასული ნ-ეის სახელზე ირიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი. კატეგორია არ ფიქსირდება.
კასატორის განმარტებით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“, განსაზღვრულია უძრავი ნივთის რეგისტრაციის წესი და პირობები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასწორი შეფასება მისცა მოწმეების ჩვენებებს, მხედველობის მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ გიო. გა.-ს ძე ნ-ეის და მისი კომლის წევრებზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება გორის რაიონის სოფელ ...ში, რაც აღემატება მიწათმოსარგებლეთა კატეგორიის ზღვრულ ნორმას. მიწის რეფორმის პერიოდში სწორედ კატეგორიების მიხედვით დადგენილი ზღვრული ნორმების შესაბამისად განაწილდა მიწის ფართი, რაც თავის მხრივ ზემოაღნიშნულ გარემოებებთან შეჯერებით გამორიცხავს რ. ნ-ეის კომლისათვის ზღვრულ ნორმაზე მეტი ფართის გადაცემას. ამასთან, 2018 წლის 30 მარტს გა. ნ-ემ (გიო. ნ-ეის კომლის წევრი) საჯარო რეესტრს მიმართა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის განცხადებით. წარადგინა მეზობლების, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დასტური, რომლის მიხედვით, გა. გიო.-ს ძე ნ-ე და მისი ოჯახი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1992 წლიდან ფლობდა. იშუამდგომლა განცხადების საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნა, რომლის განკარგულებითაც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა სადავო უძრავ ნივთზე გ. ნ-ეის ოჯახის მფლობელობის ფაქტი, საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მიწის რეფორმის დროს, მიწა განაწილდა მიწის რეფორმის ფონდიდან, კომლების მიხედვით და აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც იმ დროისათვის ცხოვრობდნენ ქალაქად. განისაზღვრა ერთ კომლზე გასაცემი მიწის ზღვრული ნორმა. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა სააღრიცხვო ბარათში არსებული ჩანაწერი, რაც საკუთრების უფლების ჩამორთმევას გაუთანაბრა. მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება რომ აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდა ...ის თემის რწმუნებულის მიერ გაცემული №... (05.09.2007), №... (05.09.2007) და №... (05.09.2007) ცნობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა ტექნიკური ხარვეზი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ინახებოდა ადმინისტრაციულ ორგანოში, ინფორმაცია შეჰქონდა უფლებამოსილ პირს და არა უშუალოდ მოქალაქეებს, ჩანაწერი სრულდებოდა ხელით. აქედან გამომდინარე, ხელით შესრულებული ჩანაწერის შესახებ აღნიშნული გარემოება რეგისტრაციის გამომრიცხავი საფუძველი არ შეიძლება იყოს.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის განმარტება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ნ. ნ-ეის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. სადავო უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის პერიოდისთვის, ნ. ნ-ე წარმოადგენდა მის მომიჯნავედ არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ... (წინა საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრეს. აღნიშნულის საპირისპიროდ, რეგისტრაციის შესახებ №... (04.09.2019) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო. ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთს სამართლებრივად გაუთანაბრა უძრავი ნივთის ფლობა/სარგებლობა და საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის არსებობის პირობებში საკუთრების უფლება. სასამართლომ უგულებელყო სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და თავი აარიდა საკითხის არსებითად გადაწყვეტას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების თანახმად შედგენილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობის (რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი - 10/10/2003) მიხედვით (ბეჭედდასმული და ხელმოწერილია), გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში დაუზუსტებელი ფართობის მქონე 4273 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...), მესაკუთრედ მითითებულია ნ-ე გიო. გა.-ს ძე. თან ერთვის საკადასტრო გეგმა, მიწის ნაკვეთი №... (ტ.1, ს.ფ 32-33); ბ) ...ის თემის რწმუნებულმა 2007 წლის 5 სექტემბერს №... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და აცნობა, რომ, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში, საკადასტრო კოდი ..., დაშვებულია (გაპარულია) უზუსტობა - ნაცვლად გიო. ნ-ეისა უნდა იყოს ნ. ნ-ე. ითხოვა შესწორების შეტანა (ტ.1, ს.ფ 25); გ) ...ის თემის რწმუნებულის 2007 წლის 5 სექტემბრის №... ცნობა მიეცა ნ. ნ-ეს, რომ ნამდვილად ცხოვრობს სოფ. ...ში, ირიცხება კავშირგაწყვეტილთა სიაში. მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა მესამე კატეგორიას. მის პირად სარგებლობაშია სულ - 0,42 ჰა. ...ის თემში მესამე კატეგორიის ზღვრული ნორმაა 0,25 ჰა (ტ.1, ს.ფ 24); დ) ...ის თემის რწმუნებულის 2007 წლის 5 სექტემბრის №... ცნობა მიეცა ნ. ნ-ეს, რომ ნამდვილად ცხოვრობს სოფ. ...ში, ირიცხება კავშირგაწყვეტილთა სიაში. მისი კომლი შედგება ერთი სულისაგან, თვითონ - ნ. ნ-ე (ტ.1, ს.ფ 26); ე) მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, გორის რაიონის სოფელ ...ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4273 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით) მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ნ-ე გიო. გა.-ს ძე, ...ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია №..., ხოლო უფლების რეგისტრაციის თარიღი - 10.10.2003 წელი. აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში ხელით არის შეტანილი შესწორება, კერძოდ, გადახაზულია: ,,გიო. გა.-ს ძე, ...ი“ და მესაკუთრის გრაფაში მითითებულია ,,ნ.“. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გრაფაში მიწერილია ,,ცნობები ...ის თემის რწმუნებულისგან №..., 05.09.07; №..., 05.09.07; №..., 05.09.07“, ხოლო უფლების რეგისტრაციის თარიღში მიწერილია ,,06.09.2007“. ამონაწერში შენიშვნის სახით ასევე ხელით მიწერილია, რომ 4273 კვ.მ მიწის ფართიდან 1748 კვ.მ უნებართვო მფლობელობაშია (ტ.1, ს.ფ 95-97); ვ) საჯარო რეესტრის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს მომზადებული (გაცემის თარიღი 28.12.2007წ.) ამონაწერის მიხედვით, გორის რაიონის სოფელ ...ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 4273 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით), მესაკუთრე არის ნ. ნ-ე. უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 24.10.2003წ., ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად - მიწის საგადასახადო სია №... და ცნობები ...ის თემის რწმუნებულისგან - №... 05.09.07წ., №... 05.09.07წ., №... 05.09.07წ (ტ.1, ს.ფ 164-165); ზ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №AA2020004724-03 საარქივო ცნობის თანახმად (თარიღი 20.05.2020), ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნში კომლის უფროსად ირიცხება გიო. გა.-ს ძე ნ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. კ-ი ა. ი.-ს ასული - მეუღლე; 2. ნ-ე გა. გიო.-ს ძე - შვილი; 3. ნ-ე გუ. გიო.-ს ძე - შვილი; 4. ნ-ე ხ. გიო.-ს ასული - შვილი; 5. ნ-ე გი. გიო.-ს ძე - შვილი. სოფელ ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნები გორის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ვერ ადასტურებენ ფაქტს, გიო.-გო. გა.-ს ძე ნ-ეის კომლის შესახებ (ტ.2, ს.ფ 18); თ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №27/22106 საარქივო ცნობის თანახმად (თარიღი 09.03.2021), ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ნ. მ.-ს ასული ნ-ე. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 0,42 ჰა (ასე იკითხება) მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლის ფართობი არ ფიქსირდება. სოფელ ...ის მიწის განაწილების სიაში 1995-2003 წლების მდგომარეობით ნ. მ.-ს ასული ნ-ეის სახელზე რიცხული მიწის ფართობი შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება. სოფელ ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნები და მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები გორის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ვერ ადასტურებენ ფაქტს, ნ. მ.-ს ასული ნ-ეის კომლის შესახებ (ტ.2, ს.ფ 106); ი) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №27/45206 საარქივო ცნობის თანახმად, (თარიღი 23.04.2021), ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება რ. ე.-ს ასული ნ-ე. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 20 კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი, აგებული 1980 წელს. მიწის ფართობი არ ფიქსირდება. სოფელ ...ის მიწის განაწილების სიაში 1995-2003 წლების მიწის განაწილების სიებში რ. ე.-ს ასული ნ-ეის სახელზე ირიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი. კატეგორია არ ფიქსირდება. სოფელ ...ის 2003 წლის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების საარქივო დოკუმენტებში რ. ე.-ს ასული ნ-ეის და გა. ნ-ეის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება. სოფელ ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნები, მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები და მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები გორის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ვერ ადასტურებენ ფაქტს, რ. ე.-ს ასული ნ-ეის და გა. ნ-ეის კომლის და მათზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ (ტ.2, ს.ფ 211); კ) შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №21-02-1/50913 წერილის თანახმად, გორის რაიონ სოფელ ...ის მიწის საგადასახადო სია №... საარქივო სამმართველოში დაცული არ არის (ტ.2, ს.ფ 218); ლ) 2015 წლის 12 ნოემბერს ნ. ნ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, მდებარე გორის რაიონი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდი .... ნ. ნ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთზე 2007 წლის 12 სექტემბერს მომზადებული ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 159, 161-166); მ) 2015 წლის 27 ნოემბერს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ნ-ეის განცხადება და დაზუსტდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები, კერძოდ, ფართობი განისაზღვრა 2525 კვ.მ, ხოლო ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია - ...ის თემის რწმუნებულის მიერ 2007 წლის 5 სექტემბერს გაცემული №..., №..., №... ცნობები და №... საარქივო ცნობა (ტ.1, ს.ფ 177, 174-175, 176); ნ) 2018 წლის 18 მაისს ნ. ნ-ესა და ნ. მ-ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ 184, 185-186, 181-182); ო) 2018 წლის 26 ივნისს ნ. მ-ისა და ნ. ნ-ეს შორის გაფორმა შეთანხმება 2018 წლის 18 მაისს მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილების თაობაზე. აღნიშული შეთანხმების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ დარეგისტრირდა თავდაპირველი მესაკუთრის - ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ 201-202, 194); პ) 2019 წლის 9 სექტემბერს ნ. ნ-ესა და ნ. მ-ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ 210, 211-212, 207-208); ჟ) 2018 წლის 30 მარტს გა. ნ-ემ (გიო. ნ-ეის კომლის წევრი) საჯარო რეესტრს მიმართა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის განცხადებით. განმცხადებელმა წარადგინა მეზობლების, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დასტური, რომლის მიხედვით, გა. გიო.-ს ძე ნ-ე და მისი ოჯახი მიწის ნაკვეთს 1992 წლიდან ფლობდა. გა. ნ-ემ იშუამდგომლა განცხადების გადაგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში (ტ.2, ს.ფ 124-135); რ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №706 განკარგულებით გა. ნ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.2. ს.ფ. 142); ს) 2018 წლის 6 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს №... განცხადებით მიმართა ნ. ნ-ემ და მოითხოვა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო მეზობლების, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დასტური, რომლის მიხედვით ნ. ნ-ე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1993 წლიდან ფლობდა და არის მისი საკუთრება (ტ.1, ს.ფ 213-214, 220-221); ტ) ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №... გადაწყვეტილებით ნ. ნ-ეს ეცნობა, რომ №... განცხადებაზე წარმოდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2019 წლის 20 მარტის №... მიმართვით გადაეგზავნა გორის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ((ტ.1, ს.ფ 226, 227); უ) გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1511 განკარგულებით აღიარებულ იქნა ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება 1702 კვ.მ სახნავი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი (ტ.1. ს.ფ. 233). 2019 წლის 26 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნ. ნ-ეის სახელზე გაიცა №550 საკუთრების უფლების მოწმობა სახნავი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი (ტ.1. ს.ფ. 232). გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 27 აგვისტოს №... მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრს გაეგზავნა №1511 განკარგულება (23.08.2019) და საკუთრების უფლების მოწმობა №550 (26.08.2019), დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზთან ერთად (ტ.1. ს.ფ. 231); ფ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება (საფუძველი - საკუთრების უფლების მოწმობა №550, გაფორმების თარიღი: 26/08/2019, გორის მუნიციპალიტეტის მერია). მიწის ნაკვეთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი (ტ.1, ს.ფ 236, 237-238); ქ) 2019 წლის 19 სექტემბერს ნ. ნ-ესა და ნ. მ-ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ 246-247, 240-241, 20); ყ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გიო. გა.-ს ძე ნ-ეის და მისი კომლის წევრებზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №..., №..., №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებზე. უფლების დამდგენი დოკუმენტებია - მიწის საგადასახადო სიები №166, №149, №366, №576 (ტ.2, ს.ფ 249-262); შ) 2020 წლის 2 აგვისტოს გ. ნ-ემ შიდა ქართლის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. მან მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. განცხადებაზე თანდართული იყო 4272.82 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო რუკა (მესაკუთრე/მოსარგებლე - გიო. გა.-ს ძე ნ-ე, მისამართი ...ი), გორის არქივის მიერ გაცემული №AA2020004724-03 (20.05.2020 წ.) საარქივო ცნობა. 2020 წლის 5 აგვისტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრებში (საკადასტრო კოდები №... და №..., მესაკუთრე ნ. მ-ი) (ტ.2. ს.ფ. 51). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ნ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (ტ.2. ს.ფ. 12-15, 52-53). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით გ. ნ-ეის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ტ.2. ს.ფ. 17).
საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა გ. ნ-ეის მიერ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სადაო პერიოდში მოქმედი მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია (შემდგომში მიწის რეგისტრაცია) არის საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელი ნაწილი და შეიცავს აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებულ ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. სააღრიცხვო ბარათი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან: ა) საკუთრების განყოფილება - შეიცავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობას, მასთან დაკავშირებულ უფლებებთან და პირობებთან ერთად, ასევე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემებსაც; ბ) მესაკუთრის განყოფილება - მასში მოცემულია მესაკუთრის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი; ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ; გ) ვალდებულების განყოფილება - შეიცავს ყველა სახის ვალდებულებებს, სერვიტუტს, შეზღუდვებს, რომლითაც დატვირთულია მიწა და სხვა უძრავი ქონება; დ) იჯარისა და ჰიპოთეკის (გირავნობის) განყოფილება - შეიცავს ყოველგვარ ჩანაწერს იჯარისა და ჰიპოთეკის (გირავნობის) შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების თანახმად შედგენილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობის (რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი - 10/10/2003) მიხედვით (ბეჭედდასმული და ხელმოწერილია), გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში დაუზუსტებელი ფართობის მქონე 4273 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...), მესაკუთრედ მითითებული იყო ნ-ე გიო. გა.-ს ძე. სარეგისტრაციო მოწმობაზე თანდართულია საკადასტრო გეგმა, სადაც მითითებულია №... მიწის ნაკვეთი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებაზე (ძალადაკარგულია 22/05/2007), რომლითაც დამტკიცებულ იქნა თანდართული სარეგისტრაციო ფორმები დანართი 1-5-ის მიხედვით და გამოყენებულ იქნა მიწის როგორც პირველადი, ისე შემდგომი რეგისტრაციისათვის. ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა. გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებულ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციაზე“ (ძალადაკარგულია 20/01/2010), რომლის მე-20 მუხლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ან სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია (სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა) ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია ან მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურების გარეშე; ბ) კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მხოლოდ კომლის უფროსია დაფიქსირებული თუ კომლის ყველა წევრი, საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი ზონარგაყრილი (საკომლო) წიგნიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული კომლის უფროსის ან კომლის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, გორის რაიონის სოფელ ...ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4273 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით) მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ნ-ე გიო. გა.-ს ძე. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში ხელით არის შეტანილი შესწორება, კერძოდ, გადახაზულია: ,,გიო. გა.-ს ძე, ...ი“ და მესაკუთრის გრაფაში მითითებულია ,,ნ.“. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული შესწორების საფუძვლად მითითებული იქნა 2007 წლის 5 სექტემბერს ...ის თემის რწმუნებულის მიერ გაცემული №..., №... და №... ცნობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე (ძალადაკარგულია - 05.02.2014, №1958), რომლის 42-ე მუხლის მიხედვით (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), (1) გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი); (2) რწმუნებული საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებაში (დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში); (3) რწმუნებული: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირს; გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს (მერს) წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სადაო პერიოდში (2007 წელს) მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ...ის თემის რწმუნებულმა 2007 წლის 5 სექტემბერს №... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და აცნობა, რომ, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში, საკადასტრო კოდი №..., დაშვებული (გაპარულია) იყო უზუსტობა - ნაცვლად გიო. ნ-ეისა უნდა იყოს ნ. ნ-ე. ამავე მიმართვით ...ის თემის რწმუნებულმა ითხოვა შესწორების შეტანა სარეგისტრაციო მოწმობაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს რეგისტრაციის ტექნიკური და არსებითი ხარვეზები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები (სზაკ-ის 59.1 მუხ.), როგორიცაა მაგ.: გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, სახელში, გვარში, პირად ნომერში, მიწის ფართობში არსებული უმნიშვნელო ხარვეზები და სხვ. ტექნიკური ხარვეზის გასწორება არ გულისხმობს ისეთი შესწორების შეტანას, რაც უძრავი ნივთის უფლებრივ მდგომარეობას ცვლის. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ახალი აქტის გამოცემას უტოლდება (სზაკ-ის 59.2 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააღრიცხვო ბარათში მოხდა მოსარჩელის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციაში არსებითი შესწორების შეტანა, კერძოდ, შეიცვალა მესაკუთრე, რისი საფუძველიც გახდა ...ის თემის რწმუნებულის 2007 წლის 5 სექტემბრის მიმართვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ცნობები გაცემულ იქნა იმის თაობაზე, რომ კონკრეტული უძრავი ნივთის მესაკუთრე იყოს სხვა პირი და არა ის, ვის სახელზეც არსებობდა სააღრიცხვო ჩანაწერი, რაც სცდებოდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო უძრავი ქონების ნ. ნ-ეისთვის გადაცემის ფაქტი. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრის ცვლილებით ფაქტობრივად გაუქმდა გიო. ნ-ეის საკუთრების უფლება, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნას სადაო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანების 67-ე მუხლით (მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა) გათვალისწინებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, ერთი მხრივ, უნდა გაასწოროს ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული, ასევე დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით გამოწვეული შეცდომა, მეორე მხრივ, პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ჩანაწერში არ განახორციელოს იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც არ შეესაბამება უფლებადამდგენი დოკუმენტის შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურმა მიწის სააღრიცხვო ბარათში ჩასწორების შედეგად შეცვალა მესაკუთრე და ამასთან, აღნიშნული განახორციელა იმ პირობებში, როდესაც არცერთი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადაო ქონებაზე ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო უძრავი ქონების ნ. ნ-ეისათვის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულებებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ...ის თემის რწმუნებულის 2007 წლის 5 სექტემბრის №..., №... და №... ცნობებისა და მათ საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული 2007 წლის 6 სექტემბრის №... რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ №... გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, ასევე მართებულია აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
რაც შეეხება ნ. ნ-ეის საკუთრებად რეგისტრირებულ 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთს, დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1511 განკარგულებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახნავი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება და მის საფუძველზე, 2019 წლის 26 აგვისტოს გაიცა №550 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (04.09.2019) გადაწყვეტილებით გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. ნ-ეის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული. ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ნ-ეის მიერ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე და მას შემდეგ უწყვეტად ფლობის ფაქტი. მართალია, კომისიაში წარდგენილი იყო ვ. ბ-ის, ნ. ბ-ის და ნ. ზ-ეის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლებიც ადასტურებდნენ ნ. ნ-ეის მიერ 1993 წლიდან 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს (ტ.1, ს.ფ 220-221), თუმცა, საყურადღებოა, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია შ. ნ-ეის, მ. ზ-ეის და ლ. ფ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღნიშნულმა პირებმა 17 მეასედ მიწის ნაკვეთზე დაადასტურეს გა. ნ-ეის მფლობელობა 1992 წლიდან (ტ.2, ს.ფ 133-135). პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ იქნენ მოწმეები - ი. გ-ი, ვ. ბ-ი, ნ. ბ-ი და ნ. ზ-ეე. მოწმეთა მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი გაუნაწილდა ნ. ნ-ეს, ამასთან, მოწმეები განმარტავენ, რომ ისინი ნ. ნ-ეს არ იცნობდნენ. იცნობდნენ მის მეუღლეს და ვინაიდან ის გარდაცვლილი იყო, მიწის ნაკვეთი განაწილდა ნ. ნ-ეზე. მათივე განმარტებით, მართალია მიწის ნაკვეთის განაწილების დოკუმენტები დაიკარგა, მაგრამ ახსოვთ, რომ კონკრეტულად ქონება განაწილდა ნ. ნ-ეზე, ხოლო სააღრიცხვო ბარათში კი, გაპარული იყო შეცდომა. საყურადღებოა, რომ ამავე მოწმეთა განმარტებით, თავად ნ. ნ-ე სადავო საკუთრებით არ სარგებლობდა და მიწის ნაკვეთს ამუშავებდა მოსარჩელის ოჯახი. მოწმეებმა - ტ. ნ-ემ და ყ. (ბ.) ბ-იმა განმარტეს, რომ არიან სოფელ ...ის მცხოვრებნი და ხედავდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ამუშავებდნენ გა. და რ. ნ-ეები, შემდეგ მათი შვილიშვილები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. ნ-ეის მიერ განცხადების წარდგენის მომენტისათვის სადაო მიწის ნაკვეთის ფლობა, სარგებლობა ან თვითნებურად დაკავება. შესაბამისად, კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1511 განკარგულებისა და 2019 წლის 26 აგვისტოს №550 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მითითებული დოკუმენტები საფუძვლად დაედო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილებას, მართებულია ასევე აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.02.2024წ. №06421 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია