საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-356(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვ
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვმა 2024 წლის 05 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 03 იანვრის №1000885741 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 2020 წლიდან ბედნიერ ქორწინებასა და უწყვეტ ოჯახურ თანაცხოვრებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე მ. ჟ-ითან. მოსარჩელე პირველად საქართველოში 2018 წელს, მოგზაურობის მიზნით ჩამოვიდა, თუმცა 2020 წლიდან მ. ჟ-ითან გადაკვეთის შედეგად, საქართველო იქცა მის მეორე სამშობლოდ. მოსარჩელე და მისი მეუღლე პროფესიულად და პირადი ცხოვრების კუთხით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ოჯახის მდგომარეობა და ყოველდღიური ცხოვრება დაკავშირებულია სოფელ ...ში ფერმერული მეურნეობის განვითარებისკენ, რის გამოც, მოსარჩელე ყოველდღიურად შრომობს თავის მეუღლესთან ერთად, რათა თავისი წილი გამოცდილება გამოიყენოს სოფელ ...ში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
მოსარჩელის სამომავლო გეგმები სოფელში მეუღლესთან დარჩენას, ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელებასა და იქ წამოწყებული საქმიანობის განვითარებას უკავშირდებოდა, შესაბამისად, საქართველოში სრულფასოვანი ცხოვრების უფლებით სარგებლობისთვის საქართველოში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 30 მაისის №1000885741 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე, რაც 2023 წლის 30 ივლისს მოსარჩელემ სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 03 იანვრის №1000885741 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ნებართვის გაცემაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, პირდაპირ, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ფორმალურად მიიღო ხელახალი უარის შესახებ გადაწყვეტილება. მოსარჩელისათვის კვლავ გაუგებარია მასზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და მიიჩნევდა, რომ მასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული როგორც თავდაპირველი, ასევე ბოლო გადაწყვეტილება იყო უკანონო, ემყარებოდა დაუსაბუთებელ და ტრაფარეტულ, მანკიერ პრაქტიკას, რომელსაც არ იზიარებდა არც განმცხადებელი და არც ამ საქმის მსგავს, შეიძლება ითქვას, იდენტურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკაც. ამდენად, დარღვეული უფლებების აღდგენისა და სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით მიმართა სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის დეტალურად გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად შეფასდა საქმეზე დადგენილი გარემოებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენდა სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებული იყო ოპერატიული საქმიანობის შედეგად.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს მუდმივი ცხოვრების ნებართვა წარმოადგენს, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. პალატამ აღნიშნა, რომ ამავე კანონის მე-18 მუხლში გაწერილი იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, რაც ნიშნავდა, რომ მხოლოდ ნორმით მითითებული საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო უარის თქმის წინაპირობა და იგი ეხმიანებოდა კანონით განსაზღვრულ მიზანს - სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფას. პალატის განმარტებით ზემოხსენებულის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც სააპელაციო პალატის განმარტებით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას.
პალატამ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1 მუხ.). ზემოხსენებული კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომელიც მოპოვებულია გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად და შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ხსენებული ინფორმაცია ასახოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან გააცნოს მხარეებს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება მოსარჩელის ადმინისტრაციული წარმოებისას სწორად გამოიყენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის, ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უგულებელყოფილია ადმინისტრაციული კანონმდებლობა, სახელმწიფომ არ მიიღო მხედველობაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება საქმის წარმოების ეტაპზე სრულყოფილად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს მტკიცებულებები, ასევე მის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებზე არ იმსჯელა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის უფლებამოსილებას, მიუხედავად შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული დასკვნის არსებობისა. მისივე მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს. სამართლიანი სასამართლოს უფლებით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები, სასამართლო ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა ლატრის წინააღმდეგ, CARMEL SALIBA V MATLA; № 24221/13, 29 november, 2016). კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, მოსარჩელე აკმაყოფილებს მუდმივი ცხოვრების ნებართვისთვის განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, არ დგინდება, რომელი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არსებობს, ხოლო არსებობის შემთხვევაში მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეესაბამება მისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას. მიიჩნევს, რომ არ არის დასაბუთებული კონკრეტულად მისი რომელი ქმედება ეწინააღმდეგება უსაფრთხოებას, მით უფრო, რომ საქართველოში ცხოვრობს 2020 წლიდან და არავითარი დარღვევა მას არ ჰქონია, ხოლო თუკი არსებობს ასეთი გარემოება, მიიჩნევს, რომ იგი დღემდე არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოში, თუმცა, რამდენადაც იგი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას, ესე იგი, არ უქმნის საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს კონტრდაზვერვის წერილის გაცნობისა და მასზე მოსაზრებების გამოხატვის უფლება, რისი შესაძლებლობაც მას არ ჰქონია. მისი მოსაზრებით, არ ყოფილა დაცული საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, მას ჰყავს მეუღლე, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ისინი ერთად ეწევიან სოფლის მეურნეობას სოფელ ...ში. მათი გეგმები უკავშირდება საქართველოში ყოფნას. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული დებულების მიზანია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების მოქმედებას პირთა წრის მიმართ და ადგენს გარანტიას, რომ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, თუ საწინააღმდეგო თვით კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-93).
მოსარჩელისათვის ცნობილი იყო რა იმ მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანოები ზედაპირულად, საქმის ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე უარს ეუბნებიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე, სწორედ ამიტომ, 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის დანიშნულიყო ზეპირი მოსმენა და მხარეს მისცემოდა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიციები, ამასთან, მოითხოვა მოწმის სახით მეზობლებისა და მოსარჩელის მეუღლის დაკითხვა, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური საფუძვლებიდან გამომდინარე მიეღო გადაწყვეტილება და არ დაყრდნობოდა გავრცელებულ მანკიერ პრაქტიკას. მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულებით უგულებელყო მხარის მოთხოვნები, წარდგენილი წერილობითი პოზიცია და 03.01.2024წ. გადაწყვეტილებით კვლავ დაუსაბუთებელი უარი უთხრა მხარეს ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დამკვიდრებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც ადმინისტრაციული საქმისწარმოების პრინციპებს, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და ადaმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. კერძოდ, მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს მანკიერი მიდგომებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკით, სრულებით უგულებელყოფილია გავრცელებული ცრუ წარმოდგენები, რომლის თანახმადაც, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები მიიჩნევიან ქვეყნისთვის „საფრთხის შემცველად“ არა იმ საფუძვლებით, რაც კანონის მიხედვით არის გაწერილი, არამედ გავრცელებული „ფობიით“ რომ აღნიშნული პირები მიმართულნი არიან საქართველოს მიწების მისაკუთრებისკენ. აღნიშნული მანკიერი მიდგომების აღმოფხვრისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-21(კ-23), რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებათა ბათილობას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქისთვის ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო საინტერესოა წინამდებარე საქმის განხილვის მიზნებისთვის, რადგან, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ სახეზეა იდენტური ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ პროპორციულობის ტესტის გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში კერძო ინტერესები წონის საჯარო ინტერესს და უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოჯახის კეთილდღეობის პრინციპს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა არ დააშოროს ოჯახის წევრები, აღნიშნულ შემთხვევაში კი სახელმწიფო თავის პოზიტიურ ვალდებულებას ოჯახის დაცვის კუთხით გამოავლენს მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაში, რათა მომავალში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს მეუღლეების მშვიდი თანაცხოვრება. ამასთან, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე გარემოება აღმოაჩინა (რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს არც თავდაპირველი და შემდეგი წარმოების ფარგლებში საქმე სრულყოფილად და ჯეროვნად არ გამოუკვლევია), რომელიც დასაბუთებულ და საკმარის საფუძველს ქმნიდა, რათა მისულიყო დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მხარე ახორციელებს იმგვარ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმესთან მიმართებით გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა საქმეში ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ Lupsa v. Romania, №10337/04. აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილი იყო რუმინეთის დაზვერვის სამსახურის „საკმარისი და სერიოზული“ სადაზვერვო ინფორმაცია, რომლითაც პირის ყოფნა ქვეყანაში საფრთხის შემცველი იყო. საინტერესოა, თუ რა იგულისხმება „საკმარის“ და „სერიოზულ“ ინფორმაციაში. საკმარისობა თავის თავში მოიცავს იმ ინფორმაციათა ერთობლიობის ანალიზს, რომლითაც დგინდება, რომ პირი საშიშია ქვეყნისთვის, ხოლო სერიოზულობა გულისხმობს აღნიშნული ინფორმაციის ხარისხს, კერძოდ, რამდენად სერიოზულ საფრთხეებს შეიძლება უქმნიდეს პირი ქვეყნის უსაფრთხოებას. აღნიშნული ორი კრიტერიუმი ერთობლიობაში უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, რაც გულისხმობს იმას, რომ კონტრდაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კუმულატიურად უნდა იყოს „საკმარისი და სერიოზული“, რათა პირს უარი ეთქვას მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭებაზე. ერთ-ერთი კრიტერიუმის არ არსებობა გამორიცხავს იმას, რომ გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა სიცხადის ტესტზე. აღნიშნული თავის თავში პირი საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამავე გულისხმობს პირის იმგვარ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოში მოქმედ კანონებს. წინამდებარე საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე მხარე არ არის ნასამართლევი, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ქმედება არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოში მოქმედ კანონებს, ასევე, კონტრდაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კუმულატიურად შეუძლებელია იყოს „საკმარისი და სერიოზული“, რადგან საფრთხის შემცველი საქმიანობა თავის თავში გულისხმობს ქვეყანაში მოქმედი კანონების დარღვევას. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ნასამართლობის ცნობის თანახმად კი დგინდება, რომ ის არ არის ნასამართლევი. ამასთან, მოსარჩელის შემოსავლები არის ლეგალური და ის არ იმყოფება ცალკეულ პირებთან აკრძალულ სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ურთიერთობაში. შესაბამისად, კონტრდაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეუძლებელია აკმაყოფილებდეს „საკმარისობის, სიცხადისა და სერიოზულობის“ კრიტერიუმს, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს - თუ რა კრიტერიუმების კუმულატიურ არსებობასაც მიიჩნევს პირის საქმიანობის საფრთხის შემცველ საქმიანობად მიჩნევისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 03 იანვრის №1000885741 გადაწყვეტილების კანონიერება. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილება რამდენად შეესაბამება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, არ არის აბსოლუტური უფლება. სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, გააჩნია თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 03 იანვრის №1000885741 გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომელიც ითვალისწინებს უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, უკეთუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ და იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. მითითებული საფუძვლები ემსახურება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებს. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში რიგ შემთხვევებში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას (1 მუხ.). ამავე კანონის მე-5 მუხლი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი და ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა. სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება (პრევენციული ღონისძიებების განხორციელება), გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება და სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი.
ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოება („გ“ ქვ.პ.) და ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება („კ“ ქვ.პ). „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და გამოყენება („ა“ ქვ.პ.) და კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა და თავიდან აცილება („ბ“ ქვ.პ.).
ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის პრეროგატივა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გააჩნია.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 07 მაისის №ბს-356(კ-25) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რაც საფუძვლად უდევს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 03 იანვრის №1000885741 გადაწყვეტილებას და რომელიც გამორიცხავდა ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობას. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ხაზგასმით აღნიშნავს და ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება (სზაკ-ის 99-ე მუხ.), საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი (სუსგ. №ბს-583(კ-21), 17.02.2022წ.). ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ ერთვება ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვერ ეცნობა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციას, არ იწვევს პირის უფლებების დარღვევას, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლი ქმედითი და რეალურია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის წარმომადგენლის მითითება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. საქმეზე Segersted-Wiberg and oth. v Sweden განიმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს პოლიციის სახელმწიფო საიდუმლო რეესტრი, რომელიც შექმნილი იქნება ეროვნული უშიშროების დასაცავად და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე განიმარტა, რომ ინფორმაციის გამჟღავნება დააზარალებდა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, შესაბამისად, ამ საიდუმლო ინფორმაციასთან კერძო პირთა დაშვებაზე უარი გამართლებული იყო, ეროვნული უშიშროებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები გადაწონიდა ინდივიდთა ინტერესებს, გასცნობოდნენ უშიშროების პოლიციის საიდუმლო რეესტრში მათ შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას (სუსგ №ბს-631(კ-21), 06.04.2023წ.).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება; კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში იზღუდება ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის უფლებები, ვინაიდან იგი ვალდებულია გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე დატოვოს საქართველო, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად უდევს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გამოიხატება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (Berrehab v. The Netherlands). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Case of Leander v. Sweden). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Case of Lupsa v. Romania). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (Case of Khasanov and Rakhmanov v. Russia, 2022, §93).
ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონვენციაში ჩადებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, § 68, სერიები A, №82). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული პროცედურები, რადგან საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოიცავს რისკს, ძირი გამოუთხაროს ან სულაც გაანადგუროს დემოკრატია მისივე დაცვის საფუძვლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №28341/95, §§ 55 და 59, ECHR, 2000-V).
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით.
სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები (სუსგ №ბს-342-331(კ-10), 20.10.2010წ.).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. ფ. ჯ. ვ. ვ. დ. მ-ვს (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს ე. შ-ის (პ/ნ ...) მიერ 29.04.2025წ. №4443 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა