Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბ-939-2(გან-25) 28 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ლ-ის 2025 წლის 17 ივლისის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე №ბს-347(კ-21)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2013 წლის 11 დეკემბერს ს. ზ-იმა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. ლ-ის მიმართ, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტსა და მ. ლ-ის შორის 2012 წლის 11 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და წეროვანის დევნილთა დასახლების №... კოტეჯზე ს. ზ-ის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ს. ზ-ის უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით ს. ზ-ის კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 04 მარტის განჩინებით ს. ზ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს საქმის ადმინისტრაციულ კოლეგიაში გადაგზავნის მიზნით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართლის წესით განსახილველი №3/3687-13 საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება; მოსარჩელე ს. ზ-ი შეიცვალა უფლებამონაცვლეებით - ი. შ-ითა და ნ. შ-ით (მოსარჩელის გარდაცვალების გამო).

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. შ-ისა და ნ. შ-ის (ა.წ. გარდაცვლილი ს. ზ-ის უფლებამონაცვლეების) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ. ლ-ის შორის დადებული 2012 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ი. შ-იებმა და მ. ლ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით ი. შ-ის და ნ. შ-ის (ა.წ. გარდაცვლილი ს. ზ-ის უფლებამონაცვლეები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ი. შ-იებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით ნ. შ-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2025 წლის 17 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ლ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტება მოითხოვა. განცხადების ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა და აპელანტი არასწორად აფასებს საქართელოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განჩინებას და მიაჩნიათ, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრით უნდა შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის ტრანსფორმირების გზით, მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილშიც, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების ავტორი ითხოვს განმარტებას, გულისხმობდა თუ არა 2023 წლის 18 ივლისის განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების/განჩინების განმარტების აუცილებლობა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც მისი შინაარსი ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივია. გარდა ამისა, გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული და გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული. ამდენად ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაა და მისი მიზანია არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. ხსენებული პირობების დადგომისას გადაწყვეტილება განიმარტება მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტება მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას, მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში მ. ლ-ის წარმომადგენლის - ნ. გ-ეის განცხადება შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტებას, რომლითაც სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა. საკასაციო პალატის მიერ ნ. შ-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების საფუძელი, ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, ჩამოყალიბებულია გარკვევით, ნათლად და არაორაზროვნად, ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობა ნათლად იძლევა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების აღქმის შესაბამისად, შესაბამისად, განმცხადებლის სურვილი, სასამართლომ ზედმიწევნით ზუსტად განუსაზღვროს სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის ეტაპზე განსახორციელებელი ქმედებები და პროცედურა გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, არ შეესაბამება სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების საკანონმდებლო მიზნებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტების ან დამატებითი არგუმენტების მიღების შესახებ მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ასევე არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, რომლის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი ნორმის გამოყენების სისწორის გადამოწმება (იხ. სუსგ. №ბ-332-3(გან-25), 10.04.2024წ.). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის წარმომადგენლის - ნ. გ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ-ის წარმომადგენლის, ნ. გ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა