Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-67(2კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამშენებლო სამართალდარღვევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. კ-ემ 2023 წლის 30 იანვარს სარჩელით, ხოლო 2023 წლის 15 თებერვალს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 27 დეკემბრის №1288 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003018 დადგენილების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, ნ. კ-ემ 2022 წლის 16 ნოემბერს №19/01223201706-01 ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003017 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა 8000 ლარით კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და მავთულბადის ღობის კარით უნებართვოდ მოწყობის საფუძვლით. მოთხოვნის დაკმაყოფილების უტყუარი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, ქ. თბილისის მერიის 2022 წლის 27 დეკემბრის №1288 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ეის 2022 წლის 16 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ხსენებული ბრძანება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, მისივე მოსაზრებით, ბრძანება მიღებული იყო განხილვის წესების ისეთი დარღვევით, რომელთა არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული ზეპირი მოსმენის დროს მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დაასაბუთა მოთხოვნის სისწორე და კანონიერება. კერძოდ, მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის გასაჩივრებული დადგენილება მისგან დამოუკიდებელი მიზეზისა და ინსპექციის სამსახურის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო მიღებულ იქნა მისი მონაწილეობისა და მოსმენის გარეშე, ინსპექციის სამსახურმა საქმე განიხილა მიკერძოებულად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სწორი სამართლებრივი შეფასების გარეშე. მოსარჩელის მოსაზრებით, მან ასევე დაასაბუთა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მავთულბადით 1993-1994 წლებში შემოღობა, ხოლო მასზე არსებული ნაგებობა აშენებული იყო დედის - ი. კ-ეისა და ნ. კ-ეის მიერ, დაახლოებით 15-20 წლის წინ, ანუ 2007 წლამდე, რაც დასტურდებოდა ორთოფოტო სურათებით, აზომვითი ნახაზებით, სხვა დოკუმენტებითა და ობიექტური მტკიცებულებებით.

მოსარჩელემ მოითხოვა მისი განმარტების უტყუარობის ადგილზე გასვლითა და დათვალიერებით გადამოწმება, რაც დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელის განმარტებები და მტკიცებულებები გასაჩივრებულ ბრძანებაში არ ასახულა და, შესაბამისად, არც გაბათილებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. კ-ემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი ეფუძნებოდა მხოლოდ ინსპექციის სამსახურის ცალსახად მიკერძოებულ მოსაზრებებსა და მონაცემებს. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მისთვის არ უცნობებიათ დაჯარიმების აქტის განხილვის დრო და ადგილი, ამდენად, დაჯარიმების შესახებ დადგენილება მიღებული იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, რაც ქმნიდა მისი გაუქმების საკმარის საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2022 წლის 11 აგვისტოს შედგა №003018 მითითება, რომლის თანახმად, თბილისში, ...ს ქუჩის №...-ის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე ნ. კ-ეის მიერ განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მოეწყო კაპიტალური შენობა-ნაგებობა და ღობე კარით. დარღვევის გამოსწორების მიზნით დამრღვევს დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით განისაზღვრა 20 კალენდარული დღე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003018 დადგენილებით ნ. კ-ე დაჯარიმდა 8 000 ლარით, თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ნებართვის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის და მავთულბადის ღობის კარით მოწყობისთვის, მასვე დაევალა №... საკადასტრო კოდის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობისა და მავთულბადის ღობის კარით დემონტაჟი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 27 დეკემბრის №1288 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003018 დადგენილება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, საქართველოს მთავრობს 31.05.2019წ. №255 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობებზე“ და საქმეში არსებულ მასალებზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელდა ისეთი სახის სამშენებლო სამუშაოები, რასაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავდა იმ სუბიექტთა წრეს, რომლებზეც შესაძლოა გავრცელებულიყო სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრებოდა მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაკისრებოდა უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს.

სასამართლოს განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სადავო მშენებლობის განხორციელების ფაქტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მის მიერ წარმოების, მითითებისა და შემოწმების აქტების ჩაბარების, ასევე, მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტი, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003018 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 27 დეკემბრის №1288 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. კ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 27 დეკემბრის №1288 ბრძანება, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003018 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად; მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №...-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ნ. კ-ეის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან (აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მავთულბადის ღობე კარით) დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დროს უტყუარად ვერ დადგინდა „სადავო ნაგებობების“ მშენებლობის თარიღი, რაც მოპასუხე მხარესაც სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო, ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობის სათანადო ნორმების მისადაგებისთვისა და სამართლებრივად სწორად შეფასების მიზნით, ვალდებული იყო დაედგინა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების თარიღი და ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის ვინაობა, მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სადავო დადგენილება გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესების დარღვევით, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ჩადენილი ქმედების შეფასება ხდება ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო სახდელის (ჯარიმის) დაკისრება კი უნდა მოხდეს ამ სამართალდარღვევის გამოვლენისას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ დენადი სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, სახდელის დადების ვადა უნდა აითვალოს დარღვევის გამოვლენის დღიდან. უდავოა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს (იგი იწყება ქმედებით და გამოვლენამდე უწყვეტად ხორციელდება) (სუსგ №ბს-883(2კ-19), 03.12.2020წ.).

კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად ვერ დადგინდა შენობა-ნაგებობის და მავთულბადის ღობის მშენებლობის ზუსტი დრო, შესაბამისად იგი ჩადენილად იქნა მიჩნეული მისი გამოვლენის მომენტიდან (დენადობის პრინციპი), 2022 წლის 11 აგვისტოდან, როდესაც გაიცა №003018 მითითება, შესაბამისად, მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებაც უნდა მომხდარიყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. ამდენად, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება მშენებლობის დროის დადგენასთან დაკავშირებით მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, რადგან უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ხაზს უსვამს მშენებლობის დროის ზუსტად დადგენის მნიშვნელობას, მიემართება იმის გარკვევას, რეალურად მშენებლობის განხორციელების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარებოდა თუ არა სამუშაოები შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, ანუ მშენებლობის განხორციელების დროისთვის ნ. კ-ეის ქმედება წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას.

მოცემულ შემთხვევაში შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება 2005 წელს, ხოლო 2010 წლის ორთოფოტოზე იგი ჩანს, რაც ნიშნავს რომ მშენებლობა განხორციელებულია 2005 წლიდან 2010 წლის პერიოდში, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ ნ. კ-ეის მიერ განხორციელებული მშენებლობის ზუსტი დროის დადგენა ვერ ხერხდება, შესაბამისად, დენადობის პრინციპიდან გამომდინარე, მისი ქმედება ჩადენილად ითვლება სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტიდან.

კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობაზე უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს და სამართალდარღვევის შემადგენლობა შეადაროს დადგენილების გამოცემის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას, მოცემულ შემთხვევაში - საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ განსახილველი სამშენებლო სამუშაოების დაქვემდებარებას მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულებასთან, აღნიშნული საკითხი უნდა შეფასდეს ქმედების განხორციელების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება სადავო დადგენილებაში მითითებული სამუშაოების განხორციელების დრო, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობადობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, დამრღვევის სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტსა და იმ დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას.

საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, შესაბამისად სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 11 ოქტომბრის №003018 დადგენილება, რომლითაც ნ. კ-ე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისთვის დაჯარიმდა 8 000 ლარით, მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული/მოწყობილი კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მავთულბადის ღობის კარის დემონტაჟი. დავის საგანს წარმოადგენს ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 27 დეკემბრის №1288 ბრძანება, რომლითაც ნ. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, შესაფასებელია ზემოხსენებული აქტების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (1.1 მუხ., „გ“ ქვ.პ.).

ზემოხსენებული კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობა საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამართალდარღვევის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ (მე-9 მუხ.), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება მხოლოდ ის მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (მე-10 მუხ.) (სუსგ №ბს-595-592(კ-17), 28.09.2017წ.). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (სუსგ №ბს-198(3კ-22), 13.10.2020წ.).

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, სამშენებლო სამართალდარღვევების კანონიერების შემოწმებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქმედების - სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროს (სუსგ №ბს-198(2კ-22), 13.10.2020წ.).

საქმეზე დადგენილია და კასატორებიც ადასტურებენ, რომ უტყუარად ვერ დაადგინეს სადავო დადგენილებაში მითითებული სამუშაოების განხორციელების დრო, ამასთანავე მოსარჩელის განმარტების თანახმად, იგი აღიარებს, რომ უნებართვო სამუშაოების განხორციელებაში მანაც შეიტანა წვლილი, თუმცა სრულად მას არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და მოხმობილი ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ნებისმიერი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების/ცდომილების სწორი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისათვის, აუცილებელია დადგინდეს, თუ რა ნორმატიული მოწესრიგება იყო გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ქმედების/ცდომილების განხორციელების/დადგომის დროს. ამდენად, აღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, აუცილებელი იყო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაედგინა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდი და ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის ვინაობა. მიუხედავად უნებართვო მშენებლობის გამოვლენის დროისა, სანქციის დაკისრების მიზნებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამ ქმედების ჩადენისთვის (მისი დასრულების მომენტისათვის) კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სანქცია, რადგანაც სამშენებლო კანონმდებლობა უნებართვო მშენებლობისთვის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ოდენობის სანქციას ითვალისწინებდა. გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე ნებართვის გაცემას კანონმდებლობა 2008 წლის 27 ოქტომბრამდე არ ითვალისწინებდა, ამიტომ მშენებლობის განხორციელების პერიოდის გარდა მისი კლასის განსაზღვრას დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა არსებითი ხარვეზი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რისი გამოსწორებაც მხოლოდ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით არის შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, იძლევა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გადაწყვეტის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა