Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-466(კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. მ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-ემ 2023 წლის 07 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3183 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3183 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. მ-ეის მოთხოვნასთან დაკაშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-3 მუხლი, 51 მუხლის მე-3 პუნქტი და ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში დაცულ 2005 წლის მდგომარეობის ამსახველ ორთოფოტოზე, რომლითაც დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შენობის განთავსების ფაქტი. მიუთითა, რომ ამავე ორთოფოტოზე ასევე ფიქსირდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღობის კონტურები. ასევე გასათვალისწინებლად მიიჩნია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 სექტემბრის №006715522 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის ჩანაწერი, რომ ქ. თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ ი/მ თ. ფ-ეის მიერ შესრულებული აზომვით ნახაზზე დატანილი 01/1 შენობა - ნაგებობა (დაუმთავრებელი ან დანგრეული) ფიქსირდება 2005 წლამდე პერიოდში, შესაბამისად მისი მშენებლობა დაწყებულია 2005 წლამდე. მიწის ნაკვეთის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ღობე სრულად მოწყობილია 2005 წლამდე პერიოდში, ასევე ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ღობის დაფიქსირება სრულად ორთოფოტოს დაბალი ხარისხის და ხშირი მწვანე საფარის გამო შეუძლებელია 2014 წლამდე პერიოდში; ხოლო ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე ღობის დაფიქსირება ორთოფოტოს დაბალი ხარისხის და ხშირი მწვანე საფარის გამო შეუძლებელია. ამასთან, ქ. თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ არსებული, ი/მ თ. ფ-ეის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთი და შენობა - ნაგებობა შემოსაზღვრულია ღობით და მოქცეულია ერთიან სივრცეში. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღებას გაამახვილა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 02 სექტემბრის №006058322 ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტზე (ქ.თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ) მითითებული სხვადასხვა დასახელების ხე - მცენარეების საორიენტაციო ასაკი შეადგენს 9, 11, 12, 16, 17, 27, 28, 33 და 35 წელს.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ საქმეზე ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც საქმეში დაცული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსი, ასევე გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96 - 97-ე მუხლით მინიჭებული ფართო უფლებამოსილებები (გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს) და ზუსტად დაადგინოს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იყო თუ არა განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი გ. მ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა გ. მ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. კასატორის მსჯელობით, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე და ასევე არ იკვეთება აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 02 სექტემბრის №006058322 და 2022 წლის 28 სექტემბრის №006715522 ექსპერტიზის დასკვნებს, ღობის, შენობა - ნაგებობისა და ხე - მცენარეების ხანდაზმულობის შესახებ, კასატორის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილია სასამართლო სხდომაზე, ხოლო საქმის გარემოებები, როგორც საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება, კომისიის მიერ გამოკვლეულ/შეფასებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კომისიის შეფასებით არ დგინდება უშუალოდ გ. მ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა წარდგენილი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომისიის მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას. წარმომადგენლის განმარტებით, იმ პირობებში როდესაც არსებობს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი გაუგებარია დამატებით თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს კომისიამ ახალი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინააღმდეგობა მოქმედ კანონთან. კასატორი შედეგის გათვალისწინებით საყურადღებოდ მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას. განმარტავს, რომ სასამართლოების მიერ არ ყოფილა გაანალიზებული დასახელებული საპროცესო ნორმის რეალური შინაარსი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-311-307(2კ-14)) დაფიქსირებული განმარტება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ამ მუხლის შინაარსის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში, კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შექმნეს მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და ასევე ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის შესახებ. კასატორის განმარტებით, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3183 განკარგულების კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე გ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. მ-ემ 2022 წლის 27 ივნისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. თბილისი, ...ს ... №...-ის მიმდებარედ საერთო ფართობი - 2294 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. 2022 წლის 13 ივლისის №... სამსახურებრივი ბარათით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს ეცნობა, რომ საკადასტრო გეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი, თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ..., მესაკუთრე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 ივლისის №... წერილობითი მიმართვით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა გ. მ-ეის №... სარეგისტრაციო განცხადება თანდართულ და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებულ დოკუმენტებთან ერთად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 21 ოქტომბრის წერილით, აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ს ... №...-ის მიმდებარედ 2294 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და აცნობა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი (სზ) ზონა.

დადგენილია, რომ ა. ა-ი, ვ. ა-ი, ნ. ქ-ი და გ. თ-ი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით ადასტურებენ, რომ მათი მეზობელი გ. მ-ე 1997 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ 2294 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე მდგომ 1980 წელს მისი აწ გარდაცვლილი მშობლების მიერ აშენებული სახლის ნანგრევით, რომელშიც ცხოვრობდნენ გარდაცვალებამდე. ხსენებული მიწის ფართი 2218.00 კვ.მ. ს/კ ... უკვე რეგისტრირებულია ქონების მართვის სააგენტოზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის მოქცეული ერთიან სივრცეში და ერთიან ღობეში გ. მ-ეის მშობლების მიერ 1980 წლიდან და გ. მ-ეის ფლობა სარგებლობაშია დღემდე. განმცხადებლები თანახმანი არიან აღნიშნულ მიწის ნაკვეთს გაუკეთონ ლეგალიზაცია და დაირეგისტრირონ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით.

დადგენილია, რომ ნ. მ-ე, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ადასტურებს, რომ მისი მეზობლის გ. მ-ეის მშობლების მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ... №...-ის მიმდებარედ, უშუალოდ მონაწილეობას იღებდა 1980 წელს მათი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში და ღობის მოწყობაში (აღნიშნული სახლი დღეის მდგომარეობით არის ნახევრად დანგრეული); ასევე ადასტურებს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ გ. მ-ე აღნიშნული მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს. განცხადებაში ასევე ადასტურებს, რომ გ. მ-ეს 2007 წლიდან მისგან აქვს გაყვანილი ელექტროენერგია და სარგებლობს.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 07 ნოემბრის №74 სხდომის ოქმით გ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ... №...-ის მიმდებარედ 2294 კვ.მ. საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა გ. მ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, მითითებულია, რომ საკუთრება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე და ასევე არ იკვეთება აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. კომისიამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გ. მ-ე ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობით (დანგრეული), რაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობაა.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 07 ნოემბრის №74 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2022 წლის 13 დეკემბერს გამოცემულ იქნა №3183 განკარგულება, რომლითაც გ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ... №...-ის მიმდებარედ 2294 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 სექტემბრის №006715522 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ქ.თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ ი/მ თ. ფ-ეის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე დატანილი 01/1 შენობა - ნაგებობა (დაუმთავრებელი ან დანგრეული) ფიქსირდება 2005 წლამდე პერიოდში; შესაბამისად მისი მშენებლობა დაწყებულია 2005 წლამდე. მიწის ნაკვეთის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ღობე სრულად მოწყობილია 2005 წლამდე პერიოდში, ასევე ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ღობის დაფიქსირება სრულად ორთოფოტოს დაბალი ხარისხის და ხშირი მწვანე საფარის გამო შეუძლებელია 2014 წლამდე პერიოდში, ხოლო ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე ღობის დაფიქსირება ორთოფოტოს დაბალი ხარისხის და ხშირი მწვანე საფარის გამო შეუძლებელია. ამასთან, ქ.თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ არსებული, ი/მ თ. ფ-ეის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთი და შენობა - ნაგებობა შემოსაზღვრულია ღობით და მოქცეულია ერთიან სივრცეში.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 02 სექტემბრის №006058322 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტზე (ქ.თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ) მითითებული სხვადასხვა დასახელების ხე - მცენარეების საორიენტაციო ასაკი შეადგენს 9, 11, 12, 16, 17, 27, 28, 33 და 35 წელს.

საქმეში წარდგენილი ორთოფოტოებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთებზე შენობა - ნაგებობა (მშენებარე ან დანგრეული) და ღობის კონტურები ფიქსირდება 2005 წლის, 2010 წლის და 2014 წლის ორთოფოტოებზე. მითითებულ ტერიტორიაზე ასევე ფიქსირდება მწვანე ნარგავები.

საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.

მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ მუხლს, რომლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით კანონმდებლის მიერ განიმარტა თუ რა არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა. მუხლის "გ" ქვეპუნქტით ცალსახად განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის მნიშვნელობა, ხოლო ამავე მუხლის "ე" ქვეპუნქტით დაინტერესებული პირის განმარტება, სადაც მითითებულია, რომ დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმის მასალებით დადგენილი იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3183 გასაჩივრებული განკარგულებით გ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ...ს ... №...-ის მიმდებარედ 2294.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია გ. მ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. აღნიშნულის დასასაბუთებლად განკარგულებაში ყურადღება გამახვილდა ორთოფოტოებზე (აეროფოტოგადაღება) და მიეთითა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ასევე არ იკვეთება აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გ. მ-ე ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობით (დანგრეული), რაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობაა.

ცალსახაა, რომ სადავო საკითხისადმი რელევანტური კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავება 2007 წლამდე პერიოდში და ასევე კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობით (2007 წლამდე) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობა. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, კანონი შეიცავს რიგ გამომრიცხავ გარემოებებზე მითითებას, მაგრამ კანონის ნორმის მთავარი დათქმა - სანამ საკითხის კვლევა გაგრძელდება გამომრიცხავი გარემოებების კვლევის თვალსაზრისით, მიმართულია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იმ არგუმენტზე, რომ არ დადასტურდა აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობით და რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნულზე მსჯელობის ჭრილში, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარდგენილ ორთოფოტოებზე, მოწმეთა ჩვენებებზე და ექსპერტიზის დასკვნაზე. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს 2005 წლის მდგომარეობის ამსახველ ორთოფოტოზე, რომლითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე შენობის განთავსების ფაქტი; ამავე ორთოფოტოზე ასევე ფიქსირდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღობის კონტურები. საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 სექტემბრის №006715522 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ ი/მ თ. ფ-ეის მიერ შესრულებული აზომვით ნახაზზე დატანილი 01/1 შენობა - ნაგებობა (დაუმთავრებელი ან დანგრეული) ფიქსირდება 2005 წლამდე პერიოდში, შესაბამისად მისი მშენებლობა დაწყებულია 2005 წლამდე. მიწის ნაკვეთის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ღობე სრულად მოწყობილია 2005 წლამდე პერიოდში, ასევე ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ღობის დაფიქსირება სრულად ორთოფოტოს დაბალი ხარისხის და ხშირი მწვანე საფარის გამო შეუძლებელია 2014 წლამდე პერიოდში; ხოლო ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე ღობის დაფიქსირება ორთოფოტოს დაბალი ხარისხის და ხშირი მწვანე საფარის გამო შეუძლებელია. ამასთან, ქ.თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ არსებული, ი/მ თ. ფ-ეის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთი და შენობა - ნაგებობა შემოსაზღვრულია ღობით და მოქცეულია ერთიან სივრცეში. რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 02 სექტემბრის №006058322 ექსპერტიზის დასკვნას, მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტზე (ქ.თბილისში, ...ს ... №...-ის მიმდებარედ) მითითებული სხვადასხვა დასახელების ხე-მცენარეების საორიენტაციო ასაკი შეადგენს 9, 11, 12, 16, 17, 27, 28, 33 და 35 წელს. ასევე გასათვალისწინებელია საქმეში წარმოდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც განცხადების ავტორები ადასტურებენ 2007 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთით მოსარჩელის მიერ ფლობა - სარგებლობის ფაქტს. აქვე, გასათვალისწინებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 21 ოქტომბრის წერილი, რომლითაც აღიარების კომისიას ეცნობა, რომ ...ს ... №...-ის მიმდებარედ 2294 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი (სზ) ზონა.

მითითებულ მტკიცებულებათა (ორთოფოტო, ექსპერტიზის დასკვნა, ურბანულის წერილი) და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა - განმარტებების არსებობის პირობებში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, კერძოდ გ. მ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადასტურების ან უარყოფის ჭრილში. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ვერ გაიზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მსჯელობას და საქმის მასალებზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნევს იმ მსჯელობას, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი